სხვა დამწერლობის ტიპოლოგია, ბერძნული ანბანი და ანბანურ დამწერლობათა წარმოშობა ქრისტიანულ აღმოსავლეთში 2020, 11 თებერვალი, 21:36 დამწერლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც გარკვეული სახის ურთიერთდაკავშირებულ ნიშანთა სიმრავლე, რომელსაც შინაგანი სტუქტურული ერთიანობა აქვს. ამგვარი ინტერპრეტაცია მას ანალოგიური ჰუმანიტარული მეცნიერებების გვერდით აყენებს. ამდენად, დამწერლობის თეორია, რომელსაც ენათმეცნიერებაში გრამატოლოგიას უწოდებენ, შეიძლება განვიხილოთ როგორც ნაწილი სემიოტიკისა.[1] დამწერლობის სისტემა მნიშვნელოვან სტრუქტურულ მსგავსებას ავლენს ენობრივ სისტემასთან, რაც შესაძლებელს ხდის წერის სისტემის მიმართ გამოვიყენოთ ის ოპერატიული ცნებები, რომლებიც შეიმუშავეს ენათმეცნიერებაში. დამწერლობის განხილვა, როგორც ნიშანთა სისტემისა საშუალებას იძლევა უფრო ღრმად ჩავწვდეთ მის ონტოლოგიურ ბუნებას და ამ შეხედულების საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ დამწერლობის ზოგადი ტიპოლოგია და განვსაზღვროთ მისი როლი ადამიანის კულტურულ განვითარებაში. წერითი სისტემა, თუ მას განვიხილავთ, როგორც ნიშანთა სისტემას ხასიათდება ორი პლანით - გამოხატულებისა და შინაარსის პლანით, რომლებსაც მათი დუალური ბუნების გამო, გარკვეული წერითი სისტემის გრაფიკული ნიშნები უკავშირდება. გრაფიკული ნიშნის გამოხატულებით, ანუ მისი აღმნიშვნელით ხორციელდება ნიშნის ვიზუალური წარმოდგენა. მაგალითად, ნახატი, ფიგურა ან გეომეტრიული ნიშანი. ხოლო გრაფიკული სიმბოლოს შინაარსი, ანუ მისი აღსანიშნი, არის ყველაფერი, ის რაც ამგვარად დაწერილი სიმბოლოთი გამოიხატება. მაგალითად, ცნება, იდეა, სიტყვა, რიცხვი ან ცალკეული ბგერა. ენის დუალური ბუნება იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს დამწერლობის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია გამოხატულების პლანის მახასიათებლის მიხედვით, რაც თავისთავად საშუალებაა იმისა, რომ ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ტიპის დამწერლობანი მათი შეფასების კრიტერიუმის გამომუშავების მიზნით. შინაარსის პლანის მიხედვით გამოიყოფა ორი ძირითადი კლასი: სემასიოგრაფია ანუ იდეოგრაფია და ფონოგრაფია. სემასიოგრაფია წერითი სისტემის იმ კლასს განსაზღვრავს, რომლებშიც გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს კონკრეტულ ცნებებს და ზოგჯერ - მთლიან სიტუაციასაც. ანუ, სემასიოგრაფიულ წერით სისტემებში შინაარსის პლანი, რომელიც მოცემული ენის სიტყვებისა და ფრაზებით გამოიხატება, პირდაპირ აისახება ნიშნებში. ხოლო რაც შეეხება გამოხატულების პლანს, იდეოგრაფიულ წერით სისტემებში ნიშნები შეიძლება გრაფიკულად მსგავსი იყოს რეალური სამყაროს იმ ობიექტებისა, რომლებსაც შესაბამისი ცნების მეშვეობით უკავშირდებიან. ეს ახასიათებს პიქტოგრაფიულ, ანუ იკონურ წერით სისტემას. ხოლო როცა იდეოგრაფიული სისტემის სიმბოლოები გარეგნულად არ ჰგვანან რეალურ სამყაროს იმ ობიექტებს, რომლებსაც უკავშირდებიან შესაბამისი ცნებითი კატეგორიების მეშვეობით, წერითი სისტემა შეიძლება აღიწეროს როგორც პირობითი (კონვენციონალური). ფონოგრაფიულია ის წერითი სისტემები, რომლებშიც აღმნიშვნელი უკავშირდება ამა თუ იმ ენის კონკრეტულ ფონეტიკას. ამგვარ სისტემებში გარკვეულ ნიშანთა აღმნიშვნელებად გვევლინება კონკრეტული ბგერითი შედგენილობის მქონე სიტყვები ან უფრო დაბალი დონის ენობრივი ერთეულები: ცალკეული მარცვლები ან ბგერები. მიმართებას ნიშანსა და მოცემული ენის კონკრეტულ ფონეტიკურ სიტყვას ან უფრო დაბალი დონის ბგერით სეგმენტს შორის პირობითია. საკუთრივ წერა ძირითადად გულისხმობს ჩანაწერს ფონოგრაფიული სისტემის გამოყენებით. ფონოგრაფიული წერითი სისტემა განიხილება როგორც ლოგოგრაფიული და ამგვარ სისტემაში ნიშნები წარმოადგენენ ლოგოგრამებს. ფონოლოგიური სისტემა, რომლებშიც ნიშნები მარცვლებს გამოხატავენ, განიხილება როგორც სილაბოგრაფიული და ამგვარ ნიშნებს სილაბოგრამებს უწოდებენ. ფონოგრაფიული სისტემა, რომელშიც გრაფიკული ნიშნები ცალკეულ ბგერებს გამოხატავენ, განიხილება როგორც ანბანური. დამწერლობის ტიპოლოგიაში ანბანური სისტემა უმაღლეს დონეს განეკუთვნება. ანბანური დამწერლობის შექმნა ნიშნავდა კაცობრიობის უდიდეს მიღწევას. ანბანური წერის ფორმით კაცობრიობამ შეიძინა მეტყველების ჩაწერისა და მისი სივრცესა და დროში გადაცემის მარტივი და ეფექტური საშუალება. თავის მხრივ, ანბანური სისტემა იყოფა ფონოლოგიურ და ფონეტიკურ ტიპებად. ფონოლოგიურ სისტემაში გრაფიკული ნიშნებით მხოლოდ ენის ფონემური ერთეულები აღინიშნება, ფონემების ბგრერითი ვარიანტები არაა გათვალისწინებული მიუხედავად იმისა, თუ ფონეტიკურად მათ შორის რამდენად მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ხოლო წერის ფონეტიკურ სისტემაში გამოიხატება ენის ცალკეული ბგერითი ერთეულები, მიუხედავად მათი ფონემური სტატუსისა ენობრივ სისტემაში. ისტორიულად დადასტურებულია, რომ ანბანური სისტემები ფონოლოგიური ხასიათისაა, თუმცა ხშირად შეიმჩნევა ფონოლოგიური პრინციპის იმპლიციტური რეალიზაცია. გამოხატულების პლანის მიხედვით, ფონოგრაფიულ სისტემაში გრაფიკული ნიშნები შეიძლება დახასიათდეს როგორც პიქტოგრაფიული და პირობითი. ანალოგიური ვითარებაა ლოგოგრაფიულ სისტემებში. ხოლო სილაბოგრაფიული და ანბანური დამწერლობისთვის მხოლოდ პირობითობაა დამახასიათებელი, ანუ აღსანიშნები ამგვარ სისტემებში არაფერით არ შეიძლება ჰგვანდნენ შესაბამის აღმნიშვნელებს. ამგვარად, დამწერლობის შინაარსის პლანი არის სხვადასხვა დონის ენობრივი ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც სხვადასხვა წერით სისტემაში განსხვავებული გრაფიკული სიმბოლოებით