საბუნებისმეტყველო მოგზაურობა ადამიანის შიგნით - ადამიანის სხეულის უნიკალური მუზეუმი ნიდერლანდებში 2020, 27 მარტი, 9:41 ვინ თქვა, რომ მხოლოდ ზღაპარსა და ფანტასტიკურ ფილმებში შეიძლება მოხვდე გოლიათის მუცელში, გაისეირნო იქ და გარეთ მშვიდობიანად გამოხვიდე ცოცხალი? - ნიდერლანდებში, მაგალითად, ეს სავსებით შესაძლებელია და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ მანიაკები ან მაზოხისტები ცხოვრობენ. უბრალოდ სწორედ აქ არსებობს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანის სხეულის მუზეუმი, რომელიც იმდენად რეალისტურია, რომ დამთვალიერებლებს ნანახისგან სუნთქვა ეკვრით, ზოგი მათგანს კი გულიც კი მისდის ექსკურსიის დროს. მუზეუმის შესასვლელიდანვე თქვენ ხვდებით ადამიანის ორგანიზმში და თავისუფლად შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი ყველა ნაწილი, ყველა ორგანო; გაისეირნოთ გიგანტური ადამიანის მუცელში, თავში, გულში და სხვა ორგანოებში.
მუზეუმი განთავსებულია ქალაქ ლეიდენში, რომელიც ნიდერლანდების დედაქალაქიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული. შენობა ძალიან იოლი მისაგნებია: ის შორიდანვე იქცევს ყურადღებას გიგანტური მჯდომარე ადამიანის ფიგურით, რომელიც თითქოსდა შეზრდილია თანამედროვე არქიტექტურული სტილით აგებულ შენობასთან. მუზეუმის შესასვლელი ამ გოლიათის მუხლშია, საიდანაც სპეციალური ესკალატორით მიემგზავრებით ადამიანის შიგნით. სანახაობა, რომელიც სუსტი ნერვების პატრონებისათვის ნამდვილად არაა მუზეუმის შიგნით- ფაქტიურად მთელი ქალაქია, რომელიც ორგანიზმის ნაწილებისაგან შედგება. თითოეულ მათგანში შეგიძლიათ გაისეირნოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის გამბედაობა გეყოფათ. მოგზაურობა თეძოს ძვლიდან იწყება. აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ ერითროციტების და ლეიკოციტების წარმოქმნის პროცესს და ესკალატორით გააგრძელოთ გზა ზედა სართულებისაკენ - თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ გიგანტური ადამიანის სხეულის ნაწილებს. თითოეული ორგანო იმდენად რეალისტურადაა გამოსახული, რომ მათ დანახვაზე სუსტი ნებისყოფის ადამიანს შეიძლება ძარღვებში სისხლი გაეყინოს. სამაგიეროდ, დამწყები მედიკოსებისათვის ან სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის აქ ნამდვილი სამოთხეა. დამთვალიერებელი თავს უსუსურად გრძნობს, როცა ამ გოლიათის სხეულის ორგანოებს ათვალიერებს, გადაადგილდება მის ლაბირინთებში და ხედავს, თუ როგორ ცირკულირებს სისხლი ადამიანის სხეულში, როგორ მუშაობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და როგორ სცემს გიგანტური გული. კუნთოვანი სისტემა, სმენის აპარატი, ხმის იოგები, ძვლები, კბილები, ძარღვები-ყველაფერი ეს შეგიძლიათ ნახოთ და შეისწავლოთ დეტალურად და თვალნათლივ. თითოეული ორგანოს მუშაობის პროცესი გადმოიცემა მონიტორებით და მას თან ახლავს რეალური ხმები- ადამიანს რომ შეეძლოა დაპატარავება და სხვა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა, ის