ასტროლოგია როგორ ეთავსება მშვილდოსანი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინაა მისი საუკეთესო მეგობარი, პარტნიორი და "დაუძინებელი მტერი" 2020, 21 იანვარი, 13:01 ვერძი და მშვილდოსანი აი, ის წყვილი მსოფლიოს რომ მოივლის ერთად და ერთმანეთი არ მოსწყინდებათ. ძალიან ჰარმონიული წყვილია. ერთმანეთის გვერდით არც ერთს უწევს თამაში. ორივე ის არის, რაც არის და თან შესანიშნავად გრძნობენ თავს ერთად. ორივე აქტიურია, ენერგიული, დინამიური, თავგადასავლების მოყვარული, დამოუკიდებელი, უსაშველოდ ოპტიმისტი და ორივე პატივს სცემს ერთმანეთის სხვა ინტერესებსა და საქმეებს. ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან, შთააგონებენ, ახალისებენ და წინსვლისკენ უბიძგებენ. ვერძებს კი უყვართ შეჯიბრი და როგორც კი ძლიერ ხასიათს გრძნობენ, მაშინვე რქებით მიდიან შესასკდომად, მაგრამ მშვილდოსანს ამის არც ეშინია და სერიოზულადაც ვერ აღიქვამს – ანუ ადეკვატური რეაქცია აქვს, ზუსტად ის პოზიცია უჭირავს, როგორიც ვერძთან უნდა დაიჭირო. თქვენ ერთმანეთს აძლევთ ზუსტად იმას, რაც ასე ძალიან გჭირდებათ : პიროვნულ დამოუკიდებლობას და თავისუფალ სივრცეს. თქვე ბედნიერებო! კურო და მშვილდოსანი სად მიაგენით ერთმანეთს? როგორ არ აცდით გზაში? ან როგორ არ ცდებით? ნამდვილი პარადოქსი. ერთი რომ გააჩერო, უნდა დააბა, მეორე რომ აამოძრაო, უნდა ბუქსირზე მოიბა. მშვილდოსანი ძალიან აქტიური, თავგადასავლებისმოყვარე არსებაა, რომელიც მუდამ სიახლეების ძიებაშია და კუროსნაირმა შენელებულმა კადრმა შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს, თუმცა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება არც ერთი იყოთ ტიპური მშვილდოსანი და არც მეორე ტიპური კურო. მიუხედავად ამისა, პიროვნულ დონეზე ცოტა გაუგებარი დარჩებით ერთმანეთისთვის (თუმცა შეიძლება ემოციურ დონეზე გესმოდეთ, თუ მთვარეები მაინც გყავთ ჰარმონიაში), მაგრამ ამასაც თავისი “მუღამი” აქვს, როგორც იტყვიან. განსხვავებული ტიპაჟის ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესოა და კომპრომისის შედეგად ყოველთვის ყველაფერი გამოდის! ტყუპები და მშვილდოსანი ერთი მედლის ორი მხარე. ოპოზიციური წყვილები პარადოქსული წყვილებია, ისინი თან ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, თან საერთოდ გაუგებრები არიან ერთმანეთისთვის. ორივე ცნობისმოყვარეა, აქტიური, სოციალური, უბრალოდ მშვილდოსანი უფრო ფართო მასშტაბებზე გადის, მსოფლიო კულტურა აინტერესებს, როცა ტყუპებს თავი სამაზობლოს ჭორებით შეიძლება ჰქონდეს თავი გამოვსებული. სტანდარტული სიტუაცია გაინტერესებთ? ტყუპები ტელევიზორს უყურებს, მშვილდოსანი ლექციას კითხულობს და ტყუპების უყურადღებობით შეწუხებული ტელევიზორის წინ დგება. ტყუპების რეაქცია: ცოტა გვერდით დადექი და იქედან მეჩხუბე რა, მეფარები. მშვილდოსანი ბარგის ჩალაგებას იწყებს. ტყუპები ეკითხება: სად მივდივართ? მშვილდოსანს იგი ხელახლა უყვარდება. ისინი პირდაპირები და გულღიები არიან. პირდაპირ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ (ტყუპი უბრალოდ ცოტა უფრო მოქნილია და იუმორის გრძნობასაც იშველიებს) და სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ მოსწონთ ერთმანეთის, მოსწონთ ერთად ყოფნა და ამ ურთიეთობიდან იღებენ ყველაზე მთავარს – თავისუფლებას და თავგადასავლებს. კირჩხიბი და მშვილდოსანი გულღია, მხიარულ და თავგადასავლების მოყვარულ შებერტყილ მშვილდოსანს ხიბლავს ყველაფერი ეგზოტიკური და ჩვენი ფრთხილი, თავის თავში ჩაკეტილი და მელანქოლიური კირჩხიბიც მისთვის ეგზოტიკაა, რომელმაც შეიძლება ძალიან მოხიბლოს, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ კიდევ ბევრი რამ ხიბლავს ამ ქვეყანაზე და იმ ადგილის გარდა, რომელშიც კირჩხიბი ასე კომფორტულად გრძნობს თავს, კიდევ ბევრი რამე აქვს აღმოსაჩენი. გარდა ამისა, კირჩხიბს ძალიან მარტივად სწყინს ყველაფერი, მშვილდოსანი კიდევ ზედმეტად პირდაპირია დ აგაზვიადებაც უყვარს, ამიტომ შეიძლება ისე აწყენინოს რამე კიბორცხალას და თანაც ხშირად, თავად სულაც ა რ ჰქონდეს გამიზნული. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მესაკუთრე კირჩხიბი ხშირად იტანჯება თავისუფლებისმოყვარე კენტავრის გვერდით, მაგრამ თუკი პირად რუკებს შორის სხვა პლანეტებს შორის ჰარმონიული ასპექტებია, მაშინ მშვენიერი წყვილი გამოვა, რომელთაც ძალიან ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ ერთმანეთისთვის. ლომი და მშვილდოსანი ეს არის უსასრულობაში შეცურებული გემის ორკაციანი ეკიპაჟი, რომელშიც ორივე კაპიტნობისთვის იბრძვის, უფრო სწორად ერთი გემის კაპიტანია და მეორე კიდევ მუდმივად რევოლუციას აწყობს. ისინი მთელი ცხოვრება ცდილობენ გაარკვიონ, ვინ არის ოჯახში უფროსი, მაგრამ ვერაფრით არკვევენ. ისინი ორივენი ლიდერები არიან, მაგრამ რადგან ფიქსირებული ლომი გაცილებით უფრო ჯიუტი და ხისტია, მშვილდოსანს მოუწევს მოქნილობა და კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობების აღდგენა. ეს არის ორი ბედის ნებიერა ნიშანი. იუპიტერის და მზის პირმშო. ორივე ქარიზმატულია, თბილი, კეთილი, ხელგაშლილი და იმპულსური. ხშირად ეტაკებიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ორთქლს ამოუშვებენ და მერე ისევ ტკბილად აგრძელებენ ჩუქჩუქს. თანაც არცერთი რჩება დაზარალებული, რადგან არცერთი არ თმობს არაფერს. ეს კარგი წყვილია… თუ რუკებიც ხელს უწყობთ, შესანიშნავი. ამას მათ სახლში შესვლისთანავე იგრძნობთ, რაღაც საშინლად დადებითი აურა იქნება, ისეთი, მასპინძლების მიმართ პატივისცემით რომ განგაწყობთ. სტუმრობა კი ხშირად მოგიწევთ მათთან რადგან ორივე მათგანს მოსწონს მხიარულება, წვეულებები და დიდი თავგადასავლები. ჩვენც რა დაგვრჩენია, ზურგის ქარი ვუსურვოთ მათ!. ქალწული და მშვილდოსანი ერთგული მეოჯახე ქალწული და აულაგმავი, თავისუფლებისმოყვარე კენტავრი. დეტალების დედა/მამა და მსოფლიო მასშტაბების მოაზროვნე. საშინელი პესიმისტი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი. მორცხვი და თავაშვებული. ყურადღებიანი და დაბნეული. ქალწული მშვილდოსნის თანაშემწის როლშია, მუდამ უკან დასდევს და ხან რას ახსენებს ხან რას. კრიტიკაზე კი გულწრფელ ხარხარს და უტაქტო გაშარჟებას იღებს პასუხად, რომელზეც სახე ეღრიცება. ამდენი სილაღე მას არ ჰყოფნის. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომ იდეალურად შეუძლიათ შეავსონ ერთმანეთის ნაკლოვანებები. ჰო, ქალწულსაც აქვს ნაკლოვანებები, მას ისრები არ აქვს, რომელსაც შორ მანძილზე გასტყროცნის, სამაგიეროდ იცის როგორ უნდა ისროლოს მშვილდოსანმა, რომ მიზანს გაარტყას და ბრმად არ ხარჯოს. თუკი მოახერხებენ ერთმანეთის და საკუთარ ნაკლოვანებებში კარგად გარკვევას და ამ ნაკლოვანებების გამო გაღიზიანების ნაცვლად მათ გათვალისწინებასა და გამოსწორებაზე იფიქრებენ, დიდ სამსახურს გაუწევენ ერთმანეთს