"დიდი ძილის შემდეგ ამოჰყო მზემ თავი, თვალები დაისრისა, ზარმაცად გადმოხედა დედამიწას და გაიფიქრა: „ნეტა რას აკეთებენ იქ, დიდიხანია, არ ჩამიხედნია“. დედამიწამაც იგრძნო სითბო და ნელ-ნელა გადიხადა თვისი თბილი საბანი. გაცოცხლდა ბუნება და გააცოცხლა სულდგმულიც.ყველა ჩქარობდა წასულიყო ყანაზედ და მოეთოხნა პური, რომ წლის სარჩო შეეძინათ. ყველა ფუსფუსებდა, უმეტესად დედაკაცები. კაცები აქა-იქ სჩანდნენ, ისიც ან ძალიან ახალგაზრდები ან ბებრები. ამ ფუსფუსში ბევრს ცრემლი ადგებოდა თვალთ. რა ამბავი იყო? აი, რა… მუშა ხელი გამოილია. რამდენმა ყმაწვილმა ბიჭმა შესწირა თავი მამულს და რამდენი სხვა ქვეყანაში იყო და თავისი სამშობლო გასაუბედურებლად დაუგდო. ამ ომმა ბოლო მოუღო მუშაობასაც და ბედნიერებასაც. რამდენმა დედამ ცრემლებთ გაგზავნა თავისი შვილი სასიკვდილოდ. რამდენმა დედამ ღამეები ლოცვაში და ტირილში გაატარა. საბრალო არსებანი. გაზარდეს რა წვალებით და ეხლა რა დღე დაადგათ. ნუთუ მაგისთვის შესწირა დედამ თავისი სიცოცხლე? რომ ვიღაცა გარეული ადამიანისთვის შესწიროს შვილი. სამშობლო, საქართველო აღარ იყო. მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოც უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქართველი წაასხა. სად არის სამართალი?
გაზაფხლია, მოალერსე, მომღიმარი, მაგრამ ეს არავისზედ არ მოქმედობს. მათი ფიქრები სულ სხვაგან არის. ან შვილებთან, ან ქმრებთან და ძმებთან, რომელნიც იქნება განგმირულნი გდიან ბრძოლის ველზედ.ყოველი ხორბალი ცრემლებით ითესება. მისი მთესველი იმას არ ევედრება ღმერთს, რომ კარგი მოიყვანოს ყანა და შიგ ღვთის თვალი დატრიალდეს და თავთავმა მიწაზედ დახაროს სიმძიმისგან თავი. არა! ის ლოცულობს მისი შვილი ან მახლობელი მშვიდობით დაბრუნდეს ბრძოლიდან და მაგაზედ მეტი მას არა უნდა რა. შინაც დედაკაცი მხიარული არ არის. მოწყენით და ოხვრით ასრულებს თავის მოვალეობას. მისი ჭკუა დაბნეულია და ხანდისხნან იმას აკეთებს, რაც საჭირო არ არის. ბავშვსაც კი ესმის ესეთი მდგომარეობა. „დედა, ნუ გეშინიან, მამილო მალე მოვა, და თუ არ მოვიდა, ღვთის ნებაა, მე მალე გავიზრდები და ნახავ, როგორ შეგინახავთ“. მაგრამ ამ სიტყვებზედ ბავშვსაც სტკივა გული. დედას ამხნევებს, თითონ კი იტანჯება. სოფლის ქუჩები მთელი დღე ცარიელია. ან ყველა მინდორშია, ან სახლში ჩაკეტილი. ბალღობა ზოგიერთ ალაგას აბუზულად და მოწყენით ლაპარაკობენ. ზოგიერთნი კი, სულ პატარები, დალასლასებენ ან ყვირიან ან ჩხუბობენ. აი, ესენი არღვევენ სიჩუმეს. სახლში შეხვალ, იქ ცრემლებით არწევს დედა ბავშვს და ეუბნება: „შე საბრალო, იქნება მამაშენის ნახვა ვერ დაგცალდეს“ და ამაზედ უფრო ამოუჯდება გული საბრალოს. მოხუცებული დედა კი იგონებს თავის შვილის ყოველ ნაბიჯს და დასტირის, იქნებ ჯერეთ ცოცხალს. თუ ძველად სამშობლო თავისუფალი ყოფილიყო, ნუთუ დედა არ შესწირავდა სიხარულით შვილს თავის მამულის დასაცავად. ეხლანდელი დედა დაემსგავსებოდა უწინდელს თუ კისრს უღელი არ ჰქონდა. ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისათვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებისგან, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგ მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.
რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრათდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.
1918 წლის 20 მაისს. 10 საათი საღამოსი. თბილისი
...აი რისთვის ვიბრძოდით, აი ნაყოფი წარმოუდგა ახლა ყველას. რა საზარელი შეხედულება აქვთ: ჩასხმულები, მხარბეჭიანები, გოჭივით ჩასუქებული ცხვირ-პირი და სასტიკი გამომეტყველება. ჩემს უკან მოდიოდა ორი რუსი. ერთმა მათგანმა სთქვა, როცა ქართული სიმღერა გაიგეს: пой ласточка, пой, и могилу себе рой! (იმღერე, მერცხალო, იმღერე და გაითხარე სამარე შენთვის). აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება, ამ სიტყვებით მოგვეგებნენ. ეს აზრი დაგვილოცეს მათ.
1918 წლის 12 ივნისი
რა ვიცი, თითქოს ჯერ კარგად ეპყრობიან გერმანელები ქართველებს. გუშინ ლაპარაკობდნენ, თითქოს სომხები რაღაცას სთხოვდნენ გერმანელის უფროსს, მაგრამ მან მიაძახა: ჯერ ქართველებს და იქნება თქვენცაო. ქართული და გერმანული ჯარი ბრძოლაში იყო და ორი ქალაქი დაიხსნა. თანდათან იქნება დისციპლინას შეგვაჩვიონ. ჩვენ ხალხში ეგ საჭიროა. ეკონომია და ყველაფრის გაზომვა უნდა შევითვისოთ, თუ გვინდა, რომ ვიარსებოთ. იქნება გერმანელებმა მაინც კარგ გზაზე დაგვაყენონ.
ყოველი სოციალისტის ლაპარაკში ეხლა ნაციონალურ – პატრიოტული ელემენტიც შეიპარა. ყველამ იგრძნო, რომ საქართველოში სოციალისტობა შეუძლებელია. მაგრამ სოციალისტებს არ უნდათ, რომ სხვებმა ჩააჩუმონ ისინი და მაინც მაგ პარტიას აღმერთებენ. აი რა ხდება ეხლა საქართველოში, რომელიმე ქართველი მეფე ამას წარმოიდგენდა? ამაზედ ფიქრიც კი ეშინოდათ. ოჰ! თამარ, სად არის შენი ბრწყინვალე დრო და ან შენი – დავით აღმაშენებელო.
იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის.
17 ენკენისთვე
ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა – სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით… გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერივანისა – ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები… ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო!!! ძალა რომ მქონდეს მე… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა.
17 დეკემბერი
…მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს… დაგვანებონ თავი… …აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება.
1919 წელი. 23 თებერვალი.
1919 წ. …მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა… გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…
30 ივლისი …საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
ოე, მარო, მოგიწონე და ახლა მომიწონე, თორემ შენნაირების ჯარი მყავს მეგობრებშიო.
ასეთ ქართველებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა! - თორემ ცუდი ყოველთვის და მუდამ უფრო მეტიც იყო, ვიდრე მარო მაყაშვილისთანანი.