კახეთი უახლესი ცნობები დედოფლისწყაროში იზოლირებული პირების შესახებ - რატომ გამოიძახეს პოლიცია? 2020, 20 მარტი, 21:39 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი დედოფლისწყაროს მთელს ტერიტორიაზე 30-დან 38-მდე გაიზარდა. ხუთშაბათს საღამოს მონაცემებით 30 მოქალაქე ფიქსირდებოდა თვითიზოლაციაში, 20 მარტს დილით უკვე 36, ხოლო შუადღისას მათი ოდენობა 38-მდე გაიზარდა. დღეს ხმაური იყო თვითიზოლაციის წესის დარღვევის თემაზე დედოფლისწყაროში. გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც, თუმცა მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ განგაში ცრუ აღმოჩნდა, მოქალაქეთა შეტყობინებები არ დადასტურდა და პოლიციამ მოქალაქე კვლავ ბინაზე დატოვა. მისი საკარანტინო ზონაში გადაყვანის აუცილებლობა აღარ დამდგარა. საპატრულო პოლიცია თვითიზოლაციაში მყოფი პირის მისამართზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სატელეფონო შეტყობინება წესის დარღვევის თაობაზე ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში შევიდა. მამაკაცი 14 მარტს საუდის არაბეთიდან დაბრუნდა დედოფლისწყაროში. როგორც მან დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა, იზოლაციის წესები არ დაურღვევია და პირობებს მკაცრად იცავს. მისი განმარტებით შემოწმება აეროპორტში, საზღვრის კვეთისას გაიარა, მას შემდეგ ყოველდღიურ კონტროლზეა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეში რამდენჯერმე ამოწმებენ დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. ის ჯანმრთელია და ამ დრომდე არანაირი საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენია. „არსებობს სპეციალური ჟურნალი, სადაც მონაცემები იწერება. საათობრივად ვიკონტროლებ სხეულის ტემპერატურას, გვაქვს მჭიდრო კონტაქტი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებთან, დღეში რამდენჯერმე მოდის პოლიციაც, მამოწმებენ, მიღებენ ფოტოებს. ღმერთის მადლით კარგად ვარ, ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები საბედნიეროდ არ მაქვს. წესებს ნამდვილად არ ვარღვევ. პატიოსნად ვიცავ, ცალკე ოთახში მძინავს, ოჯახის წევრებსაც ვუფრთხილდები და სხვებსაც. რაც დავბრუნდი კარის სახელურისთვისაც არ მომიკიდია ხელი, ვცდილობ ვიფრთხილო და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ რთულ პერიოდში ცილს გწამებენ“ - აღნიშნავს საუდის არაბეთიდან დაბრუნებული მამაკაცი. შეგახსენებთ, 15 მარტს დედოფლისწყაროში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქის მხრიდან თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შეტყობინება მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე გააკეთეს. შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დროულად აღკვეთეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, სადაც სამართალდამცავი უწყების ჩარევისა და ურჩი მოქალაქის თელავში გადაყვანის აუცილებლობა დადგა. კახეთში ბოლო 24 საათში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 249-დან 283-მდე გაიზარდა, მეთვალყურეობა მოეხსნა 6 ადამიანს, ხოლო 3 მოქალაქე იძულების წესით საკარანტინო ზონაში, პოლიციის დახმარებთ გადაიყვანეს. საქართველოს ორი მოქალაქე წუხელ ლაგოდეხის სასაზღვრო - გამშვები პუნქტიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშ მოათავსეს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. თელავის მუნიციპალიტეტის სამ საკარანტინო ზონაში სულ 133 ადამიანი იმყოფება. ისინი საქართველოში სხვადასქვე ქვეყნებიდან ბოლო დღეების განმავლობაში დაბრუნდნენ. დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი 571 85 79 79; - 595 95 61 22; თუ დააფიქსირეთ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქე საფრთხეს უქმნის გარშემომღოფებს და არღვევს თვითიზოლაციის წესებს, აცნობეთ სპეციალისტებს. 419 შეფასება არ არის
|