საზოგადოება ''ველური დასავლეთი" და "ოქროს ციებ - ცხელება" - მოგზაურობა ვესტერნის სამყაროში 2020, 16 მაისი, 13:45 "ველური დასავლეთი", "ოქროს ციებ-ცხელება", ოქროსმაძიებელთა ისტორიები, ვესტერნის ჟანრის ფილმები - რომელი თქვენგანი არ მოხიბლულა ამ საინტერესო ამბებითა და კოვბოების და ოქროსმაძიებლების ფათერაკებით სავსე თავგადასავლებით. მაინც როგორ, სად და როდის დაიწყო "ოქროს ციებ-ცხელება"? საიდან იღებს სათავეს "ველური დასავლეთის" ისტორია? - მოდით ერთად ვიმოგზაუროთ თითქმის ორი ასწლეულის წინანდელ კალიფორნიაში და თვალი გადავავლოთ ოქროსმაძიებლების ყოფა - ცხოვრებისა და საქმიანობას ამსახველ უძველეს ფოტოსურათებს.
" ველური დასავლეთი" "ველური დასავლეთი" - ეს ფრაზა აღნიშნავს როგორც ტერიტორიას, ასევე ისტორიულ პერიოდს. ტერიტორიულად მისი განსაზღვრა ძალიან იოლია. Wild West თავის თავში მოიცავდა ამერიკის მთელ დასავლეთ ნაწილს-მისისიპის ვაკიდან დაწყებული დამთავრებული წყნარი ოკეანის სანაპიროთი. რაც შეეხება ქრონოლოგიურ საზღვრებს, აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება XIX საუკუნის მეორე ნახევარი - ეს ის პერიოდია, როცა ამერიკელებმა მასიურად დაიწყეს დასავლეთის ათვისება, რომელიც მანამდე კანტიკუნტად იყო დასახლებული. თანამედროვე გაგებით, "ველური დასავლეთი" წარმოადგენს სინთეზს ათასგვარი ლეგენდების და მითებისა, ისტორიული ფასეულობების და კულტურული მემკვიდრეობისა. მთელი ინფორმაცია, დაკავშირებული ველურ დასავლეთთან, გადმოცემული ლიტერატურის და კინემატოგრაფიის ნიმუშებში, გაერთიანებულია ერთ სახელწოდებაში - ვესტერნი, რომელშიც იგულისხმება კოვბოები, აბორიგენი ინდიელები, სკალპებზე მონადირეები, შეიარაღებული თავდასხმები მატარებლებზე და რაღა თქმა უნდა, - ოქროსმაძიებლები. ზოგიერთი ფანატიკოსის აზრით, ვესტერნი-ეს გამოგონებული სამყაროა, რომელიც თავისთავად, ყველასა და ყველაფრისაგან დამოუკიდებლად არსებობს... მაგრამ ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი, რაც კი ასოცირდება "ველურ დასავლეთთან", ესაა "ოქროს ციებ-ცხელება", რომელმაც მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან დაწყებული აშშ-ის მთელი დასავლეთი მოიცვა და მალე მთელ მსოფლიოს მოედო. საიდან აღარ ჩადიოდნენ ველურ დასავლეთში ოქროსა და იოლი გზით გამდიდრების მაძიებლები. ადამიანები ყიდდნენ სახლ-კარს, მიწებს, საქონელს - ყველაფერს, რაც გააჩნდათ და ოქროს ბრწყინვალებით დაბრმავებულნი, მიისწრაფოდნენ კალიფორნიისკენ გამდიდრებით იმედაღვსილნი. მაინც როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ვინ იყო პირველი, ვინც სათავე დაუდო ამ ისტორიას? ლეგენდები ველურ დასავლეთზე კლინტ ისტვუდის ცნობილი პერსონაჟი ფილმიდან "კარგი, ცუდი, ბოროტი" (რეჟისორი სერხიო ლეონე) სანამ ოქროსმაძიებლების ისტორიებზე გადავიდოდეთ, მოდით თვალი გადავავლოთ, რა ვითარება იყო მე-19 საუკუნის 40-იანი წლებისათვის აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, "ველურ დასავლეთში". უამრავი ლეგენდაა დაკავშირებული "ველურ დასავლეთთან". ეს ეხება 40-იანი წლებიდან დაწყებული XIX საუკუნის ბოლო წლებამდე პერიოდს. მაინც რატომ უწოდებდნენ ამ ადგილს "ველურ დასავლეთს"? - იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე აშშ-ის ოფიციალური ხელისუფლება თითქმის არ ვრცელდებოდა და აქ მცხოვრები ადამიანები არანაირ კანონებს არ ემორჩილებოდნენ. აქ კანონებს სახელმწიფო კი არა, თავად ხალხი აწესებდა. ძირითადად კანონის