x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
კორონავირუსი: მორიგი პანდემია თუ მასმედიის აგორებული უსაფუძვლო პანიკა?

image

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო მედია-სივრცე ზანზარებს ცნობებისგან ახალ კორონავირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში გამოვლინდა. «ექსპერტებისა» და ჟურნალისტების თქმით, ეს ვირუსი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით ვირუსისგან გარდაცვლილია 500-მდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, ხოლო 25 ათასამდე ადამიანი მსოფლიოს 28 ქვეყანაში ინფეცირებულია. მოდით, ვცადოთ ახალი ვირუსის წარმოშობის მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებში გავერკვიოთ და თვალი გადავავლოთ უკანასკნელი საუკუნეების გლობალური ეპიდემიების ისტორიას.
კორონავირუსები - ეს არის ვირუსების ოჯახი, რომელიც ამჟამად 40-მდე ვირუსის სახეობას ითვლის, მომაკვდინებელია, როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის. პირველად ეს ვირუსი 1965 წელს მწვავე რინიტით დაავადებულ ადამიანს გამოუვლინდა. კორონავირუსი სასუნთქ და ნერვულ სისტემებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ანადგურებს. სახელწოდება «კორონავირუსი» ვირუსის ნაწილაკის ზედაპირის თავისებური ფორმისგან მომდინარეობს, რომელიც გვირგვინს მოგვაგონებს. კორონავირუსი 2019-nCoV პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. დადასტურებულ შემთხვევათა უმეტესობა სწორედ ჩინეთშია დარეგისტრირებული, თუმცა ამ მომენტისთვის ინფიცირებულები არიან იაპონიაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ჰოგკონგში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში, ფილიპინებზე, ნეპალში, კამბოჯაში, ტაილანდში, შრი-ლანკაზე, მაკაოში, ტაივანზე, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ავსტრალიაში, აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში. უჰანური კორონავირუსის სიმპტომები A ტიპის პნევმონიის სიმპტომების მსგავსია: მშრალი ხველა, ტემპერატურის აწევა, სიმძიმე სუნთქვისას, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა. საინკუბაციო პერიოდი, ანუ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის მოხვედრიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენამდე, რამდენიმე დღეს გრძელდება. უფრო ხანგრძილივი საინკუბაციო პერიოდი ცხოველებისგან გადმოდებულ ვირუსს ახასიათებს. ვირუსი გამორჩეულია თავისი მაღალი კონტაგიოზურობით, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. მეცნიერები თვლიან, რომ ახალი ვირუსი დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა, ღამურისა და ჩინური კობრის ან სამხრეთჩინური ზოლებიანი კრაიტის კორონავირუსების რეკომბინაციის შედეგად. გველების ორივე ეს სახეობა უჰანის სასურსათო ბაზრობაზე იყიდებოდა საკვებად.
ამა წლის 22 იანვარს, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო სხდომაზე უჰანური კორონავირუსის საკითხი განიხილებოდა. სხდომის გარკვეულ მონაწილეთა აზრით, ეს ვირუსი განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ვირუსმა ჩინეთის ეკონომიკას უკვე დაარტყა - ქვეყნის გაყიდვათა მოცულობამ საფონდო ბირჟებზე 3%-ით დაიკლო. ზოგიერთი დასავლური მედია იტყობინება, რომ კორონავირუსმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეიწიროს, XX საუკუნის დასაწყისში გავრცელებული ესპანური გრიპის მსგავსად. მაშ ასე, ისტორიულ გამოცდილებას მივმართოთ და ვნახოთ, რომელი ვირუსები ემუქრებოდნენ კაცობრიობას და რა როლი ითამაშა მედიამ მსგავს მომენტებში.
