საბავშვო და-ძმა 2020, 10 ივნისი, 16:19 ნიკო და ლიზიკო სახლის უკან კაკალქვეშ ისხდნენ, წენგოიან კაკალს ამტვრევდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ.
უბეები რომ დაიცარიელეს, ნიკომ ქვები მოაგროვა და კაკალს დაუშინა, ლიზიკო კი ასაკრეფად გაიქცა.
-ვაიმე დედა! -უცებ ლიზიკომ თვალზე ხელი იტაცა.
-ქვა ხომ არ მოგხვდა?-შეშფოთდა ნიკო.
-კაკალი დამეცა... -სუ, ნუ ტირი, მოგირჩება, -მიეფერა ნიკო. დედამ ლიზიკო ექიმთან წაიყვანა. უკან სლუკუნით მისდევდა ნიკო. ექიმმა გოგონა დააიმედა, საშიში არაფერია, თვალი მალე მოგირჩებაო. საღამოს და-ძმა ტახტზე ისევ ერთად თამაშობდა. -ლიზიკო! შენ რომ თვალი გაგფუჭებოდა, ჩემსას გაჩუქებდი, -უთხრა თანაგრძნობით ნიკომ. -ეგ რამ გაფიქრებინა? როგორ გაგიმეტებდი? აბა, დამაკვირდი: მე თაფლისფერი თვალები მაქვს, შენ კი-ცისფერი!-მიეალერსა ლიზიკო. -მე მაინც გაჩუქებდი...-წაილუღლუღა ნიკომ. 7 1-ს მოსწონს
|