x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
ოჯახის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში

image


ყველაზე გავრცელებული ზოგადი განმარტების მიხედვით, ოჯახი ქორწინებასა და სისხლის ნათესაობის ნიადაგზე შექმნილი სოციალური სისტემა – მცირე ჯგუფია, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, მორალური ურთიერთ-პასუხისმგებლობითა და ურთიერთდახმარებით. ევოლუციური წინაპრების ოჯახის ფუნქციები იყო: რეპროდუქცია, ეკონომიკური მომსახურება, სოციალური წესრიგი, სოციალიზაცია და ემოციური მხარდაჭერა. საზოგადოების განვითარებამ ოჯახის მიმართ წაყენებული მოთხოვნები გარკვეულწილად დაამძიმა და ფუნქცები სხვა ინსტიტუციებზეც გადანაწილდა, თუმცა ძირითადი და მნიშვნელოვანი როლი ისევ მშობლებს ენიჭებათ.

აღზრდა – ეს არის პიროვნების ფორმირების მიზანმიმართული პროცესი, რომელიც ამზადებს ბავშვს სოციალური და კულტურული ცხოვრებისათვის. იგი მრავალმხრივი და რთული პროცესია, რომელშიც ბევრი მონაწილეა ჩართული. მთავარი მოქმედი პირები, რა თქმა უნდა, მშობლები და შვილები არიან. ოჯახი ბავშვისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლაა. ის სტრატეგიები და მიდგომები, რომლებსაც მშობლები ირჩევენ აღზრდის პროცესში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და განსაზღვრავს მის ფსიქიკურ სიჯანსაღეს.

ხშირად, მშობლები ისე ეპყრობიან ბავშვს, როგორც მათ ეპყრობოდნენ მშობლები პატარაობისას. არ ითვალისწინებენ იმ დროის მოთხოვნებს, რომელშიც მათ ბავშვს უწევს ყოფნა: „ ჩემს შვილს ჩემსავით კარგი ბავშვობა უნდა ჰქონდეს!“ ზოგჯერ მშობლებს არ მოსწონთ აღზრდის ის სტილი, რომელიც თავის თავზე გამოსცადეს და საკუთარი შვილების აღზრდაში საპირისპირო გზას ირჩევენ: „ჩემს შვილს ჩემზე უკეთესი ბავშვობა უნდა ჰქონდეს!“ ბავშვის თავისებურებები და დროის მოთხოვნა შეიძლება ისევ ყურადღების მიღმა დარჩეს. ყველაზე გავრცელებულია მშობლების არათანმიმდევრულობა აღზრდის პროცესში. მათი დამოკიდებულება და მოთხოვნები შვილის მიმართ დამყარებულია იმწუთიერ განწყობასა და სურვილებზე. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარების პროცესებზე.

აღზრდის სტილი სხვადასხვა წყაროებში

კურტ ლევინი ერთმანეთისგან განასხვავებს აღზრდის სამ სტილს: ავტორიტარულს, დემოკრატიულსა და ლიბერალურს(Lewin 1939).

  • ურთიერთობის ავტორიტარული სტილი გამოირჩევა მაღალი კონტროლით, მცირე რესპონსიულობითა და მკაცრი წესებით, რომლებიც შეუვალია. იგი ბავშვისგან მოითხოვს უსიტყვო მორჩილებას. ბავშვს აქ პასიური პოზიცია უკავია. აღმზრდელი ცდილობს აღსაზრდელით მანიპულირებას, არ ასწავლის მას საკუთარი ქცევის მართვას, ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მასზე. ამ დროს აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები უგულებელყოფილია.

  • ურთიერთობის დემოკრატიული სტილი წარმოადგენს აღსაზრდელზე ცენტრირებულ აღზრდის სტილს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის აქტიურ პოზიციას. აღმზრდელობითი ქმედება ტრანსფარენტულია/გამჭვირვალეა. აღსაზრდელი მიიჩნევა პარტნიორად, ზრდასთან ერთად მან უფრო და უფრო დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს. აღმზრდელი ქმნის ნდობისა და ურთიერთგაგების პირობებს, უყალიბებს აღსაზრდელს“ჩვენ” დამოკიდებულებას– ერთობლივი ქმედების სურვილს, ასწავლის საკუთარი ქცევის მართვას, დისციპლინა ხდება თვითრეგულირებადი, თვითმართვადი. მაშასადამე, ამ დროსსუფევს ღია კომუნიკაცია, სადაც ბავშვის თვალსაზრისი მოსმენილი და გათვალისწინებულია.