ალბათ, ისტორიაში ყველაზე საშინელი ეპიდემიები, უფრო სწორად, პანდემიები, რომლებმაც მსოფლიოს მოსახლეობას დაარტყეს, ჭირთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამ საშინელი დაავადების სამი პანდემიაა ჩვენთვის ცნობილი. პირველი, ე.წ. «იუსტინიანეს ჭირი», რომელმაც ჩვ.წ. VI საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში გავრცელება ეგვიპტედან დაიწყო. მან 100.000.000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბიზანტიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ ეპიდემიას ემსხვერპლა. 544 წელს, კონსტანტინეპოლში ყოველდღიურად დაახლოებით 5000-10000 ადამიანი კვდებოდა. ეპიდემიის გამომწვევი სწორედ ის ჭირის ჩხირი იყო, რომელიც შემდგომში «შავი სიკვდილის» სახელით ცნობილი პანდემიის მიზეზი გახდა.
მეორე პანდემიამ XIV საუკუნის განმავლობაში მაშინდელი ევროპის მოსახლეობის ნახევარი გაწყვიტა. დაავადება აზიიდან შემოვიდა და ევროპის ყველა საპორტო ქალაქში მღრღნელებით გავრცელდა. თეთრი კონტინენტის გარდა, ჭირმა ჩინეთსაც უზარმაზარი დანაკარგი მოუტანა, რომლის ზოგიერთ პროვინციაში მოსახლეობის 90%-მდე გაწყდა. ჭირის გამოჩენასა და შემდგომ გავრცელებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: ომებმა, რომლებშიც მთელი ევროპა იყო ჩაფლული (დიდი არმიების გადაადგილება), ვაჭრობის მეტად განვითარებამ, სანიტარიის ზოგადმა მდგომარეობამ და კლიმატურმა ფაქტორმა - გლობალურმა გამყინვარებამ, რომელმაც მოსავლიანობის პრობლემები გამოიწვია და, შესაბამისად, ევროპელთა იმუნიტეტის დასუსტებაც.
ევროპაში ჭირის გამოჩენას წინ ჩუტყვავილისა და პელაგრის ეპიდემიები უძღოდა. «შავი სიკვდილის» წარმოშობის ადგილი გობის უდაბნო იყო - ცხოველები (უმეტესწილად მღრღნელები), რომლებიც ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ, შიმშილისა და გვალვისგან გამოქცეულები ადამიანებთან უფრო ახლოს აღმოჩნდნენ. ვაჭრებს, რომლებიც აბრეშუმის გზას მიჰყვებოდნენ, სხვადასხვა საქონელთან ერთად აზიის ქალაქებში ჩაჰქონდათ ისიც, რაც შემდგომში მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ჭირის სამკურნალო წამალი მაშინ არ იყო. «შავი სიკვდილით» დასნებოვნება ნიშნავდა, რომ ადამიანი რამდენიმე დღეში გარდაიცვლებოდა. სიმპტომი იყო რამდენიმე: ბუბონური ჭირის შემთხვევაში დაავადების გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ხვდებოდა რწყილის ნაკბენით, რომლებიც ვირთხებს გადაჰქონდათ. ადამიანს სიცხის აწევის შემდეგ ლიმფური კვანძების ანთება ეწყებოდა - საზარდულსა და იღლიებში შეშუპებები უჩნდებოდა; ფილტვისებური ფორმის დროს, რომელიც ან ბუბონური ფორმის გართულება იყო, ან ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადიოდა, ადამიანს სახე უსივდებოდა და სისხლი ამოჰქონდა ხველების დროს. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ადამიანი ძალიან მოკლე ვადებში კვდებოდა. დაავადების მესამე ვარიანტიც არსებობდა - სეპტიკური ჭირი, რომლის დროსაც დაავადებული, რომელიც სრულიად ჯანმრთელი ადამიანივით გამოიყურებოდა, დასნეულებიდან რამდენიმე საათში კვდებოდა. ბიზანტიის იმპერატორ იოანე კანტაკუზინის ერთ-ერთი ვაჟი სწორედ ასე მოკვდა. თუკი XIV საუკუნის დასაწყისის ევროპაში დაახლოებით 80.000.000 ადამიანი ცხოვრობდა, 1360 წლისთვის დაახლოებით 50.000.000 დარჩა. ევროპაში ამ ჭირის გამოძახილები 200-300 წლის შემდეგაც ვლინდებოდა, როდესაც სხვადასხვა ადგილებში ისევ ჩნდებოდა ეპიდემიის კერები.