დამწესებლები "განფაიტერები", ანუ პროფესიონალი მსროლელები იყვნენ. "განფაიტერებში" იგულისხმებოდა როგორც დამნაშავეები და კრიმინალები, ასევე კანონის დამცველები, ანუ შერიფები. ერთნიც და მეორენიც იარაღის მიზანში სროლით ცხოვრების საარსებო სახსრებს შოულობდნენ: -პირველები კანონის დარღვევით, მეორენი კი - მისი დაცვით. კანონის დამცველთა რიგებში იყვნენ როგორც სახელწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები შერიფების და მარშალების სახით, ასევე დაქირავებული თავებზე მონადირენი ანუ მკვლელები და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციოზსა და კრიმინალებს შორის მიმდინარეობდა გამუდმებული ბრძოლა, რომელიც კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას მოგვაგონებდა, ხშირად ამ ორ მხარეს შორის არანაირი განსხვავება არ იყო. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ბანდიტებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა იმ უკანონობასთან, რასაც ფსევდოშერიფები სჩადიოდნენ. ველური დასავლეთის ყველაზე უშიშარ განფაიტერად ითვლებოდნენ ჯონ ხარდინი, რომლის ანგარიშზე 50-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა იყო და ბილ ჰიკოკი, ანუ "ცოფიანი ბილი", რომელმაც, გადმოცემის მიხედვით, 85 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ამასთანავე საოცარია, რომ პირველი ტიპიურ ბანდიტს წარმოადგენდა, მეორე კი მთელი სიცოცხლე შერიფის ემბლემას ატარებდა. "ცოფიანი ბილის " ჩვევას წარმოადგენდა ჯერ ესროლა და მხოლოდ მერე გარკვეულიყო სიტუაციაში; უილიამ ბონი, ცნობილი როგორც "პატარა ბილი", რომელმაც ადრეულ ასაკშივე მოასწრო ათეულობით ადამიანის მოკვლა და რომელიც კანონის ყველაზე სასტიკმა დამცველმა პიერ გარეტიმ 21 წლის ასაკში გამოასალმა სიცოცხლეს. ყველაზე იღბლიან "განფაიტერად" ითვლებოდა ჯონ ფიშერი, რომელიც ათჯერ მაინც მოჰყვა სროლაში და ყოველთვის მოხერხებულად აღწევდა თავს ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობას. ვესტერნის კიდევ ერთ გმირს წარმოადგენდა შერიფი უაიტ ერპი, რომელმაც სახელი გაითქვა ტამსტოუნში გამართული დიდი შეიარაღებული დაპირისპირების დროს. შერიფი მარტო შეეწინააღმდეგა ყელამდე შეიარაღებულ ხუთ ბანდიტს, სამი მათგანი მოკლა, ორი კი გააქცია იმ დროს, როცა თვითონ ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია. ამ ისტორიამ დიდი გახმაურება ჰპოვა და უაიტ ერპიც ვესტერნის ჟანრის მრავალი კინოფილმის გმირი გახდა. ''ოქროს ციებ-ცხელება" ყველაფერი დაიწყო 1848 წლის 24 იანვრის ცივ, სუსხიან დილას კალიფორნიაში, ქალაქ კოლომასთან ახლომდებარე ჯონ სატერის სახერხი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯეიმს მარშალმა, რომელიც სატერის სახერხში დურგლად მუშაობდა, პატარა მდინარის პირას ოქროსფერი მადნის ნატეხი იპოვა. მან ნაპოვნი სატერს წაუღო, მათ გულმოდგინედ დაათვალიერეს ნაპოვნი და დარწმუნდნენ, რომ ხელთ ჰქონდათ არც მეტი, არც ნაკლები, თვითნაბადი ოქროს ზოდი. როგორ გგონიათ, სატერი აღფრთოვანებული დარჩა ამ აღმოჩენით?