და კაცობრიობასაც. მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ. სასწორი და მშვილდოსანი ისინი ძალიან მრავალფეროვანი ადამიანები არიან, თუმცა ერთი ყველაზე მთავარი საერთო მახასიათებელი რაც აქვთ – ორივეს უყვარს საუბარი და ბრძნულ ბრძნული იდეების ფრქვევა, თუმცა სასწორი უფრო დიპლომატიური და ტაქტიანია, როცა მშვილდოსანს შეუძლია პირდაპირ პირში მიახალოს ყველას ყველაფერი. მათ სიამოვნებთ ვერბალური კომუნიკაცია. მშვილდოსანი ცეცხლია და რა სჭირდება ცეცხლს საგიზგიზოდ? ჰაერის ნაკადი, ჰოდა, სასწორი ჰაერია. მათ მოსწონთ ერთად ყოფნა. ფუნქციებსაც მშვენივრად ინაწილებენ, არც ტერიტორიების გამო აქვთ ომი. ასე რომ თუკი მათ შორის რამე გაუგებრობა არსებობს, მიზეზი აუცილებლად პირადი რუკებსა და სინასტრიაში უნდა ვეძებოთ, სხვა შემთხვევაში მშვენივრად უნდა უგებდნენ ერთმანეთს. მორიელი და მშვილდოსანი ძალიან საინტერესო ტანდემია – ერთი მხრივ მზაკვარი და პარანოიკი მორიელის, რომელსაც შეყვარებულის არცერთი ნაბიჯი არ ეპარება და არაფერს პატიობს და მეორე მხრივ თავისუფლებისმოყვარე, დაუდევარი და პირდაპირი მშვილდოსნის, რომელსაც გულში ჩადება არ სჩვევია, ყველაფერს ამბობს (შეიძლება ცოტა ხმამაღლა და უტაქტოდ) და მერე ავიწყდება. ამ ურთიერთობაში ერთი შეხედვით შეიძლება მშვილდოსანი შეგეცოდოთ, რადგან მისი მრისხანება ვერბალურ გამოხატულებას არ სცდება, მორიელი კი მოქმედებს, თუმცა ძალიან შეცდებით. მშვილდოსანი იმდენს არასოდეს დარდობს მორიელის დაგეგმილ შურისძიებაზე, რამდენსაც მორიელი მშვილდოსნის წინასწარ-განუზრახველ დარტყმებზე. მოკლედ, მორიელი უფრო მეტად იტანჯება და თუ მათ რუკებში რამე სხვა დამაბალანსებელი მაჩვენებლები არ არის, ამ ტანჯვას დიდხანს არ მოითმენს. არადა, რამდენი რამის სწავლა შეეძლოთ ერთმანეთისგან, რა კარგად დააბალანსებენ ერთმანეთს: მორიელი – ოპტიმიზმს, თავდაჯერებას, ღირსეულად წაგებას, გულახდილობას, გულწრფელობას, უდარდელობას ისწავლიდა, მშვილდოსანი კი – სიღრმეს, სერიოზულობას, სიფრთხილეს, თანმიმდევრობას… მათ ერთად ფრენა შეუძლიათ, ერთმანეთის გაძლიერება, დიდხანს და ბედნიერად – მშვილდის ცეცხლით და მორიელის გათვლებით, თუმცა თუ, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაცნობიერებას მოახერხებენ. მშვილდოსანი და მშვილდოსანი ყველა თანხმდება, რომ გულწრფელობა და პირდაპირობა კარგია… მაგრამ მანამ, სანამ მშვილდოსნებს გაიცნობდნენ. ამ ორ გუზგუზა ნიშანს ერთად, თუკი რომელიმე სხვა ნიშნების გავლენა არ ამშვიდებს პირად ჰოროსკოპებში, ხანძრის გაჩენა შეუძლიათ. სიმართლის თქმა ხშირად უტაქტობაში გადასდით და დანაშაულის აღიარება არცერთს უყვარს, თუმცა სამაგიეროდ მიტევება ეხერხება ორივეს ბრწყინვალედ. ისინი მალე ივიწყებენ შეცდომებს, როგორც მისას ისე სხვისას. კონფლიქტი, როგორც წესი, ბოდიშების გარეშე გვარდება. ხანგრძლივად ერთ განწყობაზე ყოფნა ამ მუტაბელურ ნიშანს ძალიან უჭირს და ყველანაირად ცდილობს გვერდით მყოფის სხვა ტალღაზე მომართვას. ისინი ხშირად შეიცვლიან როლებს: როცა რომელიმე მოიწყენს, მეორე აუცილებლად შეეცდება მის გამხიარულებას და თავგადასავლებში აყოლიებას. ამიტომ ხანძრის საშიშროებით მათ ნამდვილად ვერ დავაფრთხობთ, რაც აქვთ, ყველაფერი რომ გადაწვან, გულს გაუმაგრებენ ერთურთს, გაამხნევებენ, ოპტიმიზმით აავსებენ და მერე ზურგზე ჩანთებმოგდებულნი ახალი ენთუზიაზმით შეუდგებიან ახლის შენებას. თხის რქა და მშვილდოსანი