საზოგადოება ქსენოფობიური განწყობები, სტერეოტიპები და კაცობრიობა 2020, 3 თებერვალი, 11:03
სტერეოტიპული აზროვნება და ქსენოფობია უცხო არ არის, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία) ნიშნავს უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიშს და მას დიდი ხნის ისტორია აკავშირებს ადამიანთა მოდგმასთან. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ზოგჯერ ცრუს და ზოგჯერ ნამდვილს, რომ განხილვის ობიექტი რაღაცით უცხოა, ან რაიმე ნიშნით განსხვავებულია. ქსენოფობია ადამიანებს უბიძგებს გაუმართლებელი და დესტრუქციული ქმედებებისკენ, რაც ხშირად დისკრიმინაციის საფუძველი ხდება.
ტერმინი ქსენოფობია ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ პირთა მიმართ შიშით გამოწვეული სიძულვილის გამოსახატავად, მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. არსებობს ქსენოფობიის სხვა ფორმებიც, როგორიც არის შოვინიზმი - სხვა ერების სიძულვილი, ან ჰომოფობია, - განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირთა მიუღებლობა და ამ ნიადაგზე მათი დევნა, ჩაგვრა და ძალადობაც კი, რომელსაც მიმართავენ რელიგიური, ეთიკური და სხვა მოტივებით შენიღბული ქსენოფობები.
ქსენოფობიის ნიადაგზე წარმოქმნილი დისკრიმინაციის და მასობრივი ძალადობის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება თუნდაც მეორე მსოფლიო ომში ებრაელთა მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს იყო სიძულვილის ნიადაგზე დამყარებული სისხლისღვრა და განუკითხაობა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შეუწყნარებლობის და ქსენოფობიის კლასიკურ მაგალითად გამოდგება ასევე ფერადკანიანთა ჩაგვრაც, რომელსაც გასულ საუკუნეებში არაერთი არეულობა, ძალადობა, განუკითხაობა და სისხლიანი მსხვერპლი მოჰყვა.
აქვე შეიძლება გავიხსენოთ ჯვაროსნული ომები, ინკვიზიცია, თუ სხვა დანაშაულები, რომლებიც ქრისტეს და რჯულის სახელით იქნა ჩადენილი და „მართლდებოდა“ ვითომდა ეთიკური ნორმების დაცვის მოტივით. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით რას ქადაგებს ქრისტეს მოძღვრება, რომლის მთავარ დოგმად მიჩნეულია 10 მცნება, ხოლო კრედოდ - მიმტევებლობა, შემწყნარებლობა და სიყვარული, არა მხოლოდ მოყვასის, არამედ მტრისაც. „შეიძულე ცოდვა და შეიყვარე ცოდვილი“ – არის მიდგომა ქრისტიანული სწავლებიდან.
ცნობილია, რომ საზოგადოების პროგრესული, განათლებული ნაწილისათვის, მიუღებელია ქსენოფობიის ნებისმიერი ფორმა. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. ოსტორიას შემორჩა კაცობრიობის მიერ ქსენოფობიური განწყობების მსხვერპლთა არაერთი სამარცხვინო მაგალითი. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.
1431 წელს, ჟანა დარკი, რომელიც ბრიტანელებს საეჭვოდ მიაჩნდათ, ცოცხლად დაწვეს როუენის მოედანზე. ეპისკოპოსმა მოტყუებით აიძულა საწყალი, გაუნათლებელი გოგონა, ხელი მოეწერა მის განაჩენზე. ჟანას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში, მაგიაში, სულების გამოძახებასა და ერესში. სიკვდილით დასჯის დროს, ქალაქის ყველა მკვიდრი სინანულს გამოხატავდა და ტიროდა. რამდენიმე წლის შემდეგ, სასამართლომ სრულად გაამართლა და ცილისწამების მსხბერპლად სცნო ჟანა დარკი, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში კათოლიკურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.
