x
image
თამილა გურაშვილი
ქვეწარმავლების ანომალიური სიმრავლე დედოფლისწყაროში- როგორ დავიცვათ თავი
image
ზაფხულის ცხელი დღეების დადგომისთანავე ჩნდება ახალი პრობლემა- ქვეწარმავლები, რომელიც ძალან დიდი რაოდენობითაა კახეთში, კერძოდ, კი დედოფლისწყაროში. შეწუხებული მოსახლეობა ეძებს გზებს, თუ როგორ დაიცვან საკუთარი სიცოცხლე, მოგვმართავენ, რომ დავეხმაროთ. სოფელ თავწყაროს მკიდრი, ნინო წიკლაური გვწერს:



"გვაქვს პრობლემა ქვეწარმავლებთან, რომლებიც ამ ბოლო დღეებში შეინიშნება ჩვენს სოფელში. კერძოდ გიურზას სახეობა, რომელიც როგორც იცით, საკმაოდ საშიშია მოსახლეობისთვის. ჩვენი პატარა სოფელი თითქმის დაცარიელდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამის გამო ქვეწარმავლები მომრავლდნენ. უკვე ვნახეთ სხვადასხვა სახლებში და დიდ საფრთხეს გვიქმნის. მითუმეტეს, ეხლა ბევრი ბავშვია სტუმრად არდადეგების გამო. გვეშინია ბავშვებს არაფერი ავნონ.


რა შეიძლება მერიამ ამ შემთხვევაში გააკეთოს და როგორი ზომები შეიძლება მიიღოთ...



იქნებ ამაში მაინც დაგვეხმაროთ, ისედაც მიტოვებული სოფელი ვართ... დიდი მადლობა წინასწარ და ველით თქვენს პასუხს მალე. გულწრფელი მოკითხვა, ნინო წიკლაური."



გარდა ამისა, რაიონის მოსახლეობა წერს: - "ხევსურების უბნის"სასაფლაოს შიდა ტერიტორია ისეა მთლად აბიბინებული ბალახით, ლამის ცხენიანი კაცი დაიმალება და მრავლად იქნება გველიც, გარშემო კი, ხალხი ცხოვრობს"


როგორც გავარკვიეთ ანალოგიური სიტუაცია არის რაიონში არსებულ ყველა სასაფლაოზე.


რა პრევენციები შეიძლება გატარდეს ქვეწრამავლების წინააღმდეგ და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?


რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი ამბობს: " ცხოველთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავწყვიტოთ გველები, ჩვენ გვაქვს გველის შხამის საწინააღმდეგო შრატი და დაზარალებულს შეგვიძლია დავეხმაროთ ამით, ერთი შრატი მივეცით ადგილობრივ საავადმყოფოს, ხოლო, ორი ინახება ჩვენთან, საჭიროების შემთხვევაში გაუკეთდება ავადმყოფს. ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია."



დედოფლისწყაროს რაიონის კომუნალური მომსახურეობის ცენტრის დიექტორი, გიორგი ნასრაშვილი აცხადებს:-" აღდგომის დღესასწაულთან დაკავშიებით ჩვენ მოვახდინეთ აბსოლიტურად ყველა სასაფალაოს ტერიტორიის დასუფთავება, გავთიბეთ ბალახი, გავიტანეთ ნაგავი, მოვჭერით გამხმარი ბუჩქები.



დღეს დასვენების დღეა, მაგრამ ჩვენი სამსახური დღესაც მუშაობს, ამჟამად, ქვემო ქედის გზის მიმდებარე ტერიტორიებს ვასუფთვებთ ნაგავისგან და ბალახისგან, უკვე გავასუფთავეთ სოფელ არხილოს და ზემო ქედის გზები.



რადგან ხშირი წვიმები იყო, ბალახი ისევ წამოვიდა, მომავალ კვირას კვლავ გავთიბავთ რაიონის ყველა სასაფლაოს ტერიტორიას"



როგორ დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან, რა უნდა გავაკეთოთმათი აღმოჩენის შემთხვევაში? ამის შესახებ ჩვენს მკითხველს ჰერპეტოლოგების (გველების სპეციალისტი) პრაქტიკული რჩევები დაეხმარება.




სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კერძო სახლსა თუ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე სანიტარიული ზომები ზედმიწევნით დავიცვათ. ბალახი, ნაგავი, ეზოში მიყრილი ფიცრები - ეს გველისთვის ხელსაყრელი პირობაა, რომ დროებითი თავშესაფარი იპოვოს. ამიტომ, სისტემატიურად უნდა ხდებოდეს ეზოების დასუფთავება.



ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელის ინფორმაციით ბევრი მიმართავს გოგირდისა და საბურავის დაწვას, მაგრამ ამას დიდი ეფექტი არ აქვს. ღია სივრცეში გოგირდის სუნი ზევით ადის, გველი მის სუნს ვერ გრძნობს. ამიტომ, არსადაც არ მიდის. გოგირდის გამოყენება იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ გველი დახურულ სივრცეშია, მის მოსაცილებლად სხვა გზა ვერ მონახეს და გოგირდს წაუკიდეს. ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობამ სისუფთავე დაიცვას კორპუსებთან, სადარბაზოებში. იქ, სადაც სისუფთავეა, გველი არ მიდის.



სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გველის პოვნისას გველს არ მივეკაროთ, არ გავაღიზიანოთ და მისი მოკვლა არ ვცადოთ.



გიურზის კბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ. რაც მთავარია, არანაირი თვითმკურნალობა. ეს სიტუაციას გაართულებს. ამ დროს ხშირად სვამენ კონიაკს ან არაყს, ჰგონიათ, ეს გაანეიტრალებს შხამს თუმცა, მცდარი აზრია. პირიქით, ალკოჰოლი ორგანიზმს ძალიან ასუსტებს და შხამის გავრცელებას ხელს უწყობს.



ტემპერატურის მატებასთან ერთად, გველი შედარებით გრილ ადგილს ეძებს. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება სარდაფი, სადარბაზო, ეზოში მიყრილი ნაგავი ან ფიცრები აღმოჩნდეს. მაღალი ტემპერატურის დროს გველი აქტიური ღამითაა. სანადიროდ ღამით გამოდის. ასეთ დროს ადამიანს სიფრთხილე მართებს, განსაკუთრებით ბალახებსა და სადარბაზოებში.



მოსახლეობამ ბალახი აუცილებლად უნდა გათიბოს, უნდა დაიცვას სისუფთავე. თუ დაიცავთ ჰერპეტოლოგების რჩევებს, ზაფხულს მშვიდად და უსაფრთხოდ გაატარებთ.

0
1120
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0