x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137966
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511725
ენის წარმოშობა
image

ენა განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელიც საზოგადოების პირველადსა და სრულიად აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. ენის როგორც აზრის გამოხატვისა და საკომუნიკაციო საშუალების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანთა საზოგადოების არსებობა. ყოველი ნორმალური ადამიანი დამოკიდებულია ენაზე, მის ფუნქციონირებაზე. ადამიანისთვის ენის ფლობა, იმდენად ბუნებრივია, რომ მას მეტყველებისას ყურადღებას არც კი ვაქცევთ.

ენის წარმოშობის საკითხით კაცობრიობა უხსოვარი დროიდან არის დაინტერესებული. როდის და რა პირობებში გაჩნდა ენა, რით აიხსნება მსოფლიოს ენების სიმრავლე, თავდაპირველად რომელი ენა ჩაისახა, - აი, კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ უძველესი დროიდან აღეძრა ადამიანს.

მრავალი ხალხის ზეპირსიტყვიერებაში ვპოულობთ ათასნაირ ლეგენდასა და მითს ენის წარმოშობის შესახებ; გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს:


ერთი ესტონური ზღაპარი მოგვითხრობს, იყო ბრძენი ბერიკაცი, რომელმაც წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგა. წყალი წამოდუღდა და დაიწყო ჩუხჩუხი, სისინი და შიშინი. ამ დროს ბრძენმა მოიხმო დედამიწის ხალხები და, ვინც წყლის ჩუხჩუხის დროს მოვიდა, იმ ხალხმა რაკრაკა ბგერებით დაიყო ლაპარაკი, ვინც სისინის დროს - სისინა ბგერებით, ვინც შიშინის დროს - შიშინა ბგერებით. ესტონელები სიახლოვის გამო ყველაზე ადრე გამოცხადებულან ქვაბთან და ამიტომ ამეტყველებულან თვით ბრძენი ბერიკაცის ენაზე.

ძველმა ბერძნებმა ასეთი გადმოცემა დაგვიტოვეს: უძველეს ხანაში ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად, არც ქალაქები ჰქონდათ, არც კანონები ან რაიმე წეს-წყობილება; ლაპარაკობდნენ საერთო ენით და ემორჩილებოდნენ ერთ ღმერთს - ზევსს. დროთა განმავლობაში ჰერმესმა სხვადასხვა კილოკავი გააჩინა და კაცობრიობა დაიყო ხალხებად. ენათა სიმრავლე ამით აიხსნებაო, გვეუბნება ეს ბერძნული ლეგენდა.

გავრცელებულია აგრეთვე ერთი ალათაური ლეგენდა, რომელიც გვაუწყებს, რომ უხსოვარ დროს ალათაელებს ჰქონდათ დედამიწის ზურგზე ერთადერთი სიბრძნის წიგნი. ალათაელები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ერთხელ კოკისპირული წვიმა მოსულა და ცხენზე აკიდებული ეს დიდი წიგნი სულ დასველებულა. მეორე დღეს კაშკაშა მზეზე გაუფენიათ ეს წიგნი გასაშრობად. ერთი თეთრი ძროხა მოპარულა და წიგნი დაუღეჭავს. ამის შედეგად სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებულან; თეთრი ძროხა კი ალათელებს დღემდის სძულებიათ. მაშასადამე, დღევანდელი ნაირ-ნაირი ენების სათავე თურმე ალათაური ენა ყოფილა (ალათაური თურქული მოდგმის ენაა).

საყურადღებოა, აგრეთვე, შემდეგი გადმოცემა, ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამბობს, რომ ეგვიპტის ფარაონი ფსამეტიქი (ძვ.წ. VI ს) ძალიან დაინტერესებულა ენის წარმოშობის საკითხით. მას ასეთი ცდა ჩაატარა: გაუცია განკარგულება, რათა კარჩაკეტილად აღეზარდათ ორი ბავშვი; ისე, რომ მათ ადამიანის ლაპარაკი არ გაეგონათ. ეს ბავშვები მაინც ალაპარაკებულან და მათი პირველი სიტყვა იყო “ბეკოს“. ფარაონის ბრძანებით, დაუწყიათ იმის გამორკვევა, თუ სადაურია ეს სიტყვა და რას ნიშნავს. დადასტურებულა, რომ “ბეკოს“ პურს ნიშნავს ფრიგიულ ენაზე. მაშ, ფრიგიული ყოფილა უძველესი ენა, რომელზედაც ადამიანი ალაპარაკებულაო, დაასკვნა ეგვიპტის ფარაონმა.