ჯორდანო ბრუნო - ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, პოეტი, კოსმოსური ასტროლოგი, ცნობილია მისი ფილოსოფიური პოზიცია კოსმოსური პლურალიზმის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ სამყარო უსასრულოა და არ შეიძლება ჰქონდეს "ცენტრი". რომაულმა ინკვიზიციამ ბრუნოს ერესში დასდო ბრალი, იგი დამნაშავედ სცნეს და დაწვეს 1600 წელს რომში. გარდაცვალების შემდეგ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, მოგვიანებით ვატიკანმა სინანუი გამოთქვა მომხდარის გამო. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ მისი ერესის სასამართლო პროცესი არ იყო პასუხი მისი ასტრონომიული შეხედულებებისა, არამედ პასუხი მის ფილოსოფიურ და რელიგიურ შეხედულებებზე.
გალილეო გალილეი უფრო იღბლიანი აღმოჩნდა ინკვიზიტორებთან ბრძოლაში. 69 წლის მეცნიერის სასამართლო პროცესი ჩატარდა 1533 წელს რომში. გალილეოს ბრალი ედებოდა კოპერნიკის სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის მხარდაჭერაში, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ერესად თვლიდა. სიცოცხლის გადასარჩენად, გალილეომ მოინანია და უარი თქვა თავის რწმენაზე. სასჯელის აღსრულების ნაცვლად, სასამართლომ მეცნიერს შინაპატიმრობა მიუსაჯა. გალილეოს აუკრძალეს ქალაქში გასვლა და სტუმრების მიღება. წმიდა ინკვიზიციის წარმომადგენლები მას ნაბიჯის გადადგმის ნებას არ რთავდნენ, მათი თანხმობის გარეშე. ისინი მის სიკვდილსაც კი ესწრებოდნენ.
დიდი ინგლისელი მწერალი და პოეტი ჰომოფობიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გახდა. 1895 წელს, მას მიუსაჯეს ორწლიანი მძიმე შრომა "უხამსი ქცევისთვის". სასჯელის მოხდის შემდეგ, უაილდი იძულებული იყო გადასულიყო საფრანგეთში. მისმა თითქმის ყველა მეგობარმა ზურგი აქცია მწერალს. სკანდალების თავიდან ასაცილებლად, მან სახელიც კი შეიცვალა და სებასტიან მელმოთად იქცა. მაგრამ, სამწუხაროდ ციხემ მთლიანად გატეხა ოსკარი. ორი წლის შემდეგ, 46 წლის ასაკში, იგი გარდაიცვალა.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საზოგადოება კიდევ უფრო სასტიკად მოექცა ჰომოფობიის კიდევ ერთ მსხვერპლს. ალან ტურინგს, თანამედროვე კომპიუტერის პროტოტიპის, ცნობილი "ტურინგის აპარატის" შემქმნელს. 1952 წელს მეცნიერს ბრალი წაუყენეს "არასწორი ქცევისთვის" და მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ან ჰორმონალური თერაპია, ლიბიდოს შესამცირებლად. ტურინგმა აირჩია ჰორმონების მიღება, რაც მოგვიანებით გახდა მისი გახანგრძლივებული დეპრესიის და გინეკომასტიის მიზეზი. ორი წლის შემდეგ მეცნიერი სრულიად მოულოდნელად, მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. დღემდე საიდუმლოდ რჩება, იყო ეს თვითმკვლელობა თუ დამთხვევა (მეცნიერი ბევრს მუშაობდა ქიმიკატებთან). 2013 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ტურინგი სიკვდილის შემდეგ შეიწყალა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა მისი დევნის გამო. დიდი ჩარლი ჩაპლინი ერთ დროს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. ჩაპლინი ყოველთვის იყო პაციფისტი და იზიარებდა კოსმოპოლიტურ შეხედულებებს. აშშ-ს მთავრობას ეჭვები აღეძრა მისი ანტიამერიკული საქმიანობის და კომუნისტებთან მეგობრობის შესახებ. გასული საუკუნის 40-იან წლებში აშშ-ში მისი ფილმები მკაცრ ცენზურას ექვემდებარებოდა. 1952 წელს ჩარლი საბოლოოდ გადაასახლეს უვადოდ. ჩაპლინს უარი ეთქვა ამერიკაში შესვლაზე. სიცოცხლის ბოლო წლები მან შვეიცარიაში გაატარა.
