საზოგადოება როგორ იხსნეს მამაცმა ძაღლებმა ათასობით ბავშვი დიფტერიის ეპიდემიისაგან (ნამდვილი ამბავი) 2020, 12 აპრილი, 22:08 ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს ბავშვობაში მულტფილმი ''ბალტო'', მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ანიმაცია ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული... ფოტოზე: ბალტოს ძეგლი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დგას ერთი შეხედვით სრულიად უბრალო, ჰასკის ჯიშის ძაღლის ქანდაკება. ეს ბალტოა, ძაღლების მარხილის ეკიპაჟის მეთაური, რომელმაც ალასკის პატარა ქალაქის ათასობით ბავშვი დიფტერიისაგან იხსნა 1925 წელს. ''გულმოწყალების დიდი რბოლა''- სწორედ ამ სახელით შევიდა ისტორიაში ეს შემთხვევა, რომელმაც დაუდო საფუძველი აშშ-ში საყოველთაო ვაქცინაციის შემოღებას, თუმცა მოდით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ... დღეს, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის საფრთხის ქვეშაა მოქცეული და კოვიდ-19-ის გაგონება ადამიანებში შიშსა და პანიკას იწვევს, ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ წინა საუკუნეებში არსებობდა არანაკლებ საშიში და ვერაგი ვირუსული ინფექცია-დიფტერია. დღესდღეობით ის მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე დაბალგანვითარებულ ქვეყნებში თუღაა შემორჩენილი, თუმცა უწინ ის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებდა. ვაქცინის აღმოჩენამდე სიკვდილიანობა ბავშვთა შორის 70-100%-ს აღწევდა და რაც უფრო მცირეწლოვანი იყო ბავშვი, მით უფრო სწრაფად და საშიშად ვრცელდებოდა ინფექცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა დიფტერიის ეპიდემიის ისტორიაში მოხდა აშშ-ში, კერძოდ კი ალასკაზე გასული საუკუნის 20-იან წლებში. XIX საუკუნის ბოლოს ალასკაზე დაწყებული ''ოქროს ციებ-ცხელების'' დროს ამ რეგიონს ბევრი ადამიანი მიაწყდა. ესენი იყვნენ ოქროსმაძიებლები, სწრაფი გამდიდრების მოყვარულები, ავანტიურისტები და გაღატაკებული კლერკები, ამიტომ ამ უკაცრიელ შტატში, სადაც ძირითადად ესკიმოსები ცხოვრობდნენ, ელვის სისწრაფით ხდებოდა ქალაქების აღმოცენება. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი გახლდათ ნომი, რომელიც ალასკის უკიდურეს სამხრეთ წერტილში, ბერინგის სრუტის ნაპირას გაშენდა. 1910 წელს ნომში უკვე 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქს ხანდახან ალასკის ყველაზე ხშირად დასახლებულ პუნქტს უწოდებდნენ. როგორც კი ''ოქროს ციებ-ცხელება'' ჩაცხრა, ქალაქი ნელ-ნელა დაცარიელდა, თუმცა 1925 წელს აქ ჯერ კიდევ ცხოვრობდა 10 ათასზე მეტი ადამიანი. 1925 წლის იანვარში ქალაქ ნომში დაიწყო დიფტერიის ეპიდემია. ეს დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, აინფიცირებს ყელ-ხახისა და ცხვირის ლორწოვან გარსს, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, ინფექციას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა. ბავშვებისათვის დიფტერია სასიკვდილოდ საშიში დაავადებაა. ინტოქსიკაციასთან ერთად ვითარდება კრუპი-ავადმყოფის სასუნთქი გზები იკეტება და ის