კახეთი რა ვითარებაა დედოფლისწყაროში და როგორ იცავენ თავს ვირუსის გავრცელებისგან? 2020, 24 მარტი, 13:23 თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობას კიდევ 2 უცხოეთიდან დაბრუნებული პირი დაემატა. 24 მარტის დილის მონაცემებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჯამში 36 მოქალაქე კონტროლის ქვეშ იმყოფება. 6 მათგანს დაკვირვების ვადა 22 მარტიდან ამოეწურა და კონტროლი მოეხსნა. მანამდე კი კონტროლი მოეხსნა 15 მოქალაქეს. აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო და დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრი. როგორც დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ, ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი კონტროლდება მოხალისეთა ჯგუფის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ. დედოფლისწყაროში მოქმედებს ცხელი ხაზი 571 85 79 79; - 595 95 61 22; თუ დააფიქსირეთ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქე საფრთხეს ქმნის დარეკეთ ჯანდაცვის ცენტრში. „დილიდან კონტროლდება რიგები და სოციალური დისტანცია მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკებთან და ბაზარში. ყველგან სიმშვიდეა და ხდება დისტანციის დაცვა. მადლობა პირველ რიგში მოსახლეობას, რომ გაგებით ეკიდება ამ საკითხს. ასევე მადლობა კომერციული ობიექტების მეპატრონეებს. განსაკუთებით მადლობა, პოლიციას, ჩვენი ზედამხედველობის სამსახურს და მოხალისეებს, რომ ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ სიტუაციას, “- ნათქვამია დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ორგანიზაციის და მუნიციპალიტეტის ჩართულობით დედოფლისწყაროში მოხალისეთა ჯგუფი შედგა, რომელიც დედოფლისწყაროში ხალხმრავალ ადგილებში ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად პრევენციული ღონისძიებების კონტროლს მოახდენს. სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის მოხალისეთა ჯგუფებზე პასუხისმგებელმა პირმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა და ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენელმა ონლაინ რეჟიმში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოხალისეთა ჯგუფს ტრეინინგ კურსი წარუდგინეს. ტრეინინგს დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი მუნიციპალიტეტის მოხალისეებთან ერთად დაესწრნენ. „ჩვენი მოხალისეები იქნებიან ყველგან, სადაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით დავეხმარებით მოხუცებს, რათა მათ არ დაჭირდეთ სახლიდან გასვლა, ასევე მონიტორინგს გავუწევთ ყველა იმ რეკომენდაციის დაცვას, რომელიც სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. ონლაინ ტრეინინგი მთელი კახეთის მასშტაბით გაიმართა. მოხალისეთა ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა და სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდა. COVID-19 -ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დედოფლისწყაროს მოხალისეთა ჯგუფები ხალხმრავალ ადგილებში რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს ახორციელებს. 260 შეფასება არ არის
|