ასტროლოგია როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები) 2019, 12 სექტემბერი, 20:09 ვერძი ბოსივერძი უფროსის ბრძანების ზანტად და უხალისოდ შესრულებას არ გაპატიებთ სამყარო, თუ არადა თავად ვერძი. დროებით თბილი ადგილის მძებნელი თუ ბრძანდებით ან თავისუფალ დროს ცოტა ფულის შოვნა გადაწყვიტეთ, ვერძი უფროსი არ გამოგადგებათ. ის ვერ იტანს, თუ ვინმე ენთუზიაზმის გარეშე მუშაობს. თავად თავს არ ზოგავს და თავისი ხელქვეითებისგანაც იმავეს მოითხოვს. გარდა ამისა, ყველაფერი უცებ უნდა, დავალებული არ აქვს, შესრულებული უნდა გქონდეთ, სამაგიეროდ, არც დაწინაურებას დაახანებს და თუ შეგატყოთ, რომ საქმეს თავს არიდებთ ან უხალისოდ მუშაობთ, - არც სასტიკი საყვედურის გამოცხადებას. ასეთ დროს ჭკუა უნდა გეყოთ და შეკამათება არ გაბედოთ, მთლად უკეთესი თუ ბოდიშს მოუხდით და გამოსწორებას აღუთქვამთ, ვერძი პატიებასაც დაუყოვნებლივ ახერხებს, თანაც არაერთხელ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ვერძი ხელმძღვანელის ხელში სახლში დროულად დაბრუნებას ვერასოდეს მოახერხებთ, თუმცა არც დილით გახედავს საათს მრავალმნიშვნელოვნად, თუკი სამსახურში რამდენიმე წუთი დააგვიანეთ. მისთვის გასაგებია, რომ შთაგონება მაინცდამაინც დილის 9 საათზე არ მოდის და საღამოს 6-ზე არ ქრება. ამიტომ გრაფიკებს დიდად არ დაგიდევთ: შესაძლოა დასვენების დღეებში მუშაობა მოგთხოვოთ და სამუშაო დღეს დეიდის დაკრძალვაზეც გაგიშვებთ, თუნდაც იცოდეს, რომ ამ დროს ფეხბურთის საყურებლად მიდიხართ. უფრო მეტიც შეგიძლიათ არც მოკლათ ეს თქვენი არარსებული დეიდა და გულწრფელად მოახსენოთ მიზეზი. აუცილებლად გაგიგებთ. ის ყველაფერში გაგებით მოგეკიდებათ, თუმცა თუ საქმეს სჭირდება პირადი ცხოვრების დავიწყებას მოგთხოვთ. მახსენდება ერთი ჩემი ნაცნობი ვერძი, რომელმაც ორგანიზაციაში სერიოზული კრიზისის აღმოსაფხვრელად სადღეღამისო მორიგეობის დაწესება მოითხოვა, მაშინ, როდესაც მის მოადგილეს ქორწილი ჰქონდა დანიშნული, ყვავილები და რესტორანი შეკვეთილი და 300 კაცი დაპატიჟებული, სრულიად სერიოზულად მოსთხოვა ქორწილის გადადება, თანაც საქორწილო შვებულებაზეც უარი სტკიცა. იგი აღშფოთებული გახლდათ: "როგორ, როდესაც ფირმას უჭირს, ეგ მუშაობის ნაცვლად სასეირნოდ წაბრძანდეს? ჩემს ქორწილსაც დაუფიქრებლად გადავდებდი. თუ თანამშრომლის პირადი ცხოვრება სამსახურზე მაღლა დგას, კაპიკია მისი ფასი". სამაგიეროდ, თუკი თქვენს ორგანიზაციას კატასტროფის საფრთხე ემუქრება, სამუშაოს სხვაგან ძებნას ნუ იჩქარებთ, თქვენმა ვერძმა უფროსმა ყველაზე კარგად იცის, როგორ გამოძვრეს კრიზისული სიტუაციიდან და როგორ წამოდგეს ფეხზე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემა. ვერძ უფროსს სიძუნწეს ნამდვილად ვერ დასწამებ. იგი დღესასწაულებზე თანამშრომლებს გულუხვად ასაჩუქრებს. შესაძლოა ისეთი ნივთიც კი მიიღოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით, ან ამ ნივთის შესაძენი სოლიდური პრემიაც. კომპლიმენტებს რაც შეეხება, მლიქვნელობა მას არ უყვარს, მაგრამ აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ პატივს სცემთ. მიუხედავად მისი უსაზღვრო თავდაჯერებულობისა, ძალიან სურთ ყველას მოსწონდეს - ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ქუჩაში გამვლელებით დამთავრებული. ხალხის კეთილგანწყობა მათ ჰაერივით სჭირდებათ, თუმცა ამას დიდად არ იმჩნევენ. ამიტომ აუცილებელიც კია დროდადრო დაანახოთ, რომ ძალიან აფასებთ მას როგორც ადამიანს და როგორც უფროსს, თანაც ეს გულწრფელად უნდა გააკეთოთ, თორემ სიყალბეს ვერძი ვერ აიტანს. ვერძი უფროსს დონდლო და აპათიური ხალხი არ უყვარს, უყურადღებოდა არ დატოვებს თქვენს არცერთ იდეას. დიდი ინტერესით მოისმენს თქვენს შეხედულებებსა და ინიციატივებსაც სიხარულით შეხვდება. ამას დაგიფასებთ კიდეც, მაგრამ ეცადეთ არ გადაამლაშოთ, უფროსი მაინც ის არის და თქვენ თქვენი ადგილი უნდა იცოდეთ. მიუხედავად ფიცხი ხასიათისა და დროდადრო არაადეკვატური აგრესიის გამომჟღავნებისა, მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. სიკეთეს ბევრ სხვა უფროსზე მეტად დაგიფასებთ, არასოდეს დაგისვამთ ზედმეტ კითხვებს, არ დაინტერესდება, რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან, როგორი წარსული გაქვთ, რას ამბობენ თქვენზე სხვები, ურჩევნია წარმოდგენა თავად შეიქმნას თქვენზე. მოკლედ, მისი ენერგიულობით, სიალალითა და გამბედაობით თუკი აღფრთოვანდებით, იქნებით ენთუზიაზმითა და სიცოცხლით სავსე, გეყოფათ დიპლომატია და უმნიშვნელო საკითხებზე კონფლიქტებს თავიდან აირიდებთ, მის მიერ სიჩქარეში დაშვებულ შეცდომებს ტაქტიანად გაასწორებთ, თქვენს ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფს. ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი გახდებით, თქვენს უფროსთანაც იმეგობრებთ და მთელი ცხოვრება ერთადაც შეიძლება იმუშაოთ. კურო ბოსითქვენი უფროსი სასიამოვნო, ბუნჩულა და გულისხმიერ ადამიანად მიგაჩნიათ, რომელიც არასოდეს წუწუნებს, ყველაფერს გიგებთ, არასოდეს იძლევა შენიშვნებს და მითუმეტეს, არასოდეს ყვირის? მადლობა ღმერთს, რომ სანამ მას ბოლომდე გაიცნობდეთ, ამ ყველაფრის წაკითხვას და გათვალისწინებას მოახერხებთ. კუროა, ძალიან თავშეკავებული ადამიანია, მაგრამ მის მოთმინებას საზღვარი გააჩნია. შესაძლოა თქვენ ის წყნარ, მშვიდ, სასაცილო და მოუქნელ სრულიად უვნებელ დათუნიას გაგონებთ, მაგრამ კარგად გაიხსენეთ ზღაპრის დათუნიების, განსაკუთრებით ის სამი დათუნია, ერთმა გოგონამ რომ მათი სკამების, საჭმლისა და საწოლების ხელყოფა გაბედა. გოგონამ ტრაგიკული ფინალიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ ასე გაგიმართლებთ? გარდა ამისა, ის დათვი კი არა ხარია და ხარი დათვისგან განსხვავებით, სრულიად მოულოდნელად შესაძლოა ეძგეროს ადამიანს. ისინი საკმაოდ საშიში ცხოველები გახლავთ. ნუ გამოსცდით მის მოთმინებას. როცა ის მშვიდი სახით გპატიობთ რაღაცას, ამ დროს მის თავზე საავდრო ღრუბლები გროვდება და ერთ დღეს ერთი წვეთიც საკმარისი იქნება მეხის გასავარდნად. დღეს რომ შეცდომებიანი წერილი შეუტანეთ, ხვალ რომ ანგარიშში ერთი ორი ციფრი შეგეშალათ და ის ყველაფერს მშვიდად შეხვდა, თქვენც ფიქრობთ, რომ ზეგაც იოლად გამოძვრებით? ძალიან ცდებით, ის ყველაფერს იმახსოვრებს და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ეგ ფურცლები თავზე დაგახიოთ. მას არც ეზარება და არც ეუხერხულება თქვენთვის შენიშვნის მოცემა, უბრალოდ იცის, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ყურადღებით გაკვირდებათ და თუ შეგატყოთ, რომ თავს გაგივიდათ, სამსახურიდან გაგაგდებთ და საერთოდ არ იდარდებს ამის გამო. შანტაჟის მოწყობა არც იფიქროთ, კუროს ცრემლების არ სჯერა. გადაწყვეტილების მიღებამდე უკვე ბევრი შანსი აქვს მოცემული და საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა და ახლა ამ გადაწყვეტილებას არაფრით არ შეიცვლის. იგი ბუნებით მესაკუთრეა და თავის ფირმას თქვენ გამო არავითარ შემთხვევაში არ აზარალებს. როცა კურო უფროსს ელაპარაკებით, ეცადეთ საქმის არსი ძალიან მოკლედ და მარტივად აუხსნათ, შესაძლოა არ გითხრათ, რომ ბევრს მიედ-მოედებით, მაგრამ გულში აუცილებლად გაივლებს. რაც შეეხება სიახლეებს, მას თქვენი გენიალური იდეით აღტაცებაში უცებ ვერ მოიყვანთ. იგი მართალია პატარა საქმით არ კმაყოფილდება და ცდილობს გაზარდოს თავისი კომპანია, უფრო მეტიც, ნამდვილ იმპერიად გადააქციოს, მაგრამ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ, მოზომილად და გეგმაზომიერად აკეთებს. რისკზე წასვლა არ უყვარს. ამიტომ თქვენს ნოვაციას საკმაოდ გულგრილად შეხვდება, საფუძვლიანად შეამოწმებს პრაქტიკაში და როცა ყოველგვარ რისკს გამორიცხავს, დინჯად დაიწყებს ცვლილებების განხორციელებას. იგი ბუნებით კონსერვატორია და აზარტთანაც ვერ მეგობრობს. ურჩევნია სიახლე სხვებმა გამოსცადონ და თავად მშვიდად გაუყვეს უკვე სხვების მიერ გატკეპნილ ბილიკს. გარდა ამისა, მას თავაზიანი, მოწესრიგებული და ელეგანტური ხელქვეითები მოსწონს, კარგი მანერებით. ცხარე კამათს დინჯი განსჯა ურჩევნია. როცა დაჯდომას გთავაზობთ, სკამზე ნუ გადაიშხლართებით, საზურგეზე ნუ გადაწვებით და ღმერთმა დაგიფაროთ, ფეხების ჟურნალების მაგიდაზე შემოწყობის იდეისგან. ამას არავითარ შემთხვევაში არ მოგითმენთ. ეცადეთ არც ზედმეტი ექსტრავაგანტულობითა და მკვეთრი მაკიაჟით მოხვდეთ თვალში. მოკლედ, კურო უფროსი საერთოდ არ არის ისეთ უპრობლემო ადამიანი როგორიც თავიდან გეგონათ, თუმცა ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. ის არასოდეს ივიწყებს ერთგულ თანამშრომლებს, სამართლიანია და ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს. თუ ბრიყვი გიწოდათ, ესე იგი ბრიყვად გთვლით და სჯობს თავად ეძებოთ სხვა სამსახური, მაგრამ თუკი შეგაქოთ და მის მოკავშირედ გთვლით, დაწინაურება და სტაბილური სამუშაო ადგილი გარანტირებული გაქვთ. თქვენ საიმედო ხელში ხართ. ტყუპი ბოსიერთხელაც თქვენს უფროსს პუნქტუალურობის სენი შეეყრება, წამდაუწუმ საათზე დაიწყებს ყურებას, მოსაწევ ოთახში თქვენს ყოველ გასვლას და სასადილოდან 5 წუთიან დაგვიანებას დააფიქსირებს. სამაგიეროდ სხვა დროს ნახევარი დღე რომ არ იმყოფებოდეთ, შეიძლება საერთოდ ვერ შეამჩნიოს. მისი გუნება განწყობილების პროგნოზირება ძალიან რთულია. თქვენ ხომ არ იცით, რომელ ფეხზე ადგება დილით. ამიტომ ჩვენი რჩევაა, ყოველდღე სხვადასხვანაირს ელოდოთ. ტყუპი ცოტა მოუსვენარი, მაგრამ ბრწყინვალე ლიდერია. ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად პრეზიდენტის სავარძელი მას შეეფერება, მაგრამ იქ დიდხანს ჯდომას ვერ შეძლებს, ძალიან მოსწყინდება. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა მისთვის მბრუნავი სავარძლის შეთავაზება, რომელიც ნაწილობრივ განმუხტავს ნერვულ დაძაბულობას. კაბინეტში ყოფნისას ის ძირითადად ბოლთას სცემს და კაბინეტში დაძახების მაგივრად, შესაძლოა თავად გეწვიოთ სამუშაო ოთახში. 9-დან 6-მდე ერთ ადგილას ჯდომა, მისთვის კოშმარია, ამიტომ ვიცე-პრეზიდენტის ან კონსულტანტის თანამდებობაზე უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს, მათ სამსახურში მთელი დღე ყოფნა არ ევალებათ. ტყუპი უფროსი იდეების გენერატორია, რომელსაც სიამოვნებით უზიარებს თანამშრომლებსაც. ასე რომ, თუკი ხელმძღვანელად ტყუპი უფროსი დაგინიშნეს, ცვლილებებისთვის მოემზადეთ. არსებული სტერეოტიპები მას არ დააკმაყოფილებს, არალოგიკურად და გაბუქებულად მიიჩნევს. თქვენი არგუმენტები: “საუკუნოვანი პრაქტიკა“ და “ასე ვართ დაჩვეულები“, ვერაფრით დაარწმუნებს. იგი ნოვატორია და ტრადიციები დიდად არ უყვარს. რაც არ მოეწონება, დაუყოვნებლივ შეცვლის. ტყუპ ბოსთან მონოტონურობას და მოწყენილობას ვერ იგრძნობთ. სხვა თუ ვერაფერი მოიფიქრა, ავეჯის დიზაინის შეცვლას გაიძულებთ, მდივანს ჩაცმულობის სტილზე მიუთითებს, შემოიღებს დასჯისა და წახალისების ახალ მეთოდებს, მოკლედ უსაქმოდ არ გაგაჩერებთ. მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება, ხანდახან გეგონებათ ზედმეტი არათუ წყვილი თვალი და ყური აქვს, არამედ ხელფეხიც. სხვაგვარად ვერაფრით ახსნით როგორ ახერხებს ერთდროულად