საზოგადოება კორონავირუსის სიახლეები 2020, 2 თებერვალი, 10:34 ნიუ იორკ ტაიმსის (New York Times) ცნობით, ნიუ-იორკში პაციენტს უტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება. მასაჩუსეტსი კორონავირუსის პირველ შემთხვევას ადასტურებს. ესპანეთი ასევე ადასტურებს ინფექციის პირველ შემთხვევებს. ფილიპინებში კი დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც კორონავირუსის პირველი ლეტალური შემთხვევაა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. სამწუხაროდ ცნობილი ხდება, რომ ჩინური კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300 – ს აღწევს, ინფექციით დაავადების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი უკვე 14 000 – ზე მეტია. ეს მონაცემები აჭარბებს 2003 წელს სარსის გავრცელების და სიმძიმის ხარისხს. შეერთებული შტატები, ავსტრალია და იაპონია აწესებენ მოგზაურობის შეზღუდვებს. ავსტრალია, შეერთებული შტატების მსგავსად, დროებით კრძალავს უცხოელების მიღებას, რომლებიც ახლახან იმყოფებოდნენ ჩინეთში. ვიეტნამმა ასევე აკრძალა თითქმის ყველა ფრენა ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით. ჩინელი ექიმი, რომელმაც ვირუსს "კონტროლირებადი" უწოდა, ახლა უკვე სინანულს გამოთქვამს მისი სიტყვების გამო. ჰონგ კონგის მედიცინის მუშაკები გაფიცვას აპირებენ, ქვეყანაში ვირუსთან დაკავშირებული ვითარების გამწვავების გამო. თურქეთმა ჩინეთიდან გადმოიყვანა მისი მოქალაქეები და მათთან ერთად საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად თურქეთში კარანტინში იმყოფებიან. ჩინეთში, ქალაქ უხანის მახლობლად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის. ჩინელი ექიმები თავგანწირვით ებრძვიან ვირუსს, რომელსაც უკვე ერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსოფლიო თავდაუზოგავად იბრძვის ვირუსის დასამარცხებლად და ამ ბრძოლაში ჩართულები არიან არა მხოლოდ მეცნიერები და მედიცინის მუშაკები, არამედ საზოგადოება, რომელიც იცავს უსაფრთხოების ზომებს და არ აყვება პანიკას. ცივილური სამყარო წუხილს გამოთქვამს ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო და თანაუგრძნობს ჩინელ ხალხს, რომლებიც მათთვის ჩვეულ მხნეობას, შრომისმოყვარეობას და თავდადებას იჩენენ ამ კრიზისის დასაძლევად. ჩვენ ვუერთდებით საყოველთაო წუხილს და თანავუგრძნობთ ჩინელ ხალხს ამ ძნელბედობის ჟამს. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით კორონავირუსს მალე დავამარცხებთ, ამისთვის კი აუცილებელია გაიმარჯვოს საღმა აზრმა, დავიცვათ უაფრთხოების ზომები, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ პანიკა და ისტერია. 160 შეფასება არ არის
|