x
image
მანჩო 777
''სამყაროს მზე კი არა, კეთილი ადამიანები ათბობენ" - ინტერვიუ დიკა სალაყაიასთან
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ახალგაზრდა პოეტი ქალის დიკა სალაყაიას შესახებ. მისი ლექსები სიყვარულით, სითბოთი, სიკეთით და გლიცინიების სურნელითაა გაჟღენთილი და საოცრად მარტივად გადმოსცემს ადამიანურ, უფრო ხშირად კი უბრალო ქალურ ფიქრებსა და ოცნებებს, თუმცა ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ამ სიფრიფანა, მშვენიერ ქალბატონს, რომელიც ადამიანებში დაკარგულ სითბოს, ღიმილს, რწმენასა და იმედს ეძებს, სიკეთის კეთების არაჩვეულებრივი ნიჭი გააჩნია და ქველმოქმედებითაა დაკავებული. პოეტი ქალი სოციალური ქსელის დახმარებით აგროვებს სურსათს, საოჯახო ნივთებს, ტანსაცმელს და სისტემატურად სტუმრობს მოხუცებულთა და შშმ პირთა პანსიონატებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მძიმე სენით დაავადებულთა ოჯახებს კი ეხმარება სამკურნალოდ საჭირო თანხის შეგროვებაში. ქალბატონი დიკა დღეს ჩვენი სტუმარია და თავად გვაიმბობს, თუ როგორ გაუჩნდა სხვების დახმარების სურვილი და რა წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს საქართველოში ქველმოქმედებით დაკავებულ ადამიანს.




image



-დიკა, ორიოდე სიტყვით მოგვიყევით თქვენს შესახებ. როგორც ვიცი, ბავშვობისდროინდელი საკმაოდ მძიმე მოგონებები გაქვთ. უფრო მეტიც, ტყვიების წვიმაშიც კი მოგიწიათ გამოვლამ. გაიხსენეთ ის მძიმე წლები


-სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობის წლები ჩემთვის ყველაზე მგრძნობიარე თემაა, ფაქტიურად ბავშვობა არც მქონია, როგორც ყველა ჩემი თაობის ქართველს... ეს პერიოდი ქვეყანაში სამოქალაქო ომს უკავშირდება, მოგეხსენებათ, სამეგრელომ ყველაზე მტკივნეულად გადაიტანა ეს უსაშინლესი წლები... ყველაზე თბილი კი ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდიდან გლიცინიებით აყვავებული ბებიას სახლის ეზო და ბებია იყო, რომელზეც ხშირად ვწერ...



-როდის გაიღვიძა თქვენში პოეტმა? გაიხსენეთ პირველი ლექსი, რომელიც დაწერეთ

-არ მივეკუთვნები იმ პოეტებს, რომლებმაც პირველი ლექსები ღრმა ბავშვობაში დაწერეს. ჩემი პოეტური ბეგრაუნდი სხვაგვარად დაიწყო... პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ინტერესებიც ამ მიმართულებით მქონდა, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ლექსებს დავწერდი მაგრამ.... ერთ დღესაც მესიჯის მიწერა მომინდა დედისთვის, მინდოდა რაღაც განსაკუთრებული მეთქვა მისთვის... ასე წამომიარა სათქმელმა და დავიწყე:

ვზივარ და ვფიქრობ, რა გიჭირს, რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ, დედი.
მოვალ, მოგიტან მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა, დედი.
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო, დედი.
ეს იყო ჩემი პირველი ლექსი, რომელმაც დიდი წარმატება და ხალხის სიყვარულიც მოიპოვა... მას მერე ხშირად ‘’წამომივლის’’ ხოლმე და სათქმელებს ასე ვამბობ ლექსებად....

- ყველაზე საყვარელი ლექსი-არსებობს ასეთი რამე თქვენთვის, თუ როგორც დედას უყვარს ყველა შვილი თანაბრად, თქვენთვისაც ერთნაირად ძვირფასია ყველა ლექსი?

- მაქვს ჩემთვის ამოჩემებული ლექსები, განწყობის შესაბამისად რომ ამეკვიატებიან. ისინი ძალიან მგვანან, ალბათ მათ გარეშე ვერასოდეს ვიტყოდი დაგროვილ სათქმელს. ლექსებით საუბარი ვისწავლე და ეს საუკეთესო პრევენციაა მოერიო და საპნის ბუშტივით გააქრო თანამედროვე სამყაროში დაგროვილი ნეგატივი, სიცივე, ბოღმა და ცუდები...


-რას ინატრებდით ყველაზე მეტად?

