x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
როგორ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს წიგნები
image

სკოლამდელ ასაკში ბავშვისათვის წიგნების წაკითხვას არაერთი სარგებელი აქვს. მაგალითად, ადრეულ ასაკში წიგნებთან ურთიერთობა ხელს უწყობს ბავშვებში სკოლის მსგავსი ორიენტაციის ჩამოყალიბებას. წიგნების ენის სამეტყველო ენისაგან განსხვავებების გამო, დაწყებით კლასებში ზოგიერთ ბავშვს უჭირს წიგნის ენაზე ტრანზიცია. მაგალითად, ყოველდღიურ მეტყველებაში ერთმანეთთან მოსაუბრე ადამიანები ერთ კონტექსტში იმყოფებიან, შესაბამისად ინფორმაციის დიდი ნაწილი გამოტოვებულია საუბრიდან, რადგან თავისთავად იგულისხმება, რომ მოსაუბრე ამ ინფორმაციას კონტექსტიდან გამომდინარე იღებს. ნებისმიერი ორაზროვნება შესაძლებელია ადგილზევე გაირკვეს და შესაბამისად, არასწორი ინტერპრეტაციისა და გაუგებრობების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება წიგნის ენას, ის უფრო მეტად სპეციფიკურია, ვიდრე - სასაუბრო და უფრო მეტი ინფორმაციის სიტყვებით გადაცემა ხდება საჭირო, ვიდრე - საუბრისას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სკოლამდელ ასაკში ბავშვებისათვის იმ წიგნების წაკითხვა, რომლებიც სამეტყველო და ლიტერატურულ ენას შორის შუალედურ ენას იყენებს, ეხმარება ბავშვებს ამ ტრანზიციაში. თუმცა საინტერესოა, ეხმარება თუ არა ეს აქტივობა ბავშვს კითხვის ათვისებაში?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავითვალისწინოთ, თუ კონკრეტულად რა ხდება კითხვის პროცესში მშობელსა და შვილს შორის. კვლევების უმეტესობაში აღმოჩნდა, რომ კითხვის პროცესში ბავშვის ყურადღება მიმართულია წიგნის ილუსტრაციებისკენ და არა ასოებისაკენ. ამ შემთხვევაში მშობელთან ერთად კითხვა ნაკლებად ეხმარება მას კითხვის ათვისებაში. თუმცა არსებობს კითხვის კონკრეტული სტილი, რომელიც ბავშვს ეხმარება, ყურადღება მიაქციოს ნაწერს და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი კითხვის პროცესიდან. ციკლური, ანუ დიალოგური კითხვა მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  • მშობელი ბავშვს უსვამს შეკითხვებს, სანამ დაიწყებენ წიგნის კითხვას, რათა მოამზადოს კითხვისათვის;
  • კითხვის პროცესში კომენტარებით წაკითხულის შინაარსს უკავშირებს ბავშვის გამოცდილებას;
  • იყენებს პოზიტიურ განმტკიცებას და ბავშვს აწვდის უკუკავშირს მის პასუხებსა და კომენტარებზე;
  • წაკითხვის შემდეგ უსვამს კითხვებს.
დიალოგური კითხვისას მშობელი წაკითხულის შინაარსს უკავშირებს ბავშვის ემოციურ გამოცდილებას და პარალელებს ავლებს წაკითხულის შინაარსსა და ბავშვის წარსულს შორის. ისტორიის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება უადვილებს ბავშვს ამ ისტორიის გაგებას.


დიალოგური კითხვისას გამოყენებული კომენტარები შეგვიძლია განვიხილოთ "სამი გოჭის" მაგალითზე:


დასრულების ტიპის კომენტარები:

„როდესაც გოჭმა კარი არ გააღო, მგელმა თქვა...“

„უმცროსი გოჭის სახლი არ დაინგრა, რადგან...“

გახსენებაის ტიპის კითხვები:

„რა თქვა მგელმა?“

„უმცროსი გოჭის სახლი რისგან იყო აშენებული?“

ღია კითხვები:

„რატომ არ უნდოდა გოჭს მგლისთვის კარის გაღება?“

„სინამდვილეში რატომ უნდოდა მგელს გოჭის სახლში შესვლა?“

ისტორიიდან დისტანცირება:

„ოდესმე უცხო ადამიანს დაუკაკუნებია შენი სახლის კარზე?“

„როცა გაიზრდები როგორი სახლის აშენება გინდა?“

თუმცა, ზოგიერთი ავტორის თანახმად, დიალოგური კითხვა შეიძლება არ იყოს აუცილებელი კომპონენტი ყველა ასაკის ბავშვთან. მაგალითად, უმცროსი ასაკის ბავშვებს დიალოგური კითხვა უფრო ეხმარება ნარატივის სტრუქტურისა და ტექსტის დეტალების გაგებაში, ხოლო ხუთი წლის ბავშვები ამას დიალოგური კითხვის გარეშეც ახერხებენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფროსი ასაკის ბავშვები ერთად კითხვისაგან იმ შემთხვევაშიც იღებენ სარგებელს, თუ მშობლები დიალოგური კითხვის პრინციპების გამოყენების გარეშე უკითხავენ. ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ უფროსი ასაკის ბავშვებს უკვე აქვთ გარკვეული კითხვის უნარები და ეს აქტივობა მათთვის ნაცნობია.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:გოცირიძე ელენე
გოცირიძე ელენე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0