გამოიხატება და რომელთა კონკრეტული სიმრავლე შეადგენს შესაბამისი წერითი სისტემის გამოხატულების პლანს. პარადიგმატიკის და სინტაგმატიკის ცნებები, როგორც ენათმეცნიერებაში, ასევე გვხვდება გრამატოლოგიაშიც. მათი გამიჯვნა, რაც ფ. დე სოსიურის ლიგვისტურ მოძღვრებაშია წარმოდგენილი, უნდა გახდეს აუცილებელი პრინციპი გრამატოლოგიაში. დამწერლობის პარადიგმატიკა გულისხმობს გრაფიკული სიმბოლოების ურთიერთმიმართებებს სისტემაში და მათ თანმიმდევრულ დალაგებას ერთმანეთის მიმართ გარკვეული ფიქსირებული რიგის სახით. ყოველ დამწერლობას საკუთარი პარადიგმატური სტრუქტურა ახასიათებს, ანუ იგი ელემენტთა სპეციფიკური რიგით, გრაფიკული სიმბოლოების საკუთარი განსაკუთრებული მიმდევრობით ხასიათდება. დამწერლობის სინტაგმატიკა გულისხმობს მიმართებებს გრაფიკულს სიმბოლოებს შორის, როცა ისინი წარმოდგენილნი არიან ტექსტში გარკვეული მიმდევრობის სახით ერთი სიტყვის საზღვრებში, სიტყვათა მიმდევრობაში თუ სინტაგმატური პლანის უფრო დიდ ერთეულებში. კლასიკური ბერძნული ანბანური დამწერლობის წარმომავლობის გასარკვევად და, ზოგადად, ანბანური დამწერლობის ტიპოლოგიისთვის, უნდა გავაანალიზოთ ძველი სემიტური დამწერლობა. ძველი სემიტური, ანუ პროსტო-სემიტური დამწერლობა, რომლისაგანაც დამწერლობის სამი ძირითადი სახეობა - ფინიკიური, ქანაანური და არამეული - იღებს სათავეს, უნდა აღიწეროს, როგორც კონსონანტურ-სილაბური წერითი სისტემა, რადგან ის ერთდროულად დამწერლობის ორივე ტიპს განეკუთვნება. დამწერლობის ტიპოლოგიაში მას განიხილავენ როგორც გარდამავალ, დამაკავშირებელ საფეხურს მკაცრად სილაბურსა და საკუთრივ ანბანურ წერით სისტემებს შორის. ძველი სემიტური კონსონატურ-სილაბური დამწერლობა 22 ნიშნისგან შედგება, ხასიათდება გარკვეული პარადიგმატული სტრუქტურითა და გრაფიკულ სიმბოლოთა მკაცრად განსაზღვრული რიგით. საკუთრივ სილაბურში გრაფიკული სიმბოლოები ხასიათდებიან სტრუქტურით: თანხმოვანი პლუს განსაზღვრული ხმოვანი, რაც ერთნაირად ვლინდება მოცემული სისტემის სინტაგმატიკასა და პარადიგმატიკაში, ხოლო კონსონანტურ-სილაბურ სისტემაში გრაფიკულ ნიშნებს ახასიათებთ სტრუქტურა: თანხმოვანი პლუს მოცემული ენის რომელიმე ხმოვანი (ან ხმოვნის არქონა) მხოლოდ სინტაგმატიკაში, ხოლო პარადიგმატიკაში გრაფიკული ნიშნის სტრუქტურა წარმოდგენილია მხოლოდ თანხმოვნით. დამწერლობის ტიპოლოგიაში კონსონანტურ-სილაბური დამწერლობა განიხილება როგორც უფრო მეტად სრულყოფილი სისტემა სხვა დამწერლობებთან შედარებით. იგი ადეკვატურად ასახავს ენის ფონეტიკურ მხარეს შედარებით ნაკლები რაოდენობის გრაფიკული ნიშნების მეშვეობით. კონსონანტურ-სილაბური დამწერლობის შექმნა ითვლება უდიდეს მიღწევად, რამდენადაც იგი გზას უკვალავს ანბანურ დამწერლობას. ამ უკანასკნელის უპირველეს ნიმუშად გვევლინება კლასიკური ბერძნული დამწელობა, რომელშიც