x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
არაბული გაზაფხულის დასაწყისის ფსიქოლოგიური ანალიზი

image

2011 წელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოხდა მოვლენები, რომელთაც მსოფლიო მასმედიამ “არაბული გაზაფხული“ უწოდა. მოვლენები დაიწყო 2010 წლის 17 დეკემბერს, როცა ტუნისის ერთ პროვინციულ ქალაქში ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე მუჰამედ ბუაზიზის მიმართ გამოჩენილი პოლიციური უსამართლობა (რაც არაბულ ქვეყნებში ლამის ჩვეულებრივი ამბავია) ტრაგიკულად დამთავრდა. სამართლდამცავებმა მას სასწორიც ჩამოართვეს, ვაჭრობა აუკრძალეს და მიაყენეს პირადი შეურაცხყობა. ბუაზიზს არ ჰქონდა თანხა, რომ ქრთამით თავიდან მოეშორებინა პოლიცია და ისედაც სიღარიბის უკიდურეს ზღვარზე მყოფი სამუშაოს გარეშე დარჩა. სასოწარკვეთის, უსამართლო ზეწოლისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მან ქალაქის მერიის წინ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

image

ამ ინციდენტს უკვალოდ არ ჩაუვლია და ტუნისის მოსახლეობის მიერ მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების მიზეზი გახდა. ამბის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაიგეს, რომელთაც მთელ ტუნისში ააგორეს საპროტესტო ტალღა. ტელევიზიამ, მობილურმა ტელეფონმა, ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა განაპირობა ის, რომ პროტესტმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ხალხში რეჟიმის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილმა უკმაყოფილებამ გამოსავალი იპოვა.

გამოსვლებს დემონსტრაციების დაშლის მიზნით პოლიციის მხრიდან უხეში მცდელობები მოჰყვა, რამაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამ ფაქტმა პროტესტი მკვეთრად გაამძაფრა. არმია კონფლიქტში არ ჩაება და ფაქტობრივად განუდგა პრეზიდენტ ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის, რომელიც იქამდე 23 წლის განმავლობაში რკინის ხელით მართავდა ქვეყანას. 2011 წლის 14 იანვარს ბენ ალი ოჯახთან ერთად გაიქცა საუდის არაბეთში და, როგორც მერე გაირკვა, ხელს გააყოლა ტუნისის სახელმწიფო ბანკის 1, 5 ტონა ოქრო. რევოლუციის შემდეგ ტუნისის ახალი ხელისუფლება დემოკრატიული გზით აირჩიეს და ტუნისში მოვიდა ლეგიტიმური მთავრობა, ისლამისტთა-აღორძინების პარტია, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟიუპემ და ა.შ.შ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. იქ მართლაც გატარდა გარკვეული რეფორმები.

ვინაიდან ყველა არაბულ ქვეყანაში სატელევიზიო გადაცემები სალიტერატურო არაბულ ენაზე მიმდინარეობს, ტუნისის ამბებს სხვაგანაც ადევნებდნენ თვალს. კატარში ბაზირებულმა ტელეარხმა “ალ-ჯაზირამ” კი ეს ამბები მთელს მსოფლიოში გაავრცელა. ტუნისის რევოლუციის სწრაფმა წარმატებამ “დომინოს ეფექტით” საპროტესტო აფეთქების დეტონატორის როლი ითამაშა მრავალ არაბულ ქვეყანაში, სადაც ხალხი ასევე უკმაყოფილო იყო თავისი კორუმპირებული მთავრობით: “თუკი ტუნისელებმა შეძლეს, ჩვენც შეგვიძლია მოვიშოროთ ჩვენი მტარვალები!“ საყოველთაო ლოზუნგად იქცა “ხალხი მოითხოვს რეჟიმის დამხობას”. 2011 წლის იანვარშივე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები იორდანიაში, ომანში, იემენში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში, შემდეგ – სირიაში და ჩრდილოეთ აფრიკის არაბულ ქვეყნებში.

დასავლეთის მასმედიამ 2011 წლის მოვლენებს სახელად “არაბული გაზაფხული” უწოდა, რადგან გაჩნდა იმედი, რომ არაბმა ხალხებმა ზამთრის ძილისაგან გამოიღვიძეს, კორუფციას დაუპირისპირდნენ, მალე დემოკრატიული გარდაქმნების მომსწრე გახდებოდნენ!

