x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135701
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
სიღარიბე და სოციალური სამუშაო სამხრეთ კორეაში

სიღარიბე კაცობრიობის „მარად აქტუალური პრობლემაა“ და მის აღმოსაფხვრელად მიმართული სოციალური სამუშაო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გლობალურ-ჰუმანურად მოაზროვნე სამყაროსთვის. სიღარიბეს ადგილი აქვს არამხოლოდ ზოგადად ცენტრალური აფრიკის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის ქვეყნებში, არამედ პოსტმოდერნისტულ სახელმწიფოებშიც. საქართველოსთვის, რომელიც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაა, სიღარიბე და სოციალური სამუშაო უმწვავესი საკითხია და, მიმაჩნია, ისეთი ქვეყნის გამოცდილება და მაგალითი, როგორიც სამხრეთ კორეაა მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას.

„სიღარიბე პირობითად განისაზღვრება, როგორც ცხოვრების მინიმალური დონისათვის აუცილებელი შემოსავლებისა და გასავლების ზღვარი“ (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, 2008). სამხრეთ კორეამ 1945 წლიდან (გათავისუფლება იაპონური ოკუპაციიდან) დღემდე გამოიარა სიღარიბის უკიდურესი ფორმებიდან, როგორიცაა: მასობრივი სიღარიბე, მასობრივი უმუშევრობა, 13.4%-ზე დაყვანილი სიღარიბის საერთო მაჩვენებლამდე. საუკუნის ნახევარზე ნაკლებში კორეამ შეძლო ღარიბი ქვეყნებიდან გადაენაცვლა განვითარებული ქყვეყნების რიგებში, ეს მოხდა ქვეყნის დიდი ძალისხმევით, რომელიც ჩადეს ყველა სფეროში, მათ შორის, სოციალური სამუშაოს მიმართულებით, რომლის ხარისხიც და რაოდენობაც სიღარიბის დონეების და მასშტაბების პარალელურად თანდათანობით იცვლებოდა.

სამხრეთ კორეაში სოციალური სამუშაოს ისტორია 3 პერიოდად იყოფა: 1. გაცნობა-დაარსების პერიოდი (1960-1979), 2. გაფართოება-განვითარების პერიოდი (1980-1998) და ნეო-ლიბერალური პერიოდი (1998 წლიდან დღემდე).

სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელიც 1950-53 წლებში მიმდინარეობდა, ეკონომიკამოშლილ კორეაში ამერიკული ძალის ხელშეწყობით საფუძველი ეყრება სოციალურ სამუშაოს. ამ ეტაბზე სოციალური სამუშაო ფილანტროპიულად ვითარდება. ტარდება სასწრაფო დახმარების სამუშაოები, როგორებიცაა თავშესაფრის მოძებნა უსახლკაროთა და ჩრდილოეთ კორეიდან ლტოლვილთათვის, საკვების და ტანსაცმლის მიწოდება ღატაკთათვის. ამერიკელი სოცმუშაკები მალევე მიხვდნენ, რომ კორეას ჭირდებოდა უფრო ორგანიზებული სოციალური სერვისის სისტემა, ვიდრე ეს იყო სასწრაფო დახმარების სამუშაოები და 1947 წელს ენჰვას ქალთა უნივერსიტეტში გაიხსნა პირველი სოციალური სამუშაოს დეპარტამენტი. საბოლოო ჯამში, ამერიკული სტილი სოციალური სამუშაოს არ იყო ავტონომიური და ვერ ჭრიდა კოეელთა ბევრ პრობლემას, თუმცა კორეას 40 წელი დაჭირდა საკუთარი სისტემის შესაქმნელად. 1960-1979 წლებში კორეის მთავრობა ატარებს სოციალურ კოთილდღეობასთან დაკავშირებულ პირველ კანონებს, მათ შორის_ ეროვნული პენსიის და სამედიცინო დაზღვევის კანონს. თუმცა მცირე ფინანსების გამო ღარიბი ფენის მდგომარეობა ამით საგრძნობლად ვერ უმჯობესდება.