რამდენიმე ადგილას ყოფნას. ნუ შეგეშინდებათ მისი შურისძიების. ის იმდენ რამზე ფიქრობს ერთდროულად, უარყოფითი ემოციებისთვის დიდხანს ვერ მოიცლის. ბუნებით ინდივიდუალისტი და თავისი აზრის ერთგული, ანგარიშს ყოველთვის არ გაგიწევთ. არა, მოსმენით, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით მოგისმენთ, მაგრამ ის თქვენ ადამიანად კი არ აღგიქვამთ, არამედ იდეების და აზრების შესაძლებლობათა კვინტესენციად, რომლებიც პიროვნებას განსაზღვრავენ. აქედან იღებს სათავეს მისი აბსტრაქტული დამოკიდებულება განსაზღვრული ინდივიდისადმი. თუმცა ტყუპების გარშემო უამრავი ხალხი ირევა, რომელთა უმეტესობაც მის მიმართ სიმპათიითაა განმსჭვალული და თავადაც ძალიან კარგი დამოკიდებულებები აქვს, ღრმა სულიერ კავშირში არავისთან შედის. ეს მისი თანდაყოლილი სიცივის ბრალია. გონებამახვილმა ტყუპმა კარგად იცის იუმორის ფასი და კარგ ხუმრობაც აუცილებლად კეთილად განაწყობს თქვენ მიმართ, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში. ნუ ეცდებით მისი გულის აჩუყებას ცრემლებით, ამან შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ნურც კამათში შაჰყვებით, თუ საკმარისი არგუმენტები არ გაგაჩნიათ, გახსოვდეთ ის დისკუსიების ოსტატია და შეუძლია თავის აზრზე გადაგიყვანოთ. ტყუპი უფროსი იშვიათად ჩერდება ერთ სამუშაოზე დიდხანს. როგორც კი რაიმე განსაზღვრულ წარმატებას მიაღწევს, გული სხვა ჯერ არ ნაცადი ადგილებისკენ გაუწევს და, რაღა თქმა უნდა, ამ გულისთქმაზე უარს ვერ იტყვის. ახლისადმი სწრაფვა მათ მოხუცებულობამდე თან დაჰყვებათ. კირჩხიბი ბოსიიუმორით სავსე კირჩხიბის ოფისი შესაძლოა ხმაურიან მხიარულ ბალაგანად წარმოიდგინოთ, მაგრამ ძალიან შეცდებით. ასეთი ატმოსფერო მხოლოდ მაშინ დაგხვდებათ მასთან, თუკი კინო ან ტელესტუდიის დირექტორია, ისიც გამონაკლის შემთხვევებში. ამიტომ თუკი კიბო უფროსის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ხუმრობა საქმე სულაც არ არის. უკეთესია, თუ რიგიან ვარცხნილობას გაიკეთებთ, წესიერად ჩაიცვამთ და სერიოზული შრომისთვის მოემზადებით. შრომისმოყვარე კირჩხიბი უსაქმურ და ზარმაც ადამიანებს ვერ იტანს. მისი აზრით, 8 საათიანი სამუშაო დღიდან 7 საათი და 59 წუთი მუშაობას უნდა დაეთმოს, მისი იუმორი კი სამსახურში მხოლოდ ხელმოცარულ კონკურენტებზე ან ხელფასის გაუმართლებლად მომატების მთხოვნელ ხელქვეითზე დაიხარჯება. ამ შესავლით ალბათ უკვე დაგაფრთხეთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. იმ ხელქვეითებისთვის, ვინც სამუშაოზე თავს არ ზოგავს კიბო ურიგო უფროსი როდია. გახსოვდეთ, მას სამუშაო ფულის გამო უყვარს, ხოლო ფული მისთვის ყველაფერია, უსაფრთხოება, ემოციური სტაბილურობა, სავსე მაცივარი, სიმდიდრე, პრესტიჟი და ღმერთმა უწყის კიდევ რა აღარ. რაც უფრო მეტს იმუშავებ, მით უფრო მეტს ფულს მიიღებ - აი, მისი ცხოვრებისეული კრედო და თუ მასთან მუშაობას აპირებთ, ამ პრინციპით უნდა იხელმძღვანელოთ. თუკი ცნობილი ბიზნესმენების რიცხვს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ბევრი მათგანი კიბოა, რაც დამთხვევა სულაც არ არის. მეგობრული საუბრისას თუკი ფრთხილად შეაპარებთ შეკითხვას, როდის გადაინახა პირველად თავისი ნაოფლარი, პირს ნუ დააღებთ, როცა გიპასუხებთ 6-7 წლის ასაკშიო. ისინი არცერთ სამუშაოს არ თაკილობენ, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. მდიდარ მშობლებს მისი სრული უზრუნველყოფაც რომ შეეძლოთ, დამატებით შემოსავალზე კიბო უარს მაინც არ იტყვის. როცა ფირმისადმი თქვენს ერთგულებაში დარწმუნედება, კიბო სტიმულის მოცემას მხოლოდ სიტყვით არ შეეცდება და კეთილგანწყობას სოლიდური თანხითაც დაგიდასტურებთ. მას მშვენიერი მეხსიერება აქვს და არ ავიწყდება არც სიკეთე და არც სიავე. ერთხელაც რომ შეირცხვინოთ თავი, ჩათვალეთ, რომ მასთან თქვენი კარიერა დასრულებულია. დიდი მემკვიდრეობის პატრონიც რომ იყოს, რომელიც მასაც და მთელ მის მემკვიდრეობასაც თავისუფლად ეყოფა, ის მაინც თავდაუზოგავად იმუშავებს. მნიშვნელოვანი მისთვის მაინც ის არის, თავად რამდენს შოულობს. თან ფული ზედმეტი არასდროს არის. ვინ იცის, ხვალ რა დრო დადგეს. ერთი შეხედვით ის ძუნწიც კი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის არაფერს დაიშურებს. სიყვარულით კი ჯერ შინაურები (ოჯახის წევრები) უყვარს, მერე თავისი ფირმა და მერე ყველა, ვინც მას ესიმპათიურება. საინტერესოა, რომ კირჩხიბ უფროსებს შორის უმეტესობა ქალია. კირჩხიბი ქალები, რაც არ უნდა მეოჯახეები გახლდნენ, უსამსახუროდ მაინც გულნაკლულად არიან. სამსახურის გამო არა, ფული მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ქმრის შემოსავლით არ კმაყოფილდებიან. თუკი რაიმე მიზეზის გამო კირჩხიბი ქალი არ მუშაობს, მაგალითად პატარა ბავშვები ჰყავს, აუცილებლად დაიწყებს მუშაობას, როცა პატარები წამოიზრდებიან. კირჩხიბი უფროსი, კეთილი, პატიოსანი და სამართლიანია. დიდსულოვნება და თანაგრძნობა მისთვის ლიტონი სიტყვები როდია. ინტუიციის წყალობით ყოველთვის ზუსტად იციან, რა ხდება თქვენს გულში და შეძლებისდაგვარად ყველანაირად ცდილობენ დაგეხმარონ, რაც ასევე ძალიან დასაფასებელია. კირჩხიბ უფროსთან მუშაობა კიდევ იმითაც არის კარგი, რომ მასთან ერთ თვეში ისწავლი იმას, რასაც სხვასთან წელიწადი არ ეყოფა. თუკი მის პრინციპებს გაიზიარებთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. რაც შეეხება ხუმრობას, შესვენებისთვის გადადეთ და თუკი გონებამახვილურია, აუცილებლად იცინებს თქვენთან ერთად არასამუშაო საათებში. ლომი ბოსისტანდარტული სიტუაცია, როცა ლომია