სხვა რა სექსუალური ორიენტაციის შეიძლება იყოს ადამიანი? 2012, 12 აგვისტო, 14:22 "სექსუალურობა" - ეს ისეთი რამეა, რაც სხვადასხვა ადამიანისათვის მოცემულ სიტუაციაში განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. ის ადამიანის ქცევის, დამოკიდებულებებისა და ფიზიკური მდგომარეობის ასპექტებს გულისხმობს.
ფაქტობრივად, სექსუალობა არა მხოლოდ ფიქრებსა და მოქმედებებს მოიცავს, არამედ წარმოადგენს ისეთი ღრმა გრძნობის შემადგენელ ელემენტს, როგორიცაა სიყვარული. ადამიანთა სექსუალურობის ფორმირებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი ასაკისა და სქესის მიუხედავად სიამოვნებთ.
მიუხედავად ამისა, კომპლექსური დამოკიდებულება რეპროდუქციის მოთხოვნილებას, კულტურულ ზემოქმედებას, სიყვარულსა და სქესობრივ იმპულსებს შორის, სრულყოფილად შესწავლილი მაინც არ არის. ის რაც ჩვენთვის ცნობილია ადამიანის სექსუალურობის შესახებ, ცხადი გახდა მხოლოდ XX საუკუნეში ჩატარებული კვლევების შედეგად და უამრავი მხარე ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არცაა. სექსუალურობის გამოვლინების მიმართ ახალი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადამიანის ქცევის კვლევამ, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა ალფრედ კინზიმ, უილიამ მასტერსმა, ვირჯინია ჯონსონმა და შერ ჰაიტმა ჩაატარეს. ალფრედ კინზის ეკუთვნის მოხსენებები სახელწოდებით "სქესობრივი ქცევა მამაკაცებში" (1948) და "სქესობრივი ქცევა ქალებში" (1953). 1966 წელს უილიამ მასტერსმა და ვირჯინია ჯონსონმა გამოაქვეყნეს ერთობლივი მოხსენება ადამიანის სქესობრივი რეაქციების შესახებ, რომელსაც მოჰყვა "ადამიანის სქესოვრივი არაადეკმატურობა" (1979). ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა სქესობრივ ურთიერთობას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ამყარებს. ამას ჰეტეროსექსუალურობა ჰქვია. ერთსა და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის (მხოლოდ ქალებს ან მხოლოდ კაცებს შორის) არსებულ სქესობრივ ლტოლვას კი _ ჰომოსექსუალობა. მამაკაც ჰომოსექსუალთა აღსანიშნავად გავრცელებულია ტერმინი გეი, ხოლო ქალ ჰომოსექსუალთა აღმნიშვნელად კი - ლესბოსელი. თანამედროე კვლევების თანახმად, არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავიანთი სქესობრივი პარტნიორის მიმართ, მთლიანად არც ჰეტეროსექსუალურ და არც ჰომოსექსუალურ დამოკიდებულებაში არ არიან. საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ადამიანი ერთდროულად ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალურია. ამგვარი სქესობრივი ორიენტაციის ადამიანებს ბისექსუალებს უწოდებენ. სექსუალური ორიენტაციის გარკვევის საკითხი ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში დაისმის. როგორც წესი, ადამიანის სექსუალურობა ამ პერიოდისთვის ყალიბდება. საკმაოდ დიდია საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ დაინტერესება და ლტოლვა ახალგაზრდებს შორის. უამრავი მათგანი ამ კუთხით იღებს გამოცდილებას და შემდეგ უკვე ჰეტეროსექსუალად ყალიბდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ჰომოსექსუალურ ორიენტაციაზე რჩება. ეს რაც შეეხებოდა მოზარდობის ასაკს, მაგრამ სექსუალური ორიენტაცია ყალიბლება არა მარტო გარდატეხის ასაკში, არამედ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უკვე ზრდასრულობის პერიოდშიც. ამ სფეროში კვლევებმა აჩვენა, რომ სქესობრივი ორიენტაცია დროთა განმავლობაში ადამიანის ზრდასთან ერთადაც შეიძლება შეიცვალოს. ასეთი შემთხვევები ხშირია 45-55 წლის ასაკში, როდესაც მშობლებს უკვე დიდი შვილები ჰყავთ და ისინი ტოვებენ სახლს. მათ უკვე საკმარისი დრო რჩებათ იმისათვის, რომ დაუკვირდნენ თავიანთ სექსუალურ სურვილებსა და ცხოვრების სტილს. იმის გარდა თუ რა სექსუალური ორიენტაციისა ადამიანი, მნიშვნელობა აქვს ადამიანებს შორის ემოციური, გონებრივი და ფიზიკური მიზიდულობის წარმომშობ მიზეზებს. ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე სექსუალურობის შესახებ, თუნდაც იმაზე, რას ხედავს ადამიანი თავის სექსუალურ პარტნიორში, რამდენი სექსუალური პარტნიორი ეყოლება ცხოვრების განმავლობაში, უნდა თუ არა ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე, თუ სურს სტაბილური, მონოგამური ურთიერთობა. სქესობრივი მიზიდულობის სამი ასპექტი შეიძლება გამოიყოს. ერთია წმინდა ფიზიკური მხარე, რომელიც გულისხმობს პიროვნების მიმზიდველობას, შარმს, სიმპათიურობას, მისდამი ინტერესს და ხელმისაწვდომობას. მეორე ასპექტი ფსიქოლოგიურია, რაც უკავშირდება ადამიანის ემოციებსა და ქცევებს. ადამიანი სექსუალურ პარტნიორს უარმავი ფაქტორის გათვალისწინებით აფასებს. მათ შორის ყურადღებას აქცევს მის წარსულს, განათლებას, საერთო ინტერესებს და იმასაც, თუ როგორ აღიქვამენ და შეაფასებენ გარშემომყოფნი მათ ურთიერთობას. მესამე ასპექტი მდგომარეობს სოციალურ ზემოქმედებაში. როგორც ცნობილია, ეს არის ის სფერო, რომელიც ადამიანზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, რადგან წარმოადგენს საზოგადოების მანიპულირების ერთ-ერთ მძლავ იარაღს. შედეგად კი ფართო მასებს უყალიბდებათ მსგავსი გემოვნება. ეს ეხება ადამიანის სექსუალურ ცხოვრებასაც. რამდენ ჩვენთაგანს გვყოლია მიბაძვის ობიექტი ცნობად თუ ნაკლებად ცნობად პიროვნებებს შორის?! უდავოდ დიდ წარმოდგენას უქმნის ამა თუ იმ ადამიანს ის კულტურული გარემოც, რომელიც ყოველი მხრიდან მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას ახდენს, იქნება ეს არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური, რელიგიური, საგანმანათლებლო და სხვ. 233 4-ს მოსწონს
|