1980-98 წლებში კორეის მთავრობამ სოციალური სამუშაოს კუთხით სიღარიბის დასაძლევად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. უპირველესად უნდა აღინიშნოს „მინიმალური ხელფასის კანონი“ (1986 წელს)_ უმნიშვნელოვანესი დამცველი ქვეყნის სამუშაო ძალის და სიღარიბესთან ბრძოლის ძლიერი ბერკეტი; ამასთანავე საიჯარო საცხოვრებლის ფონდების შექმნა ტოლვილთა და უსახლკაროთათვის კანონით გატარდა 1984-88 წლებში;1988 წელს შეიქმნა „ეროვნული პენსიის სქემა“_მოხუცებულობაში ადამიანის სოცუზრუნველსაყოფად. ქვეყნის ყველა მოქალაქე 18-დან 59 წლამდე ამ პროგრამაში ჯდება და შემოწირულობებს აკეთებს ხელფასის მოცულობაზე დაყრდნობით; 1989 წლიდან „ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევა“ ამუშავდა. სისტემა ფინანსდებოდა მოქალაქეების მიერ 82% და მთავრობის სუბსიდიებით 18%. 1989 წელს, ასევე პირველად გაიზომა ცხოვრების მინიმუმი_სიღარიბის ზღვარი. 1991 წლიდან ყოველ 5 წელიწადში დაიწყო სიღარიბის დონის კვლევა-შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში უმუშევრობის დონე მხოლოდ 3% იყო.

ნეო-ლიბერალური პერიოდი სოციალურ სამუშაოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში გამოწვევებით დაიწყო. აზიის ფინანსური კრიზისი (1997-2000) მძიმედ დააწვა სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს. კვლევების თანახმად, უმუშევრობა 3%-დან 8, 4%-მდე გაიზარდა. ფინანსურმა კრიზისმა მთავრობას და სოცმუშაკებს დაანახა 5 წლიანი ინტერვალის არაეფექტურობა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის აღსაწერად. გამოსავალი, რომელთანაც სოცმუშაკები მივიდნენ ეს იყო სიღარიბის ოფიციალური ზღვარის ყოველწლიური გამოქვეყნება სახელმწიფოს მიერ. პრობლემაზე ეფექტური ფოკუსირებით აზიის ფინანსური კრიზისი კორეაში 2000 წლისთვის დაძლეული იქნა და უმუშევრობაც ისევ 3% მდე დაეცა.

2008 წლიდან სოციალური კეთილდღეობის პროგრამებს 51 ახალი პროგრამა დაემატა. 2014 წელს მთავრობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი სოციალური სერვისებისთვის უკვე $14.4 მილიარდს აღწევდა. კორეის რესპუბლიკის სოციალური დაცვის გამორჩეული ქმნილება_ კომპიუტერიზებული ინფორმაციის სისტემაა, რაც 2010 წლიდან ამუშავდა. სისტემა იმართება სოციალური დაცვის ინფორმაციის სერვისცენტრიდან ჯანდაცვისა და კეთილდღეობის მინისტრის კონტროლის ქვეშ. ამ სისტემის წყალობით მთავრობას შეუძლია მართოს პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა გარდაცვალება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ფინანსური მდგომარეობა. როგორც კი პოტენციური ბენეფიციარი აპლიკაციას შეავსებს, სისტემა ავტომატურად აკავშირებს მას საჭირო მომსახურებასთან.

კორეის რესპუბლიკაში ჩატარებული სოციალური სამუშაოები სიღარიბესთან ბრძოლის კარგი მაგალითია, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ სიღარიბე კორეაში ეფექტურად დაძლეულია. 2014 წლის მონაცემებით ხანდაზმულთა 45.1% ცხოვრობს კორეის საშუალო ოჯახის შემოსავლის ნახევრით. ასეთი მაჩვენებელი განვითარებული ქვეყნისთვის საგანგაშოა. სამწუხაროდ, “სუიციდის ნაციად“_ კორეას დიდწილად სწორედ სიღარიბე აქცევს.

სოციალური კეთილდღეობის კუთხით კორეულ მხარეს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს, მაგრამ მთავარია ქვეყნის მზაობა სიღარიბის დასაძლევად, საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. სწორედ ამიტომაც, 60-იანი წლებიდან დაწყებული “კორეული სასწაული” კვლავაც გრძელდება.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0