ფსიქოლოგია ემოცია და მეხსიერება 2020, 13 თებერვალი, 12:54 რა კავშირია მეხსიერებასა და ემოციას შორის? ნეგატიური ინფორმაცია უკეთ გვამახსოვრდება თუ პოზიტიური? ამ საკითხზე დიდი ხნის წინ დაიწყო მსჯელობა და დღესაც აქტუალურია. ქვემოთ, მიმოვიხილავთ რამდენიმე თეორიას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. პირველად ფროიდმა გამოყო უსიამოვნების მოტივი (Unlusmotive), როგორც ინფორმაციის დამახსოვრებაზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორი . ფროიდის მიხედვით ის განსაზღვრავს პიროვნებისთვის უსიამოვნო შთაბეჭდილების განდევნას ცნობიერიდან და მისი ძირითადი ფუნქციას ეგოს დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, ფროიდის მიხედვით ადამიანებს დადებითი და ნეიტრალური ემოციის ინფორმაცია უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე უარყოფითი. (ფარჯანაძე, 2008 ) საპირისპირო დამტკიცდა ბლონსკის ექსპერიმენტებში, ის ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვდა ჩამოეწერათ თავისი ცხოვრებიდან რაც შეიძლება მეტი ეპიზოდი, განურჩევლად ემოციური შეფერილობისა. აღმოჩნდა რომ მონაწილეებმა უკეთ გაიხსენეს უარყოფითი შინაარსის ეპიზოდები . ბლონსკის ინტერპრეტაციით ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ბიოლოგიური გადარჩენის მექანიზმით, თითქოს ადამიანს უარყოფითი გამოცდილება სულ “თვალწინ უდგას” და მისმა დავიწყებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს. ( ფარჯანაძე, 2008 ) ბედლი თავის ექსპერიმენტებში ცდის მონაწილეთა ნახევარს უშუალოდ ნეიტრალური და ემოციურად დატვირთული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ უმოწმებდა მეხსიერებას, ნაწილს კი 28 დღის შემდეგ, აღმოჩნდა რომ პირველ შემთხვევაში უკეთ აღიდგენდნენ ემოციური შინაარსის ინფორმაციას, მეორე შემთხვევაში კი ემოციურად დატვირთული უკეთ ახსოვდათ . ( ფარჯანაძე, 2008 ) ეს მონაცემები შეიძლება აიხსნას ვოლკერის აქტივობის-შემცირების თეორიის საფუძველზე (Acton-decremet theory), რომლის მიხედვითაც რაც უფრო მაღალია ემოციური მგრძნობელობა შთაბეჭდილების კვალის ჩამოყალიბების საწყის სტადიაზე მით უფრო ინტენსიურია შეკავების პროცესები, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კვალთა კონსოლიდაციას . შედეგად, ხანმოკლე დროის გასვლის შემდეგ რთულდება ემოციური შინაარსის ინფორმაციის აღდგენა, ხოლო დროის ხანგრძლივი მონაკვეთის გასვლის შემდეგ, როდესაც აღარაა აქტიური შეკავების პროცესები იმავე ინფორმაციის აღდგენა უკეთ ხდება ვიდრე ნეიტრალური შინაარსის ინფორმაციის. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უამრავი კვლევა ჩატარდა და ამ კვლევებში მიღებული მონაცემები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია, არ არსებობს ზუსტი პასუხი იმისა თუ რომელი ემოციის მატარებელი ინფორმაცია გვამახსოვრდება უკეთ და რატომ. 61 შეფასება არ არის
|