ზუსტად ასეთ ხმებს გაიგონებდა. ზოგ შემთხვევებში ორგანოების მუშობა წარმოდგენილია არამარტო ვიზუალურად, არამედ მას თან ახლავს სხვა ეფექტებიც. მაგალითად, მუზეუმის სტუმრებს შეუძლიათ იგრძნონ ის სუნი, რომელიც უზარმაზარი ნესტოებიდან მოდის. სანახაობის რეალისტურობა და ორგანოების მუშაობის პროცესის მთელი არსებით აღქმა გაძლიერებულია სპეციალური სათვალეების მეშვეობით, რომლებსაც დამთვალიერებლებს მუზეუმის შესასვლელში ურიგებენ. ასე რომ, ეს არის ექსკურსია 5D ფორმატში. ადამიანის სხეულის მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ აგრეთვე, თუ როგორ ხდება ახალი სიცოცხლის ჩასახვა დედის საშოში და როგორ ვითარდება ნაყოფი. დამთვალიერებლებს ასევე უჩვენებენ კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესს, რადგან ეს გიგანტი ადამიანი, ვის სხეულშიც მუზეუმის სტუმრები დასეირნობენ, იდეის ავტორების ჩანაფიქრით, ქალია. აი ბავშვებს კი მუზეუმში ყველაზე მეტად მოსწონთ უზარმაზარი ენა, რომელზე ხტუნვაც ისევე შეიძლება, როგორც ბატუტზე, თან კბილების ღრჭიალის ხმების თანხლებით. ერთსაათიანი ექსკურსიის დროს გიდი (შეგიძლიათ ისარგებლოთ აგრეთვე ელექტრონული თარჯიმნით) გასაგებად და საინტერესოდ უხსნის დამთვალიერებლებს ადამიანის აგებულებას და იმას, თუ რა სასიცოცხლო პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში. შეგიძლიათ ნახოთ აგრეთვე, თუ რა ხდება ჩვენ სხეულში ამა თუ იმ დაავადების დროს. სხვათა შორის, ექსკურსიის დროს დამთვალიერებლებს შეუძლიათ თვალნათლივ ნახონ, თუ რა ნეგატიურად აისახება ორგანოების მუშაობაზე ჩვენი მავნე ჩვევები და შევიგნოთ, რომ ეს, ერთი შეხედვით ძლიერი ორგანიზმი სინამდვილეში ძალიან ფაქიზია და სათუთი. უზარმაზარ ხელოვნურ ორგანიზმში მოგზაურობის ფინალური წერტილი ადამიანის ტვინია საოცრად რეალისტურად ნაჩვენები ნეირონებით. მის გიგანტურ ნერვულ კვანძებსა და დახლართულ ლაბირინთებს თავისუფლად შეგიძლიათ შეეხოთ ხელით ისევე, როგორც ამ უცნაური მუზეუმის სხვა "ექსპონატებს". და კიდევ: მუზეუმის პროექტის შემუშავება მიმდინარეობდა 12 წელი, რის შემდეგაც თითქმის 2 წელი დასჭირდა პროექტის ხორცშესხმას. ამ უცნაური იდეის რეალიზაცია დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაჯდა. ძირითადი შენობა შედგება 7 სართულისაგან და გარედან მთლიანად შემინულია, ხოლო გიგანტური ადამიანის ფიგურა სპეციალური ფოლადისგანაა შექმნილი, რომელსაც კოროზია არ ემუქრება. შენობის სიმაღლე დაახლოებით 35 მეტრია. თუ ნიდერლანდებში მოგზაურობას აპირებთ, არ გაუშვათ ხელიდან ამ უნიკალური მუზეუმის ნახვის შანსი. ბილეთების შეძენა წინასწარ-ინტერნეტითაა შესაძლებელი ან შეგიშლიათ ის ადგილზე იყიდოთ, თუმცა ექსკურსიის ორგანიზატორები გვირჩევენ მათ შეძენაზე დროულად იზრუნოთ, რადგან ძალიან ბევრი მსურველია, ვისაც სურს მოხვდეს ამ გასაოცარ სამყაროში, რომელსაც სახელად "ადამიანი" ჰქვია. დასასრულს კი გთავაზობთ ვიდეოს, რომლის მეშვეობით ვირტუალურად იმოგზაურებთ მსოფლიოში ერთადერთ ადამიანის სხეულის მუზეუმში. 405 10-ს მოსწონს
|