- ყველაზე ძალიან ვნატრობ, რომ დედამიწიდან ერთ დღესაც გაქრეს ყველა ვერაგი დაავადება... არ გვეშინოდეს ჟანგბადის, რომელსაც ვსუნთქავთ; მზის, რომელიც გვათბობს; არ გვეშინოდეს ცხოვრების...


- დიკა, ცნობილია, რომ თქვენ დაკავებული ხართ ქველმოქმედებით. როდის გაგიჩნდათ სხვების დახმარების სურვილი და პირველი ოჯახი, რომელსაც დაეხმარეთ

სხვების ტკივილს ზოგჯერ მართლა შეუძლია საკუთარი გვერდზე გადაგადებინოს. როცა ვხედავ, რომ ჩემს ირგვლივ ვიღაცას სხვაზე მეტად უჭირს, ყველაფერი მავიწყდება და მხოლოდ მასზე ვფიქრობ...როგორ შეიძლება უდარდელად განაგრძო გზა, როცა იცი, რომ სადღაც დედას შვილები ჰყავს მშიერი, ან სადღაც ვიღაცა სიცოცხლის მოსაგებად იბრძვის და შენ მისთვის რაღაც შეგიძლია... მეც ამ რაღაცას ვაკეთებ... თითქმის ხუთი წელია თავშესაფრებში, პანსიონატებში, მარტოხელა დედებთან დავდივარ... ჯერ მეუღლესთან ერთად მარტომ დავიწყე. სახლში ჩვენი ნივთები გადმოვალაგე, მცირე დანაზოგით პროდუქტები შევიძინეთ და წავედით... წავედით და მივხვდი, რომ ვეღარ გავჩერდებოდი... ამაზე დიდი განცდა, ამაზე დიდი საქმე, ამაზე დიდი პოზიტიური ახირება ჩემთვის არ არსებობს... მერე უფლის წყალობით ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანები გაჩნდენ, რომ გავბევრდით...



imageფოტოზე: ასე რუდუნებით აგროვებს დიკა უმწეოთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს



-თქვენ საკმაოდ ბევრი გამომწერი გყავთ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ალბათ ესეც გეხმარებათ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა და გაუჩინოთ უმწეო ადამიანების დახმარების სურვილი


ყველა აქცია, რომელსაც ვიღაცის დასახმარებლად ან გასახარებლად ვაკეთებთ, სასწაული სიხარულით გვავსებს თითოეულ ჩვენგანს... თქვენი მეშვეობით მადლობა მინდა ვუთხრა იმ უცნობ ადამიანებს რომლებიც ყოველ ჯერზე გვერდში გვიდგანან... რომლებიც თავიანთ წილ სიკეთეს გასცემენ სხვებისთვის. სამყაროს ხომ მზე კი არა, სწორედ ასეთი ადამიანები ათბობენ...



imageფოტოზე: სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის შეგროვებული ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები და პროდუქტები


- სიკეთე გადამდებია-ეს თქვენი ცხოვრებისეული დევიზია. როგორ ფიქრობთ, რამდენად ახერხებთ ამ დევიზის განხორციელებას?

ცხოვრების წესად მექცა. არ არსებობს სხვა უფრო დიდი სიხარული ჩემთვის. მე ასეთი ვარ, საკუთარი თავი ვიპოვე ამ სამყაროში... როცა ვიღაცის დასახმარებლად უამრავი ადამიანი ვერთიანდებით, როცა უამრავ ადამიანს იმ მომენტში ერთი საფიქრალი და საზრუნავი გვაქვს, როცა ყველანი ერთად ვდგებით - როგორ შეიძლება კეთილი ზღაპარი არ ახდეს... ყველა სახლის დაბზარული კედელი, ყველა დედის ტკივილი, ყველა შშმ პანსიონატის ბინადარი, ყველა უწამლოდ დარჩენილი ადამიანი, ყველა მიტოვებული მოხუცი - განსხვავებული ისტორიაა ერთი დიდი საერთო ტკივილით... როცა ასეთ ადამიანებთან მივდივარ და მიმაქვს სხვებისგან გატანებული, წვეთ-წვეთათ შეგროვილი სიკეთე, იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ... იმ დღეს მე ბედნიერებას ვსუნთქავ... მადლობა ყველას ამისთვის და მჯერა, რომ არასოდეს არ ვიქნები მარტო ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდში...



imageფოტოზე: დიკა სალაყაია ბაკურციხელი ზაალიშვილების ოჯახში


-ბოლო დღეებში საქართველო ერთმა პატარა ანგელოზმა -ანიტამ გააერთიანა. თქვენი ლექსი კი ყველაზე კარგად გამოხატავს იმ ტკივილს, რომელიც მან განგვაცდევინა ...


ცოტა ხნით განზე გავწევ სამყაროს,
დავხურავ ფანჯრებს და დარაბებს,
არ მინდა მესმოდეს ამდენი -
- სიკვდილი სიცოცხლეს ამარცხებს.


-თქვენ ახლა 20 წლის მარიამ კალომლეწავის გარშემო იყავით გაერთიანებული, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე აქვს. ვიცი, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა მარიამის დასახმარებლად, რა შეგრძნებაა, როცა ადამიანებს სიცოცხლის მოგებაში ეხმარებით?
როცა სხვისთვის რაღაცის გაკეთება შეგიძლია, აუცილებლად უნდა გააკეთო. იქნებ შენი ერთი პატარა ქმედებით დიდი სიკეთის გაკეთება შეგიძლია. საბედნიეროდ ჩვენ ხალხს საოცარი ერთიანობის, ტკივილის გაზიარების და გვერდით დგომის უნიკალური თვისება გააჩნია, ეს ბევრგზის დავინახეთ... ბევრგზის გაერთიანდა საზოგადოება ადამიანების გადასარჩენად. საოცარი შეგრძნებაა, როცა საზოგადოება შეუძლებელს აკეთებს, როცა ადამიანები ლუკმას უყოფენ მშივრებს, როცა მძიმედ დაავადებული ადამიანის დასახმარებლად მის წილ სიკეთეს იღებენ.... ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირები არაიან, ისინი უბრალოდ სიკეთის ნაკვალევს ტოვებენ და მიდიან... ეს ადამიანები სასწაულს სჩადიან... მადლობა ამისთვის საზოგადოებას.როცა ასეთი ადამიანების გარშემო ვერთიანდებით, თითქოს ერთი ოჯახია მთელი საქართველო - საერთო ფიქრით, საერთო ლოცვით, სერთო სიხარულით, საერთო გამარჯვებით...

ახლა სწორედ ასე გავერთიანდით 20 წლის მარიამის გარშემო, რომლიც აუცილებლად მოიგებს ბრძოლას სიცოცხლისათვის, მის გვერდით მთელი საქართველო დგას...



imageფოტოზე: მარიამ კალომლეწავი მამასთან ერთად


-ცოტა უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ. სამწუხაროდ, საქართველოში ქველმოქმედება და სიკეთის კეთებაც კი პრობლემებთანაა დაკავშირებული. როგორც ვიცი, თქვენც შეგექმნათ გარკვეული პრობლემა. რას გვეტყვით ამის შესახებ?

დაბრკოლებები ყველგან არის. თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ სიკეთის კეთებაშიც იქნებოდა ეს პატარა ნეგატივები. ზოგჯერ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ ასე უბრალოდ სხვის დასახმარებლად ყველაფერი გაიღო... ამას წინათ ერთ-ერთ სოფელში პატარა ბავშვების დედიკო გვთხოვდა დახმარებას.უამრავი ადამიანი დაგვიდგა გვერდით, სასწაული მოვახდინეთ რამდენიმე დღეში. ძალიან ბევრი თბილი სამოსი, საჭირო ნივთები, წიგნები, პროდუქტი შეგროვდა და მოგვაწოდა საზოგადოებამ... ჩვენც 3 დატვირთული ავტომობილით ვესტუმრეთ პატარებს და მთელი ზამთრისათვის საკმარისი პროდუქტი მივუტანეთ...ეს სასწაული შეგრძნება იყო, ჩვენ ისინი სიცივისაგან და შიმშილისაგან ვიხსენით... მეორე დღეს კი გავიგე, რომ თურმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ვყოფილვარ და საარჩევნო გეგმებიც გვქონია - ეს ხომ სასაცილოა, ამავდროულად ძალიან მტკივნეულიც - სამწუხაროდ ვიღაცებს ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენიათ, რატომ აკეთებ ამას...



image



მე კი უბრალოდ სხვაგვარად ვერ ვიცხოვრებ, მე კი უბრალოდ სხვაგვარად ბედნიერი ვერ ვიქნები... მე ასეთი ვარ, ვერ ვჩერდები. ეს ჩემი სამყაროა!

