x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
სასიამოვნო ემოციები და მათი მნიშვნელობა

imageარსებობს ათზე მეტი სასიამოვნო ემოცია და ყველა მათგანი უნივერსალურია. ისინი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც, მაგალითად, ბრაზი და შიში. თუმცა პრობლემა ისაა, რომ სიტყვები „ბედნიერება, სიხარული“ არ არის საკმარისად სპეციფიკური და მათში ხალხი გულისხმობს ერთ კონკრეტულ მდგომარეობას, როგორც მაგალითად „ნეგატიური“ არ გვეუბნება, ზუსტად რას გრძნობს ადამიანი - გაბრაზებას, შიშს თუ ზიზღს.

ემოციების კვლევების უმეტესობა ძირითადად ნეგატიურ ემოციებზეა ფოკუსირებული, რადგან ეს ემოციები პრობლემებს იწვევენ ადამიანებისთვის და უფრო მნიშვნელოვნად აღიქმება. თუმცა ეს ფოკუსი ნელ-ნელა ინაცვლებს სასიამოვნო ემოციებისკენ.

სასიამოვნო ემოციები მოტივაციას გვაძლევენ. გვიბიძგებენ იმის გაკეთებისკენ, რაც ჩვენთვის კარგია და ჩვენი სახეობის გადარჩენისთვის - აუცილებელი. მაგალითად, სექსუალური ურთიერთობები, ბავშვების გაზრდა და მათთან ურთიერთობა და ა.შ. უნდა განვასხვავოთ ჰედონიზმისგან, რადგან ალტრუისტულმა აქტებმაც ისევე შეიძლება გამოიწვიონ ბედნიერებმა, როგორც - ეგოისტურმა. შესაბამისად, სიამოვნების მიღება არ გულისხმობს ეგოისტურ საქციელს.

ზოგიართი მოსაზრების თანახმად, სიამოვნებისაკენ სწრაფვა ჩვენს ცხოვრებაში მოტივაციის მთავარი წყაროა. თუმცა ადამიანები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რომელი სასიამოვნო ემოციაა მათთვის პრიორიტეტული. ამის საფუძველზე ახდენენ საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას. ეს პრიორიტეტები კი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს.

არსებობს რამდენიმე სიტუაცია, რომელიც სასიამოვნო ემოციას იწვევს ყველა კულტურასა და დროში. მაგალითად, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავენ და დიდი ხანია არ გვინახავს, უნივერსალური სიამოვნების მომგვერლი სიტუაციაა. უნვიერსალურია ასევე სექსუალური ურთიერთობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის გვერდით ყოფნა. მართალია, ეს სიტუაციები უნივერსალურია, მაგრამ მათზე გავლენას ახდენს ჩვენი გამოცდილება.

პოზიტიურ ემოციებთან შეიძლება დაკავშირებული იყოს რომელიმე ემოციური აშლილობა. მაგალითად, სასიამოვნო ემოციების შეგრძნების უნარის არქონა არის ანჰედონია, მათი გადაჭარბებული შეგრძნება - მანია.

არსებობს რამდენიმე პოზიტიური ემოცია, რომლის აღსაწერი სიტყვაც მხოლოდ კონრკეტულ ენებში არსებობს. მაგალითად,

Fiero - იტალიური სიტყვაა, რომლის შესატყვისიც ქართულში არ არის. გულისხმობს იმ ემოციას, რომელიც გვეუფლება გამოწვევის წარმატებით დაძლევის შემდეგ, თუმცა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სიამაყის ან კმაყოფილების გრძნობა. იმით ხასიათდება, რომ არ არის საჭირო, სხვებს დავანახოთ ჩვენი მიღწევა, უბრალოდ იმის ცოდნა, რომ მივაღწიეთ, საკმარისია. მისი გამომწვევი სიტუაცია შეიძლება იყოს ათლეტური მიღწევა, ან მეცნიერული აღმოჩენა. განსხვავდება ტრიუმფისგან, რადგან ტრიუმფი გულისხმობს, რომ რაიმე შეჯიბრი უნდა იყოს, რომლის მოგებასაც მოაქვს სიახრული, თუმცა fiero-ს შემთხვევაში შეჯიბრი არაა საჭირო.

Naches (იდიში) - ემოცია, რომელსაც განიცდის მშობელი, როცა მისი შვილი მიაღწევს რამე განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს. ხასიათდება, როგორც „სიამაყე და სიამოვნება, რომლის მიცემაც მხოლოდ შვილს შეუძლია მშობლისათვის“. მასთან დაკავშირებული ცნებაა kvell, რომელიც ამ ემოციის გარე გამოხატულებაა.

ზოგიერთი მშობელი არ გრძნობს ამ ემოციას როცა შვილი მასზე (მშობელზე) მეტს მიაღწევს, რაც დესტრუქციულია როგორც შვილისთვის, ისე - მშობლისთვის. ეს მაგალითი იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ არის რაღაც ემოციები, რომლის განცდაც არ შეუძლია ყველა ადამიანს. იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უუნარობის გამო.

Schadenfreude (გერმანული) - ემოცია, რომელიც აღმოცენდება მაშინ, როცა ჩვენი მტერი იტანჯება. ბევრ ადგილას (დასავლეთში) ცუდ ტონად ითვლება და სხვა ხალხის თანდასწრებით ძირითადად არ გამოიხატება.

სასიამოვნო ემოციებისათვის დამახასიათებელია ღიმილი. თუმცა იმ ემოციების მიხედვით, რომელსაც მოცემულ მომენტში განვიცდით, შეიძლება იცვლებოდეს მისი ინტენსივობა ან ხანგრძლივობა. შესაბამისად, მარტო ღიმილით რთულია დავასკვნათ, თუ რომელ ემოციას განიცდის სხვა ადამიანი. ამაზე დამატებით ინფორმაციას გვაძლევს ხმა - შეგვიძლია ვოკალური სიგნალებით ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ რომელ ემოციას განიცდის ჩვენი თანამოსაუბრე.

ღიმილმა შეიძლება შეცდომაშიც შეგვიყვანოს, რადგან ზოგჯერ საერთოდ არ გამოხატავს სასიამოვნო ემოციებს და შეიძლება ადამიანი მხოლოდ ზრდილობის გამო იღიმოდეს. თუმცა არსებობს განმასხვავებელი ნიშანი გულწრფელ და ყალბ ღიმილს შორის, რომელიც ფრანგმა ნევროლოგმა, დუშენმა აღმოაჩინა. მისი კვლევის თანახმად, გულწრფელი ღიმილის დროს აქტივირდება კუნთი orbicularis oculi, რომელიც მდებარეობს ზედა ქუთუთოსთან და რომლის თვითნებურად გააქტიურებაც ადამიანს არ შეუძლია. ამ კუნთს ორი ნაწილი აქვს, შიდა ნაწილი ჭიმავს კანს ქუთუთოებზე, ხოლო გარე - მთლიანი თვალის გარშემოა და წარბის და წარბს ქვემოთ კანის დაჭიმვას განაპირობებს. ამ ყალბ ღიმილს ეწოდა დუშანის ღიმილი. ის გვხვდება არამარტო ზრდასრულებში, არამედ - ბავშვებშიც, რომლებიც დუშენის ღიმილით უღიმიან უცხო ადამიანს, ხოლო დედას - „გულწრფელი“ ღიმილით.

ქვემოთ მოცემულ სურათზე გამოსახულია გულწრფელი ღიმილი (პირველი ფოტო) და დუშენის ღიმილი (მეორე ფოტო).

image

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:გოცირიძე ელენე
გოცირიძე ელენე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0