x
image
მაია 24
როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ
image


ტყუპები და ვერძი


ბაგა-ბაღი. ორი გულღია, კეთილი და მხიარული არსება, რომელსაც ასე პასკა-პასკა გამოცხვის ძახილში შეუძლიათ კუნტრუშ-კუნტრშუშში დაქორწინდნენ, გაზარდონ ბავშვები და შეაბერდნენ ერთმანეთს. ისინი ბევრს არ ფიქრობენ, ორივე მიმნდობია და სპონტანური. ყველაფერი ძალიან მალე ხდება, წინასწარი გათვლების გარეშე და მაინც უმართლებთ. ვერძი რთულად იმათ ეჩვენებათ, ვისაც ადვილად სწყინს მისი იმპულსური გამოხდომები, ტყუპი კი ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამს. ვერძი ჩხუბობს, ტყუპი ეკაიფება. ეგ კი არა მრავალფეროვნებისთვის ჩხუბშიც კი შეიძლება აჰყვეს, თუმცა გულში არცერთი არაფერს იდებს და მეორე დღეს არც ემახსოვრებათ. რაზე შეიძლება იჩხუბონ? ტყუპებს იდეების განხილვა მოსწონთ, რატრატი, ვერძს კი ამის ნერვები არ აქვს, სად სცალია სალაყბოდ, თუმცა ორივე აძლევს ერთმანეთს უფლებას იყოს ის, რაც არის. მოკლედ, შესანიშნავი წყვილია.


image



ტყუპები და კურო

ხარი და ოინბაზი ტორეადორი, რომელიც ისეთი სისწრაფით აფრიალებს წითელ ნაჭერს მშვიდი და უწყინარი ცხოველიც კი შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს. ეს წითელი ნაჭერი ტყუპების ლოგიკაა, რომელსაც კურო არ ენდობა, რადგან მასთან დაწევას ვერ ახერხებს, თუმცა საუბედუროდ მაინც დასდევს და თანაც ჩვეული, კუროსეული სტაბილური ერთგულებით. ეს კავშირი ადვილი არ არის. სხარტი და თავქარიანი ტყუპებისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია ფლირტი და მრავალფეროვანი სანაცნობო წრე, იგი თავის თავსაც კი ეპრანჭება, რისი ატანაც მესაკუთრე კუროს, რომელსაც მხოლოდ თავისთვის უნდა ტყუპები, რამდენი მეც არ უნდა ჰქონდეს მას, არ შეუძლია. არ შეუძლია არც ტყუპს ამის ატანა, თუმცა კუროსგან განსხვავებით იგი პირდაპირ არ გამოხატავს, როგორც კი შეზღუდვებს დაუწესებენ, ტყუილების მოგოენებას იწყებს. მოკლედ, ძალიან ბევრი გაუგებრობა იქნება, პიროვნული თვალსაზრისითაც, ინტერესების თვალსაზრისითაც, ფინანსური თვალსაზრისითაც და თუ მაინც ერთად დარჩენას მოახერხებენ, ისევ და ისევ პირად ჰოროსკოპში სხვა ნიშნების გავლენით და იმ სიყვარულით, რომელიც ბრმაა.


image


ტყუპები და ტყუპები


ტყუპებზე სულ ერთი ანეგდოტი მახსენდება: გურულს ეუბნებიან რა საყვარელი ბავშვები გყავსო, ხოდა პასუხობს – “ბაღნები კი არა, მაგი ერთია, უბრალოდ სწრაფად დარბისო”. ახლა წარმოიდგინეთ ორი ცალი ასეთი, ეს წყვილი კი არა მთელი გუნდია, რომლის წევრებიც მთელს სახლს არიან მოდებული და ერთდროულად შეუძლიათ იკითხონ, იჩათაონ (შეიძლება ერთმანეთსაც ეჩათაონ სხვადასხვა ოთახებიდან), ტელეფონზე ილაპარაკონ, ტელევიზორს უყურონ და ერთმანეთსაც მიაქციონ ყურადღება. მათი სახლი ჰოსტელს ჰგავს, მათი ოჯახური ცხოვრება თინეიჯერულ წვეულებას. ისინი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, პრობლემად სამად- სამი რამ შეიძლება იქცეს -1. ორივეს ადვილად სწყინდება, 2. ორივეს ადვილად შეუძლია მიტოვება და სხვაზე გადართვა, როცა რამე რთულდება და 3. ორივე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს. რეალურად ამ მასალისგან ხანგრძლივი და სტაბილური თანაცხოვრების გამოჭედვა ძალიან რთულია, თუმცა თუ სამყარომ მათ პირად რუკაზე რამე სხვა უფრო სერიოზული ნიშნების გავლენაც გამოიმეტა, შესაძლებელი.