  • ურთიერთობის ლიბერალური სტილი – უფროსები ცდილობენ თანამშრომლობას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას “საბოლოო სიტყვა” ბავშვს ეკუთვნის. აღმზრდელები გამოირჩევიან ზედმეტი ტოლერანტობით აღსაზრდელთა საქციელის მიმართ, ბავშვები იშვიათად კონტროლდებიან, ამიტომ ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს და პირადი პასუხისმგებლობის შეგნება დაბალი აქვთ.

აღზრდის სტილები შესაძლებელია აღიწეროს ორი განზომილების საფუძველზე: 1. გამოწვევა, რომელიც მიგვითითებს, რამდენად მოელიან და მოითხოვენ აღმზრდელები აღსაზრდელებისგან მოწიფულ და პასუხისმგებლობით აღსავსე ქცევას; 2. ყურადღება, რომელიც მიგვითითებს, რამდენად ითვალისწინებენ და ყურადღებას აქცევენ აღმზრდელები აღსაზრდელთა მოთხოვნილებებს და ეხმარებიან მათ ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში.

გამოწვევისა და ყურადღების მაღალი და დაბალი კომბინაციით ვიღებთ ლევინის კლასიფიკაციაზე დაყრდნობით შექმნილ აღზრდის ბაუმრინდისეულ (Baumrind, 1991) ოთხ სტილს, სადაც პირველი სამი სავსებით იმეორებს ლევინისეულს:

  • ავტორიტარული სტილი – ბაუმრინდთანაც, ლევინის მსგავსად, ავტორიტარი აღმზრდელები აღსაზრდელებს უზღუდავენ დამოუკიდებლობას.
  • ავტორიტეტული სტილი – შეესაბამება ლევინისეულ დემოკრატიულ სტილს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღმზრდელები, რომლებიც აღზრდის ამ სტილს მისდევენ, არიან გულთბილნი, მაგრამ ამასთანავე კატეგორიულები. ისინი მაღალ სტანდარტს უწესებენ ბავშვის ქცევას, თუმცა ის უნდა შეესაბამებოდეს აღსაზრდელის მოთხოვნილებებსა და უნარებს. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აღსაზრდელთა ავტონომიასა და თვითგამორკვევას. ამავე დროს მათ შეგნებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა ბავშვის წინაშე, ისინი გონივრულ და პრობლემაზე ორიენტირებულ დისკუსიებს მართავენ აღსაზრდელებთან და კი არ უწესებენ მათ ქცევის წესებს, არამედ უხსნიან, კამათობენ მათზე.
  • პერმისიული(დამთმობი, შემწყნარებლური) სტილი – შეესაბამება ლევინისეულ ლიბერალურ სტილს. ამ ტიპის აღმზრდელებს მიაჩნიათ, რომ გადაჭარბებული კონტროლი ზღუდავს ბავშვის განვითარებას და ამიტომ შედარებით ნაკლებს მოითხოვენ ბავშვისგან, აძლევენ მას მეტ თავისუფლებას. ზოგიერთ კლასიფიკაციაში აღზრდის ეს სტილი მოხსენიებულია როგორც ქაოსური.
  • ინდიფერენტული(უყურადღებო) სტილის აღმზრდელები არ აკონტროლებენ ბავშვებს, მინიმალურ დროსა და ენერგიას უთმობენ მათ აღზრდას. ამან შესაძლოა აღმზრდელობითი მოვალეობის იგნორირებამდე მიგვიყვანოს. აღმზრდელებმა ცოტა რამ იციან აღსაზრდელების საქმიანობაზე, მათი მოცალეობის საათებზე (სად და როგორ ატარებენ ისინი თავისუფალ დროს). ისინი არ იჩენენ ინტერესს ბავშვების სასწავლო მიღწევებისა და მათი სამეგობრო წრისადმი.