ენის წარმოშობის საკითხზე საუბარია ბიბლიაშიც, აქ ვკითხულობთ, რომ, როცა პირველი ადამიანი გაჩნდა ღმერთმა აჩვენა მას ყველა არსება და საგანი, ხოლო ადამიანმა მათ სახელები გამოუგონა. ბიბლიის გვიანდელი “მკვლევრები“ ეძიებდნენ იმ ენას, რომელზედაც ადამი ალაპარაკებულა. ეს თავდაპირველი ენა ებრაულიაო, დაასკვნეს. ზოგი ავტორი ადამის ენად ბასკურს თვლიდა; ზოგიც თვლიდა, რომ ადამი და ევა სამოთხეში სპარსულად საუბრობდნენ, გველი კი - არაბულად, გაბრიელ მთავარანგელოზი მათ თურქულად ელაპარაკებოდა. აღმოჩნდა ისეთი მკვლევარი, ვინც ირწმუნებოდა, რომ ღმერთი ადამს შვედურად მიმართავდა, ადამი პასუხობდა დანიურად, ხოლო გველი ევას ელაპარაკებოდა ფრანგულადო.

რით ახსნება ენათა სიმრავლე? ბიბლია თანახმად, ადამიანებს გადაუწყვეტიათ აეგოთ ბაბილონის გოდოლი, ისეთი მაღალი ნაგებობა, რომელიც ცას ასწვდებოდა. ღმერთს ამ განზრახვისთვის ხელი შეუშლია: კოშკის მშენებელი ადამიანებისთვის ენა აურევია, ერთმანეთისა რომ არაფერი გაეგოთ. კოშკის მშენებლობა ამგვარად ჩაიშალა. შემდეგ ეს ადამიანები, ღმერთისავე სურვილით, დედამიწის ზურგზე გაიფანტნენ და ასე სათავე დაედო მრავალენიანობას.

გავიდა დრო. ენის წარმოშობის ზემოთხსენებული გულუბრყვილო ახსნა აღარ აკმაყოფილებდა ადამიანს ენის წარმოშობაზე ფიქრი დაიწყეს მეცნიერებაში.

როდის დაისვა ენის საკითხი მეცნიერებაში?

პირველი ბერძენი ფილოსოფოსები ძვ.წ. V საუკუნეში დაინტერესდნენ ამ კითხვით და ცდილობდნენ დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცათ მისთვის.

ენის საკითხს ბერძენი ფილოსოფოსები აყენებდნენ აზროვნების საკითხთან დაკავშირებით. სახელდობრ, მათი მიზანი იყო გაერკვიათ: რა დამოკიდებულება არსებობს საგანსა და მის სახელს შორის. განსაკუთრებით აღელვებდათ ეს საკითხი მჭერმეტყველების მასწავლებლებს, რომლებსაც სოფისტებს უწოდებდნენ. სოფისტების მამამთავარი იყო პროტაგორა, რომელმაც მკვეთრად დააყენა ზემოთხსენებული კითხვა. ატყდა სოფისტებს შორის ცხარე დავა, რის შედეგადაც ორი მიმართულება გამომუშავდა: ერთი ამტკიცებდნენ - საგნის სახელი მისმა ბუნებამ განსაზღვრაო (ფუსეი), მეორენი ირწმუნებოდნენ - ადამიანთა შეთანხმება-გადაწყვეტილების, ადამიანთა ნებასურვილის შედეგიაო (თესეი).

თუ საგანს სახელი მისი ბუნების შესაბამისად დაერქვა, მაშინ როგორ მოხდა, რომ სხვადასხვა ენაში ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი ჰქვია? - ასე აკრიტიკებდნენ პირველ თეორიას. პასუხი ასეთი იყო: ბერძნული ენის გარდა, სხვა ენები სრულფასოვანი ენები ხომ არ არიან, ისინი ბარბაროსთა ენებია და რა ანგარიშგასაწევია მათი ჩვენებებიო!