image


ტყუპები და კირჩხიბი


დედიკო და შვილიკო! სქესს მნიშვნელობა არ აქვს… თუნდაც ბიჭი იყოს კირჩხიბი, იგი დედიკოს როლში იქნება. დედიკოს, რომელსაც მისთვის ყოვლად გაუგებარი, მაგრამ მაინც სათაყვანებელი ბავშვი “შეეძინა” მაშინ, როცა თავადაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამიტომაც არის როლში. სინამდვილეში ისიც პატარაა – ბუტია და მგრძნობიარე არსება, მაგრამ რადგან ბუნებით არის ტყუპებზე მეტად მზრუნველი, ფრთხილი, დაკვირვებული და ყურადღებიანი, მოუწია ამ ფუნქციის შეთავსება. ერთი მესაკუთრეა და თავის თავში ჩაკეტილი, შეიძლება ითქვას ძალიან არასოციალურიც კი (თუ ხასიათზე არ არის), მეორე თავისუფლების მოყვარული პეპელა, ყვავილიდან ყვავილზე გადაჯდომით რომ საზრდოობს და თუ ერთ ადგილზე გამოკეტე ფანჯრებს აწყდება. ერთს ყველაფერი სახლში მოაქვს, მეორეს ყველაფერი გარეთ გააქვს და იმ დღეს გაცნობილებთან ახურდავებს. კირჩხიბი იტანჯება იმაზე ფიქრით, რას ფიქრობს ტყუპები, ტყუპები კი ვერაფრით იგებს რა უნდა კირჩხიბს. ერთადერთი რაც მათ საერთო აქვთ, ცვალებადი ხასიათია – ორივეს ხშირად ეცვლება განწყობა და თუ ამ ცვალებადობის ბიორიტმი ერთმანეთს დაამთხვიეს, ხომ კარგი -ერთად იცინებენ, ერთად იტირებენ, ერთად იკინკლავებენ, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ პეპელა სახლიდან გაფრინდება, ჩვენი კიბო კი იჯდება სახლში და გულდათუთქული დაელოდება მის უკან დაბრუნებას. პეპელაც ბრუნდება, არც პატიების თხოვნა უჭირს, კიბო კი “უძღებ შვილს” გულში ჩაიკრავს და მის გარშემო ფუსფუსს დაიწყებს. ეს არის ყველაზე პარადოქსული წყვილი, რომელსაც ერთმანეთის არ ესმის, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი და ალბათ ისევ კირჩხიბის მაზოხისტური ბუნების ხარჯზე.


image


ტყუპები და ლომი


“- აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! – წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწული დანახვისთანავე. – ნეტა ვინ ვგონივარ? – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – იგი ხომ პირველად მხედავს!” ასეთია ტყუპების და ლომის პირველი შეხვედრა. მეფე მას თაყვანისმცემლად მოიაზრებს, ტყუპებისთვის კი ლომი უბრალოდ გზად შემხვედრი საინტერესო ფენომენია, თუმცა უფლისწულისგან განსხვავებით იმდენად ინტრიგდება, მრჩევლის როლს მოირგებს და მის პლანეტაზე რჩება, ეგებ სამუდამოდაც. ტყუპები, მოქნილობისა და გამჭრიახობის წყალობით, შესანიშნავი მომთვინიერებელია და ლომიც მასთან საყვარელი ფისუნიაა მხოლოდ. ეს ძალიან კარგი წყვილია, თუ სინასტრიაც ხელს უწყობთ, რა თქმა უნდა. ზოდიაქოს ნიშნების დონეზე შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. ორივე ბავშვურია, გულღია, თავისუფალი, სოციალური. ორივეს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანები. მართალია, ლომს სურს რომ ტყუპის ცხოვრებაში მთავარ როლში იყოს და ტყუპისთვის კი ის, როგორც არ უნდა უყვარდეს, მაინც ერთერთი პერსონაჟია, ეს უკანასკნელი მოხერხებულობის წყალობით მისთვის მთავარი როლის ილუზიის შექმნას მაინც ახერხებს და ცხოვრობენ მერე დიდხანს და ბედნიერეად თავისივე გამოგონილ სპექტაკლში კულისებშიც და სცენაზეც.


