x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
ფსიქოანალიზი: რეპრესია/განდევნა

image


ადამიანები მუდმივად ცდილობენ იცხოვრონ კმაყოფილი და უსაფრთხო ფსიქიკური ცხოვრებით, მაქსიმალურად შეამცირონ მათთვის შემაწუხებელი, მიუღებელი და მტკინვეული ფაქტები, აზრები და მოვლენები. ასეთი მდგომარეობის მიღწევა განსხვავებული საშუალებებით შეიძლება მოხერხდეს, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის მიუღწეველი რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ფსიქოანალიზში ჩამოყალიბდა დაცვის მექანიზმები, რომელთა ფუნქცია უპირველეს ყოვლისა ეგოსთვის საფრთხის თავიდან აცილებაა, ეს საფრთხეები შეიძლება იყოს: ტრავმული მოგონებები, გარკვეული ხასიათის სურვილები, რომლებიც ეგოსთვის საშიშად და უარყოფითად აღიქმება, რის გამოც ეგო თავს იცავს. ზოგადად, დაცვის მექანიზმები არაცნობიერი პროცესია და მათი მთავარი დანიშნულება და მიზანი ეგოსთვის საშიში და მუღებელი მოვლენების/შინაარსების თავიდან აცილებაა. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვის მექანიზმები არაცნობიერია და ისინი ეგოს საკუთრებაა.

რეპრესიაც ერთ-ერთ დაცვის მექანიზმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცა განდევნა/რეპრესია უფრო მეტია ვიდრე სხვა დაცვის მექანიზმები. იგი ზ. ფროიდის თეორიაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა, ცენტრალური ადგილი უკავია და სწორედ ეს მექანიზმი ახდენს ცნობიერებიდან მიუღებელი, საშიში, ტრავმატული, არაცნობიერი იმპულსებისა და მიუღებელი სურვილების განდევნას არაცნობიერში. თუმცა, არაცნობიერის დინამიურობიდან გამომდინარე, განდევნილი შინაარსები ერთ ადგილზე არასდროს ჩერდებიან და მუდმივად ცდილობენ თავი იჩინონ ცნობიერებაში პირდაპირი თუ ირიბი გზით. შესაბამისად, განდევნილი შინაარსები, რომ არაცნობიერში იყვნენ, ამას მუდმივად ესაჭირეობა გარკვეული ფსიქიკური ენერგია. განდევნის მექანიზმმა მცირე დროითაც, რომ შეაჩეროს თავისი მუშაობა, მაშინვე მოახერხებენ მანიფესტირებას არაცნობიერი იმპულსები და შინაარსები. თუმცა, გარკვეულ სიტუაციებში, განდევნილი შინაარსები მაინც ახერხებენ ცნობიერებაში შემოპარვას სახეცვლილად. აღსანიშნავია ისიც, რომ ფროიდი დეტერმინიზმის პოზიციაზე იდგა, რაც ნიშნავს, რომ ყოველგვარი შედეგები გარკვეული მიზეზით არის განპირობებული და უბრალოდ ან შემთხვევით არაფერი არ ხდება. შესაბამისად, რეპრესირებული შინაარსები თავს იჩენენ ყოველდღიურ წამოცდენებში, ორაზროვან მახვილსიტყვაობაში, ხუმრობებსა და სიმპტომებში. ნათელი ხდება, რომ არაცნობიერი სწორედ განდევნის შედეგად ყალიბდება და იქმნება. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ განდევნა არაცნობიერის პროტოტიპია. რაც შეეხება უშუალოდ ტერმინს “განდევნა“, ფროიდი მას ორი მნიშვნელობით იყენებს: 1. ტერმინი, რომელიც ფსიქიკური პროცესებისთვის გამოიყენება, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ არაცნობიერს, ხშირად ეს გამოიყენება სინონიმი როგორც დაცვითი მექანიზმი, რადგან ყველა დაცვით მექანიზმს გააჩნია ერთი და იგივე სტრუქტურა, ისინი წარმოიქმნებიან განდევნილი შინაარსებისგან. 2. მეორე მნიშვნელობაა როგორც დაცვის სპეციფიკური ტიპი, რომლის ფუნქციაც რაღაცის ცნობიერებიდან რაც შეიძლება დაშორება და შეკავებაა. სწორედ ეს განასხვავებს განდევნას სხვა მექანიზმებისგან, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული იდეა გადააკონვერტირონ, შეცვალონ საწინააღმდეგო იდეით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა განდევნა რაღაცის მოტივაციური დავიწყებაა, ის რაც ერთ დროს ვიცოდით გადაიქცევა უცნობად. ამის კარგი მაგალითია: გარკვეულ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ ტრავმატულ მოგონებებს ისე ივიწყებენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ როდესაც ახსენებენ მათ ამ ტრავმატულ მოგონებებს, ისინი ვეღარ იხსენებენ, ამ ფაქტებს საკუთარ თავთან ვეღარ აკავშირებენ, რადგან დავიწყებული შინაარსები ძალიან ღრმად არის წასული არაცნობიერში.