ცნობილი პოეტი და დრამატურგი ესპანეთში, ფედერიკო გარსია ლორკა ჰომოფობიის და ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. როგორც ცნობილია, ფაშისტები ჰომოსექსუალების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდნენ და უკიდურეს სისასტიკეს იჩენდნენ. 1936 წლის 19 აგვისტოს ფედერიკო გარსია ლორკა სასტიკად იქნა ნაწამები და დახვრეტილი ფალანგისტების მიერ. ფედერიკო გარსია ლორკას დასაფლავების ზუსტი ადგილი დღემდე უცნობია. ჩეხეთის ეროვნული გმირი, ჩეხური ენის და ეროვნული ინტერესების დამცველი, რეფორმაციის იდეოლოგი, მქადაგებელი და მოაზროვნე, იან ჰუსი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა კათოლიკური ეკლესიის უღმერთო მოღვაწეებს. ყველაზე მეტად მან გააკრიტიკა ინდულგენციების გაყიდვა. მისი თამამი გამოსვლებისთვის, იან ჰუსი სასტიკად დაისაჯა. 1415 წელს, ის დააპატიმრეს და კოცონზე დაწვეს, თავის ნაშრომებთან ერთად. თუმცა, მისი ხსოვნა არ გამქრალა, ყოველწლიურად ჩეხეთში და სლოვაკეთში, ჰუსის აღსრულების დღეს, მრავალი კოცონი ინთება დიდი მოაზროვნის ხსოვნის საპატივცემლოდ. როგორც ვხედავთ, მსოფლიო ცივილიზაციის მანძილზე ქსენოფობიის ცნობილი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარია, რომ ადამიანებმა, ცივილურმა სამყარომ, შეძლოს შეცდომებზე სწავლა და სამუდამოდ მოიძულოს ქსენოფობია, მით უფრო ამ ნიადაგზე აღმოცენებული ნებისმიერი შუღლი და ჩაგვრა. ვიდრე რაიმე ნიშნით განსხვავებული, რომელიმე სოციალური ჯგუფის განსჯას, გაკიცხვას ან დასჯას შევუდგებით ჯვრით ხელში და ქრისტეს მოძღვრებას შირმად გამოვიყენებთ, გავიხსენოთ, რომ იესო სწორედ ქსენოფობიური მოსაზრებების გამო აცვეს ჯვარს. ის მიუღებელი იყო მისი განსხვავებული მსოფლმხედველობის და სწავლების გამო, რომელიც სრულიად უცხო იყო იმ ეპოქაში.
არ შეიძლება ადამიანების დევნა ან დასჯა იმ მიზეზით, რომ ისინი განსხვავებულები არიან, ან იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელია მათი განსხვავებულობა, ცხოვრების წესის, კანის ფერის, რელიგიური მრწამსის, ან რაიმე სხვა ნიშნით. არ არსებობს ზნეობრივი ნორმები, რომლებიც ჰუმანურობაზე, კაცთმოყვარეობაზე უპირატესია, ან ამართლებს ძალადობას და ჩაგვრას. ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალურობა სწორედ ნებისმიერი განსხვავებული უმცირესობის მიმართ ძალმომრეობა და ჩაგვრაა.
ახლახანს ინტერნეტში გავრცელდა ტვიტერზე გამოქვეყენბული ჰაშტაგები "ვე არ ვარ ვირუსი". ვირუსი, როგორი მომაკვდინებელიც არ უნდა იყოს ის, არ უნდა გვაძლევდეს უფლებას დავივიწყოთ, რომ ადამიანები ვართ, აზროვნების და განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი არსებები, რის გამოც კეთილგონიერება, უერთიერთპატივისცემა და თანაგრძნობა მოგვეთხოვება, ველური ცხოველებისგან განსხვავებით.
ერთი სიტყვით, ქსენოფობია დესტრუქციული და არაცივილური დამოკიდებულებაა და მას გამართლება არ აქვს, როგორც ქრისტიანული მორალის, ასევე ზოგადად ეთიკური ნორმების გათვალისწინებით.
ადამიანის გონიერებას შეუძლია ცხოვრება სამოთხედ აქციოს, უგუნურებას კი - ჯოჯოხეთად და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, არჩევანი ჩვენზეა.
223 შეფასება არ არის
|