საქართველო 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა - როგორ ვითარდებოდა მოვლენები 4 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით 2020, 8 აპრილი, 22:04 31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… 9 აპრილი ! ეს თარიღი სამუდამოდ დარჩება ყოველი ქართველის გულში მოუშუშებელ ჭრილობად და ამავე დროს ერის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპის მომასწავებელ ნიშანსვეტად. პ აპრილის ტრაგედიამ სრულიად ახალი სული შთაბერა ყველა ქართველს, მთელი არსებით შეაერთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის საბრძოლველად. 9 აპრილის ტრაგედიას სხვა ჟღერადობაც აქვს ე.წ. “ თბილისის სინდრომი " ატაცებულ იქნა საბჭოთა კავშირის სხვა კუთხეებში დემოკრატიზაციის მებრძოლთა მიერ და ხელისუფლების ძალმომრეობის პოლიტიკას დაუპირისპირა (აზერბაიჯანისა და სომხეთში მომხდარი ამბები ვერ აბათილებენ “ თბილისის სინდრომის " ძალას, რადგააც მეზობელ რესპუბლიკებში მომხდარი ამბები სხვა რანგის მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება. ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. 6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი. 7 აპრილს დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა წევრებს მისცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. 8 აპრილსვე დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. ლიდერები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, არ წასულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ. მათ ყურად არ იღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწოდება, რომელმაც მომიტინგეებს ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარის ტერიტორიაზე გადასვლა და იქ პარაკლისის გადახდისკენ მოუწოდა… 9 აპრილს, დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი. აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. 160 1-ს მოსწონს
|