- სულაც არა.. ის შეშფოთდა, რადგან მიხვდა, რომ თუ ხმები გავარდებოდა მდინარეში ოქროს მადნის არსებობის შესახებ, დაიწყებოდა ძვირფასი ლითონის მასიური ძიება და ამით მის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. სატერმა ჯეიმს მარშალს სთხოვა, ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა და კრინტი არ დასცდენოდა ოქროს პოვნის შესახებ, მაგრამ სატერის ცდა ამაო გამოდგა: მალე გავარდა ხმები, რომ კალიფორნიის მდინარეები სავსე იყო ოქროს მადნით, რაც სულ მალე დაამტკიცა სამუელ ბრენანმა - სან-ფრანცისკოს გაზეთის მთავარმა რედაქტორმა და ოქროთი მოვაჭრემ. მან თავის გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ამტკიცებდა ოქროს მადნის არსებობას მდინარეებში. ამბობენ, რომ სამუელ ბრენანმა ხელში ოქროს ნატეხით შემოირბინა მთელი ქალაქი აჟიტირებული შეძახილებით:" ოქრო, ოქრო, ოქრო ამერიკის მდინარეებში"... სწორედ აქედან დაიწყო "ოქროს ციებ-ცხელება" : კალოფორნიელი ფერმერები ტოვებდნენ სახლებს, მიწებს, მეურნეობას და ოჯახებით მიისწრაფოდნენ ყვითელი ლითონის საძებნელად. 1848 წლის 19 აგვისტოს დასავლეთის გაზეთმა New York Herald -მა ოფიციალურად გამოცხადა "ოქროს ციებ-ცხელების" დაწყების შესახებ, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯეიმს პოლკმა დაადასტურა ეს ფაქტი კონგრესის წინაშე გამოსვლის დროს. სულ მალე მთელი მსოფლიოდან დაიძრნენ იმიგრანტები კალიფორნიისაკენ, მათ ეწოდათ "49-იანელები" ან "ადამიანები 49-დან". სატერის ცუდი წინასწარმეტყველება გამართლდა: მისი ბიზნესი დაინგრა, რადგან მუშები ოქროს საძიებლად გაიქცნენ და სახერხი მიტოვეს, ხოლო მის კუთვნილ მიწაზე ოქროსმაძიებლები დასახლდნენ, რომლებიც განუწყვეტლივ პარავდნენ სატერს საქონელს, მარცვლეულსა და სხვა ქონებას. "ციებ-ცხელების" დაწყებამდე სან ფრანცისკო პატარა დასახლება იყო, სადაც ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. როცა მისმა მცხოვრებლებმა შეიტყვეს ყვითელი ლითონის აღმოჩენის ამბავი, მიატოვეს სახლები და ოქროსმაძიებელთა რიგებს შეუერთდნენ. ქალაქი მთლიანად დაცარიელდა, მაგრამ სულ მალე მისკენ იმიგრანტებისა და ოქროთი მოვაჭრეების დიდი ნაკადი დაიძრა, ამიტომ მან საოცარი სისწრაფით დაიწყო ზრდა. ათასი მცხოვრებიდან 1850 წლისათვის სან-ფრანცისკოს მცხოვრებთა რიცხვი 25 ათასამდე გაიზარდა. ის ნამდვილ ოქროსმაძიებელთა ქალაქს დაემსგავსა: ადამიანები ცხოვრობდნენ კარვებში, ხის ქოხებში, მიტოვებული გემებიდან დატაცებულ კაიუტებში და მიწურებშიც კი. სამაგიეროდ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით ოქროს მადნის შემსყიდველ პუნქტებს, კაზინოებსა და საროსკიპოებს. აი ასეთი იყო სან-ფრანცისკო 1848 წელს იმ დროისათვის კალიფორნიაში ჩასვლა არც ისე იოლი იყო: "არგონავტების" (ასეც უწოდებდნენ 49-იანელებს) დიდი ნაწილი კალიფორნიამდე გემებით ჩამოდიოდა, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთამდე სანაოსნო გზით შემოვლას 5-6 თვე სჭირდებოდა, ადამიანების მეორე ნაწილი პანამის არხის გავლით, სხვები კიდევ ნიკარაგუის გავლით ახერხებდნენ კალიფორნიაში ჩამოსვლას. ყველა ეს გზა სავსე იყო ფათერაკებით: დაწყებული გემის ჩაძირვიდან დასრულებული ტიფით, ქოლერითა და ყვავილით, რომელიც "არგონავტების" მთავარი მტერი იყო. როგორც ყოველთვის, აღტაცება და მილიონების მოლოდინი სწრაფი გამდიდრებისა არ გამართლდა. პირველმა აჟიტირებამ გაიარა, სულ რაღაც ხუთ წელიწადში ოქროს მადანმა კლება იწყო და ის სულ უფრო და უფრო ძნელი მოსაპოვებელი გახდა. ქალაქში დანაშაული და კრიმინალი მძვინვარებდა. დღეში საშუალოდ 5-8 მკვლელობა ხდებოდა. ხშირი იყო ოქროს შემსყიდველ პუნქტებზე თავდასხმის ფაქტები, რაც უმეტეს შემთხვევაში ადამიანების სიკვდილით მთავრდებოდა. გარდა ამისა, ქალაქი ორჯერ გადაწვეს, მაგრამ ის მაინც ახერხებდა ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომას. ოქროს მომპოვებლების დიდი ნაწილი ისეთივე ღატაკი დარჩა, როგორმაც ფეხი დაადგა კალიფორნიის მიწაზე. თითქმის მთელი ნაპოვნი ოქრო გადამყიდველების, კაზინოს მფლობელებისა და სპეკულიანტების ხელში ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ სემუელ ბრენანი, რომელმაც დაუდო სათავე "ოქროს ციებ-ცხელებას", იყო პირველი სპეკულიანტი და მილიარდერი სან ფრანცისკოში. ის ისე გამდიდრდა, რომ ქალაქის ნახევარი მხოლოდ მის საკუთრებას წარმოადგენდა. მაინც როგორ მოიპოვებდნენ ადამიანები ოქროს?