უჰაერობით იღუპება. ვინაიდან ამ დროისათვის დიფტერიის სამკურნალო პრეპარატები არ არსებობდა, რჩებოდა მხოლოდ ერთი გზა-აცრა, მაგრამ ვაქცინა ქალაქ ნომში არ მოიპოვებოდა. ბავშვები სასიკვდილო საფრთხის ქვეშ იყვნენ. ეპიდემია არნახული სისწრაფით ვრცელდებოდა და დაავადებულთა შორის იყვნენ როგორც მოახალშენეები, ასევე ადგილობრივები-ესკიმოსები. ფოტოზე; ალასკელი ესკიმოსები თითქოსდა ჯიბრზე, იმ წელს ალასკაზე გამორჩეულად ცივი და ყინვიანი ზამთარი იდგა. მთელი იანვარი გრძელდებოდა შტორმი, ქარბუქი, ყინვა 35 გრადუსს ასცილდა. ქალაქი მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. სრუტე გაიყინა, ავიამიმოსვლა სხვა ქალაქებთან არ ხორციელდებოდა, ამიტომ ვერც გემი, ვერც თვითმფრინავი ვერ შეძლებდა დიფტერიით დაავადებული ბავშვების შველას. უახლოესი ქალაქი ანკორიჯი, საიდანაც შესაძლებელი იყო ვაქცინის მიწოდება ნომში, ქალაქიდან 1000 მილის მანძილზე მდებარეობდა. ვაქცინის მოსაპოვებლად საჭირო იყო მთელი ალასკის გადალახვა, თან საკმაოდ სწრაფად. დრო კი არ იცდიდა: დაავადება ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა - რამდენიმე ბავშვი უკვე დაიღუპა, სხვები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ... ქალაქ ნომში მხოლოდ ერთადერთი პატარა საავადმყოფო ფუნქციონირებდა, სადაც ერთადერთი ექიმი მუშაობდა, სახელად კურტის უელჩი. სასოწარკვეთილმა კურტისმა არ იცოდა რა მოემოქმედა, ამიტომ მან მხოლოდ ერთ რამ მოიფიქრა: ადგილობრივ რადიოში გააკეთა განცხადება, რომ იქ, დიდ მიწაზე გაეგოთ ნომელების გასაჭირი: "გვიშველეთ, ჩვენი ბავშვები კვდებიან., დიფტერიის ეპიდემიის შეჩერება აქ შეუძლებელია. სასწრაფოდ გვჭირდება მილიონი ერთეული ვაქცინა, ტრანსპორტირების ფორმა მხოლოდ ფოსტა შეიძლება იყოს. უკვე 300 ბავშვია ავად", - აი ამ ტექსტით გაავრცელა დეპეშა ნომელმა ექიმმა. ''დიდ მიწაზე'' სასწრაფოდ ატყდა განგაში. უმალვე მოიპოვეს ვაქცინა და გაამზადეს წასაღებად. ანკორიჯიდან ქაალქ ნენანამდე ვაქცინა მატარებლით მიიტანეს, თუმცა ნენანი იყო ბოლო დასახლებული პუნქტი, სადაც რკინიგზა მიდიოდა, ნომელ ბავშვებამდე გასავლელი რჩებოდა კიდევ 1058 კილომეტრი, ქარბუში, -50 გრადუს ყინვასა და ნამქერებით დაფარულ გზაზე. ერთადერთი ტრანსპორტი, რომლითაც ამ მანძილის გადალახვა იქნებოდა შესაძლებელი ასეთ ამინდში, იყო ძაღლებშებმული მარხილი. ექიმის მოწოდებაზე საკმაოდ ბევრი მოხალისე შეგროვდა, რომელთაც ნომელი ბავშვების დახმარების სურვილი გამოთქვეს. მათ ესტაფეტა უნდა მიეღოთ და რიგრიგობით ეზიდათ ვაქცინა, რომელიც მძიმე სულაც არ იყო - ძვირფასი ტვირთი ათიოდე კილოგრამს იწონიდა. სწორედ აქ, ქალაქ ნენანში დაიწყო "გულმოწყალების დიდი რბოლა, " რომელშიც 20 მარეკი და 150 ჰასკი იღებდა მონაწილეობას. ერთი მარხილი ქანცის გაწყვეტამდე ფარავდა გარკვეულ მანძილს და ესტაფეტას-ამ შემთხვევაში წამალს მეორეს გადასცემდა. მთელი ამერიკა სულგანაბული ადევნებდა თვალს ამ მძიმე, დაძაბულ რბოლას და ითვლიდა საათებს... გაზეთები გამუდმებით აქვეყნებდნენ ცნობებს ესტაფეტის შესახებ. ჰასკების ფოტოებით აჭრელებული იყო ცნობილი გაზეთების პირველი