არის მეორე საკითხიც, როცა სხვადასხვა ფონდები ხედავენ, რომ შენ შეგიძლია საზოგადოების მობილიზება, აქციების ორგანიზება, როცა უამრვი ადამიანია შენს ირგვლივ და მათგან განსხვავებით ამას ყოველგვარი ანგარების გარეშე აკეთებ - ეს მათ არ მოსწონთ. მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე უფრო მეტნი ვართ. გავბევრდით და წვეთ-წვეთობით ხშირად ჩვენი სიკეთის ზღვასაც ვავსებთ. თითქმის ყველა პანსიონატსა თუ თავშესაფარში ვიყავით და მივიტანეთ ჩვენი წილი სიხარული... საერთო ჯამში ათასამდე ადამიანს ჩავაცვით, ვუწილადეთ და გავახარეთ. ამჯერად მარტყოფის შშმ პანსიონატის ბინადრებთან შესახვედრად ვემზადებით, სულ მალე ჩავალთ და მათაც გავახარებთ.

თქვენი მეშვეობით მინდა მადლობა გადავუხადო საბა საფარელს და ქუჩის მუსიკოსებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და პანსიონატების ბინადრებისთვის იმღერებენ. ყველა ჩემს მეგობარს, რომელიც აქციის განხორციელებაში არის აქტიურად ჩართული. დიდი მადლობა ჩემს კითხველს, ‘’პოეზიის 5 წუთის’’ მკითხველს და საზოგადოებას, რომელის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა.


-და ბოლოს, რას ეტყვით თქვენს ერთგულ მკითხველს?


მინდა მთელი გულით მადლობა ვუთხრა ყველას, ვისთვისაც უნახავად გავხდი მისიანი... მადლობა ყველას ნდობისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა იმ უთბილესი წერილებისთვის, რასაც ვღებულობ. ყველა ჩემთვის ნათქვამი თბილი სიტყვისთვის უდიდესი მადლობა, ჩემო უმაგრესო ადამიანებო.



image


სიკეთის კეთების უნარი- ადამიანის გამორჩეული თვისებაა. ვისაც გსურთ გვერდში დაუდგეთ ქალბატონ დიკა სალაყაიას და მასთან ერთად აკეთოთ კეთილი საქმეები, შეგიძლიათ სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით მიაწვდინოთ ხმა მას. დღევანდელ ინტერვიუს კი ამ უკეთილშობილესი ქალბატონის ულამაზესი ლექსით დავასრულებ:

ხშირად გაიღიმეთ, დარდები დამალეთ,
ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები,
მოიგეთ,
მოიგეთ!!!!!სიკეთით მოიგეთ,
ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები!!!!!

დაიწყეთ იქედან საიდან გინდოდათ,
ცხოვრება მოხატეთ ფერადი ფუნჯებით,
რიჟ-რაჟზე გააღეთ ფანჯრები ფართოდ და
წლებს მიღმა წასულმა თქვით-უკან ვბრუნდები.

ხმამაღლა იმღერეთ როცა მოგინდებათ,
წვიმაშიც იარეთ მაღალი ქუსლებით,
არასდროს იფიქროთ - ვაიმე, რაღა ვქნა,
ვინმე გამჭორავსო, ან ცუდი ვიქნები.....

აკეთეთ ყოველთვის რაც გულს მოუნდება,
აავსეთ ოთახი გვირილის შუქებით,
სანთლები დააწყვეთ რაფებზე, კიბეზე,
მინდვრად ითამაშეთ ნარინჯის ბურთები.

მისწერეთ!უთხარით თუ როგორ გიყვართ და
სიყვარულს უხდებებით გიჟური ბუნებით,
აჯობეთ...აჯობეთ!
სითბოთი აჯობეთ,
უფრო გალამაზდით თუ კი არ უხდებით.

ხშირათ ისეირნეთ უგზოდ, უმიზეზოდ,
ტაძარში წარმოსთქვით შენდობის ლოცვები,
ყველას მიუტევეთ თუ კი რამ გტკენიათ,
გაეცით ღიმილი, სითბო და ნუგეში.

არასდროს იფიქროთ, რომ ვეღარ აიტანთ,
რომ ვეღარ გადიხართ სავალს და ხუნდებით,
თვალებზე იფრქვიეთ მზისფერი სინათლე,
წასული თუ გნახეს უთხარით - ვბრუნდები!

ქუჩაში იარეთ ისე მოხდენილად,
უკან მოიტოვეთ ბილწი და მრუშები,
გზა-გზა დაარიგეთ ღიმილი, ყვავილები,
არასდროს აიღოთ წყალობის ხურდები.....

ხშირად გაიღიმეთ, დარდები დამალეთ,
ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები,
მოიგეთ,
მოიგეთ!!!!!სიკეთით მოიგეთ,
ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები!!!!!


2
344
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
344
  
2020, 3 თებერვალი, 22:45
მაკა
2020, 3 თებერვალი, 22:06
მანჩო
0 1 2