x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
თვითცნობიერება და საკუთარი თავის აღქმა

image
ზოგადად ცნობილია, რომ კორელაცია საკუთარი თავის შეფასებასა და რეალურ უნარებს შორის მხოლოდ 0.2-ია. ადამიანები მიდრეკილნი ვართ საკუთარი უნარების უფრო გადაჭარბებულად შეფასებისაკენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ევოლუციის პროცესში შეგვიძლია ვეძებოთ: ჩვენი წინაპრებისათვის, რომლებიც მხოლოდ ხის მშვილდ-ისრებით იყვნენ შეიარაღებულნი, აუცლებელი იყო საკუთარი უნარების გადაჭარბებულად შეფასება, რათა სანადიროდ წასვლა გაებედა. თანამედროვე სამყაროში კი ამას ის განაპირობებს, რომ ჩვენ იშვიათად ვიღებთ ადეკვატურ უკუკავშირს შესრულებულ სამუშაოზე: ხშირად ის არის დამახინჯებული, ფოკუსირდება მხოლოდ დადებით ასპექტებზე, რადგან უფრო რთულია უარყოფითი უკუკავშირის მიცემა. როცა ვინმე გვაკრიტიკებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს კრიტიკა გავანეიტრალოთ და მივაწეროთ არა ჩვენს სისუსტეებს, არამედ - შემფასებლის მიკერძოებულობას ან გარე ფაქტორებს.

მსუბუქად გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე შეიძლება სასრგებლოც კი იყოს: ადამიანებს, რომლებიც იმაზე უკეთ აფასებენ თავის თავს, ვიდრე არიან, ცხოვრებით კმაყოფილების უფრო მაღალი დონე აქვთ და უფრო მეტი მეგობრები ჰყავთ. თუმცა აქ არაა ცხადი, რომელი რომელს განაპირობებს: ცხოვრებით კმაყოფილება იწვევს მაღალ თვითშეფასებას თუ პირიქით. პრობლემები შეიძლება იმ შემთხვევაში შეგვექმნას, თუ საკუთარი უნარების არასწორად შეფასება პროფესიის არასწორად არჩევამდე მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ხდება იმ ტექნიკების სწავლა, რომელიც ჩვენი თავის სწორად შეფასებაში დაგვეხმარება.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები უკეთ ვაფასებთ კონკრეტულ უნარებს, ვიდრე - ზოგადს. მაგალითად, უფრო ზუსტი იქნება შეფასება თუ ადამიანს ვთხოვთ, რომ შეაფასოს საკუთარი უნარები ბადროს ტყორცნაში, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ვთხოვდით ზოგადად სპორტული უნარების შეფასებას. გარდა ამისა, უფრო მარტივად ხდება საკუთარი თავის შეფასება მარტივ დავალებებში, ვიდრე - კომპლექსურში. მაგალითად, ცურვაში საკუთარი კომპეტენციის შეფასება უფრო მარტივია, ვიდრე - წყალბურთში. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ სხვა ადამიანები გაცილებით უფრო სწორად გვაფასებენ, ვიდრე - ჩვენ ვაფასებთ საკუთარ თავს. მაგალითად, კოლეგებსა და მეგობრებს უკეთ შეუძლიათ ჩვენი რეალური კომპეტენციების შეფასება, ვიდრე - ჩვენ.

ფსიქოლოგები გვაძლევენ რამდენიმე რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარიდოთ თავი ჩვენი უნარების არასწორ შეფასებას:

  • დავიცვათ თავი ზედმეტი ოპტიმიზმისგან

აქ იგულისხმება, რომ უნდა დავისახოთ რეალისტური მიზნები და დავყოთ ის ქვე-მიზნებად, რათა შეგვეძლოს მიზნის მისაღწევად რეალისტური გზის დასახვა. მიზნის მიღწევაში არ უნდა ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტები და უარი არ ვთქვათ სხვების დახმარებაზე.

  • მხედველობაში მივიღოთ წარსული წარმატებები და წარუმატებლობები

არ უნდა ვიყოთ მხოლოდ მომავალზე ფოკუსირებული და უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი წარსული გამოცდილება. წარსულში მიღწეული წარმატებები ინფორმაციას გვაწვდის იმ უნარების შესახებ, რომლებიც რეალურად გავქვს, ხოლო წარუმატებლობის მიზეზების გაანალიზება დაგვეხმარება მომავალში იგივე შეცდომებს თავი ავარიდოთ.

  • ვთხოვოთ სხვებს, რომ შეაფასონ ჩვენი პოტენციალი კონკრეტულ სფეროში

იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ადამიანებს უფრო სამართლიანად შეუძლიათ ჩვენი შეფასება, ვიდრე - ჩვენ, მიზანშეწონილია მათი აზრის გათვალისწინება. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რისკი, კერძოდ - ჩვენი გარშემომყოფების მიკერძოებები. მაგალითად, თუ ჩვენი უნარების შეფასებას ვთხოვთ ძალიან ახლო მეგობრებს, შეიძლება მხოლოდ დადებითი შეფასება მივიღოთ, რადგან ახლო მეგობარი ამ შემთხვევაში არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე უფრო მიზანშეწონილია იმ ადამიანების გამოკითხვა, ვისაც ჰქონია შესაძლებლობა, ჩვენს უნარებს რეალურად დაკვირვებოდა, მაგალითად მასწავლებელს, კოლეგას და ა.შ. უკიდურეს შემთხვევაში შეგვიძლია ზედმეტად პოზიტიური და ზედმეტად ნეგატიური შეფასებები მხედველობაში არ მივიღოთ.

უნდა ითქვას, რომ საკუთარ უნარებზე ინფორმაციის არქონის აღიარებაც კი შეიძლება სიბრძნედ ჩავთვალოთ, ამას კი ისტორიიდან შემორჩენილი ამბავი გვეუბნება:

ათენელი პოლიტიკოსი მივიდა დელფის ქურუმთან და ჰკითხა, სოკრატეზე ბრძენი ადამიანი თუ არსებობდა, რაზეც უარი მიიღო. როცა სოკრატემ ამის შესახებ გაიგო, ძალიან გაბრაზდა, რადგან რამდენიმე თანამოქალაქეს საკუთარ თავზე ჭკვიანად მიიჩნევდა. მან გამოჰკითხა რამდენიმე პოეტი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა განათლებულ ადამიანად მიიჩნია, დაინახა, რომ აცერთ მათგანს არ შეეძლო საკუთარი არაადეკვატურობის გაგება. ამ აღმოჩენის შემდეგ სოკრატე მიხვდა, რომ ქურუმს სიმართლე უთქვამს, რადგან მხოლოდ სოკრატეს შეეძლო იმის მიხვედრა და აღიარება, რომ თავისი ცოდნა და სიბრძნე არაფერს არ წარმოადგენდა ღმერთების ცოდნასთან შედარებით. საკუთარი სიბრძნის შეზღუდვების შესახებ ცოდნის ქონით სოკრატე ყველა თანამოქალაქეს აჭარბებდა, შესაბამისად მართლად ის იყო ყველაზე ბრძენი ათენელი.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:გოცირიძე ელენე
გოცირიძე ელენე
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0