განათლება კომპოზიტების მართლწერა - გრამატიკა მოკლედ და გასაგებად! 2020, 19 მარტი, 11:28 ✅კომპოზიტები ორი ან მეტი სიტყვის შეერთებით ახალი სიტყვის მიღებას გულისხმობს.კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი და ორ- და მეტცნებიანი.
✅ ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს. მაგ.: მრავალძარღვა, ცისარტყელა, გულმოკლული...
✅ორ- და მეტცნებიანია კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს და მათ შორის შეიძლება აზრობრივად ჩაისვას და კავშირი. მაგ.: ცოლ-ქმარი, რაჭა-ლეჩხუმი... ✅დაიმახსოვრეთ: ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად. ესენია: ✅ა) ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, როცა ერთნაირი, ან ხმოვან- ან კიდევ თანხმოვან-შეცვლილი მარცვლებია გაერთიანებული: ლიკლიკი, წიკწიკი, თავთავი, კაშკაში, წამწამი... რაკარუკი, ბინდბუნდი, არემარე, ჩამიჩუმი, ქოხმახი, ახლომახლო, ნაყარნუყარი, უსწორმასწორო, სხაპასხუპი, ბრახაბრუხი...
✅ბ) ფუძეგაორკეცებულ სიტყვებში და კავშირია ჩასმული: თანდათან, ცხენდაცხენ, გზადაგზა, პირდაპირ, ფეხდაფეხ, სხვადასხვა, ხანდახან, კვალდაკვალ...
✅გ) სხვადასხვა ფუძის ან ფორმის შეერთებით მიღებული კომპოზიტები: წლისთავი, გლეხკაცი, თავმომწვარი, ახალგაცნობილი, გულდამწვარი... დედაბუნება, ელექტროგადამცემი, კინოროლი, კინოფირი, ლუკმაპური, რადიოგადაცემა, წყალსადენი... დისშვილი, ხელისგული, კარისკაცი, ვარდისფერი, ცხვირსახოცი, ერთადერთი... ზედამხედველი, თანასკოლელი, წინდახედული... ხელფეხგახსნილი, ცხვირპირდასიებული...
✅დ) მაწარმოებელი აფიქსების მქონე კომპოზიტები: მამაშვილობა, უდედმამო, უსახლკარო, იგავარაკული, დედაშვილური, დაძმური... ✅ე) ნათესაობის აღმნიშვნელი კომპოზიტები, როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელი მეორე ადგილზეა: ბებიაჩემი, ბიძაშენი, ბებიათქვენი. ✅ვ) თუ თანდებული ან ზმნიზედა დაერთვის სიტყვის ფუძეს, ვღებულობთ კომპოზიტს, რომელიც ერთად იწერება: ჭერქვეშ, ფეხქვეშ, თვალწინ...
* * * ✅დეფისით იწერება:✅ ✅ა) სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთული სახელები: ბედ-იღბალი, სიცილ-კისკისი, ალალ-მართალი, სვე-ბედი, ტოლ-ამხანაგი, ღარიბ-ღატაკი, ოხერ-ტიალი, მთა-ბარი, დიდ-პატარა, კვლევა-ძიება, მშვილდ-ისარი, ჩოხა-ახალუხი, სასოფლო-სამეურნეო, ფოსტა-ტელეგრაფი... ✅ბ) ზმნისწინით განსხვავებული ან სხვადასხვა ფუძის მქონე ზმნების გაერთიანება: გაიხედ-გამოიხედა, აიხედ-ჩაიხედა, გაატარ-გამოატარა...
✅გ) სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ზმნიზედები ან ზედსართავები: ქუჩა-ქუჩა, ტყე-ტყე, ნაპირ-ნაპირ, ცხელ-ცხელი, ჭრელ-ჭრელი...
მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე, გზა-გზა, ლამაზ-ლამაზი, მაღალ-მაღალი... ✅დ) რიცხვითი სახელების გაორკეცებისას: ორ-ორი, ერთ-ერთი, ათ-ათი... ✅ე) ვიცე- რთული ფუძის პირველი ნაწილი მომდევნო ფუძესთან შეერთებულია დეფისით და შემდეგნაირად იწერება:ვიცე-პოლკოვნიკი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-მერი...
✅კუთვნილების გამომხატველი კომპოზიტები ერთად იწერება: დაბალშემოსავლიანი, გრძელფეხება, ორგანზომილებიანი...
✅მაგრამ, თუ კუთვნილებით კომპოზიტს წინ უძღვის -ზე ან -ში თანდებულიანი ადგილის გარემოება, ასეთ შემთხვევაში ვწერთ ცალ-ცალკე: ფიქრებში ჩაფლული, მკერდზე დაკრული. თუ კუთვნილებითი კომპოზიტის პირველი ნაწილი რიცხვითი სახელია, დეფისით უკავშირდება მომდევნო სახელს: 8-ფურცლიანი, 5-ელემენტიანი.
✅დაიმახსოვრეთ:✅ უდეფისოდიწერება სიტყვა, თუ ორცნებიან კომპოზიტს მაწარმოებელი სუფიქსები დაერთვის და ახალი მნიშვნელობის სიტყვა მიიღება: და-ძმა - დაძმობა სტუმარ-მასპინძელი - სტუმარმასპინძლობა მამა-შვილი - მამაშვილობა თავად-აზნაური - თავადაზნაურობა, სათავადაზნაურო ტან-ფეხი - ტანფეხიანი. * * * ✅ შერწყმული დანართის პირველი წევრი უნდა გადმოიცეს ფუძის სახით და დაიწეროს საზღვრულთან ერთად დეფისით: სახლ-მუზეუმი წევრ-კორესპონდენტი მუზეუმ-ნაკრძალი პოეტ-აკადემიკოსი ტელეფონ-ავტომატი ექიმ-კონსულტანტი პრემიერ-მინისტრი ვაგონ-რესტორანი * * * ✅ ერთად დაიწერება უცხო წარმოშობის აფიქსებით ან შემოკლებული სიტყვებით ნაწარმოები სიტყვები:
პრესრელიზი, პრესკონფერენცია, პრესბიურო, პოლიტსაბჭო, პოლიტპატიმარი, პოლიტკორექტული, პოლიტემიგრანტი, სპეცსამოსი, სპეცსამსახური, სპეცსემინარი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ანტიმარქსისტი, ანტიპათიური, ანტიკომუნისტი, პოსტსაბჭოური, პოსტსკრიპტუმი...
პირველ ყოვლისა, მაგრამ:პირველთანრიგოსანი, პირველკურსელი, პირველმიზეზი. * * * ორცნებიანი კომპოზიტი წინადადების ერთი წევრია, ამიტომ ზმნა-შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. მაგ.: და-ძმა გვესტუმრა (და არა: გვესტუმრნენ), ცოლ-ქმარიჩამოვიდა (და არა: ჩამოვიდნენ)...
✅>>> ნაცვალსახელების მართლწერა - გრამატიკა მოკლედ და გასაგებად!✅>>> მისი თუ თავისი? - რომელია სწორი ფორმა და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ945 შეფასება არ არის
|