საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ - ფონდს არანაირი შეხება არ ჰქონია ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტთან 2020, 18 აპრილი, 14:05 „საპარტიორო ფონდი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდს მთავრობის მხრიდან დავალებული ჰქონდა COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფონდს მთავრობის მხრიდან არანაირი მგავსი დავალება არ მიუღია და არანაირი შეხება არ ჰქონია ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტთან. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციას, თითქოს „საპარტნიორო ფონდს“ მთავრობის მხრიდან დავალებული ჰქონდა COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, რაც ტელეკომპანიის თქმით, ფონდმა ჩააგდო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფონდს მთავრობის მხრიდან არანაირი მგავსი დავალება არ მიუღია, ასევე, არანაირი შეხება არ ჰქონია ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტთან, უფრო მეტიც, „საპარტნიორო ფონდის“ მანდატში არ შედის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელება. როგორც მოგეხსენებათ, ფონდის უპირველესი ამოცანაა წარმოების ხელშეწყობა. შესაბამისად, არსებული პანდემიის, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, „საპარტნიორო ფონდმა“ გამოიჩინა ინიციატივა, დაეწყო საქართველოში პირბადეების წარმოება, შემოეტანა ქვეყანაში ყველაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარები და სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული, პირველ ეტაპზე 40 მილიონამდე ერთეულის საწარმოებლად. ამ მიზნით, „საპარტნიორო ფონდმა“ 6.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განსახორცილებლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის ნებართვის თაობაზე მიმართა. პროექტში 350 ათასი აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო დანადგარების შესაძენად, ხოლო დანარჩენი თანხა - პირბადის საწარმოებლად საჭირო ნედლეულისთვის, სატრანსპორტო და სხვა საჭირო ხარჯებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო, „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა და იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100% -ით დასაფინანსებლად. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელებას თან ახლავს სირთულეები, გაძნელებულია ტრანსპორტირება დანადგარებისა და ნედლეულის მიწოდება ჩინეთიდან, იქ არსებული სიტუაციის გამო, თუმცა ფონდის ჩინელი მეგობრების და პარტნიორების, ჩინეთის სამთავრობო სტრუქტურების, ორივე ქვეყნის საელჩოების მაქსიმალური მხარდაჭერით, დაშვებულ იქნა გამონაკლისი და საქართველოსთვის მოხერხდა პროექტისთვის საჭირო დანადგარებისა და ნედლეულის შესყიდვა. ამჟამად ყველა ძირითადი საკითხი მოგვარებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატრანპორტო პრობლემების მოგვარება, რის შემდეგაც ვიმედოვნებთ, რომ საწარმო უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას. მოვუწოდებთ ტელეკომპანიას, რომელმაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, დაიცვას ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და განსაკუთრებით, არსებულ სიტუაციაში სენსიტიური თემების შესახებ გადაუმოწმებელი, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავონ. თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდი“ ყოველთვის მზადაა ფონდის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოაწოდოს, როგორც მედიასაშუალებებს, ასევე - ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 9 2-ს მოსწონს
|