გლენ ედლერმა აღზრდის სტილის კიდევ უფრო დაწვრილებითი კლასიფიკაცია შემოგვთავაზა. იგი გვთავაზობს აღზრდის შვიდ სტილს, რომელთაგან ზოგიერთი ლევინისეული და ბაუმრინდისეული აღზრდის სტილების იდენტურია, ხოლო ზოგიერთი ედლერის მიერ არის დამატებული:

  • აღზრდის ავტოკრატიული სტილი – იდენტურია ლევინისეული და ბაუმრინდისეული ავტორიტარული სტილის;
  • აღზრდის ავტორიტარული სტილი – ლევინისეული და ბაუმრინდისეული
    გაგებისგან განსხვავებით, ამ კლასიფიკაციაში აღზრდის ავტორიტარული სტილი გულისხმობს აღზრდის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა წახალისებადა დასჯა. ამ შემთხვევაში აღმზრდელი არ მიმართავს დარწმუნებას. აღსაზრდელის აზრს, მართალია, ისმენენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღმზრდელი განსაზღვრავს ყველაფერს. შესაძლებელია, აღზრდის ამ სტილს „მოჩვენებითად თანამშრომლობითი” ვუწოდოთ. ასეთი მიდგომა ზღუდავს აღსაზრდელის შემოქმედებით უნარს, ართმევს მას ინიციატივისა და თანამშრომლობის სურვილს, რადგან იგი ხედავს, რომ მის თვალსაზრისს არათუ არ იზიარებენ, არამედ იგნორირებასაც კი უწევენ. აღზრდის ეს სტილი აჩვევს ბავშვს სიყალბეს, ფარისევლობას, რადგან აღსაზრდელი შესაძლოა მიხვდეს, რომ აღმზრდელის თანამშრომლობა მასთან მოჩვენებითია.
  • აღზრდის დემოკრატიული სტილი – შეესაბამება ლევინისეულ დემოკრატიულ და ბაუმრინდისეულ ავტორიტეტულ მიდგომებს;
  • აღზრდის ეგალიტერული (თანასწორობისკენ მიმართული) სტილი – გულისხმობს აღსაზრდელისა და აღმზრდელის თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს. აღსაზრდელის თვალსაზრისს არათუ ითვალისწინებენ, არამედ მას იგივე წონა აქვს, რაც აღმზრდელისას.
  • აღზრდის პერმისიული(დამთმობი) სტილი – აღზრდის პროცესში აღმზრდელი ინიციატივას უთმობს აღსაზრდელს.
  • აღზრდის ლაისერ–ფაირ(Laisser-faire)(არა იძულებითი) სტილი – იგი ანტიპედაგოგიურადაა მიჩნეული. აქ აღზრდა გაგებულია როგორც არალეგიტიმური ღონისძიება ბავშვების მიმართ და, შესაბამისად, არ არის მიზნობრივად მიმართული.
  • აღზრდის ნეგირული (უარყოფა, სადავო) სტილიაქ არ შეიძლება ვილაპარაკოთ შეგნებულ აღზრდაზე. აღსაზრდელის საქციელზე აღმზრდელი არ ახდენს გავლენას, არ არსებობს აღმზრდელობითი ღონისძიებები და ინტერესი აღსაზრდელის განვითარების მიმართ.

აღზრდის სტილი „ზედმეტად მკაცრიდან” „ზედმეტად მიშვებულამდე”

image
პრაქტიკაში ერთი აღმზრდელობითი სტილი და მასთან დაკავშირებული აღმზრდელობითი მეთოდები ერთმანეთისგან აბსოლუტურად იზოლირებული არ არის. ხშირად გვხვდება აღმზრდელობით სტილთა კომბინაციები.