უფროსი: ლომი იბარებს თავის მდივანს (სავარაუდოდ ქალწულს), რათა მნიშვნელოვანი წერილი უკარნახოს. მდივანი ბლოკნოტს იმარჯვებს. “მაშ ასე, შეიძლება მივწეროთ შემდეგი“…. – ლომი წუთით ჩაფიქრდება, მერე ღიმილით სახე გაებადრება და – “კაცმა რომ თქვას, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რას პასუხობენ ასეთ წერილებზე“. მერე რამოდენიმე “ფასიან“ შენიშვნას აძლევს მდივანს და სადღაც მიდის. ოფისში დღის ბოლოს ბრუნდება და კითხულობს მზად არის თუ არა მისი წერილი. გადაავლებს თვალს, დაურეკავს მოადგილეს და დროდადრო წერილიდან ციტატებს კითხულობს – “ჰა, როგორია? მოგწონს წერილი? მგონი ყველაფერი მოკლედ და მარტივად გადმოვეცი, შენ როგორ ფიქრობ? არა, შემოქმედებითი ნიჭი ნამდვილად მაქვს, ტყუილად კი არ მეუბნება ჩემი ცოლი, შენგან ურიგო მწერალი არ დადგებოდაო“ – აი, ამ მოკრძალებული ფრაზით მთავრდება საუბარი. მთლად ასეთი მძიმე შემთხვევაც შეიძლება არ იყოს, მაგრამ ფაქტია, ლომს ოფისში ორიგინალური იდეების მქონე, ნიჭიერი და მოკრძალებული ადამიანები ურჩევნია, რომელთაც ჭკუა ეყოფათ და ამ იდეებს თავისად არ გაასაღებენ. და თუ თქვენ ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებით, ჯილდოებსა და პატივისცემას არ მოგაკლებთ, რაც შეეხება იდეებს, ისინი ლომისაა. მან გიბიძგათ სწორედ აღმოჩენისკენ და თქვენც არაფერი დაგრჩენოდათ მისი აღმოჩენის გარდა. ჭეშმარიტად იდეის ავტორი კი ლომია - ეს არასოდეს დაგავიწყდეთ! ლომი უფროსი ხანდახან უმადური ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ძირითადი სამუშაოს გარდა, არაფრად უღირთ რამდენიმე ათეული წერილის დამატებით მოგდება, რომელიც თავად უნდა წაეკითხა, მაგრამ დაეზარა. საღამოს კი მოგაკითხავთ და ამ დამატებითი სამუშაოს (რომელიც თქვენს გაწერილ ფუნქციებში საერთოდ არ შედის) შესრულება ბოლომდე თუ არ მოგისწრიათ, უპასუხისმგებლობაში დაგადანაშაულებთ. ასეთ დროს ოლიმპიური სიმშვიდე გმართებთ, რომ არ აფეთქდეთ. ეცადეთ ხასიათი გაუგოთ. იგი უარს ვერ იტანს. თუ სხვა გზა არ გაქვთ, ეს ისე უნდა შეაპაროთ, რომ უარი ვერც იგრძნოს. უნდა მოახერხოთ, რომ თავად თქვას დავალებაზე უარი. ლომი უფროსი ვერ იტანს ჭორებს, ინტრიგებს, საიდუმლოებებს, რომლებიც რაღაცით მათ ცხოვრებას ეხება. თავს ვალდებულად თვლიან, ყველაფერი იცოდნენ თავიანთ თანამშრომლებზე და დროულად მისცნენ მეგობრული რჩევა, რომელიც მათ არაფერში გამოადგებათ. მისი კაბინეტი, მეფურ აპარტამენტებს წააგავს. თანხებს არ იშურებს, რომ არისტოკრატული სალონივით უმაღლესი გემოვნებით ჰქონდეს მოწყობილი. უკანასკნელი მოდელის სავარძელი, დიდი მხატვრების ჩინებული რეპროდუქციები, რბილი დივნები და, რაღა თქმა უნდა, კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩოში ჩასმული მისი დიპლომები და ჯილდოები. ლომის ხელქვეითი არა მარტო შემოქმედებითი, ორიგინალური, გამბედავი და შრომისმოყვარე პიროვნება უნდა იყოს. ლომი უფროსი დაბადებიდან ორგანიზატორი და ლიდერია. მშვენივრად იცის, ვის რა სამუშაო დაავალოს და ვინ რისი გამკეთებელია. არასოდეს ცდება არჩევანში და თქვენი შესრულებული სამუშაოს გამო ამიტომაც იღებს ჯილდოს. იგი ბრწყინვალე მენეჯერია და ამიტომაც დამსახურებულად იღებს მადლობას. გარდა ამისა, არც თქვენ მიერ გაწეულ სამსახურს დაივიწყებს. დაგიფასებთ და თანაც გულუხვად… ლომს ბრწყინვალედ ეხერხება აგრეთვე პრომოუშენი, აუცილებლად დაგაწინაურებთ, მაგრამ მის წინ გადახტომა არც იფიქროთ. მთავარია, თავმოყვარეობა საერთოდ დაივიწყოთ, რადგან პატარა შეცდომის გამო ისე გიღრიალებთ, კრიმინალზე წამსვლელიც შეიძლება გახდეთ. ქალწული ბოსითუკი თქვენი ბოსი ქალწულია, ძალიან მკაცრად ნუ განსჯით. სულის სიღრმეში იგი არც ის მშვიდი და ბედნიერია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ქალწულები ლიდერებად არ იბადებიან, ამიტომ როცა უფროსი ხდება, გრძნობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. ცხადია გამონაკლისები არსებობენ, მაგრამ ალბათ სხვა ნიშნების გავლენით. ტიპიური ქალწული მეფის მთავარი მრჩეველი და მარჯვენა ხელი უფროა, ვიდრე მეფე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი შემსრულებელი და რეალურად საქმის გამკეთებელი უფროა, ვიდრე ბოსი. როგორღაც ყოველთვის ჩრდილში რჩება. ქალწულს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ურჩევნია, სადაც რამდენიმე ნაცნობთან აქვს საქმე, მსხვილი კომპანიის ერთპიროვნულ ლიდერობას, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ხელქვეითთა პირადი პრობლემების გადაჭრაზე. ტიპიური ქალწულისთვის ეს უჩვეულოდ დამღლელი საქმიანობაა, რომელიც უფრო მაგარ ნერვებს და სქელ კანს მოითხოვს. გარდა ამისა, იგი ისე ნათლად ხედავს საგნის ცალკეულ დეტალებს, თვით საგანი მთლიანობაში შესაძლოა ვერ აღიქვას. უფრო მარტივად, ხეების მიღმა ტყე ვერ დაინახოს. სამაგიეროდ ლიდერად დაბადებული ადამიანებისგან განსხვავებით, როგორებიც უფრო მეტად ცეცხლის ნიშნებში გვხვდებიან, მას პატარა წვრილმანიც კი არასოდეს გამორჩება. ამიტომ სხვების მიერ შედგენილი პროექტების დეტალებში დამუშავებას ბრწყინვალედ ახერხებს. ქალწულის ნიჭი, სამუშაო მაგიდასთან უფრო მჟღავნდება, ვიდრე სახალხოდ. თუმცა მათი მუშაობის მეთოდიკა იმდენად გაუგებარია, ხშირად ორპირობაში დებენ ბრალს, მაგრამ ასეთები ნამდვილად არ არიან. უფრო პირიქით, როცა საქმისთვის საჭიროა უფროსის მიერ ტყუილის თქმა, ან სინამდვილის შელამაზება, ამას ძალიან იშვიათად და უხალისოდ აკეთებს. ყოველდღიურ მსგავს თვალთმაქცობას, ქალწულის ნერვულ აშლილობამდე მიყვანა