საზოგადოება "მითია, რომ კორონავირუსს ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, რომელიც COVID 19-ის კვლევაში მონაწილეობს 2020, 16 მარტი, 11:58 ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი მამუკა მაჩაიძე 1 წელია, აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საქმიანობს და ამჟამად ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაში იღებს მონაწილეობას. ქართველმა დოქტორმა COVID 19-ის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ვირუსის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას და აღნიშნავდა, რომ ინფექციის შესახებ დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია გავრცელდა. მამუკა მაჩაიძე დღეს AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და კორონავირუსთან დაკავშირებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების, ასევე თავად ინფექციის შესახებ ესაუბრება: - ჰოპკინსის უნივერსიტეტი მსოფლიოში დაინფიცირებულ პაციენტებთან და სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებს, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინების საშუალებას გვაძლევს, რათა ვირუსს მომზადებულები დავხვდეთ როგორც მართვის, ასევე - პრევენციის თვალსაზრისით. შექმნილი გვაქვს ე.წ. COVID 19-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ ლოკალურ ინსტრუქციებზე მუშაობს, თუ რა უნდა ქნას ექიმმა, თუ მასთან სიმპტომებიანი პაციენტი მიდის. ვცდილობთ, ეს უნიფიცირებული სისტემა იყოს, დაწყებული სიმპტომებიდან, დიგნოზითა და მკურნალობის ჩათვლით. ასევე, სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, წამლების, მათ შორის Remdesivir-ის კვლევაში ჩავერთვებით. თუ პაციენტი დააკმაყოფილებს სპეციფიკურ კრიტერიუმს, გამონაკლისის წესით ჰოპკინსის უნივერსიტეტი ამ პრეპარატს მწარმოებელი კომპანიისგან მიიღებს და მის გამოყენებას შევძლებთ. ჯერ საქმე აქამდე არ მისულა, დაინფიცირებული პაციენტების შემთხვევები აქ ასე მრავლად არ არის, თუმცა ველოდებით, რომ მომავალ კვირებში ამის საჭიროება დადგება. - თქვენ აღნიშნეთ, რომ კორონავირუსის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. რომელი ცრუ ინფორმაციები მოგხვდათ თვალში? - პირველია ის, რომ თითქოს კორონავირუსი გრიპივითაა. გრიპს ისტორიულად ახასიათებს მსგავსი პანდემიები, მაგრამ მითია, თითქოს მას ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპი გადაგვაქვს. ჩინეთშიც, იტალიაშიც და ბევრ ქვეყანაში კვლევამ უკვე აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლით COVID 19 აჭარბებს გრიპის ვირუსით სიკვდილიანობას, გადადის ბევრად მარტივად, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსები, პოტენციურად უფრო მეტ ადამიანს აავადებს. მეორე, რაც ჩვენს რეალობაში გავრცელდა, იყო, რომ ალკოჰოლი ვირუსს კლავს და ეს ისე იქნა გაგებული, რომ თითქოს, ალკოჰოლის დალევა შველის. 3%-იანი ალკოჰოლით გაწმენდა ვირუსის ნაწილაკებს უსულო ზედაპირებზე კლავს, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არაა ალკოჰოლის მიღებასთან. მესამე, რასაც ხშირად მეკითხებიან, ბოსტნეულით საპნით გარეცხვას ეხება - არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ ეს რაიმე განსხვავებას გვაძლევს. - რით განსხვავდება COVID-19 კორონავირუსის სხვა, ადრინდელი შემთხვევებისგან? - წინა კორონავირუსების ინფექციები, ე.წ. SARS და MERS, პრაქტიკულად, ეპიდემიის დონეზე დამთავრდა, კონკრეტულ რეგიონში სწრაფად გარცელდა, ჰქონდა მაღალი სიკვდილიანობა, მაგრამ იმავე რეგიონში ლოკალიზდა და პანდემიის მეტი პოტენციალი ვეღარ შეიძინა. კორონავირუსის ოჯახი ჩვენთვის ახალი არ არის და ამ ორი პანდემიის გარდა, არსებობს კიდევ 4 სეროტიპი, რომელიც ჩვეულებრივ გრიპს, მარტივ მსუბუქ რესპირატორულ დაავადებას იწვევს. COVID 19-თან დაკავშირებით მთავარი პრობლემაა, რომ ძალიან ადვილად გადადის, გერმანული კვლევის თანახმად, არა მხოლოდ ხვლებით და ლაპარაკით, არამედ - სუნთქვითაც. გადაცემის გზა ფომიტებიცაა - ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები. შესაბამისად, გადაცემის მინიმუმ ორი გზა აქვს. მეორე მიზეზი, რის გამოც ეპიდემიის კონტროლი რთულია, არის ალბათ ის, რომ პაციენტი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 24-48 საათით ადრე, ანუ, არსებობს ალბათობა, რომ სანამ პაციენტს დაავადება დაუდგინდება, მან პოტენციურად სხვა დაააინფიციროს. დაინფიცირების ინდექსის თანახმად, საშუალოდ, COVID 19-ის მქონე 1 დაინფიცირებული ადამიანი ახლო კონტაქტის შემთხვევაში 2-ნახევარ კონტაქტს აინფიცირებს. რიცხვი, მოსახლეობის 60%, რაც ანგელმა მერკელმა ახსენა, სწორედ აქედან გამომდინარეა - ეპიდემიოლოგებს შეუძლიათ, წინასწარ დათვალონ, რამხელა პოტენციალი აქვს ვირუსს, და ეს 60-70% აქედან მოდის. ეს პოტენციური რიცხვია, თუმცა არ ნიშნავს, რომ მართლა ამდენი იქნება. - საქართველოში COVID-19-ის 30-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაფიქსირებულია შიდა გადადებაც. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ სინჯების აღების საჭიროება უფრო გაფართოვდეს? განაგრძეთ კითხვა6243 4-ს მოსწონს
|