კახეთი „იორი“ თუ „ალაზანი“ - როდის და საიდან მომარაგდება დედოფლისწყაროს სასმელი წყლით? 2020, 11 ივნისი, 19:46 დედოფლისწყაროს სასმელი წყლით მომარაგებისა და არსებული დებეტის გაზრდის პროექტი დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყება. ამის შესახებ დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს საკრებულოს 11 ივნისის სხდომაზე დეპუტატებს აცნობა. როგორც ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან განმარტა, ხელისუფლება გეგმავდა 180 000 ლარი პრობლემის შესასწავლად და ოპტიმალური გამოსავლის მოსაძებნად დაეხარჯა, რაც დამატებით 5-6 თვეს დაკარგავდა. სწორედ სპეციალისტების კვლევების შემდეგ გადაწყდებოდა, მუნიციპალიტეტის წყლის დებეტის გასაზრდელად მდინარე „იორს“ აირჩევდნენ, თუ „ალაზანს“. ამჯერად კი, ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროში მოიგოს და პროცესი დააჩქაროს. ტენდერი შესწავლის გარეშე, პირდაპირ „იორიდან“ წყლის დამატებითი რესურსის დედოფლისწყაროს ცენტრალურ რეზერვუარამდე გადასატუმბად გამოცხადდება. მერის განცხადებით, ეს ხელისუფლებას ნახევარი წლით პროცესის დაჩქარების საშუალებას მისცემს. ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ამ სქემით, დაახლოებით ერთ წელში უნდა მოხერხდეს მდინარე იორიდან, ე.წ „დალის წყალსაცავიდან“ წყლის რესურსის დედოფლისწყაროსთვის მიწვდა. ეს კი მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს წყლის რესურსი გაცილებით მეტ ოჯახს მიაწოდოს და წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დებეტის სიმცირის მიზეზების დასადგენად და გამოსავლის საძებრად სპეციალისტების მოწვევას და პრობლემის სიღრმისეულ შესწავლას გეგმავდა. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე კი გაირკვა, რომ ხელისუფლება გამარტივებული გზით წასვლას გეგმავს. დამატებით დეტალებზე დედოფლისწყაროს მერი მედიასაშუალებებთან მომავალში ისაუბრებს. მას შემდეგ, რაც დეტალები დაზუსტდება. რამდენიმე წელია ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფლებს სამრეკლოსა და ხორნაბუჯს წყლის არასაკმარისი რესურსის გამო წყალი დღეგამოშვებით და ისიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება. დებეტის სიმცირის პრობლემა მას შემდეგ დადგა, რაც ქალაქის მთავარ რეზერვუარზე სოფლები სამრეკლო და ხორნაბუჯი დააერთეს. ამას გარდა, გაეროს სპეციალისტების კვლევების მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტად მიდრეკილია გაუდაბნოებისკენ, რამაც ადგილზე წყლის რესურსის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ამავე მიზეზით დაშრა ე.წ. „ქოჩების ტბა“. ცნობილია, რომ დედოფლისწყარო ყოველთვის უწყლო ზონად მოიაზრებოდა. კომუნისტური მმართველობის პერიოდშიც დედოფლისწყაროს წყალმომარაგება ლაგოდეხიდან ხდებოდა, 90-იან წლებში კი ეს მაგისტრალი სრულად მოიშალა. 513 შეფასება არ არის
|