საზოგადოება ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან" 2020, 15 ივნისი, 10:00 თავბერიძეები სამტრედიაში ცხოვრობენ და ისეთი კოხტა, ლამაზი ეზო აქვთ, მისი ხილვით შორიდანაც კი მოვიხიბლეთ. "აქ ყველაფერი, ნებისმიერი დეკორაცია და კომპოზიცია ოჯახის უფროსის, ავთანდილ თავბერიძის შექმნილია, " - გვეუბნება ოჯახის რძალი სალომე თევზაძე და ჩვენთან საუბარს განაგრძობს: - ეს პატარა ფიგურები, ზღაპრის პერსონაჟების ქანდაკებებიც კი, ჩემი მამამთილის ხელით არის შექმნილი... ეზო ყოველთვის ლამაზი გვქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, უკეთ მოგვეწყო, რომ აქაურობას დასასვენებელი ადგილის სახე მიეღო. ახლა ყველას მოსწონს. - ადრე რა იყო აქ? - ეს ფართობი უმეტესად ბოსტანსა და ვენახს ეჭირა. ბებო გვყავს ოჯახში, ჩემი მამამთილის დედა და ის უვლიდა. ყვავილები სახლის უკან იყო, სადაც აუზიც გვაქვს, ახლა ბოსტანმა გადაინაცვლა, წინა ეზო კი ბაღს დავუთმეთ. მამამთილი თვითნასწავლი მხატვარია. ჩვენს ეზოში გააცოცხლა ზღაპრის პერსონაჟები, ცხოველები. ისინი ჩვენთვის სულიერი არსებებივით არიან. მათ შესაქმნელად ფული არ დასჭირვებია, სახლის უკან, ეზოში, პატარა სახელოსნო აქვს, სადაც იარაღებიც აქვს და ამ ქანდაკებებისთვის მასალაც აღმოაჩნდა. - პირველად რა გააკეთა? - ბუნება უყვარს. ტელევიზორში სულ ასეთ გადაცემებს უყურებს, ინტერნეტში - ვიდეოებს და ერთხელაც მოუნდა, ირემი გაეკეთებინა. დილით რომ გავიღვიძეთ, ირმის "ჩონჩხი" დაგვხვდა. მერე "ხორციც" შეასხა. ოჯახს მემკვიდრეობით სამკურნალო წურბელების ბიზნესი აქვს და ამ საქმესაც ემსახურება. როცა თავისუფალი დრო აქვს, ეზოში მაშინ ფუსფუსებს. როდის რას აკეთებს, ვერც ვამჩნევთ, გავიხედავთ და რაღაც უკვე მზად აქვს. - მცენარეებს თვითონ ამრავლებს? - ყვავილების ნერგებს ვყიდულობთ და ვამრავლებთ, თუმცა მამამთილს ამაშიც საოცარი ხელი აქვს. მიწაში გამხმარი ყვავილიც რომ ჩარგოს, ისიც აყვავდება... - ჩემი ყურადღება თქვენს ეზოში წამოგორებულმა ბაყაყმა მიიქცია... - ეგ ჩვენც ძალიან მოგვწონს. ერთ დღეს შინ რომ მოვიდა, გვითხრა, გზაზე გედები ვნახე, უნდა გავაკეთოო და დაიწყო... უმშვენიერესი გამოვიდა. "გვყავს" კურდღლები, სპილო, გვაქვს სოკოები. სპილოს იდეა მე მივაწოდე. ეს ცხოველი ოჯახის ძლიერების სიმბოლოა და ხომ არ გაგვიკეთებ-მეთქი? - ვკითხე და დილით რომ გავიღვიძე, სპილოს კეთება უკვე დაწყებული ჰქონდა... - რა მასალისგან აკეთებს ამ ყველაფერს? - რკინისგან კრავს "ჩონჩხს", ფორმას აძლევს და მერე წებოცემენტს იყენებს. ბოლოს კი ყინვაგამძლე საღებავით ღებავს. ცოტა ხანში, ამ ყველაფერს რომ მოუხდება, ისეთი ღობეც გვექნება. ახლა ჩანჩქერს აკეთებს, სადაც თევზები უნდა ჩავსხათ... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები <<< 341 1-ს მოსწონს
|