ძველი სემიტურიდან გადმოღებული გრაფიკული სიმბოლოები გამოხატავდნენ ცალკეულ ბგერებს, შემდეგ შესაძლებელი გახდა ზოგიერთი სემიტური კონსონანტური ნიშნის ვოკალურ ნიშნად გადაქცევა, რითაც ფაქტობრივად შეიქმნა ახალი წერითი სისტემა - ანბანი, საიდანაც სათავეს იღებს ყველა დღეისთვის ცნობილი ანბანური ტიპის დამწერლობა. ანბანურ წერითი სისტემის განსაკუთრებულ ტიპოლოგიურ კლასს შეადგენს ქრისტიანულ ანბანურ დამწერლობათა ერთი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს კოპტურს, გოთურს, კლასიკურ სომხურს, ძველ ქართულსა და ძველ სლავურს. ყველა ამ დამწერლობისთვის კლასიკური ბერძნულის წერითმა სისტემამ შეასრულა პროტოტიპული დამწერლობის როლი. ბერძნული სისტემის პარადიგმატული რიგი მთლიანად აისახა ძველ ქართულ, კოპტურ და გოთურ ანბანში. ბერძნული პროტოტიპის ყველა - 27-ვე ასო, თითოეული თავისი ფონეტიკური და რიცხვითი მნიშვნელობებით, იმავე თანმიმდევრობით იქნა გადმოტანილი აღნიშნულ ანბანურ დამწერლობებში. ბერძნული "ეპისემონები" (ე.ი მხოლოდ გარკვეული რიცხვითი მნიშვნელობის მქონე სიმბოლოები) იმავე ფუნქციით გარდაისახა ან ახალ სისტემაში მათ მიიღეს სისტემისათვის სპეციფიკური ფონეტიკური მნიშვნელობა. მოდელად აღებული საწყისი წერითი სისტემის პარადიგმატიკის შენარჩუენებას განაპირობებს პროტოტიპული სისტემის ყოველი გრაფიკული სიმბოლოს შესაბამისად გადმოტანა თუ “ფონეტიკური ჩანაცვლება“ ახალი რიგის სათანადო ადგილებში. ამ გზით პროტოტიპული სისტემის პარადიგმატიკა სრულად გარდაისახება ახლად შექმნილი დამწერლობის ასოთა რიგზე. გოთურში ბერძნული პროტოტიპული სისტემის პარადიგმატიკის ამგვარი გარდასახვა განხორციელდა ისე, რომ არ შექმნილა საჭიროება დაემატებინათ სპეციფიური ფონეტიკური მნიშვნელობების მქონე ასო-ნიშნები. ამიტომაც არის, რომ გოთური ანბანი იმავე რაოდენობის გრაფიკულ სიმბოლოებს შეიცავს, რასაც ბერძნული პროტოტიპი. გოთურსა და ძველ ქართულში ძველი ბერძნული პროტოტიპული სისტემის პარადიგმატიკის მთლიანი გარდასახვის შემდეგ ახლად შექმნილი სისტემის ასოთა რიგზე დარჩა გარკვეული რაოდენობის სპეციფიკური ბგერითი ერთეული გრაფიკული გამოხატულების გარეშე. ამ “სპეციფიკური“ ბგერების აღმნიშვნელი გრაფიკული სიმბოლოები დაემატა ასოთა რიგის “ძირითად“ ნაწილს და ერთგვარად შეავსო იგი, მასში ამგვარად აისახა საწყისი პროტოტიპული სისტემის პარადიგმატიკა. კლასიკური სომხური ანბანი ეფუძნება რადიკალურად განსხვავებულ პარადიგმატულ პრინციპს, რომელიც ტიპოლოგიურად უპირისპირდება კოპტურს, გოთურსა და ძველი ქართულის წერით სისტემას. კლასიკური სომხურისთვის ანბანთრიგის შექმნის პროცესში ყველა "ეპისემონი" თავიდანვე ამოიღეს ბერძნული პროტოტიპული სისტემიდან ისევე, როგორც ბგერების აღმნიშვნელი გრაფიკული სიმბოლოები, რომელებიც არ ახასიათებდა სომხურს. ბერნული ანბანი