ჭირის მესამე პანდემია ჩინეთში დაიწყო XIX საუკუნის შუა წლებში. მსოფლიოში ის ისევ სავაჭრო გემებით გავრცელდა და განსაკუთრებით საპორტო ქალაქებსა და ზღვისპირა ზონებს შეეხო. სწორედ XIX საუკუნის მიწურულს მეცნიერებმა ჭირის გამომწვევი აღმოაჩინეს. უკანასკნელი პანდემიისგან მხოლოდ აზიაში 10.000.000 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
კიდევ ერთი დაავადება, რომელმაც მთელ კაცობრიობას გაუჩინა საფიქრალი, ჩუტყვავილას პანდემიის სახელითაა ცნობილი. ინფექციურ დაავადებას წელიწადნახევარში 500 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ 1980 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაავადება ვაქცინაციის დახმარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრებოდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 40%-ს უტოლდებოდა. ჩუტყვავილას ეპიდემია IV საუკუნეში ჩინეთში დაფიქსირდა, ცოტა მოგვიანებით, VII საუკუნეში კი ინდოეთში, კორეასა და იაპონიაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მან ქვეყნის მოსახლეობის მესამედი გაწყვიტა. თანამედროვე ეპოქაში რთულია იპოვო ევროპელი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რომელსაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვს. მე-18 საუკუნეში, ამ მიზეზით ყოველწლიურად 1, 5 მილიონი ადამიანი იღუპებოდა ევროპაში. ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაფიქსირებულა კანით გადაცემის შემთხვევებიც. პირველი სიმპტომებია: სიცხე, კუნთებისა და კიდურების ტკივილი, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტის კანზე თავს იჩენს გამონაყარი. მალევე, იგი ჩიქროვან სახეს იღებს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეს წყლულები შრება და ქრება, თუმცა სპეციფიკურ იარებს ტოვებს. ლეტალურ შემთხვევაში პაციენტი ამ ეტაპამდე ვერ ცოცხლობს. წყლულები იწვევს სისხლჩაქცევას კანში, რომელსაც უამრავი გართულება ახლავს თავს. იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტები სხეულზე გამონაყრის გაჩენამდე კვდებოდნენ. ადამიანი, რომელმაც ერთხელ გადაიტანა ჩუტყვავილა, შემდგომში იმუნურია ამ დაავადების მიმართ.
ქოლერა - მწვავე ნაწლავური ინფექცია უკვე დიდი ხანია აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკისთვისაა დამახასიათებელი და იგი მე-19 საუკუნეში ევროპასაც დაატყდა თავს. გასული საუკუნის დასაწყისამდე, ქოლერის შვიდი პანდემია დაფიქსირდა, უკანასკნელი 1961-1975 წლებში. ქოლერა ძირითადად წყლით გადაეცემოდა, წყალი კი დაავადებული ადამიანების განავლით ბინძურდებოდა. ანტისანიტარია ქოლერას გავრცელების უმთავრესი მიზეზი იყო. სწრაფი დეჰიდრატაცია ხშირად იწვევდა სიკვდილს. 1800 წლიდან დღემდე ქოლერამ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ტიფი I მსოფლიო ომის ევროპისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. ამ დაავადების რამდენიმე ტიპი არსებობდა: კანის, მუცლის და უკუქცევითი. იგი XX საუკუნის პირველ მეოთხედში მძვინვარებდა. ჰიპოკრატეს ეპოქიდან ცნობილი ეს დაავადება ძირითადად ომების დროს იჩენდა თავს. ინფექციის გადამტანი ტილები მარტივად ვრცელდებოდნენ მებრძოლებში, რომლებიც ფორმაში არ იყვნენ. ტიფამ 2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. დაავადება იწყება ტილის ნაკბენების ქავილით, სიცხით, ზურგისა და თავის ტკივილით. ნელ-ნელა მუცლის არეში ვარდისფერი ლაქები ჩნდება. ადამიანები იწყებენ ოცნებას, კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. ტიფით პაციენტების ნახევარი დაიღუპა. დღესდღეობით ტიფის ანტიდოტი არსებობს, ამიტომ სიკვდილის ალბათობა საგრძნობლად დაბალია, მკაცრ შემთხვევებშიც კი.