არაბული გაზაფხულის გამომწვევი მიზეზები:

“არაბული გაზაფხულის” თავდაპირველი წარმატებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა შიდა პრობლემები. მათ შორის: არაბულ ქვეყნებში ახალგაზრდა ასაკის ადამიანთა ძალიან სწრაფად მზარდი რაოდენობის დაუსაქმებლობა; ურბანიზაციის შედეგად სოციალური კონტროლი შესუსტებულია; მოსახლეობის ინფორმირებულობა გაიზარდა; კულტურულმა მოთხოვნილებებმა მოიმატა; სოციალური მობილობის შეზღუდულობა უკმაყოფილებას იწვევს; ხელმძღვანელების უცვლელი მმართველობა ელიტარული კორუფციის საფუძველია; არჩევნები გაყალბებით ტარდება (თუ საერთოდ ტარდება!); ელიტებს დაუოკებელი მომხვეჭელობა ახასიათებთ და ა.შ. ეს სავსებით საკმარისი ფაქტორებია დიდი სოციალური ძვრებისათვის. ეს მიზეზები ძირითად ერთიანდება შემდეგ ფაქტორებში:

  • ერთ-ერთ მიზეზად სახელდება დემოგრაფიული აფეთქება. გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით, არაბული ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდა 1975-2005 წლების ინტერვალში და 324 მილიონი გახდა. პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების დონე ბევრად ჩამორჩებოდა მოსახლეობის რაოდენობის ზრდას. ახალგაზრდების ხვედრითი წილი არაბულ ქვეყნებში გაცილებითა აღემატება ხნიერი ასაკის მოსახლეობის ხვედრით წილს. ამ ქვეყნების მთავრობებს არ შეეძლოთ მათი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა, რამაც ახალგაზრდები რევოლუციურ მასად აქცია.
  • მომდევნო მიზეზი უმუშევრობა და სოციალური დაუცველობაა. დონ ტეპსკოტის სტატიაში აღნიშნულია, რომ რეგიონის მოსახლეობის ახალგაზრდა მასის 25%-ს არ შეეძლო სამსახურის პოვნა.
  • არაბული რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური სისტემა და ელიტა. ისინი კვლავ ჩაძირულნი არიან კორუფციაში და ადამიანის უფლებების მხრივ ჯერ კიდევ რთულადაა საქმე. მრავალწლიანი მმართველობები, არჩევნებების სისტემატური გაყალბება, ელიტების მომხვეჭელობა ზრდის საპროტესტო მუხტს მოსახლეობაში.
  • მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და სოციალური ქსელები. მასების დამორჩილება მარტივია, როდესაც მათ ვიწრო თვალსაწიერი აქვთ. გაუნათლებლობა ამ რეგიონში ავტორიტარული რეჟიმების წისქვილზე ასხამდა წყალს, ვინაიდან გაუნათლებელ მასებს ნაკლები მოთხოვნები აქვთ საკუთარი მთავრობის მიმართ, განათლების დონის ამაღლებას თან ახლავს მოთხოვნილებების ზრდა, მათ შორის აზრის თავისუფლად გამოთქმის. ამასთანავე, გლობალიზებულ სამყაროში ადამიანთა გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში საგრძნობლად გამარტივდა. არაბული ქვეყნებიდან ევროპაში წასულ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა შეედარებინათ საკუთარი რეჟიმი და სოციალური პირობები განვითარებულ ქვეყნებთან, მკვეთრი დიფერენციაცია პროტესტს აღძრავდა საკუთარი რეჟიმების მიმართ არაბულ მოსახლეობაში.

მართალია, ტუნისში დაწყებულმა მღელვარებამ თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონები მოიცვა, მაგრამ, სამწუხარო რეალობაა, რომ ტუნისის გარდა, რეალური შედეგი არსად გვაძლევს “არაბული გაზაფხულის” საბოლოო წარმატებაზე საუბრის საშუალებას. „არაბული გაზაფხულის“ ფარგლებში დაწყებული მშვიდობიანი დემონსტრაციები სირიაში კომპლექსურ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 2015 წლის შემოდგომისათვის, „სირიის ადამიანის უფლებათა ზედამხედველობის ცენტრის“ მონაცემებით ომის დროს 240 381 ადამიანია დაღუპული. ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, დაღუპულებისა და უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების საერთო რაოდენობა 330 000-ზე მეტია. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. აღსანიშნავია, რომ სირია ძნელად ხელმისაწვდომი ტერიტორიაა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისათვის. შესაბამისად, ომის პერიოდში მოპოვებული ცნობებისა და სტატისტიკის შინაარსზე და სანდოობაზე საუბარი რთულია. კონფლიქტის შედეგად სირიის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა, 12 მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა. მათი უდიდესი ნაწილი, დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი საკუთარი ქვეყნის შიგნით იმყოფება დევნილობაში. ორმა მილიონმა მიგრანტმა ბინა თურქეთის ბანაკებში დაიდო. მილიონმა ადამიანმა თავი ლიბანს შეაფარა. გაეროს მონაცემებით 600 000-მდე სირიელი თავს იორდანიაში აფარებს.