შემჭიდროვდა და მისგან მივიღეთ ანბანთრიგი, რომელიც მხოლოდ სომხური ბგერების კორელატებს შეიცვადა და გამოიხატებოდა გრაფიკული თავისებური ნიშნებით. ეს საწყისი გახდა კლასიკური სომხური ანბანისა და როგროც მთლიანი სისტემა, იგი ჩამოყალიბდა აღნიშნულ ბირთვზე ბგერითი ერთეულების დამატებით. სომხურ ანბანში “დამატებითი“ ნაწილის სიმბოლოები გაფანტულია “ძირითადი“ ნაწილის სიმბოლოებს შორის, რის შედეგადაც დარღვეულია ბერძნული პროტოტიპით მოტივირებული საწყისი პარადიგმატიკა და, შესაბამისად, ამოსავალი ბერძნული მოდელისთვის დამახასიათებელი რიცხვითი მნიშვნელობის სისტემაც მოშლილია. კლასიკური სომხური ანბანის შემქმნელი, რომლისთვისაც მოდელს ბერძნული დამწერლობა წარმოადგენდა, არ ითვალისწინებდა ბერძნულისთვის სპეციფიკური ბგერების გამომხატველ, მაგრამ სომხური ბგერითი სისტემის თვალსაზრისით ჭარბ გრაფიკულ სიმბოლოებს; მის მიერ უარყოფილია პროტოტიპული დამწერლობის რიცხვითი მნიშვნელობების შენარჩუნების პრინციპი. ასევე კლასიკურ სომხურ ანბანში არ იყო გათვალისწინებული ეპისემონები. ამგვარად, კლასიკური სომხური დამწერლობა რადიკალურად განსხვავებულია კოპტური, გოთური და ძველი ქართული წერითი სისტემებისგან, რომლებიც ერთ ტიპოლოგიურ კლასში ერთიანდებიან. ბერძნულ დამწერლობაზე დაფუძნებულ ქრისტიანული პერიოდის ანბანებს შორის, ისტორიული ურთიერთმიმართების თვალსაზრისით, უნდა განვიხილოთ ძველი სლავური დამწერლობები-კირილიცა და გლაგოლიცა. ძველი სლავური გლაგოლიცა აშკარად ეფუძნება პარადიგმატული დამოკიდებულების პროტოტიპულ სისტემას, რომელიც დაცულია კოპტურ, გოთურ და ძველ ქართულ ანბანებში. ძველი ქართული დამწერლობა და სლავური გლაგოლიცა ასევე ერთიანდებიან სხვა საერთო პრინციპით: გრაფიკული სიმბოლოების მოხაზულობა ამ ახლად შექმნილ დამწერლობებში დაშორებულია პროტოტიპული სისტემისათვის დამახასიათებელი მოხაზულობისგან. როგორც ჩანს, ეს პრინციპი იმ მიზნით გატარდა, რომ ახლად შექმნილი სისტემისათვის დამახასიათებელი ყოფილიყო ყველა თვისება “დამოუკიდებელი ეროვნული დამწერლობისა“ და საერთოდ გამორიცხულიყო გარეგანი მსგავსება მათ თანადროულ რომელიმე სხვა სისტემასთან. კლასიკური სომხური დამწერლობის შემქმნელად მესროპ მაშტოცი გვევლინება. ამ დამწერლობის შექმნისას ის მთლიანად ემყარებოდა ბერძნულ წერით სისტემას, თუმცა მან ტოტალურად შეცვალა პროტოტიპული სისტემის გრაფიკა და ახლად ჩამოყალიბებულ დამწერლობაში შესაბამისი ნიშნების მოხაზულობა სრულიად განსხვავებული ტექნიკით შექმნა. ამ გზით თითქოს მოიშალა ყოველგვარი გარეგანი მსგავსება ბერძნულ პროტოტიპთან და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი და ორიგინალური ახალი დამწერლობა. ძველი ქართული ანბანის შემქმნელიც იმავე განზრახვით ცვლის ბერძნულ პროტოტიპულ სისტემას, თუმცა ეს არაა ბერძნული გრაფიკის ტოტალური ცვლილება: ახალი სისტემის ავტორი ცვლის გრაფიკულ ნიშნებს ან ახდენს პროტოტიპული სისტემის ამა თუ იმ ნიშნის არქაიზაციას.