ფროიდი გამოყოფს პირველად და მეორად რეპრესიას. პირველადი რეპრესია დედუქციის შედეგად განვითარდა, ანუ რეპრესია, რომ ფუნქციონირებდეს, საჭიროა უკვე არსებობდეს მექანიზმი, რომელიც მას ააფუნქციონირებს ანუ პირველადი რეპრესია. პირველადია განდევნა, როდესაც იდეები მიბმულია ლტოლვაზე და მისი რეპრეზენტაცია ანუ გამომხატველობა მანამდეა რეპრესირებული, სანამ გავაცნობიერებთ, სანამ მის მნიშვნელობას გავიგებთ, რაიმე აზრს მივაწებებთ. ეს საკითხი გარკვეულწილად ბუნდოვანია, რადგან რის ხარჯზე ან რატომ შეიძლება განიდევნოს იდეა, მოსაზრება, თუ მე არ ვიცი მისი მნიშვნელობა, მაშინ რა განაპირობებს, რომ ცნობიერებიდან განვდევნო. შესაბამისად, მე კი არ განვდევნი არამედ გარემოდან მოდის ისეთი სახის სტიმული, რომ განდევნა მიწევს ჩემი იდეის, გარემოდან წამოსული სტიმული შეიძლება იყო ნეგატიური შეფასება ან უარყოფითი დამოკიდებულება მშობლის ან სხვა ძვირფასი ადამიანისგან. ეს საკითხი კითხვებს ბადებს და დამუშავებაც ესაჭიროება. რომ დავუბრუნდეთ პირველად რეპრესიას და სხვა სიტყვებით გავაგრძელო საუბარი თუ რას მოიცავს უშუალოდ პირველად რეპრესირებული, შემიძლია ვთქვა, რომ იგი არის ცნობიერებაში არ ასახული შინაარსები, 3, 5-5 წლის ასაკში მომხდარი მოვლენები, აზრები, შინაარსები პრინციპულად არ არის ასახული, რადგან არ ვიცი როგორ ავხსნა ეს პროცესები, არ ვიცი მათი მიზეზები, ისინი უბრალოდ არ მახსოვს, რადგან ცნობიერება არ მქონდა და ვერ ჩავერიე. ფროიდის მიხედვით, პირველადი რეპრესირებული შინაარსები ვერასდროს გაცნობიერდება და ის იმთავითვე არაცნობიერია. ასევე ცნობიერებიდან განიდევნება ისეთი შინაარსები, რომლებიც ასოცირდებიან პირველად რეპრესიასთან, იგი კრებს ამ შინაარსებს ერთად და მთლიანად არაცნობიერი ხდება. მეორეადი რეპრესიაა, როდესაც ცნობიერებიდან განიდევნებიან შინაარსები, რომლებიც საფრთხის შემცველია ცნობიერებისთვის, ისინი უარყოფილი იქნებიან “ზეწოლის შედეგად“. ეს მექანიზმი მაშინ იწყებს მოქმედებას, როცა ცნობიერებაში რაღაც ისეთია მოცემული, რომელიც საშიშად აღიქმება და ეგოს დაცვის მიზნით ასეთი სახის მოვლენები მაშივე რეპრესირებული იქნებიან. თუმცა, ამ განდევნილის რეპრეზენტაცია არ იკარგება და ის მუდმივად ნარჩუნდება არაცნობიერში, რომელიც გამუდმებით ცდილობს გაარღვიოს ცნობიერების საზღვრები და შემოვიდეს მასში. მისი მანიფესტაცია შესაძლოა მოხდეს შემაწუხებელი სიზმრებისა და სიმპტომების სახით, ფსიქოლოგიური აშლილობის დროს.