მალარია კიდევ ერთი დაავადებაა, რომელიც მილიონობით ადამიანს საუკუნეების განმავლობაში კლავდა. ყოველწლიურად 500 მილიონი ადამიანი ავადდება მალარიით, 2-3 მილიონი კი იღუპება. ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონებისთვის დამახასიათებელი ეს დაავადება ისტორიულად ევროპაშიც იყო ცნობილი. რომის იმპერიაში მას "რომაულ ცხელებას" უწოდებდნენ. დაავადება კოღოებს გადააქვთ, მაგრამ შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე სისხლით გადაცემაც.
გრიპი- სწორედ ამ ავადმყოფობის მრავალგვარი მუტაციის გაჩენა თესდა პანიკას უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ამ პანიკის მიზეზი მართლაც არსებობს. ესპანური გრიპი ( "ისპანკა") 1918-1919 წლებში მსოფლიო მოსახლეობის მესამედს დაატყდა თავს, 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 50-100 მილიონი კი დაიღუპა. ესპანური გრიპის პანდემია კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდეს ტრაგედიად ჩაიწერა ისტორიაში. ამჯერადაც ომი გახდა დაავადების გავრცელების მთავარი მიზეზი - პირველი მსოფლიო ომი და სამხედრო კონფლიქტების სერია, რომელიც მას მოჰყვა. დაავადების სახელწოდება უკავშირდება იმ ადგილს, საიდანაც საშინელმა დაავადებამ მსოფლიოს შემოვლა დაიწყო. მეორე ვერსიით, ესპანეთი არ იყო ადგილი, სადაც ეს ვირუსი დაიბადა, თუმცა იყო ქვეყანა, რომელმაც პირველი გამოსცადა ეს კატასტროფა.
პირველ 6 თვეს, "ისპანკამ" მსოფლიოს მასშტაბით 25 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიურმა განვითარებამ ვირუსს შესაძლებლობა მისცა პლანეტის გარშემო ყველა დასახლებულ ადგილს მიწვდენოდა. დაავადების ძირითადი სიმპტომებია: პნევმონია, სისხლიანი ხველება, ასევე კანის დამახასიათებელი ლურჯი ელფერი, ციანოზი - ნახშიროჟანგის ჭარბი დაგროვება, რომელიც თავის მხრივ იწვევს ჰიპოქსემიას- ჟანგბადის ნაკლებობას სისხლში. ადამიანები უფრო ხშირად შინაგანი სისხლდენით ან საკუთარი სისხლით ხრჩობით კვდებოდნენ. ზოგი იქამდე იღუპებოდა, სანამ სიმპტომებს გამოამჟღავნებდა. იგი განსაკუთრებით საფრთხის შემცველი იყო ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ძლიერი იმუნური სისტემა ჰქონდათ. ჰიპერციტოკინემია - იმუნიტეტის რეაქცია, რომ უკონტროლოდ გააქტიუროს იმუნური სისტემა, რომელიც, ამ შემთხვევაში დამცველობით ფუნქციას კი არ ასრულებს, არამედ მხოლოდ ანადგურებს ფილტვების ანთებით ქსოვილებს და ავსებს მათ სითხით. ცნობილი სოციოლოგი მაქს ვებერი და პოეტი გიიომ აპოლინერი სწორედ ამ დაავადებით დაიღუპნენ.
ინფლუენცა H1N1, რომელმაც მილიონი ადამიანი შეიწირა მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში, ახალი ფორმით გაცოცხლა 2009 წელს და ცნობილი გახდა, როგორც "ღორის გრიპი." სინამდვილეში, ეს ესპანური გრიპის ქვეტიპი, წყარო კი ინფიცირებული ღორი იყო. ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები - ხველება, ცხელება, ღებინება, დიარეა. 140 ქვეყანაში ინფექციის დაახლოებით 250, 000 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3000-მდე ადამიანი. მედიამ მაშინაც, ისევე, როგორც დღესდღეობით, სიტუაციის ესკალაცია დაიწყო, წინასწარმეტყველებდნენ რა მეორე მსოფლიო "ისპანკას." მიუხედავად ამისა, მედიცინისა და ჯანმრთელობის სტანდარტები მეტ-ნაკლებად განსხვავდება საუკუნის წინანდელისგან, გლობალური სამხედრო კონფლიქტების არარსებობამ კი დაავადების მაღალი ლეტალურობისა და გავრცელების რისკები ნულამდე დაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებმა უზარმაზარი სახსრები გაფლანგეს ისეთი მედიკამენტებისა და ვაქცინების შეძენაში, რომლებიც დანიშნულებისამებრ არასოდეს გამოუყენებიათ.