[2] ამ საშუალებით ძველი ქართული ანბანის ავტორი ქმნის ორიგინალურ ეროვნულ დამწერლობას. აღმოსავლეთ ქრისტიანულ კულტურულ სამყაროში ტენდენციებმა, რომლებიც ნაკარნახევი იყო პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით, შედეგად გამოიღო რამდენიმე ორიგინალური წერითი სისტემის შექმნა, რომლებიც ეფუძნებოდნენ ბერძნულ დამწერლობას, მაგრამ გრაფიკული მოხაზულობით ბერძნული პროტოტიპური სისტემისგან დამოუკიდებლობას ავლედნენ. ამ თავლსაზრისით, ძველი ქართული დამწერლობა, კლასიკური სომხური და ძველი სლავური გლაგოლიცა ერთ ტიპოლოგიურ კლასში ერთიანდებიან, კოპტურის, გოთურისა და კირილიცას დამწერლობის საპირისპიროდ. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად ძველი ქათული დამწერლობა მთლიანად განსხვავდება კლასიკური სომხური ანბანისგან დამწერლობის შინაგანი, პარადიგმატული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ძველი ქართული დამწერლობა ტიპოლოგიურად ერთიანდება ქრისტიანული დამწერლობის ისეთ უძველეს ნიმუშებთან, როგორიცაა კოპტური და გოთური წერითი სისტემები. თავდაპირველად, ანბანური სისტემები ენის ფონეტიკური მხარის ადეკვატურად გამოხატვის მიზნით შეიქმნა. თუმცა, დღესდღეობით სიტყვათა დაწერილობა უკვე აღარ ასახავს სრულად მათ რეალურ წარმოთქმას, რაც განპირობებულია ფონეტიკური სისტემების მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით. ენაში ბგერითი სინტაგმატიკა შეიძლება დაშორებული იყოს გრაფიკულ სინტრაგმატიკას. ამგვარ გვაიანდელ ანბანურ სისტემაში ცალკეული სიტყვის გრაფიკული სტრუქტურა მისი ფონეტიკური მხარის ერთგვარი გამომხატველი პირობით ნიშანს წარმოადგენს.ამ სისტემაში ცალკეული გრაფიკული სიმბოლო სინტაგმატიკაში შეიძლება შეგვხვდეს არა, როგორც რომელიმე ბგერის ან ფონემის აღმნიშვნელი, არამედ როგორც მთელი სიტყვის ფონეტიკური ასპექტის გამომხატველი. ენის ფონეტიკური ასპექტის განვითარებასა და დამწერლობის ძველ სინტაგმატიკას შორის ამგვარი შეუსაბამობის ლოგიკური შედეგი შეიძლება გახდეს ანბანური დამწერლობის წარმოშობის შეცვლა კვაზი-ლოგოგრაფიული სისტემით, სადაც ასო ან ასოთა გარკვეული სინტაგმატური ჯგუფი გამოხატავს მთელ სიტყვას. ამ შემთხვევაში ირღვევა ყველა არსებული კავშირი და იგი იქცევა ენისაგან დამოუკიდებელ სისტემად, რომელიც ხასიათდება, როგორც გრაფიკული სიმბოლოებით ასევე სიტაგმატიკის ამსახველი სპეციალური წესებით. მხოლოდ ამ ყველაფრსი გათვალისწინებით შეიძლება დამწერლობის "ავტონომიურ" ბუნებაზე საუბარი. [1] სემიოტიკა - ზოგადი თეორია ნიშანთა სისტემის შესახებ. [2] არქაიზაცია - მიბაძვა და აღდგენა ძველი ოსტატების შემოქმედებითი ხერხებისა 408 შეფასება არ არის
|