საზოგადოება ბალადა კორონავირუსიან ექიმზე - " აბა, რამდენიმე ათეულ ევროს ხომ არ იზარალებდა. " 2020, 7 მარტი, 16:57 "ქართველებს იოსებ ჟორდანია გვყავდა. ექიმი. ბრაზილიაში დაესწრო სამედიცინო კონფერენციას და მოფრინავდა უკან სამშობლოში. ავიალაინერმა კატასტროფა ჯერ კიდევ აფრენამდე განიცადა და ცეცხლმოდებული ოკეანეში ჩავარდა. ყველამ გადაყარა თანნაქონი ბარგი და მაშველ რგოლებს დაავლო ხელი. ჯერ კიდევ აუფეთქებელი ნაღმის შიშიშინს ჰგავდაო განწირულთა შიში - მოგვიანებით დაწერს შოთა ნიშნიანიძე პროფესორ ჟორდანიასათვის მიძღვნილ ბალადაში. ოკეანეში ჩავარდნილ თვითმფრინავზე მცირეწლოვანი გოგონა ყოფილა. უბილეთო და რაკი უბილეთო იყო, არც მაშველი რგოლი ჰქონოდა. ექიმი იოსებ ჟორდანია არც კი დაფიქრებულა, ისე დაუთმო საკუთარი მაშველი რგოლი პატარა გოგონას. და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრაო - დაწერს შოთა ნიშნიანიძე იმავე ბალადაში.
მგზავრებს უფიქრიათ - რაკი ასაკოვანმა მამაკაცმა საკუთარი მაშველი რგოლი გოგონას დაუთმო, ესე იგი ოსტატურად ცურავს და რგოლის გარეშე გაინაპირებსო. სინამდვილეში, იოსებ ჟორდანიამ ცურვა არ იცოდა. ის შეგნებულად წავიდა სიკვდილზე და პატარა გოგონას გადარჩენაზე. ქართველი ექიმი დაიღუპა. გოგონა გადარჩა.
ასეთი კაცი იყო იოსებ ჟორდანია და ასეთი ექიმი. ახლა კი ქართველი ექიმი სამოგზაუროდ წავიდა კორონავირუსის ქვეშ მგმინავ იტალიაში. ბილეთი წინასწარ ჰქონდა ნაყიდი და აბა, რამდენიმე ათეულ ევროს ხომ არ იზარალებდა. იმოგზაურა იტალიაში, აიკიდა კორონა და ჩამოიტანა სამშობლოში. გამოფრენამდე, ალბათ, სიცხის დამწევი წამალიც დალია, კარანტინში რომ არ მოხვედრილიყო. ექიმია და იცის ეგეთი ხრიკები. არ შეეშლება. მერე ამ კორონათი მოიარა ნახევარი თბილისი, მივიდა სამსახურში, დაესწრო თათბირს და დაავირუსა ნახევარი თბილისი. როგორც ნამდვილი ექიმი და ნამდვილი მოქალაქე მოიქცეოდა, ისე მოიქცა. გაუფრთხილდა სხვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ისე, როგორც ექიმი იოსებ ჟორდანია იმ პატარა უბილეთო გოგონას. ერთი კარგი ბალადა ამ ჩვენს თანამედროვე ექიმსაც ეკუთვნის, ვისიც არ ვიცით სახელი. არადა, ხამს ვიცოდეთ. ქვეყანა უნდა იცნობდეს საკუთარ გმირებს."- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა 570 3-ს მოსწონს
|