იგივე ისტორია განმეორდა 2013 წელს, H7N9 გრიპის ვირუსის შემთხვევაში, რომელიც მეტად ცნობილია "ფრინველის გრიპის" სახელით. ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. მთავარი სიმპტომი ისევ და ისევ პნევმონია იყო. აღირიცხა 450 შემთხვევა, მათგან 175 ლეტალური. საბედნიეროდ, პანდემიას ადგილი არ ჰქონია.
საუკუნის უკანასკნელი ვირუსული გამოწვევა ებოლას ციებ-ცხელება გახლდათ. პირველად იგი 1976 წელს სამხრეთ სუდანში დაფიქსირდა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც ეპიდემია დასავლეთ აფრიკის საზღვრებს გასცდა და აშშ-სა სა ევროპას დაესხა თავს. ვირუსი დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სხეულის სითხით გადაეცემა, მაგალითად - სისხლით.
დაავადებას ახასიათებს სისუსტის შეგრძნება, თავისა და კუნთების მწვავე ტკივილი, დიარეა. უფრო მოგვიანებით სიმპტომებს ხველება, გულის რევა და დეჰიდრატაცია ემატება. ზოგ პაციენტში თავს იჩენს ჰემორაგიული გამონაყარი. თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყება, იწყება შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. ავადმყოფობის მეორე კვირას, დაავადებული იღუპება. 2015 წელს ებოლათი ინფიცირდა 30, 000 ადამიანი, მისი თითქმის ნახევარი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც მედიამ კაცობრიობის აპოკალიფსის გარდაუვალობა იწინასწარმეტყველა და კვლაც, მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა. რასაკვირველია, თანამედროვე მედიასფერო ფულს მსგავს პანიკურ სიახლეებსა თუ ისტორიებში იღებს. ადამიანებს იზიდავთ მღელვარება, ჟურნალისტებს კი გამწვავება და გადაჭარბება უყვართ.
კაცობრიობას გამუდმებით ემუქრება უამრავი ვირუსული დაავადება, თუმცა მასმედია ამაზე საუბრით თავს არ იწუხებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება და სანიტარული ზომების მიღება საკმარისია, რომ თავი დავიცვათ გრიპის იმ სახეობებისგან, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში თუ სამხრეთ ქვეყნებში ვრცელდება. სხვა შემთხვევაში, როგორც ჩანს, კაცობრიობა არ ავადდება იქამდე, სანამ ჟურნალისტები გრიპის ახალი მუტაციების შესახებ შეიტყობენ და პანიკის თესვას დაიწყებენ, რაც, თავისთავად, არასგზით ემსახურება პრობლემის გამიმწვევი მიზეზების აღმოფხვრას.
დღესდღეობით, ბევრი რამ არის დამოკიდებული არა მხოლოდ იმაზე, შეძლებს თუ არა ჩინეთი ზუსტად განსაზღვროს ინფიცირებული ტერიტორიები, არამედ რამდენად სწრაფად დაადგენენ ექიმები და მეცნიერები ახალი კორონავირუსის ბიოლოგიურ მახასიათებლებს და აღმოაჩენენ მისგან განკურნების მეთოდებს. კაცობრიობა არაერთხელ გამხდარა მოწმე საზარელი პანდემიებისა, რომელთაც მილიონობით ადამიანი დაასნეულეს და ვირუსული ეპიდემიებისა, რომლებმაც მედიის ყურადღება მეტისმეტად მიიპყრეს, მაგრამ მალევე იქნენ დაძლეულნი. მთავარია "ცხელ-ცხელი" სიაახლებით მანიპულირების საგანი არ გავხდეთ.image
0
252
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0