გვერდები. ფოტოზე: ლეონარდ სეპალას ჰასკები შუა გზაში ესტაფეტა მიიღო მარეკმა ლეონარდ სეპალამ, რომელიც გახლდათ ალასკის ყველაზე სწრაფი მარეკი და მას არაერთი შეჯიბრება ჰქონდა მოგებული ძაღლებით რბოლაში. სეპალას მარხილის ეკიპაჟის წინამძღოლი იყო ციმბირული ჰასკი ტოგო. ფოტოზე: ლეონარდ სეპალა ტოგოსთან ერთად როცა სეპალა ნორტონის სრუტეს მიუახლოვდა, გზის მოჭრის მიზნით მან გადაწყვიტა პირდაპირ გადაელახა სრუტე. თუმცა ეს ძალიან სახიფათო იყო: ძლიერ ყინვას ყინულები უზარმაზარ ლოდებად აეგორებინა და ეს ლოდები ცივ წყალში აისბერგებივით დაცურავდა. ყინულის ნატეხი, რომელზეც მარეკი და მისი მარხილი მოყვნენ, ნაპირს ნელ-ნელა შორდებოდა, ამიტომ სეპალა იძულებული გახდა ნაპირზე გადამხტარიყო, მარხილი კი ყინულის ნაჭერზე დარჩა. უკანასკნელ წამებში ჰასკმა ტოგომ ძალა მოიკრიბა, კბილები დასტაცა ძვირფას ტვირთს და პატრონისკენ გადახტა, ყინულიან წყალში გაცურა და ტვირთი გადაარჩინა. ვაქცინა გადარჩა, მაგრამ ტოგოს თათები სამუდამოდ მოეყინა. ლეონარდის მარხილმა და ტოგომ ყველაზე მეტი და რთული გზა გაიარეს - მთლიანობაში 418 კილომეტრი... ფოტოზე: ჰასკი ტოგო პატრონთან ერთად უკანასკნელი, ვისაც გზის ბოლო, ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთის გავლა დაევალა, ის, ვინც მთელი სისწრაფით გარბოდა და ნომელი ბავშვებისთვის ხსნა მიჰქონდა, იყო ნორვეგიელი ჰუნარ კაასენი, მისი ძაღლების ეკიპაჟის მეთაური კი იყო ახალგაზრდა ციმბირული ჰასკი ბალტო. ბალტო არ იყო სარბოლო ძაღლი. ის უფრო მტვირთავის როლს ასრულებდა და ქალაქში გადაჰქონდა სანოვაგის ტომრები და ყუთები. ახალგაზრდა ასაკის გამო, ბალტოს არ ჰქონდა დიდ მანძილზე გადარბენის გამოცდილება. ფოტოზე: ჰუნარ კაასენი და ბალტო წარმოიდგინეთ, რა პირობებში მოუხდა ბალტოს თავისი პირველი საპასუხისმგებლო დავალების შესრულება: -50 გრადუსი ყინვა, თოვა, ქარბუქი ... თოვლი თვალებში ეყრებოდათ ძაღლებს, ქარბუქი გზის გაგნებაში უშლიდათ ხელს, აყირავებდა მარხილს და აფერხებდა სწრაფ სვლას. ძვირფასი ტვირთი ნამქერით იფარებოდა და ძაღლებსა და მათ პატრონს უწევდათ მისი მოძებნა თოვლქვეშ. ფოტოზე: ჰასკი ბალტო ძაღლები ვერ უძლებდნენ სიცივეს და ერთი მეორის მიყოლებით ძირს ეცემოდნენ ღონემიცლილები და გათოშილები. ჰუნარი მათ მარხილიდან ხსნიდა, ადგილზევე ტოვებდა და თავად დარჩენილი ძაღლებით აგრძელებდა გზას. დაღამებისას ყინვამ კიდევ უფრო მოუჭირა. ჰუნარი სიცივისგან უკვე ვეღარ აზროვნებდა. იგი მიხვდა, რომ გონებას კარგავდა და ნარტაზე დაწვა. მარხილში ერთადერთი ძაღლი იყო დარჩენილი. ეს იყო ბალტო. ქალაქ ნომამდე 34 კილომეტრი დარჩენილიყო.. ახლა ყველაფერი ბალტოზე იყო დამოკიდებული. არავინ იცის როგორ, მაგრამ მან ეს შეძლო... დიახ, ქანცგამოცლილმა და გათოშილმა მამაცმა ჰასკიმ ძვირფასი ტვირთი ქალაქ ნომში მიიტანა. ეს მოხდა 2 თებერვალს, დილის 05:30 საათზე. წარმოიდგინეთ ქალაქის მცხოვრებლების სიხარული, როცა შეიტყვეს, რომ მათ შვილებს საფრთხე აღარ ემუქრებოდათ: საშინელ მეტეოროლოგიურ პირობებში მამაცი ძაღლების წყალობით ძვირფასი ვაქცინა ქალაქ ნომის საავადმყოფოში იქნა მიტანილი. 