რეპრესიის ორივე სახის შემთხვევაში აშკარაა, რომ ეგო თავს იცავს. ფროიდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა, რომ ფსიქიკური ცხოვრებისთვის ყველაზე შემაწუხებელი რამ სექსუალური ლტოლვა იყო, რის შედაგადაც ფსიქიკური დაძაბულობა მუდმივად იზრდებოდა და უფრო დიდი ინტენსივობით წარმოქმნიდა შფოთვას, ანუ განდევნილი წარმოქმნის შფოთვას. თუმცა, მოგვიანებით შეცვალა მან შეხედულება და თქვა, რომ გარკვეული იდეები, რომლებიც მიუღებელია ეგოსთვის, ამასთან ამ იდეების ფანტასტიურად დიდი იმპულსების გამო წარმოიქმნება შფოთვა ეგოში, რის შედეგადაც განდევნა აუცილებელი ხდება. აქედან გამომდინარე, შფოთვა კი არ არის რეპრესიის შედეგი, არამედ წყაროა მისი. შესაბამისად, თუ ფროიდი ადრე მიიჩნევდა, რომ რეპრესია წარმოქმნიდა შფოთვას, შემდგომ შეცვალა მან შეხედულება და ამბობს, რომ შფოთვა წარმოქმნის რეპრესიას.

მნიშვნელოვანია განვიხილო ისეთი მდგომარეობაც, როდესაც განდევნა თავის საქმეს სრულყოფილად ვერ ასრულებს, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ ამის გამო და სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი. განდევნა, როგორც მექანიზმი ორი რამით არის ძალიან მნიშვნელოვანი: 1. იგი თეორიის ფუნდამენტური ელემენტია, რომლის ფალსიფიცირებაც გამოიწვევს ფაქტობრივად მთლიანად თეორიის ჩამოშლას. 2. უშუალოდ თეორიის პრინციპებით თუ ვიხელმძღვანელებთ, განდევნის გამოთიშვის შემთხვევაში ინდივიდს მთლიანად დაერღვევა “ნორმალური ფუნქციონირება“, რის შედეგადაც შესაძლებელია ფსიქოზის გზას დაადგეს. როგორც უკვე აღვნიშნე, განდევნილმა შინაარსებმა შესაძლოა მოახერხონ და დაბრუნდნენ ცნობიერებაში სახეცვლილად: ანეგდოტების, სიზმრების სახით და სხვა ალტერნატიული საშუალებებით. მაგალითად: გარკვეული კრიზისის დროს, საჭირო ხდება არაცნობიერი იმპულსების გამოსვლა ნევროტული სიმპტომების სახით, რათა მცირედით მაინც მოხდეს დაძაბულობის შემცირება. თუმცა ეს აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ ეგო ახლა „ორ ფრონტზე“ იბრძვის:

  • როგორც ადრე, ის ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ლტოლვებსა და მასთან დაკავშირებულ ასოციაციურ შინაარსებს.
  • ზოგიერთი ეს შინაარსი ახლა უკვე გამოვლენილია სიმპტომების სახით, რის გამოც ეგოს ახლა ამ სიმპტომებთან ბრძოლაც უწევს.
  • ეგოს შეუძლია შეგუების გზით გაუმკლავდეს ამ მდგომარეობას. შეეგუოს, ადაპტაცია მოახდინოს არსებულ ნევროტულ სიმპტომებთან, რათა კონტროლის ბერკეტი მას დარჩეს და არ მოხდეს ლტოლვების სრული გამოვლენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები, რომლებიც შეწუხებული არიან სიმპტომებით უჭირთ რაიმეს შეცვლა, რადგან ეშინიათ ამ სიმპტომების ადგილას უარესი რამ არ გაჩნდეს. საერთო ჯამში კი ამ მდგომარეობის გამოსავალი შეიძლება იყოს: ნევროზი, პიროვნება რჩება თავის ლტოლვებთან და ინარჩუნებს რეალობასთან კავშირს, ან ფსიქოზი, პიროვნება თავის ლტოლვებთნ ერთად წყდება და უარყოფს რეალობას.

    შეჯამების სახით კი ვიტყვი, რომ განდევნის/რეპრესიის მექანიზმი აუცილებელია ადამიანისთვის, რადგან პიროვნება ინარჩუნებს გარკვეულ ბალანსს და ნორმალურ მდგომარეობას, რომელიც ეხმარება ინდივიდს ადეკვატურად იფუნქციონიროს სოციალურ გარემოში. რეპრესია ეხმარება ასევე მას თავი დაიცვას არაცნობიერი იმპულსებისგან და მისი არაცნობიერი შინაარსები გამოვლენილ იქნას სოციალურად მისაღები ფორმით (სუბლიმაცია), რომელიც დაეხმარება პიროვნებას იცხოვროს კმაყოფილებით.

    0
    136
    შეფასება არ არის
    ავტორი:ზურა სალამაძე
    ზურა სალამაძე
    136
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0