სხვა ანომალიურმა ტემპერატურამ ანტარქტიკაში 20 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა 2020, 14 თებერვალი, 3:36 გლობალური დათბობა, რომელიც კატასტროფით ემუქრება მთელ პლანეტას, სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის: ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს ანტარქტიკაში. საუბარია კონკრეტულად სეიმურის კუნძულის შესახებ, სადაც მკვლევარებმა შეძლეს ცელსიუსის შკალით 20, 75 გრადუსი ტემპერატურის დაფიქსირება.
უნდა აღინიშნოს, რომ ამხელა ტემპერატურა აქამდე არასოდეს არავის არ შეუნიშნავს დედამიწის ყინულოვან მხარეში, რომელიც იმდენად ცივი და სუსხიანი კლიმატით გამოირჩევა, რომ იქ დღემდე არავინ არ სახლობს.
მეცნიერებმა სარეკორდო ტემპერატურა უკვე შეაფასეს, როგორც “დაუჯერებელი და ანომალიური”, რადგან 9 თებერვალს მონიშნული ახალი ტემპერატურული მაქსიმუმი თითქმის მთელი ერთი გრადუსით აჭარბებს სიგნის კუნძულზე, 1982 წელს დაფიქსირებულ წარსულ რეკორდს, რომელმაც 19, 8 გრადუსი შეადგინა. თუმცა, 6 თებერვალს არგენტინულმა საკვლევმა სადგურმაც განსაზღვრა სარეკორდო 18, 3-გრადუსიანი ტემპერატურა კუნძულ ესპერანსაზე. ნიშანდობლივია, რომ 120 ათასი წლის წინ ანტარქტიკის ყინულების ნაწილის დნობამ 3 მეტრით აამაღლა წყლის დონე მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში. გაეროს მონაცემების თანახმად, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი ძალისხმევა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მსოფლიო ოკეანეების დონე მიმდინარე საუკუნის დასასრულისთვის მაინც სულ მცირე 30-დან 110 სანტიმეტრამდე მოიმატებს, რაც ძალიან ცუდია. ანტარქტიკა დედამიწის მტკნარი წყლის მარაგების 70 %-ს ინახავს და მისი სრულად გალხობა მსოფლიო ზღვების და ოკეანეების დონეს 50-60 მეტრით აწევს. გლობალურ დათბობას უკვე აქვს ძალიან მძიმე შედეგები, რისი გამოხატულებაცაა ავსტრალიაში გაჩენილი ხანძრის მსგავსად ბოლო დროს მომრავლებული სტიქიური უბედურებები. ექსპერტების მტკიცებით, თუ დედამიწაზე დღეს არსებულ მთავრობათა მიერ არ იქნა მიღებული ძალიან ენერგიული ზომები და არ გავაცნობიერეთ კლიმატის ცვლილების საფრთხე, კატასტროფა უკვე ამ საუკუნის ბოლოსთვის გარდაუვალი იქნება. 389 შეფასება არ არის
|