1085 კილომეტრიანი ესტაფეტა ხუთნახევარ დღე-ღამეში იქნა დაფარული. ვაქცინა გაყინულიყო, მაგრამ არ გაფუჭებულა. მისი წყალობით დიფტერიის ეპიდემიამ უკვე ხუთ დღეში დაიწყო უკან დახევა, ხოლო ორიოდე კვირაში საბოლოოდ მოხერხდა მისი ბოლომდე აღმოფხვრა. ფოტოზე: მადლიერი ბავშვები ბალტოსთან ერთად ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ძაღლები და მარეკები, რომლებმაც შეძლეს ქალაქ ნომის გადარჩენა დიფტერიის ეპიდემიისაგან, ცნობილები და პოპულარულები გახდნენ მთელ აშშ-ში. მათზე წერდა გაზეთები და ჟურნალები, ჰუნარ კაასენი და ბალტო ეროვნულ გმირებად აღიარეს. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის სკვერში ბალტოს ძეგლიც კი დგას, რომელსაც ამშვენებს წარწერა: "ეძღვნება მრბოლელი ძაღლების მოუთვინიერებელ სულებს, რომლებმაც უამინდობაში, ყინვასა და ქარბუქში მიიტანეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინა ქალაქ ნენანიდან ქალაქ ნომში, დიფტერიის ეპიდემიის შესაჩერებლად. გამძლეობა.ერთგულება. საზრიანობა". თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტოგოს მეპატრონე ლეონარდ სეპალა განაწყენებული იყო იმის გამო, რომ რბოლაში მონაწილე 150 ძაღლიდან სახელი და დიდება მხოლოდ ბალტოს და მის პატრონს ერგოთ. მართლაც, სეპალას მარხილმა ტოგოს მეთაურობით გაცილებით დიდი გზა გაიარა, თანაც იმ დროს ტოგო უკვე ხანშიშესული იყო და მისი პატრონი შიშობდა, რომ ძაღლი ესოდენ დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. "გულმოწყალების დიდ რბოლას", გარდა იმისა, რომ ასობით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა, სამი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა: პირველი ის, რომ სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყო შტატებში მასობრივი სავალდებულო ვაქცინაცია, რადგან ერთადერთი, რისგანაც ვირუსული ინფექციები უკან იხევს-ვაქცინაა. სწორედ აცრების წყალობით გადარჩა უამრავი ბავშვის სიცოცხლე. ძაღლების გმირობამ დააჩქარა აქტის მიღება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ავიამიმოსვლა ალასკის ქალაქებს შორის, რომელიც დღესაც რჩება მთავარ ტრანსპორტად ამ შტატში. 1970 წლიდან დაწყებული "გულმოწყალების დიდი რბოლაში" მონაწილე ადამიანების და ძაღლების პატივსაცემად იმართება ყოველწლიური შეჯიბრება-ესტაფეტა ძაღლებიანი მარხილებით რბოლაში, რომლებიც გადიან ზუსტად იმ მანძილს, რაც ნომში მიმავალმა ძაღლებმა გაირბინეს 1925 წელს. ბალტო 1933 წელს მოკვდა 14 წლის ასაკში. მისგან ფიტული გააკეთეს, რომელიც ამჟამად კლივლენდის ერთ-ერთ მუზეუმში დგას და ყველას შეუძლია მისი ნახვა. და კიდევ: ჰასკი ბალტო ბავშვების საყვარელი ანიმაციის გმირად იქცა. მის შესახებ გადაღებულია შესანიშნავი ანიმაციური ფილმი, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ, 2019 წელს რეჟისორმა ბრაიან პრესლიმ გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი "ალასკის დიდი რბოლა", რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ იხსნეს მამაცმა ძაღლებმა თოვლში ჩაძირული ქალაქის ბავშვები საშინელი ეპიდემიისაგან. 556 7-ს მოსწონს
|