შეუძლია. გაცილებით უკეთაა საქმე, როდესაც მისი თანამშრომლების რიცხვი ათიოდე ადამიანს არ აღემატება. ფირმა-გიგანტი ქალწულის დაქვემდებარებაში, პირდაპირ კოშმარია, თუ რა თქმა უნდა, ტიპიური ქალწულის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალწული მოუწესრიგებელ, ფეთხუმ და დაუდევარ მდივანს, ვერაფრით აიტანს, რაც არ უნდა ნიჭიერი და მზეთუნახავი იყოს ეს უკანასკნელი. თუ გსურთ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ, სწრაფი, ზუსტი და მოწესრიგებული უნდა იყოთ და, რაღა თქმა უნდა, საზრიანიც. მისი ყოველი შენიშვნა მშვიდად, ჩუმად და შეკამათების გარეშე მიიღოთ. გირჩევთ, უშეცდომოდ მუშაობა ისწავლოთ, სხვა ვერაფრით დაგეხმარებით. საერთოდ, მის მეწვრილმანეობას, კრიტიკოსობასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვას თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, თქვენს ბოსში კარგ პიროვნებას დაინახავთ: სამართლიანსა და ყურადღებიანს. ყოველთვის თანაგრძნობით მოგისმენთ, რამე თუ გიჭირთ სამსახურიდან ადრე გასვლაზე უარს არ გეტყვით, თუმცა არასოდეს გაპატიებთ სამსახურში ფლირტაობას, გაჩეჩილ თმასა და უსუფთაო სამუშაო ადგილს. თუკი მას გაგებით და პატივისცემით მოეპყრობით, რასაც ნამდვილად იმსახურებს, რბილ, დაკვირვებულ და მზრუნველ მფარველს დაინახავთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, იგი ბუნებით მარტოსული ადამიანია და თქვენს მეგობრულ თანადგომას ძალიან დააფასებს. სასწორი ბოსისასწორ ბოსს კაბინეტში იშვიათად იხილავთ, იგი გამუდმებით ყველაფრის დაბალანსების მცდელობაშია და მხოლოდ დროდადრო მიაშურებს ხოლმე კაბინეტს. სასწორ უფროსებს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ, მშვიდები და ამავდროულად ძალიან აქტიურები არიან, თითქოს შენელებული კადრიაო. უმრავლესობას ლაპარაკი უყვარს და ეხერხება, თანაც საოცარი დამაჯერებლობა აქვთ, თუმცა მოსმენას უფრო ამჯობინებენ და შეფასებას ვიდრე საკუთარი აზრების თავს მოხვევას, რაც ძალიან სასარგებლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. იგი ყველას აზრს ითვალისწინებს, მისი მოადგილიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული. მას აინტერესებს, რას ფიქრობს ამ საკითხზე მისი ცოლი და ადვოკატიც. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან პასუხისმგებლობის ეშინია და თუკი რაიმემ არ გაამართლა, თავს დაიმშვიდებს, ეს ჩემი კი არა სხვისი აზრი იყოო, შესაბამისად ბრალიც მისიაო. თუკი სასწორმა გონებისა და ემოციების ჰარმონიას მიაღწია, მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო ხდება. მისი კაბინეტი ყოველთვის მშვიდ და დახვეწილ ფერებშია გაწყობილი და წყნარ მუსიკას უსმენს. მუსიკა მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს. სასწორს უფროსებში ქალები უფრო ჭარბობენ და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები უფრო მკაცრები, დისციპლინის მოყვარულები და მომთხოვნები გახლავთ, ვიდრე მამაკაცები. სასწორი უფროსები ასევე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ შესვენებას და ამ დროს არა მარტო გემრიელად სადილობენ, ცდილობენ საქმესაც მოწყდნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ფულთან მიმართებაშიც ვერ გაიგებ, ხან ძუნწობენ და ხან სანტა კლაუსებად მოგვევლინებიან. და ბოლოს ხანდახან სასწორებს ძალიან უყვართ ხელქვეითების სახლში მიპატიჟება და ეცადეთ ხმამაღალი სიცილით, ვულგარული მანერებითა და აგრესიული ლაპარაკით თქვენზე წარმოდგენას არ დაუკარგოთ. მისთვის მთავარი სილამაზე და ჰარმონიაა და თუ ამის შექმნას მოახერხებთ, ბოსთან პრობლემები არ გექნებათ. მორიელი ბოსიილაპარაკე რბილად, მაგრამ ზურგს უკან კეტი მზად გქონდეს - მორიელი პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ეს რჩევა თვალსაჩინო მაგალითია იმ ფილოსოფიის, რომელსაც მეტ ნაკლებად ყველა მორიელი ბოსი ემორჩილება. მორიელი ქვეყნიერებას სიცოცხლის საიდუმლოთა ასახსნელად მოევლინა. ამიტომ ყველაფერი აინტერესებს, რაც ასე თუ ისე მასთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ გამონაკლისს არც მისი ხელქვეითების საიდუმლოებანია. საკმარისია თვალებში ჩაგხედოთ, რომ მიხვდება რა შეგემთხვათ გუშინ და თუნდაც ერთი კვირის წინათაც კი. თანაც არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც კი. აქედან გამომდინარე, გირჩევთ თუ რაიმე გაქვთ დასამალი, მორიელ უფროსთან არ იმუშავოთ. იგი მაინც გამოაგაშკარავებთ. სამაგიეროდ, მორიელი სხვა უფროსებზე მეტად გაგიგებთ, შეაღწევს თქვენს სულში, მიგიხვდებათ გუნება განწყობილებას, დაგეხმარებათ ძნელბედობის ჟამს. სხვა უფროსებისგან განსხვავებით, თქვენს მიმართ გულგრილი არ დარჩება, ვინაიდან კარგად უწყის, რომ თქვენი ცუდი და კარგი განწყობილება პირველ რიგში თქვენს სამუშაოზე აისახება. მორიელზე უკეთ საკუთარი ჭეშმარიტი ზრახვების დამალვა არავის შეუძლია. ამასთან გარეგნულად სრულ სიმშვიდეს შეინარჩუნებს. ასეთი პრაქტიკის წყალობით ბრძოლიდან სულ გამარჯვებული გამოდის, ვინაიდან ასეთ მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან თავდასხმას არავინ ელის. როცა მტერს ჰგონია, ამ ფლანგზე ყველაფერი რიგზეაო და ყურადღება სხვა მხარეს აქვს მიმართული, მორიელი ზუსტად გათვლილ დარტყმას აყენებს და მიზანს აღწევს. ის თანამშრომლებს საგულდაგულოდ არჩევს და პირად სიმპატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ესიმპატიურებით, ყურადღებით მოეკიდება თქვენი დაწინაურების საკითხს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. ხოლო