სამაგიეროდ, ამ თეორიის მომხრენი მეორე თეორიას ასე აკრიტიკებდნენ: თუ საგნის სახელი შედეგია შეთანხმებისა, ადამიანთა ნება-სურვილისა, მაშინ, კეთილ-ინებეთ და, წარამარა უცვალეთ საგანს სახელი, ხომ შეუძლებელია ესა თუ ის სიტყვა თქვენს ნებაზე შეცვალოთო!

ძველი დროის უდიდესმა მატერიალისტმა დემოკრიტემ საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვა ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. ის ამბობდა: ენაში ხომ უხვადაა ომონიმები და სინონიმები. საგანს რომ თავისი ბუნების მიხედვით ერქვას სახელი, მაშინ როგორ ავხსნით, რომ ერთი სიტყვა სულ სხვადსხვა საგანს აღნიშნავს (ომონიმი). ამავე დროს, არც თუ ყველა საგანს აქვს სახელიო.

არსებობს მეტყველების წარმოშობის სხვა თეორიებიც, ესენია: წამოძახილების (შორისდებულთა) თეორია, ხმაბაძვითი თეორია, “შრომითი წამოძახილების“ თეორია და სხვა.

შორისდებულთა თეორიის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ თავდაპირველი სიტყვები უნებლიე წამოძახილებია, რომლებიც გამოწვეული იყო პირველყოფილი ადამიანების ძლიერი ტკივილით, შიშით, აღტაცებით ან სხვა ძლიერი განცდით. ამ თეორიას ჟან-ჟაკ რუსოც იზიარებდა, მაგრამ ის თავს ვერ აღწევს ერთ დიდ გაუგებრობას: წამოძახილებიდან საგნების სახელდებამდე დიდი მანძილია.

სტოელთა სკოლამ ძვ. საბერძნეთში სათავე დაუდო ენის წარმოშობის ონომატოპოეტურ (ხმაბაძვით) თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანებმა საგნებს სახელები შეურჩიეს იმის მიხედვით, რა ბგერასაც გამოსცემდა იგი. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ენის წარმოშობა იმიტაციის პროცესია. მართლაც არსებობს ხმაბაძვითი სიტყვები (ბრახა-ბრუხი, ჭიჭყინი, ყიყინი), მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ენის ძირითად ლექსიკას. მართალია, კონკრეტული საგნები გამოსცემენ რაიმე ხმას, მაგრამ რა ხმას გამოსცემს აბსტრაქტული ცნებები: სიყვარული, შიში, სიცოცხლე და ა.შ. ხმაბაძვითი თეორია ვერ გვიპასუხებს კითხვაზე, რატომაა, რომ ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა ენაში სხვადასხვა სახელწოდება აქვს. ამასთანავე, ხმის მიბაძვისთვის აუცილებელია დიდად განვითარებული სამატყველო აპარატი, რაც პირველყოფილ ადამიანებს არ შეიძლება, რომ ჰქონოდათ.

არსებობდა აგრეთვე “შრომითი წამოძახილების“ თეორია. რომელიც წარმოიშვა მე-19 საუკუნეში. ენა აღმოცენდა წამოძახილებისგან, რომელიც თან ახლდა კოლექტიურ შრომას გვეუბნებიან ამ თეორიის მესვეურნი. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ეს “შრომითი წამოძახილები“ მხოლოდ შრომის ორგანიზაციის საშუალებაა, ისინი კი არ აღნიშნავენ რაიმეს, არამედ წარმოადგნენ გარეგნულ ტექნიკურ საშუალებას კოლექტიური შრომის დროს.

თავისი შეხედულება ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით დიდ ენათმეცნიერს ნიკო მარს. ის ვარაუდობდა, რომ ჯერ იყო ჟესტების ანუ ხელის ენა, რომელიც ბგერითმა ენამ შეცვალა. მაგრამ ეს თვალსაზრისიც დაუსაბუთებელია. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ათეული ათასი წლების განმავლობაში კაცობრიობას გამოეყენებინა მხოლოდ ჟესტების ენა, სხვას რომ თავი დავანებოთ, განა სიბნელეში ან შორ მანძილზე ასეთი “ენა“ თავის დანიშნულებას შესრულებდა?