ბავშვის ქცევაზე, ხასიათზე, ცხოვრებაზე ოჯახის წევრების გავლენა და მათი როლი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ამ დროს დედასა და პატარას საერთო ემოციური განცდები აქვთ, რადგან მათი სისხლის მომიქცევის სისტემა ერთიანია. შესაბამისად, ხდება ემოციების, ფსიქოემოციური მდგომარეობის დედიდან შვილზე გადაცემა. ეს ერთიანობის შეგრძნება არ წყდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. ამ ფენომენს დედა-შვილის მიჯაჭვულობა ჰქვია და ამიტომ სასურველია, რომ 2 წლამდე ბავშვის გაზრდა-აღზრდაში დედა მაქსიმალურად იყოს ჩართული. ბავშვისთვის ასევე მნიშვნელოვანი ხდება ის ადამიანი, ვისი ხმაც მუცლადყოფნის პერიოდში ესმოდა და ვისთან ურთიერთობაც დედას ორსულობის დროს სიამოვნებდა. სწორედ ეს ადამიანები უქმნიან მას უსაფრთხოების შეგრძნებას. თუ ადამიანს უნდა რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, ამაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდშივე უნდა დაიწყოს და ხშირად ესაუბროს მას პოზიტიური ხმით. 2 წლის შემდეგ იწყება დედისა და შვილის გამიჯვნა და 3 წლის ასაკში ბავშვს “პირველადი მე“ უყალიბდება, თუმცა დედის როლი კვლავაც პირველადი და შეუცვლელი რჩება. 3 წლამდე მზრუნველ ადამიანებთან პატარას მტკიცე ემოციური კავშირი უყალიბდება, რომელიც არასდროს წყდება. მამა ხშირად უნდა იყოს ბავშვთან და მისი უსაფრთხოების გარანტი უნდა გახდეს. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეგრძნების მიღებაა და სწორედ მისი მიმცემები თამაშობენ დიდ როლს მის შემდგომ განვითარებაში. უსაფრთხოების გარანტი არ ნიშნავს მაინც და მაინც საფრთხისგან დაცვას. ბავშვისთვის უსაფრთხოების გარანტი ხდება ის ადამიანი, ვინც სიყვარულით, ჩხუბის გარეშე უვლის, აჭმევს. ამ დროს არავერბალური კონტაქტი მყარდება და ძალიან მნიშვნელოვანია ჟესტიკულაცია და სახე, რომლითაც ბავშვს უფროსი ეკონტაქტება. უფროსებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა ბავშვის ზოგად განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.

image

ადამიანის ხასიათის ძირითადი შტრიხები, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიჰყვება, 4 წლამდე ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ნებელობა, რომ ბავშვმა და შემდგომში ზრდასრულმა მიზანმიმართულად მართოს საკუთარი მოქმედება. ამ პროცესში ზედმეტი სიმკაცრე ხელისშემშლელად აღიქმება. ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მის მიმართ სიყვარულს ავლენენ, ეს მათ ემოციურად ჯანმრთელ და ძლიერებად აყალიბებს. ამას ადასტურებს ერიკსონის ნდობა-უნდობლობის სტადია, რომლის მიხედვითაც თბილი, ყურადღებიანი ზრუნვა ჩვილს სამყაროს მიმართ ნდობასა და რწმენას უყალიბებს. უნდობლობა იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც ჩვილი თავს არაკომფორტულად გრძნობს ან ცუდად ეპყრობიან. ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე. ბავშვთან დროის გატარება განამტკიცებს ურთიერთობებს და ასევე ბავშვს სხვებთან ურთიერთობასაც ასწავლის. ოჯახის ყველა წევრის ჩართულობა, შეთანხმებულად მოქმედება ნებსმიერ ასაკობრივ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია. თუმცა აქ როლების გადანაწილებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფროსები უნდა იყვნენ ადეკვატურები და თანმიმდევრულები.

image

ბავშვს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მიღებულია ყველას მიერ ისეთი, როგორიც არის. კმაყოფილების შეგრძნება, რომ მე მიღებული ვარ ჩემიანების მიერ, ბევრი ასოციალური ქცევის პრევენციას წარმოადგენს, შემდგომში ადამიანს ბევრ "გაუგებარ" სიტუაციაში მოხვედრისგან იცავს. როცა ბავშვს და მოზარდს მხარდაჭერა და გაგება არ აქვს ოჯახში, ის შემდეგ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ოჯახის გარეთ ეძებს და ხშირად არასწორ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე. როცა ბავშვი სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვა აზრებს ისემენს იგი იღებს ორმაგ სიგნალს და ურთიერთსაწიმააღმდეგო ხაზები ჩნდება მის ხასიათში. ეს კი პიროვნული განვითარებისთვის ცუდია, ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების სტაგნაციას იწვევს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Collins, W. A., & Russell, G. (1991). Mother-child and father-child relationships in middle childhood and adolescence: A developmental analysis. Developmental review, 11(2), 99-136.


  • გუგუნაშვილი, ზ. (2013). აღზრდის სტილი და მისი მნიშვნელობა ბავშვის პიროვნების ფორმირებისთვის. http://mastsavlebeli.ge/?p=2332

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0