თუ ასეთთა რიცხვს არ მიეკუთვნებით, უბრალოდ მის სამსახურში ყოფნაზე არც იოცნებოთ. თუკი მის მოსვლამდე მიგიღოთ სხვამ, აუცილებლად მოგიშორებთ თავიდან, თანაც ამას ძალიან ოსტატურად მოახერხებს. თქვენ თვითონვე შეამჩნევთ, რომ მისთვის არარაობა ხართ და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ეს ყოფა ყელში ამოგივათ, სხვა სამუშაოს ძებნას დაიწყებთ. მშვენიერი ტაქტიკაა, არა? აუცილებელი არ არის, მორიელი უფროსი შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს. სავარაუდოდ ვერც დრაკულას ან სხვა რომელიმე ცნობილ მონსტრსაც ვერ მიამსგავსებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. საშუალო გარეგნობის მორიელსაც კი შეუძლია დაგიმორჩილოთ და მოგაჯადოვოთ. სულ მალე ვერავინ დაგარწმუნებთ, რომ ქვენს უფროსზე კეთილი, ჭკვიანი და ნიჭიერი არავინაა. მაგრამ კომპლიმენტებით არავითარ შემთხვევაში არ შეამკოთ. სიყალბე და მლიქვნელობა იმდენად აღიზიანებს, რომ აუცილებლად რაიმე ფარულ ჩანაფიქრში დაგადანაშაულებთ. ასე რომ, თავშეკავებულობის გამოჩენა გმართებთ. მით უმეტეს, რომ ამისკენ თავად მოგიწოდებთ. ხელქვეითებთან შეჯახებისას ემოციურობას იშვიათად ავლენს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საქმე მისგან უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს და როცა სხვა ხერხით ვერაფრით გაგაგებინებთ, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ როცა სიტუაცია სტაბილური ხდება, თქვენ წინაშე კვლავ მშვიდი და აუღელვებელი უფროსი წარსდგება. ნუ ეცდებით მის ჯობნას ან დაჩრდილვას, მიუხედავად იმისა, რომ თავის გამოსაჩენად სხვა ნიშნებივით არ ხტის, მას ლიდერობა ძალიან უყვარს და მის წინ გახტომას არ გაპატიებთ, მოერიდეთ მის წყენინებას, ამას შესაძლოა სამსახურის კი არა ჯანმრთელობის დაკარგვაც მოჰყვეს. სამაგიეროდ, კეთილმოსურნეობასა და ლოიალობასაც ასეთვე წარმატებით დაგიფასებთ. მშვილდოსანი ბოსითქვენი ახალი ბოსი სამსახურში მისვლის პირველი დღიდანვე დაგაინტერესებთ. ვინ არის? გენიოსი თუ სულელი? დონ კიხოტი თუ გაუზრდელი ხეპრე? ხან სპილოსავით ტლანქი და ხან დოღის ცხენივით გრაციოზული. ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს ადამიანს კი არა გამოსახულებას ხედავთ მრუდე სარკეში. დარწმუნებული ვარ, ორი სამი კვირის შემდეგაც ზუსტად ასეთივე გაურკვევლობაში იქნებით, მაგრამ კიდევ ცოტა ხანს დარჩენას გადაწყვეტთ, რათა სიტუაციაში გაერკვეთ. კიდევ რამდენიმე კვირის შემდეგ დაასკვნით, რომ ყველაფერი მისი მშობლების ბრალია: წესიერად ვერ გაზარდეს და გაატუტუცეს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეცდებით. მშობლებს ბრალი არაფერში მიუძღვით, თქვენი პატივცემული მშვილდოსანი სახლში ბავშვობაშიც იშვიათად ბრძანდებოდა. მოკლედ, გადაწყვეტთ საერთოდ არაფრად ჩავაგდებ, ამ სამსახურში გამჩერებელი მე არ ვარ, მაგის უტაქტობა მისმა ცოლმა იტანოსო და მინდა კიდევ გითხრათ, რომ კიდევ შეცდებით: იგი ცოლსაც ისე იშვიათად ხედავს, გულის ტკენას ვერ ასწრებს და ცოლიც მისი ნახვის ბედნიერებითაა ხოლმე მოცული. წასვლაზე კი იმიტომ ფიქრობთ, რომ გგონიათ მშვილდოსან უფროსს დასანახად ეჯავრებით, რადგან ხალხის თანდასწრებით საშინლად გამოგლანძღათ, თუმცა მალე ამაშიც ეჭვი შეგეპარებათ, რადგან ერთ დღეს შემთხვევით შეხვედრილს მხარზე ხელს მეგობრულად დაგიტყაპუნებთ, შეგაქებთ და დაწინაურებას შეგპირდებათ. გავა კიდევ რამდენიმე დღე და აღმოაჩენთ, რომ თქვენი დაწინაურების საკითხი არც კი დასმულა დღის წესრიგში, იმ დღეს ის უბრალოდ კარგ ხასიათზე იყო და თქვენ გარდა კიდევ რამდენს დაპირდა დაწინაურებას, კაცმა არ იცის. ბოლოს, თქვენი მოთმინების ფიალა აივსება და ყველაფერში გასარკვევად მის კაბინეტს მიადგებით, თუმცა სამწუხაროდ ის წუხელ ლონდონში გაფრენილა. თქვენ თავს დაიმშვიდებთ, როგორც კი ჩამოვა მაშინვე ყველაფერს პირში მივახლიო, მაგრამ ვეჭვობ ცდა დიდხანს მოგიწევთ, ლონდონიდან ჩამოსული რამდენიმე საათში ტოკიოში გაფრინდება და თან გზადაგზა გადაწყვეტს რამდენიმე აზიურ ქვეყანაშიც შეიაროს. რა უნდა ქნათ? ბოლოს და ბოლოს როდის შეძლებთ მის ნახვას და ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმის ამონთხევას? სჯობს სიმართლე იცოდეთ - ვერასოდეს. იგი ისეთი სისწრაფით მოძრაობს, და იმდენი საინტერესო საქმე ეგულება ამქვეყნად მისი ნაკლოვანებების მოსაწყენი ჩამოთვლის მოსასმენად დროს ნამდვილად ვერ დაკარგავს. ამასთან ნაკლოვანებების გარდა, იმდენი ღირსება აქვს, სჯობდა აქედან დაგეწყოთ. დედამისიც ასე იქცეოდა, მისი ცოლიც, მეგობრებიც და ამით მხოლოდ მოიგეს. არა, იგი გამოსწორებას საერთოდ არ აპირებს, სჯობს მისი ახლობლების ბრძნულ ტაქტიკას მიმართოთ. მაშ, ასე. პირველი: მშვილდოსანი ბოსი იშვიათად ბუზღუნებს და ბრაზობს და უფრო ხშირად კარგ ხასიათზეა. მეორე, გულუხვი და კეთილია და თუკი ფინანსური კრიზისი გაქვთ, ერთი თვის ხელფასის წინასწარ აღების უფლებას მოგცემთ. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ეს შეუძლებელია საკუთარი ჯიბიდან გასესხებთ. მესამე: იგი გულმართალი კაცია და საყვარელ საქმეს ბოლომდე ერთგულობს. მეოთხე: ძალიან დემოკრატიული და გულწრფელი ადამიანია, სწორედ ეს განაპირობებს მის უტაქტობაში გადაზრდილ პირდაპირობასაც. ასე რომ, მას მართლაც ბევრი დადებითი თვისება აქვს, რასაც სხვა უფროსებში იშვიათად წააწყდებით. ამასთან, ის ძალიან მეგობრულიც არის და ცოტათი მიამიტი და მიმნდობი. ჰყავს უამრავი მეგობარი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა ქვეყანაში, სადაც ოდესმე ყოფილა: ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არქიტექტორები, ბალერინები თუ ბარმენები, პროფესორები და სპორტსმენები… მშვილდოსან ბოსს უყვარს პომპეზურობა, მკვეთრი სინათლე, თანამშრომლები გრანდიოზული გეგმებით, კარგი საჭმელ-სასმელი, გართობა, მოგზაურობა, ერთგულება, თავისუფლება, ცვლილებები… ვერ იტანს მეწვრილმანეებს, უსინდისოებს, ძუნწებს, პესიმისტებს, ფარისეველ და გულჩათხრობილ ადამიანებს… დამეთანხმებით, რომ ასეთ ადამიანთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. მართალია, არ გეცოდინებათ, რას მოიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ სამაგიეროდ ყოველი დილა მხიარულად და ენერგიულად დაიწყება. თხის რქა ბოსითხის რქა მთელი დღე კაბინეტში ზის, ტელეფონები განუწყვეტლივ წკრიალებენ, ხან ერთ ყურმილს იღებს ხან მეორეს და ყველას წყნარი და აუღელვებელი ხმით პასუხობს. მის თავში რომელიმე სტატისტიკური ცნობარივით ყველა კითხვის ამომწურავი პასუხი ინახება. სამუშაო დღე სისხამ დილით იწყება და გვიან ღამით მთავრდება. ის პირველი მიდის და უკანასკნელი გამოდის სამსახურიდან და ხშირად კაბინეტში უწევს წვერის გაპარსვა და ვახშამი. ამასთან, იმაზეც წუხს, რომ ოჯახისთვის განკუთვნილი დროის სამსახურისთვის მოხმარება უწევს. მიუხედავად იმისა, რომ კარიერა მისთვის ყველაფერზე წინ დგას, სახლი მისთვის წმიდათაწმიდაა. თხის რქა ბოსი ხელქვეითებისთვის მამასავით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი გახლავთ. მათგან არამარტო მორჩილებას არამედ თავმდაბლობასაც მოითხოვს. თუმცა დავალებას ყვირილით არასოდეს იძლევა, თუ უყურადღებობითა და დაუდევრობით წყობილებიდან არ გამოიყვანეთ. თანამშრომლებს არასოდეს ეპირფერება, არც კომპლიმენტებით ავსებს და ყველასთან ერთგვარ დისტანციაზეა, ფამილარობას ვერ იტანს. მართალია შექებაში თავშეკავებულია, მაგრამ სამაგიეროდ თუ პრობლემები გაქვთ, ყოველთვის მოგისმენთ და შეძლებისდაგვარად და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას გაგიწევთ. სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ თხის რქა მხოლოდ კარგი სოციალური სტატუსისა და წარმომავლობის ადამიანებს სცემს პატივს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ ჰარვარდ ან ოქსფორდ დამთავრებული თანამშრომლების მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი კოლეჯიდან მოსული ხალხის მიმართ. ამაში გამოსჭვივის მისი ტრადიციების, ტიტულების, ცნობილი გვარებისა და ავტორიტეტებისადმი სიყვარული. ხელქვეითების წახალისებაში ის გულუხვი არ არის, მაგრამ თუ ვინმეს რამე ეკუთვნის არ დაუკარგავს. გარდა ამისა, ის ცოტა კომპლექსით შეპყრობილი როდია, რამდენსაც არ უნდა აკეთებდეს, მაინც ჰგონია, რომ ვერ გააკეთა, ისე როგორც საჭიროა და მუდმივად სჭირდება ვინმე ვინც წაახალისებს. შექებაზე ყურები უწითლდება და მუდამ ცდილობს თავის თავს და გარშემომყოფებს რაღაცა დაუმტკიცოს. ჩაცმის მხრივ უპირატესობას მუქ ტონებს, მკაცრ კოსტუმს და სადა ჰალსტუხებს ანიჭებს. თუ მაჯის საათს ატარებენ, აუცილებლად კლასიკური ფორმის, ან ტყავის სამაჯურით იქნება. ძველებური ნივთებიც მოსწონთ და შესაძლოა რომელიმე მათგანი ჯიბის საათითაც შეგხვდეთ. ასეთია, ან თითქმის ასეთია თხის რქა უფროსი. მან კარგად იცის, რომ დრო ფულზე მეტია. ამიტომ დროს არ კარგავს და არც თქვენ მოგცემთ ამის უფლებას. ხელქვეითების დასაქმებას ყოველთვის ახერხებს. თუ თხის რქას თქვენი რაიმე არ მოსწონს, შენიშვნას იშვიათად აძლევს, უფრო გამომეტყველებით უნდა მიხვდეთ, აუცილებლად წარბებს შეჭმუხნის და სახე მოექუფრება. მას არ მოსწონს თავისუფალად ჩაცმული და წვერგაბურძგნული თანამშრომლები, მკვეთრი კოსმეტიკით და მძაფრი სუნამოს სუნით. ამასთანავე ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მანერებს: იყავით თავშეკავებული და თავის დაჭერა ისწავლეთ. დაიმახსოვრეთ იგი ვერ იტანს ფამილარობას და არასოდეს მიმართოთ სახელით სხვების თანდასწრებით, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ. თუ ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, სტაბილური სამსახური მთელი ცხოვრების განმავლობაში გარანტირებული გექნებათ. მერწყული ბოსითუ თქვენი ბოსი მერწყული აღმოჩნდა, ჩათვალეთ რომ ფენომენს, თავისებურ თეთრ ყვავს გადაეყარეთ. სავარაუდოდ, მის პირად რუკაზე სხვა ნიშნების გავლენა მძლავრობს, შესაძლოა ეს მისი მეზობელი თხის რქის ოინებიც იყოს. ტიპიური მერწყული უმალ შიმშილით მოკვდება, ვიდრე სამუშაო მაგიდასთან დილის 9-დან 6-მდე გაჩერდება. ისინი ვერ იტანენ პასუხისმგებლობას და ბრძანებების გაცემისას თავს მოუსვენრად გრძნობენ. არც მრავალსაათიანი კრების სიყვარულით გამოირჩევიან და არც გაწერილი გრაფიკების და გეგმების. მაგრამ თუ ამ უარყოფითი მომენტების დაძლევა შეძლებს, მათგან ბრწყინვალე ხელმძღვანელები დგებიან. აბა, წარმოიდგინეთ: გამჭრიახი გონება, გასაოცარი ინტუიცია, ფაქტების და მოვლენების გაანალიზების არაჩვეულებრივი ნიჭი, ბრწყინვალე იდეები, არაორდინალური აზროვნების სტილი და ამ ყველაფერთან ერთად უჩვეულო ლიბერალიზმი, კეთილმოსურნეობა, ხალხისადმი კეთილგანწყობა (მნიშვნელოვანი კლიენტებით დაწყებული მებუფეტე ქალით დამთავრებული), ფართო მსოფლმხედველობა და მომავლის განჭვრეტის უნარი. ეს თვისებები ხომ ერთ კი არა რამდენიმე უფროსს დაამშვენებდა. მერწყულ უფროსთან მუშაობისას ეცადეთ რამდენიმე წესი დაიცვათ: ნუ ესესხებით ფულს. მას შესაძლებლობის ფარგლებში მცხოვრები ხალხი უყვარს. სამსახურში ბოლომდე დაიხარჯეთ, ვერ იტანს ადამიანებს, რომლების სრულ ხელფასს ნახევრად