x
image
intermedia.ge
Mediator image
„მინდა, დავამტკიცო, რომ „მასტერშეფში“ გამარჯვება მოყვარულ მზარეულსაც შეუძლია!“ - გაიცანით კონკურსანტი, რომელმაც ჟიურის შოკოლადიანი ხახვი მოუმზადა
image


„მასტერშეფის“ მეორე საკონკურსო დღე ბევრი მიზეზის გამო იყო დასამახსოვრებელი. ჟიურის წევრებს ალბათ დიდ ხანს ემახსოვრებათ შოკოლადიანი ხახვის გემო, რომელიც მათთვის ზურა ხოკერაშვილმა მოამზადა.


როგორც მიხვდით, დღეს კულინარიული პროექტის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, ზურა ხოკერაშვილს უფრო ახლოს გაგაცნობთ. იგი სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს, მამამისი კი პროფესიონალი შეფმზარეულია. ზურა ხოკერაშვილი მოგვიყვება, როგორ „გაუჩალიჩა“ საკუთარ თავს და რა სირთულეებს წააწყდა პროექტის განმავლობაში.


- ერთადერთი ხართ, ვინც ჟიურის შოკოლადიანი ხახვი გაასინჯა.



- ჟიურის წევრებმა დავალება რომ მოგვცეს, გადავწყვიტე 4 საშინელი პროდუქტი შემერჩია. მგონია, რომ ჟიურის განზრახვას ბევრი მიხვდა, მე კი ჩემ თავს „გავუჩალიჩე“. ხახვი რომ მოვთუშე, ცუდი გემო არ ჰქონდა. დიზაინის დროს არ მომეწონა, რისკზე წასვლა გადავწყვიტე, თითქმის უმი ხახვი ავიღე და შოკოლადი მოვასხი, მაგის გასინჯვა არც მე მინდოდა.


image


- მეორე დავალებაც საკმაოდ რთული იყო. როგორ მოგეწონათ გუნდურად მუშაობა?


- დიდად ვერ მოვიხიბლე, რადგან არ მიყვარს, როცა ვიღაც მითითებებს მაძლევს. იანას ჩემი მანგოს სოუსი არ მოეწონა და მანგოს დაბლენდერება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ჟიურის არ გამოჰპარვია, თუმცა მანგოს დაბლენდერება იმას არ ნიშნავს, რომ ეს დესერტი მე არ მომიმზადებია.


- არც რჩევების მიღება გიყვართ?


- ამ მხრივ ძალიან პრინციპული ვარ. კარანტინის დროს, როდესაც დიდხანს მოგვიწია სახლში ყოფნა, მე და მამაჩემი ერთად ვამზადებდით ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი შეფია, მის რჩევებსაც კი ცოტა რთულად ვუდგებოდი, სანამ ბოლომდე არ გავიაზრებდი და მის სისწორეში დავრწმუნდებოდი.


image


- თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებში მამის წვლილი რამდენადაა?


- ხშირად მაძლევს რჩევებს და მეხმარება, თუმცა არ მინდა მის ჩრდილში მოვექცე. ჰგონიათ, რომ ყველაფერი მამაჩემმა მასწავლა და მოყვარული მზარეული მის გამო ვარ. გერმანიში ოჯახში სამუშაოდ რომ წავედი, ქართულ კერძებს ხშირად ვამზადებდი, მაგრამ რადგან ყველა ინგრედიენტი იქ არ მქონდა, სხვა რამით ვცვლიდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი. საბოლოოდ, თანამედროვე ქართული კერძები გამოდიოდა, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებდა.


- ამის მიუხედავად, კულინარია პროფესიად რატომ არ აირჩიეთ?


- მამას ყოველთვის უნდოდა, რომ მზარეული გამოვსულიყავი, მე კი არქიტექტურა მაინტერესებდა. თანაც მთელი ცხოვრება ვუყურებ, როგორ წვალობს მამაჩემი, ხშირად საზღვარგარეთ უწევდა მუშაობა, გულდამშვიდებულად ვერასოდეს ვიყავით. მზარეულობა არ არის ისეთი მარტივი პროფესია, როგორიც ტელევიზორში ჩანს.


არქიტექტურა და კულინარია ჰგავს ერთმანეთს. ესთეტიკურ მხარეს ორივე სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამავე დროს, გემო და ვიზუალი იდეალურად უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს. ორივე სფეროში გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, მიღებული შედეგით უნდა დაკმაყოფილდე და მეტისმეტი მცდელობით უფრო არ გააფუჭო.


image


- „მასტერშეფში“ მთავარი სირთულე რა არის?


- დროის ფაქტორი. ჩვენთვის განკუთვნილ 1 საათში არა მხოლოდ იდეალური კერძის მომზადება უნდა მოვასწროთ, არამედ მანამდე პროდუქტებიც უნდა მოვიმარაგოთ. ამას გარდა, თავზე კამერები გეხვევიან და ამ დროს მობილიზება რთულია. ჟიურის წევრების ჩამოვლაც სტრესულ გარემოს ქმნის, არ იცი, რას გეტყვიან. სამივე მათგანს განსხვავებული გემოვნება აქვს. სხვადასხვა მხრიდან უყურებენ შენს კერძს და ვერაფერს ვერ გამოაპარებ.


- პროექტში რა მიზნით მიხვედით?


- „მასტერშეფი“ მოყვარული მზარეულების პროექტია. მინდა, ხალხს დავუმტკიცო, რომ აქ გამარჯვება მოყვარულ მზარეულსაც შეუძლია და ამისთვის მაინც და მაინც აკადემიის დამთავრება არ არის საჭირო.



0
89
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0