პასუხისმგებლობის და უპასუხისმგებლობის, პესიმიზმის და ოპტიმიზმის, უჟმურობის და მხიარულების შეხვედრა. თხის რქას სატურნი მართავს, შეზღუდვების, კომპლექსების პლანეტა, რომელიც თავჩაუხრელ შრომას და თავისი შრომის შედეგით უკმაყოფილებას აიძულებს მას, მშვილდოსნის მმართველი კი იუპიტერია, გაფართოების, ზრდის, ოპტიმიზმის პლანეტა. მშვილდოსნები უზრუნველი ხალხია, ზედმეტად თავდაჯერებული და თან იღბლიანი, მათ იციან როგორ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი, მაშინ როცა თხის რქა სიხარულს ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი ხშირად კონფლიქტს იწვევს, ორივეს მასწავლებლობა სურს და საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თუ ერთმანეთისგან ისწავლიდნენ.თხის რქა – სითამამესა და ცხოვრებით ტკბობას, მშვილდოსანი თავშეკავებასა და მოთმინებას. საოცრად დააბალანსებდნენ ერთმანეთს. მერწყული და მშვილდოსანი ორი შერეკილი ერთად. ეს ყველაზე მხიარული და სათავგადასავლო ჯანრის რომანია. ჰაერი უბერავს და ცეცხლიც მხიარულად გუზგუზებს, ირგვლივ ყველაფერი თბება. ორივეს უყვარს თავისუფლება და არცერთი ზღუდავს პარტნიორის პირად სივრცეს. ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში ზედმეტად არ ერევიან. სოციალურები არიან, კომუნიკაბელურები. გიჟდებიან ლაპარაკსა და განსაკუთრებით, ბრძნული აზრების ფრქვევაზე. მოსწონთ ხალხში ყოფნა. დიდი სამეგობრო წრე ჰყავთ და თანაც ძალიან მრავალფეროვანი. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაშიც კი ძირითადად მეგობრობენ. მერწყული სიამოვნებით ყვება კენტავრს ნებისმიერ თავგადასავალში, რადგან ბუნებით ექსპერიმენტატორია და მშვილდოსანსაც შთააგონებს თავისი გენიალური იდეებით. მოკლედ, ერთად არ იწყენენ და ეს ორივესთვის არსებითია. ამიტომ მათ შორის უმეტესწილად ჰარმონია სუფევს, თუმცა თუ ორივემ ბოლომდე მიუშვა აღვირი, ხანძრის გაჩენის საშიშროება აქაც აქტუალური ხდება. ამიტომ მცირეოდენი თავშეკავებულობის პირობებში, თუკი ხანდახან მაინც არ იტყვიან ყველაფერს რაც თავში მოუვათ, ყველაფერი გენიალურად იქნება. თევზები და მშვილდოსანი სანამ ნეპტუნს აღმოაჩენდნენ, ორივე ნიშანს ერთი მმართველი ჰყავდა, რაც ნიშნავს რომ მათ, მიუხედვად იმისა, რომ ძალიან, შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაღაც საერთო მაინც აქვთ. ეს სულიერებაა. ორივე ცოტა წაუფილოსოფოსებს. ორივეს ძალიან უყვარს ადამიანები. ორივე ძალიან კეთილია და მიმტევებელი, თუმცა გამოხატვის ფორმები იმდენად განსხვავებული აქვთ, ხშირად იძაბება სიტუაცია. მშვილდოსანი შემაძრწუნებლად გულწრფელია, როცა არავინ ეხვეწება მაშინაც კი მზად არის უტაქტო სიმართლე თქვას, თევზები კი მოთამაშეა, არ სურს გული ატკინოს ვინმეს, ან ყველა კარტი ბოლომდე გახსნას და სიმართლეს გაურბის. მშვილდოსანი თევზებს ამას მატყუარობაში უთვლის, თევზები კი ხშირად რჩება ნაწყენი მშვილდოსნის პირდაპირობით, რადგან ძალიან ფაქიზია და სირბილე სჭირდება. ეს მშვილდოსანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თორემ დაჰკარგავს და ძალიან დიდ განძსაც დაჰკარგავს. ეს რეალობის და ირეალობის შეჯახებაა. სიცხადის და ნისლის. ეს განსხვავებულობა მათ ურთიერთობას გამოწვევად აქცევს, თუმცა ყველაფერი მონდომებასა და სინასტრიაზეა დამოკიდებული. დოჩი გოგო ასევე ნახეთ:როგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს1844 შეფასება არ არის
|