x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
გილოცავ წიგნის საჯარო კითხვის დღეს „მისალოცებად“ ქცეულო ქვეყანა
წიგნები,  ქეთი გაბინაშვილი

5 თებერვალს წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეა. წაუკითხავენ დღეს წიგნებს საბავშვო ბაღებში ციცინათელათვალებიან პატარა გოგო-ბიჭებს, მუზეუმებში შეკრებილ ახალგაზრდობას, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს ესტუმრებიან პოლიტიკოსები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები... არა იმდენად წიგნის, რამდენადაც იმ ფოტოების გამო, მერე საჯაროდ რომ უნდა გამოფინონ.

წიგნს რა ჩვენი პოპულარიზაცია უნდა, მოდადაც კი იქცა მისი ყიდვა, ზოგი წიგნი თავისი ღირებულებით გახდა საინტერესო, ზოგიერთი შპალერის ფერს უხდება... წიგნს რა რეკლამა უნდა, არ უჩივიან წიგნის მაღაზიები და გამომცემლობები გაყიდვების რაოდენობას, აგერ რომელიღაც ახალგაზრდა ავტორის თითქმის ბრაზილიური სერიალის სცენარები ათეულობით ათასი იყიდება. იყიდება კი არა და ლამის არის წიგნი ვაშლით სავსე კალათა გახდეს, ლიტერატურა ბიზნესად იქცა. ყიდულებენ და ალაგებენ ფერისა და სიდიდის მიხედვით, თურმე ინტერიერს საოცრად უხდება ახალი წიგნები! სამაგიეროდ, ტრადიციად იქცა უკვე, სახლის კოსმეტიკური რემონტის პარალელურად „მოძველებული“ წიგნების ნაგვის ურნაში ან, უკეთეს შემთხვევაში, ურნასთან მოთავსება. დაკვირვებული თვალი ძველმანების გვერდით ილიას და ვაჟას აღმოაჩენს, მიხეილ ჯავახიშვილსა და ლევან გოთუას იპოვნის, იქნება ისე გაუმართლოს რომ შოთასაც კი გადააწყდეს. . .

წიგნს ხელოვნური პოპულარიზაცია არ სჭირდება, წიგნს ერთი დღე ვერ ექნება, როცა დაჯდები და ბწკარედებს წაიკითხავ, საკუთარი თავის ინტელექტუალად წარმოჩენის მიზნით. წიგნს კითხვა უნდა. წიგნი ისტორიაა, რომელსაც ყდაში ვერ გამოკეტავ, მას ვერც საუკუნეები ექცევა ბორკილებად და ვერც საზღვრები, ამბავი აქ და ახლა ხდება, ამ წუთას, როცა შენ წიგნს გადაშლი და მისი ნაწილი გახდები, ამ ისტორიებში ავტორს შენთვის- მკითხველისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაუტოვებია თავისუფალი.


”დაბეჭდილი წიგნების რიცხვი მილიარდს სჭარბობს, ადამიანის სიცოცხლე კი იმდენად ხანმოკლეა, თხუთმეტი ათასის წაკითხვაც კი არ შეუძლია, ”-წერდა ბალზაკი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ ცხადყო, რომ წიგნის კითხვის მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთ ქვედა საფეხურზე ვართ და უკეთეს შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი წელიწადში 17-18 წიგნს კითხულობს. საქართველოს მოსახლების დიდ ნაწილს კი შესაძლოა, სიცოცხლის განმავლობაში 15 წიგნიც არ წაუკითხავს.

ილია,  ქეთი გაბინაშვილი,  წიგნები

21-ე საუკუნე ინტერნეტის ეპოქაა, რომელმაც ის თავისუფალი დრო ამოავსო თუ შეისრუტა, რასაც ადამიანები კითხვას, გართობას, ფიზიკურ აქტივობას, ან სულაც ურთიერთობებს უთმობდნენ. ინტერნეტს თავის მხრივ დანაშაული არ მიუძღვის ჩვენს წინაშე, პრობლემა მის არასწორად გამოყენებაშია. სულ უფრო ნაკლებად ნახავთ ფანჯრის რაფაზე მოკლათებულ პატარებს, ჯერ კიდევ გაუწაფავი თვალით რომ მარცვალ-მარცვალ კითხულობენ ზღაპრებს და დაჰქრიან ჯადოსნურ სამყაროში. მაგრამ წიგნთან დაშორების მიზეზი არც ტელეფონია და არც ვიდეო თამაშები, მიზეზი მშობლები არიან. საუკეთესო გზა, შეიყვაროს პატარამ კითხვა მიბაძვაა, ის მუდმივად უნდა ხედავდეს მშობლებს წიგნით ხელში. იკითხეთ, უკითხეთ ხმამაღლა წიგნი (არა მხოლოს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს J ), სწორად შეურჩიეთ ლიტერატურა, ესაუბრეთ წაკითხული წიგნის შესახებ, ერთად სცადეთ გააგრძელოთ წაკითხული ისტორია, შეაჯამეთ, რა გაიგეთ ახალი და რა ისწავლეთ ამ წიგნიდან. კითხვა ამაღლებს ინტელექტს, გვივითარებას ფანტაზიას, გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ქვას ფეხი არ წამოვკრათ და ზოგი რამ, სხვების გამოცდილებით ვისწავლოთ, გვანიჭებს თავისუფლებას, გვიქმნის მრავალფეროვან ცხოვრებას, გვზრდის პიროვნულად და როგორც დოჩანაშვილი იტყოდა, პიროვნულ თავისუფლებას გვანიჭებს და გვაძლევს საშუალებას ბევრი, ბევრი ცხოვრებით ვიცხოვროთ.

გილოცავთ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს... რამდენი „მისალოცი“ გვყავს ქვეყნის მაღალ თუ დაბალ ეშელონებში... J

ქეთი გაბინაშვილი

2
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
135
  
2020, 10 თებერვალი, 13:44
:)

კრიტიკის მირება, რომ არ შეგვიძლია, ეს ზოგადად ერის პრობლემა მგონია მე. არაფრის სწავლა არ გვსურს, რადგან თავი ყველა საკიტხში კომპეტენტურად მიგვაჩნია.
2020, 5 თებერვალი, 17:56
ეეჰ, ჩემო ქეთი. რაღა შორს წავიდეთ-ზოგიერთ თქვენს ავტორს(საიტი მაქვს მხედველობაში) არა აქვს არათუ 15,არამედ ერთი წიგნიც წაკითხული- მართლწერაში ეტყობათ. თავიანთი არ იციან და სხვისას არ ღებულობენ. როგორც კი შენიშვნას მისცემ, ეგრევე გბლოკავენ. ერთ გვერდ სტატიას გადათარგმნიან და თავი დოსტოევსკი ჰგონიათ.
0 1 2