მხარეთა ასპირაციები ტუნისში მიმდინარე მოვლენებში:

  • დემონსტრანტების: სამართლიანი კანონმდებლობისა და მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნა
  • მთავრობა: ჩაეხშოთ პროტესტის ტალღა და შეენარჩუნებინათ მმართველობა.

კონფლიქტის მოდელები

სპირალური მოდელი წარმოდგენს ესკალაციის ჩაკეტილ წრეს. იგი ქმედებების და უკუქმედებების შედეგია. პირველი მხარის შემტევი ტაქტიკები აძლიერებს ასეთივე შეტევით ქცევას მეორე მხრიდან, რაც იწვევს პირველის მეტოქეობის პროვოცირებას, რითაც წრე იკვრება და იწყება ესკალაციის ახალი აღმასვლა. მსუბუქ ტაქტიკას ცვლის მძიმე, რადგან ყოველი ახალი რეაქცია უფრო მწვავე და ძლიერია, ვიდრე მისი გამომწვევი ქცევა. ამ შემთხვევაში წრე იწყება პოლიციის მიერ მუჰამედ ბუაზიზის მიმართ გამოჩენილი უსამართლო ქმედებებით, რასაც საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, ქალაქის მერიის წინ მუჰამედ ბაზუკის მიერ თავის დაწვა მოჰყვა. გამოსვლებს დემონსტრაციების დაშლის მიზნით პოლიციამ უხეში მცდელობებით უპასუხა, ამან პროტესტის გამძაფრება გამოიწვია და არმია განუდგა პრეზიდენტს. სპირალის შემდეგი “ნაბიჯი“ ბენ ალის ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში გაქცევა იყო.

სტრუქტურული ცვლილებების მოდელი: ერთი მხარის მძიმე ტაქტიკას შეუძლია გამოიწვიოს სტრუქტურული ცვლილებები, ეს კი ხელს უწყობს მეორე მხარის მიერ მძიმე ტაქტიკის გამოყენებას, რაც თავის მხრივ, უბიძგებს ესკალაციის ახალი ციკლის წამომწყები სტრუქტურული ცვლილებების გაჩენას.

სტრუქტურულ ცვლილებებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ 3 სახე:

  • ცალკეული ინდივიდების ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილება, (მუჰამედ ბუაზიზის მიერ თავის დაწვა).
  • ჯგუფების სტრუქტურისა და ფუნქციონირების ცვლილება (პრეზიდენტ ბენ ალის გაქცევა, და შემდეგ მთავრობის სტრუქტურის ცვლილება, კერძოდ მთავრობაში ლეგიტიმური ძალის ისლამისტ-ამაღორძინებელთა მოსვლა).
  • იმ საზოგადოების ბუნების ცვლილება, რომელსაც მიეკუთვნებიან კონფლიქტის მხარეები. (პროტესტის ტალღის აგორება და შემდგომ პროტესტის გამძაფრება, პოლიციის აგრესიული ქმედებების გამძაფრება, არმიის განდგომა).

გამოყენებული ლიტერატურა:

გაჩეჩილაძე, რ. (2011). ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური გეოგრაფია. აღებულია ბმულიდან:https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/reader%20r.gachechiladze.pdf?fbclid=IwAR3d5NkWDy4NuOnce8NA0OMUWBaxxZsqIMMxKepOHfPWaCl5y4p6CIPc8yc.15.12.19


გაჩეჩილაძე, რ. ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა. თბილისი, ბაკურსულაკაურის გამომცემლობა, 2011 (მესამე გამოცემა);


ბატიაშვილი, ზ. (2017). სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღებულია ბმულიდან: https://www.gfsis.org/ge/blog/view/723?fbclid=IwAR3HTWTpMhRB01gnYnmpeLCjKx6Say71Pm1n3yN-1-sP7rY7ziC_JQFvxyQ. 16.12.19


Fabiansocialists.wordpress. (2015). სირიის ომი: ძირითადი საკითხები. აღებულია ბმულიდან: https://fabiansocialisthttps://fabiansocialists.wordpress.com/2015/11/28/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98/s.wordpress.com/2015/11/28/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98/. 15.12.19.

0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0