საზოგადოება „Teliani Collection” – „თელიანი ველის“ ახალი პროექტი 10 რჩეული ბოლნური ღვინო -„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია 2020, 21 თებერვალი, 14:55 „Teliani Collection” თელიანი ველის ახალი პროექტია, რომელიც იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - „ღვინის ხალხის“ ქვეშ აერთიანებს. „თელიანი ველისა“ და მცირე მარნების გაერთიანებული ძალებით, გამორჩეულ და იშვიათ ქართულ ღვინოებს მსოფლიო გაიცნობს და შეაფასებს. „ღვინის ხალხის“ კოლექციის თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და მოგვითხრობს მის ისტორიას. პირველი კოლექცია 10 ბოლნური ღვინისგან შედგება: ალიოშა კაპანაძის 2017 და 2018 წლის მოსავლის „რქაწითელი“ - პროფესიით ინჟინერისთვის, ღვინის დამზადება ოჯახის ტრადიციაა, რომელსაც იგი შვილებთან ერთად აგრძელებს. ნიკა ჩოჩიშვილის „ჩინებული“ - პროფესიით სამხედრო ლოჯისტმა, ღვინის დაყენება მეგობართან, გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად დაიწყო და საკუთარი ვენახებიც გააშენეს. ლევან ბანძელაძის „რქაწითელი“ და „ასურეთული შალა“ – 37 წლის აუდიტმა, ღვინის დამზადება 18 წლის ასაკში დაიწყო და დროთა განმავლობაში გატაცება პროფესიად აქცია. ავთანდილ უგრეხელიძის „რქაწითელი“ - 35 წლის ექიმი, მეღვინეების ოჯახიდანაა, 2015 წლიდან დაიწყო ქვევრის ღვინის დაყენება და იშვიათი ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენება. გოჩა ლიპარტელიანის „ასურეთული შავი“ - გოჩა პროფესიით ეკონომისტია, ღვინოს საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ამზადებს, რომელიც ბოლნისის სოფელ კიანეთში აქვს გაშენებული. ვახტანგ ჩაგელიშვილის „თავკვერი“ - 38 წლის ინჟინერ-ეკოლოგისტი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ტრადიციულ მეთოდით ღვინოს ქვევრში ამზადებს. გია დევნოზაშვილის „საფერავი“ - პროფესიით იურისტია, ღვინოს საკუთარ 14 ქვევრიან მარანში აყენებს და ოჯახთან ერთად ზრუნავს მეღვინეობის ზრდასა და განვითარებაზე. მამა მაკარის „საფერავი“ - სამონასტრო მსახურებასთან ერთად 30 წლის მამა მაკარი, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ამზადებს და ქართული იშვიათი ყურძნის ჯიშები მოყავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღვინოები ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და მისი დაგემოვნება შეეძლებათ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ღვინის ენთუზიასტებს. ყოველწიურად, „Teliani Collection-ში“ გაერთიანებული ღვინოები, სხვადასხვა ნიშნით შეირჩევა, პროექტის მონაწილე მეღვინეებს კი საშუალება ექნებათ შეხვდნენ ღვინის სპეციალისტებს და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეღვინეობებს. „ღვინის ხალხი“ საქართველოში მომავალი კვირიდან გაიყიდება და მისი შეძენა მომხმარებლებს ღვინის მაღაზიებში შეეძლებათ. 103 2-ს მოსწონს
|