ენის წარმოშობის საკითხი მთლიანად დაიყვანება ბგერითი ენის წარმოშობის საკითხზე, რადგანაც ბგერითი ენა პირველადი მოვლენაა, ამიტომ ენის წარმოშობის საკითხი არის ბგერითი ენის წარმოშობის საკითხი. ამ დროს შეიძლება დავსვათ კითხვა: “როგორ უნდა მომხდარიყო ცხოველის ენიდან ადამიანის ენაზე გადასვლა?“ ცხოველს არ აქვს დანაწევრების უნარი. ეს უნარი განუვითარდა ადამიანს. “ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანები იქამდე მივიდნენ, რომ მათ რაღაც უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის“ - წერს ენგელსი.

საქმე ისაა, რომ ჩვენთვის სრუალიად დაკარგულია, როგორ ეჩვეოდა ადამიანი დანაწევრებული ბგერების წარმოთქმას. გარკვეული წარმოდგენა ამ პერიოდის შესახებ შეიძლება მოგვცეს ბავშვის მიერ ენის ათვისების პროცესმა, მაგრამ ენის წარმოშობასა და ბავშის მიერ ენის ათვისებას შორის დიდი განსხვავებაა, რადგან ბავშვი არ ქმნის ენას, იგი ითვისებს იმ ენას, რომელ ენობრივ კოლექტივშიც იგი იზრდება. ენის წარმოშობა არ გულისხმობს, რომელიმე კონკრეტული (ქართული, გერმანული...) ენის წარმოშობას, საკითხი უფრო ფართოა და გულისხმობს ზოგადად ენის წარმოშობას, რომელსაც პირობითად შეიძლება ადამის (პირველი ადამიანის) ენა ვუწოდოთ. ბევრი კვლევისა და ძიების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია გავნსაზღვროთ მხოლოდ ის, თუ როგორ, რა პირობებში უნდა ამეტყველებულიყო ადამიანი, მაგრამ სრულიად უნაყოფოა იმის დადგენის ცდა, თუ რა ენაზე ამეტყველდა იგი. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორი საკითხი: 1) ამა თუ იმ კონკრეტული ენის წარმოშობა და მისი განვითარება. 2) საერთოდ ენის წარმოშობა. ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს არა კონკრეტული ენების წარმოშობის, არამედ საერთოდ ენის წარმოშობის საკითხი.

მეცნიერებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი გენეტიკური ფაქტორია, როგორც ჩანს მაიმუნის გენეტიკაში მოხდა რაღაც ცვლილებები, რამაც იგი განასხვავა სხვა დანარჩენებისაგან და შემდეგში მისგან ადამიანი წარმოიშვა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანმა შეძლო გამართულად სიარული, რისი საშუალებითაც ხორხი გათავისუფლა და ამით მან დანაწევრებული ბგერების წარმოთქმა შეძლო. ამის ხარჯზე, მან შეძლო აზროვნების დანაწევრებაც, ე. ი. ვიზუალური აზროვნების გარდაქმნა კონცეპტუალურ აზრონებად. ადამიანმა შეძლო ფსიქიკური (წარმოდგენები) და ფიზიკური (დაუნაწევრებელი ბგერები) სტრუქტურების გარდაქმნა ენობრივ სტრუქტურად, რითაც გამოეყო ცხოველთა სამყაროს და დაუპირისპირდა მას.

