x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
დევიდ მაკლელანდის მოთხოვნილებათა თეორია
მაკლელანდის თეორია, ასევე ცნობილი, როგორც მოთხოვნილებათა თეორია ეკუთვნის ამერიკელ ფსიქოლოგს, დევიდ მაკლელანდს და არის მოტივაციური მოდელი, რომელიც ხსნის, თუ როგორ მართავს ადამიანის ქცევას მიღწევის, ძალაუფლებისა და აფილაციის მოთხოვნილება. ეს მოდელი შემუშავდა 1960-იან წლებში და დიდწილად იყო შთაგონებული ჰენრი მარეის ნაშრომებით. მაკლელანდის აზრით, ყველას გვაქვს ეს სამი მოთხოვნილება, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რასისა თუ კულტურისა, მაგრამ მოტივაციის ტიპი და ის, თუ რომელი სახის მოთხოვნილებას მიენიჭება უპირატესობა, ინდივიდუალურია.

მაკლელანდის კვლევები, რომლებსაც ის ატარებდა ჰარვარდში 30 წლის განმავლობაში, გვიჩვენებს, რომ 86%-ს პოპულაციისა ახასიათებს მოცემული სამი მოთხოვნილებიდან რომელიმე მაინც. ხშირად ადამიანები გამოირჩევიან სამივე მოთხოვნილებითაც, თუმცა რომელიმე მათგანი აუცილებლადაა წამყვანი და დომინანტური. მისმა ერთ-ერთმა სტატიამ ("Power is the Great Motivator"), რომელიც გამოაქვეყნა 1977 წელს ჰარვარდის ბიზნეს-ანალიტიკურ ჟურნალში, აჩვენა, რომ ტოპ მენეჯერთა პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანებს ახასიათებდათ ძალაუფლების მაღალი და აფილაციის დაბალი მოთხოვნილებები. მისი კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილება საუკეთესოდ ასრულებენ დავალებებს, რომლებიც შეუძლიათ გააკეთონ მარტო, მხოლოდ საკუთარი რესურსებით. მაკლელანდმა ასევე აღმოაჩინა, რომ აფილაციის მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანები ხშირად ვერ იკავებენ მაღალ პოზიციებს სამსახურში, მაგრამ ზოგადად ბედნიერების, შრომისა და ცხოვრებით კმაყოფილების უფრო მაღალი მოთხოვნილებით გამოირჩევიან და საკმაოდ წარმატებულებიც არიან არა-ლიდერულ როლებზე. ახლა კი მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მათგანი.

მიღწევის მოთხოვნილება მოიაზრებს მიზანზე ორიენტირებას, უნარ-ჩვევების ათვისებას, მაღალ სტანდარტებსა და კონტროლს. ეს ნიშნავს ინტენსიურ, მუდმივ შრომას რაღაც რთულის მისაღწევად, დეტერმინაციის მოსაგებად. ისინი, ვისაც მიღწევის დაბალი მოთხოვნილება აქვთ, ირჩევენ საკმაოდ მარტივ დავალებებს, რათა მოახდინონ მარცხის რისკის მინიმალიზაცია, ან პირიქით, ირჩევენ ზედმეტად რთულ დავალებებს, რათა მარცხის შემთხვევაში მისი გამართლება მარტივი იყოს თავად დავალების სირთულით. დამტკიცებულია, რომ ისეთ დასაქმებულებს, რომლებსაც აქვთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილება, ახასიათებთ ორგანიზაციაში სარისკო გადაწყვეტილებების მიღება, დამოუკიდებლობა, ახალი გამოწვევების მიმართ ღიაობა, სამუშაოში ჩართულობა. მიღწევის მაღალი მოთხოვნილების ძირითადი წყაროა მშობლები, რომლებიც წაახალისებდნენ დამოუკიდებლობას ბავშვობაში, წარმატების დაჯილდოება, მიღწევის ასოცირება პოზიტიურ გრძნობებთან და კომპეტენციასთან (არა იღბალთან), ეფექტურობის სურვილი, ინტრაპერსონალური სიძლიერე, სასურველობა, მიზანდასახულობა.

აფილაციის მოთხოვნილება - მოიაზრებს პიროვნების საჭიროებას თავს გრძნობდეს ჩართულად და მიკუთვნებულად რომელიმე სოციალური ჯგუფის მიმართ. აფილაცია არის პოზიტიური, ხშირად ინტიმური, პირადული ურთიერთობა და კავშირი. ესაა აფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების, შენარჩუნების ან აღდგენის პროცესი. აფილაციის მაღალი მოთხოვნილების ადამიანებს ახასიათებთ თბილი ინტერპერსონალური ურთიერთობების საჭიროება, მოელიან დადასტურების შეგრძნებას მათგან, ვისთანაც რეგულარული კონტაქტი აქვთ. ასე ისინი გრძნობენ, რომ შეუძლიათ რაიმე შეცვალონ და ზეგავლენა იქონიონ სამყაროზე. ისინი ეფექტურები არიან გუნდური მუშაობისას, თუმცა არა ლიდერულ პოზიციებზე. აფილაციის მოთხოვნილების ამაღლებას იწვევს სტრესული სიტუაციები, შიში, თუმცა ამცირებს სირცხვილის მოლოდინი. ამ ფენომენს სტენლი შახტერი და ზიმბარდო იკვლევდნენ. ყველა ადამიანს აფილაციის ინდივიდუალური მოთხოვნილება აქვს და საკუთარ თავთან და სხვებთან გასატარებელი დროის რაოდენობას თავისებურად საზღვრავენ.


ძალაუფლების მოთხოვნილება - ზოგადად ძალაუფლებას მაკლელანდი აღწერს, როგორც სურვილს ძალისა/ძალაუფლებისა, რათა აკონტროლო სხვები საკუთარი ან საზოგადოებრივი მიზნებისთვის. ასეთი მოთხოვნილების ჭარბად მქონე ხალხი არ მოელის ვინმესგან დაფასებას ან დასტურის მიიღებას, მათ სჭირდებათ მხოლოდ დათანხმება და დამყოლობა. თუ მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანები თითქმის არ ჯდებიან შრომის პროტესტანტულ ეთიკაში, ისინი ეფექტურობის გამო ცდილობენ შეამცირონ სამუშაო, ხოლო ძალაუფლების მოთხოვნილების მქონე ადამიანებს მართლაც მოსწონთ სამსახური. ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ერთვებიან კამათსა და პოლემიკაში, უფრო ასერტიულები არიან ჯგუფურ დისკუსიებში და უსუსურობის ან სიტუაციის უკონტროლობის შემთხვევაში თავს უფრო ფრუსტრირებულად გრძნობენ. ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება დადებით კორელაციაშია მაღალი პოზიციების დაკავების შემთხვევაში სამუშაობით კმაყოფილებასთან.

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო მესხორაძე
ანანო მესხორაძე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0