-საინტერესოა, რომ თავდაპირველად მათ არავითარი იარაღები და ინვენტარი არ გააჩნდათ. მათი იარაღები იყო უბრალო დაწნული კალათები, ტაფები და საცრები. თანდათან ეს იარაღები დაიხვეწა და მექანიკური სახე მიიღო, მალე გამოჩნდა ოქროს მოსაპოვებელი და გადასამუშავებელი ჰიდრავლიკური მოწყობილობები, მაგრამ უკვე გვიან იყო - მადნის რაოდენობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. სულ რაღაც ათიოდე წელიწადში აჟიოტაჟი ჩაცხრა და "ოქროს ციებ-ცხელებაც" დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ოქროსმაძიებელთა ნაკვალევზე დარჩა ქალაქი სან-ფრანცისკო, რომელიც გამუდმებით იზრდებოდა და ვითარდებოდა და რომელიც ამჟამად უზარმაზარ მეგაპოლისს წარმოადგენს. ფოტოზე: სან-ფრანცისკო დღეს ველური დასავლეთის ამბები და ოქროსმაძიებელთა ისტორიები შესანიშნავი სიუჟეტი აღმოჩნდა ვესტერნის ჟანრის ფილმებისათვის. თავად ტერმინი “ვესტერნი” გამოყენებული იყო ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში ფილმის The Fight at the Mill (1912) აღსაწერად. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს ტერმინი წარმოქმნილია ინგლისური სიტყვიდან west - დასავლეთი (ვესტერნი ერთადერთი კინოჟანრია, რომელმაც საკუთარი სახელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან მიიღო). ვესტერნი, როგორც ცნება, ძალზე ტევადია: ეს შეიძლება იყოს ეპიკური ტილო რკინიგზის მშენებლობის შესახებ, ყამირი მიწების ათვისების შესახებ, შეიძლება იყოს მიუზიკლი, დრამა, კომედია, დეტექტივი, საშინელებათა ფილმი, ფანტასტიკა და ა.შ. ეს თავისთავად მეტყველებს ამ ჟანრის პოტენციალზე. პირველ ვესტერნად ედვინ პორტერის მიერ 1903 წელს გადაღებული „მატარებლის დიდი ძარცვა“ ითვლება. “მატარებლის დიდი ძარცვა" მიჩნეულია არა მარტო პირველ ვესტერნად, არამედ პირველ ფილმად, რომელსაც გამართული სიუჟეტი ჰქონდა. ამის გარდა, პორტერმა დაამკვიდრა პარალელური მონტაჟი და ამით გადატრიალება მოახდინა კინოხელოვნებაში. მონტაჟის ეს ნაირსახეობა ერთდროულად გვიჩვენებს ორ ან მეტ დამოუკიდებელ მოქმედებას, რომელიც ერთ უწყვეტ მთლიანობად აღიქმება ამის შემდეგ, ჟურნალ Life-ის თქმით, ვესტერნი მსოფლიო მასშტაბით იქცა ორიგინალურ ამერიკულ ხალხურ ოპერად (სხვანაირად მას ცხენის ოპერასაც უწოდებენ). ამერიკულ კინემატოგრაფში არ არსებობს სხვა კინოჟანრი, ასე მჭიდროდ რომ იყოს დაკავშირებული საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან. “ამერიკულმა კულტურამ მოგვცა ორი უნიკალური ჟანრი: ჯაზი და ვესტერნი”, -თქვა ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა. ამ ჟანრის გმირები ძირითადად არიან კოვბოები (მწყემსები), წვრილი ფერმერები, შერიფები, ბანდიტები, მექსიკელები, ჯარისკაცები და ინდიელები. ვესტერნის ჟანრის ყველაზე პოპულარული ფილმებია " კარგი, ცუდი, ბოროტი", "ყვითელი ზეცა", ''იელოუსტოუნი", "შესანიშნავი შვიდეული", "ველური, ველური დასავლეთი'' და მრავალი სხვა ფილმი. 175 6-ს მოსწონს
|