ზოგჯერ ცხოველისა და ადამიანის ენას შორის წარმოქმნიან ე. წ. გარდამავალ საფეხურს. ამის მკაფიო მაგალითად მიიჩნევენ პრიმიტიულ ხალხთა ენებს, როგორიცაა ამერიკელ ინდიელთა ან აფრიკის მკვიდრთა ენები. ამ კატეგორიას მიაკუთვნებენ ასევე ყინულოვან ოკეანესთან მცხოვრებ ხალხთა ენებსაც ციმბირში და ავსტრალიის აბორიგენების ენებს. ამის დასამტკიცებლად იყენებენ იმას, რომ მათ ენებში სიტყვა მოკლებულია განზოგადების უნარს. მაგალითად, ლაპების (ურალურ-ალტაური ოჯახი) ენაში არ არსებობს ერთი სიტყვა თოვლის ცნების აღსანიშნავად, მაგრამ არსბეობს 41 სხვადასხვა სიტყვა, რომელიც თოვლის სხვადასხვა სახეობას აღნიშნავენ.

ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უფრო ვითარდება ენათმეცნიერება, მით უფრო ნელდება ინტერესი ენის წარმოშობის საკითხის მიმართ. პარიზის საენათმეცნიერო საზოგადოება 1866 წელს იმასაც კი აცხადებდა, რომ საზოგადოება არ იღებს მოხსენიებებს, რომლებიც ენის წარმოშობასა და საყოველთაო ენის შექმნას ეხებაო. სამწუხაროდ, ენის წარმოშობის პროცესი ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგულია, რადგანაც იგი ხდებოდა პრეისტორიულ ხანაში, მილიონზე მეტი წლის წინ, როდესაც არ იყო დამწერლობა და ამიტომ ენის წარმოშობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ შემონახულა. ამიტომაც მხოლოდ იმ პირობების განსაზღვრა შეგვიძლია, რომელთა გარეშეც ენა ვერ წარმოიქმნებოდა.

ენა ის ფენომენია, რომელსაც განსაკუთრებული ცოდნა ესაჭიროება ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლისა. ამ სპეციალისტთა შორის არიან:

მწერალი, პოეტი -- ვისთვისაც ენა თვითგამოხატვის საშუალებაა და რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ, არამედ ქმნიან და თხზავენ საჭიროებისდა მიხედვით მის ცალკეულ ელემენტებს.

ენის მასწავლებელი -- მან მოსწავლეს უნდა გადასცეს მშობლიური ენის წესები ან უცხო ენის ახალი სამეტყველო ჩვენები.

ისტორიკოსი -- რამდენადაც ისტორიული წყაროები კონკრეტულ ენაზე ფიქსირებულ წერილობით მასალას შეიცავენ, ხოლო ამ ენის მფლობელი ხალხის ისტორიის სიღრმისეული მომენტები უპირატესად ენაშია ასახული.

ფსიქოლოგი -- იგი მეტყველების ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეისწავლის და ბგერით ენას განიხილავს, როგორც ცხოველთა ქცევისაგან ადამიანთა ქცევის ერთ-ერთ ძირითად განმასხვავებელ ნიშანს.

ფილოსოფოსი -- იგი იკვლევს ლოგიკისა და სემანტიკის საკითხებს, ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართების პრობლემებს.

ტელეკომუნიკაციის სპეციალისტი -- მისი ამოცანაა შეტყობინებათა მანძილზე გადაცემა ზეპირად (ტელეფონით, რადიოთი) ან წერილობით (ტელეგრაფითა და სხვა უახლესი ელექტრონული საშუალებებით)

ინფორმატიკოსი -- იგი ქმნის ფორმალურ ენებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ამოცანის განსახორციელებლად.

ექიმი-ლოგოპედი -- იგი ასწორებს მეტყველების თანდაყოლილ ან ტრავმით გამოწვეულ დეფექტებს.

სპეციალისტთა დიდი ჯგუფისათვის ენის შესწავლას თავისთავადი ღირებულებები აქვს. მათთვის ენობრივი კვლევის ძირითადი მიზანია ენის ბუნების გარკვევა. სპეციალისტთა ამ ჯგუფს ენათმეცნიერები ანუ ლინგვისტები (ლათ. Lingua “ენა“) ეწოდება, ხოლო მათი კვლევა-ძიების შედეგად მიღებულ დებულებათა ორგანიზებულ სისტემას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ენის ბუნებისა და მისი ფუნქციონირების შესახებ, - ენათმეცნიერება ანუ ლინგვისტიკა.










0
706
შეფასება არ არის
ავტორი:თათი მჟავანაძე
თათი მჟავანაძე
706
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0