გაკეთებულ საქმეში იღებენ. ნუ ეცდებით მის პირად ცხოვრებაში ჩარევას და მით უმეტეს რჩევების მიცემას მოერიდეთ, ის ხომ თქვენს საქმეში ცხვირს არ ჰყოფს და საშუალებას გაძლევთ ისე მოიქცეთ, როგორც თავად თვლით საჭიროდ? ნუ განსჯით მის მოულოდნელ საქციელს და გადაწყვეტილებებს, მისი აზრით ყველას აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც სურს. ნუ გაჭორავთ ზურგს უკან, ნუ ეცდებით მის მოტყუებას და ნუ გატეხთ მისთვის მიცემულ სიტყვას. მერწყულთან მუშაობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში მისულმა შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თავისი ოფისი სხვა სართულზე ან სულაც სხვა რაიონში გადაიტანა, თქვენთვის კი ამის შეტყობინება იმიტომ დაავიწყდა, ეგონა თქვენც მათსავით მახვილი ინტუიციით გამოირჩეოდით და გაფრთხილების გარეშეც იგრძნობდით წინასწარ. თქვენი მერწყული ბოსი უფრო ხშირად კარგ ხასიათზე იქნება. სამაგიეროდ როცა კაბინეტში განმარტოვდება, გიჯობთ არ შეაწუხოთ. ეს ხანმოკლე შესვენებები მისთვის ჰაერივით აუცილებელია. სხვა დროს კი, თანამდებობის მიუხედავად, ყველა თანამშრომელს შეეძლება მასთან საქმიან თუ პირადულ საკითხზე შესვლა. სიმპათია, თანაგრძნობა და სიყვარული მერწყულს ყველასთვის ჰყოფნის. მერწყულს დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ისე შეეთვისებით, ზოგიერთ მის უცნაურობებს ვეღარც შეამჩნევთ. მაგრამ ერთხელაც, როცა ხალხმრავალ ბანკეტზე მისი დაჯილდოების ცერემონიალს თვით ქალაქის მერი ხელმძღვანელობს, თქვენი მზერა უნებურად მის ფეხებზე შეჩერდება და შეამჩნევთ, რომ მკაცრი სტილის შავფეხსაცმლიანი ფეხები მოუთმენლად ცმუკავენ, წინდები კი სხვადასხვა ფერია ერთი ლურჯი, მეორე ყვითელი. დაგენიძლავებით, ეს თქვენ უცნაურად მოგეჩვენებათ, მას კი სრულებითაც არა. თევზები ბოსი– რა ქვია ჩვენს ახალ უფროსს წინა კვირას რომ დაგვინიშნეს? – ვის გულისხმობ? გუშინ რომ ყავას ერთად ვსვამდით? – რა თქმა უნდა. – ჰო, ეგ დღეს უკვე ჩვენთან აღარ მუშაობს.. –?!… შესაძლოა ეს ცოტა გაზვიადებულიც მოგეჩვენოთ, მაგრამ თევზი უფროსები ერთ ადგილას დიდხანს ვერ ძლებენ. მათ ყველაზე მეტად მხატვრის, მწერლის, ფოტოგრაფის, მსახიობის ან რეჟისორის პროფესია შეეფერებათ. ფირმის ხელმძღვანელობას მათი ხასიათი ვერ ეგუება, მაგრამ მდიდარი წარმოსახვის მქონე თევზები, მაგალითად ტელე ან კინოსტუდიის თუ თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე იბრწყინებს. მათგან დგებიან შესანიშნავი რეჟისორები, თუმცა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი პროდიუსერის დახმარებით. სიამოვნებით იმუშავებენ საბალეტო სტუდიის ან კერძო დეტექტივების ოფისის უფროსადაც. რაც შეეხება საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ეს ყველა თევზის ოცნებაა. და ბოლოს გუნდის ან ორკესტრის დირიჟორობა. პროგრესული გაზეთის მეთაურობა (ხელოვნების სფეროში სჯობს პოლიტიკას), ქალაქგარე სასტუმროს ან კლუბის ადმინისტრატორობა, აი, არასრული სია იმ სამსახურებისა, სადაც თევზი როგორც წყალში, ისე იგრძნობს თავს. თვითონაც შენიშნავდით, რომ ამ ჩამონათვალში ყველა თანამდებობა შემოქმედებითი ხასიათისაა, ზედმეტი პასუხისმგებლობისგან და რუტინული შრომისგან თავისუფალი. ჩვეულებრივი თანამდებობები, მკაცრი დისციპლინით რეგლამენტით და ოფიციოზით, მას არ ხიბლავს. მისი მოწოდებაა ემსახუროს კაცობრიობას და ცოტათი უკეთესი გახადოს სამყარო. ძალაუფლების მოპოვება და იმპერიის შექმნა მისი სტილი არ არის. გარკვეული პირობების გამო, იძულებულებიც რომ გახდნენ, მათთვის უინტერესო სამსახურში იმუშაონ, ძალიან უბედურად იგრძნობენ თავს და პირველივე შესაძლებლობაზე უკანმოუხედავად გაიქცევიან. საუბრისას თევზი ბოსი მონაცვლეობით ურთიერთგამომრიცხავ იდეებს და აზრებს ისვრის, ცდილობს კამათი გამართოს და თანამშრომელთა ფარულ აზრებს და გეგმებს ჩაწვდეს. ამასთან თუკი საუბარი უინტერესო გახდება, მისი გონება სხვაგან გადაინაცვლებს, მაგრამ თავს მოგაჩვენებთ, რომ გისმენთ. ის თანამშრომლების წყენინებას ერიდება და საუბარს იშვიათად შეგაწყვეტინებთ. თევზები სიამოვნებით დადიან მივლინებებში, მოგზაურობა მელანქოლიურ განწყობას უფანტავს და თან ასეთ დროს მარტოობა ურჩევნიათ. შემოქმედი ბუნების ადამიანებს თევზ უფროსთან განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, თუ შტატების შემცირება გახდა საჭირო, შესაძლოა პირველ რიგში სწორედ ისინი დაითხოვოს, იმიტომ, რომ შემოქმედებითი უნარები თავადაც საკმარისზე მეტი აქვს, სამაგიეროდ, სიმტკიცის სტაბილურობის ნაკლებობას განიცდის და თანამშრომლებშიც სწორედ ამას დაეძებს, საკუთარი ნაკლოვანებები რომ შეივსოს. თევზმა ბოსმა ასევე კარგად იცის, რომ თანამშრომელთათვის რაიმეზე უარის თქმა უჭირს, ამიტომ შუაში ბარიერს აღმართავს ისეთი თანამშრომლების სახით (მაგალითად თხის რქა, ან კურო), რომელთაც საჭიროების შემთხვევაში, უბოდიშოდ შეუძლიათ კატეგორიული უარი ტკიცონ სხვებს. შესანიშნავი ინტუიციისა და მედიუმური უნარების პატრონ თევზს ფირმის მდგომარეობის განჭვრეტაც ძალუძს და თქვენი მდგომარეობისაც, თუმცა ამ ყველაფრის გადმოცემა და ჩამოყალიბება უჭირს, ამიტომ მის გადაკრულ სიტყვას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, შესაძლოა მისი მნიშვნელობა გარკვეული დროის შემდეგ გაიგოთ. ლინდა გუდმანი ასევე დაგაინტერესებთ:როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ებიზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ებიროგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები9623 1-ს მოსწონს
|