image


ტყუპები და ქალწული


წარმოიდგინეთ მკაცრი, სათვალიანი მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილისთვის მოსამზადებლად ღამეს ათენებს და მაინც ფრთხილი ნაბიჯით შედის კლასში, რადგან ფიქრობს, რომ საკმარისად მაინც არ ესმის და ხვდება ახალი, ახტაჯანა მოსწავლე, რომელიც არასოდეს უსმენს, არასოდეს სწავლობს, არაფერი იცის და მაინც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, მაინც ყველაფერი იცის. ტყუპები ქალწულს ნერვებს უშლის და მაინც თავს აყვარებს. ისინი ხშირად კამათობენ, რაც ტყუპებისთვის კომუნიკაციის ერთერთი სახეა უბრალოდ, ქალწულს კი წყენა ცოტა უფრო დიდხანს მიჰყვება. საერთო ის აქვთ, რომ ორივე მერკურიანელია, ორივე უფრო მეტად რაციონალურია, ვიდრე ემოციური, უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე გრძნობენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ერთმანეთს ეფერებიან, თუმცა ქალწული ცოტა უფრო პრაქტიკული, დიდური და თანმიმდევრულია და ბევრ ნაკლს პოულობს ტყუპებში, რომელსაც ეს ფაქტი დიდად არ ადარდებს. მართალია, პიროვნულ დონეზე ძალიან გაუგებრები არიან ერთმანეთისთვის, სიყვარულის გამოხატვის ფორმებშიც ძალიან აცდენილები არიან, დროთა განმავლობაში ერთს მეორისადმი ნდობა ეკარგება და მეორეს კი პირველის “მიწიერობა” ცოტა ბეზრდება, მაგრამ სწორედ აქტიური კომუნიკაციის წყალობით, რაღაცნაირად ახერხებენ ერთად ყოფნას.



image


ტყუპები და სასწორი


სანამ სასწორი გადაწყვეტს, ღირს თუ არა ურთიერთობა, ტყუპებმა შეიძლება გადაიფიქრონ და ეს დიდი ტრაგედიაა, რადგან სასწორს თვითონაც ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და თუ გადაწყვიტა, მერე ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან ჰარმონიული წყვილია. მსგავსება ჰყოფნით იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუგონ, განსხვავება კი იმისთვის, რომ საინტერესოები იყვნენ ერთმანეთისთვის. ტყუპები ბევრ რამეზე ფიქრობს, ათასი გეგმა აქვს, რომელშიც სავარაუდოდ ქორწინება არც შედის, მაგრამ სასწორი, თანდაყოლილი ვერბალური შესაძლებლობების წყალობით ახერხებს რომ ტყუპებს თავის აზრები მის აზრებად შეასაღოს. სასწორი ტყუპებს დიპლომატიური უნარებით სჯობს და ამ გზით, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ერთადერთია, ვინც მის მართვას ახერხებს. ეს ურთიერთობა პინგ-პონგის თამაშს ჰგავს და თანაც ისეთ თამაშს, სადაც პარტნიორები შესანიშნავად ეწყობიან ერთმანეთს. დროდადრო შეიძლება სხვებსაც ეთამაშონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საყვარელ მეწყვილეს უბრუნდებიან.


image


ტყუპები და მორიელი


მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, ასეთი ბრძნული გამონათქვამიც არსებობს და თუ ეს მართალია, მაშინ ტყუპები და მორიელი შესანიშნავი წყვილი ყოფილა, ოღონდაც რომელია მელა და რომელი მახრჩობელა ცოტა ძნელი გასარკვევია. მორიელს შეუძლია ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანი დასცეს ბეჭებზე, მაგრამ ტყუპებთან ვერაფერს ხდება. ტყუპებზე მისი შხამი არ მოქმედებს, ტყუპებს ვერ წამლავს და ხშირად თვითონ იწამლება. ასევეა ტყუპებიც – ნებისმიერ ნიშანს “აბოლებს” და ურევს თავგზას, მაგრამ მორიელს ვერაფრით აცურებს, ჰოდა ასე მორიელის კოშმარები რეალობად იქცევა ხოლმე. ეს მესაკუთრე ნიშანი, ჩვენი სოციალური პეპელის გვერდით ეჭვიანობით იტანჯება, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც სადისტთან ერთად მაზოხისტიც არის, არაფრით არ თმობს ამ ურთიერთობას. თანაც ორივე ძალიან ცნობისმოყვარეა, ორივეს უყვარს ინტრიგა, ფაზლი და ამოცანების ამოხსნა, ერთად ყოფნით კი ამის შესანიშნავი შანსი ეძლევათ. მათ ზუსტად იმ თვისებების გამო იზიდავთ ერთმანეთი, რა თვისებებიც ასე განასხვავებს ერთმანეთისგან და თუ ამას მიხვდებიან და ერთმანეთის გადაკეთების ნაცვლად ერთმანეთისგან რაღაცეებს ისწავლიან: მორიელი ცოტა სიმსუბუქეს და სიხალისეს და ტყუპები კიდევ სერიოზულობას, მაშინ ურთიერთობის შენარჩუნებასაც მოახერხებენ, თუმცა ეს რომ მოახერხონ პირად რუკაში ორივეს ცოტა სხვა ნიშნების გავლენაც დასჭირდებათ.


image


ტყუპები და მშვილდოსანი


ერთი მედლის ორი მხარე. ოპოზიციური წყვილები პარადოქსული წყვილებია, ისინი თან ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, თან საერთოდ გაუგებრები არიან ერთმანეთისთვის. ორივე ცნობისმოყვარეა, აქტიური, სოციალური, უბრალოდ მშვილდოსანი უფრო ფართო მასშტაბებზე გადის, მსოფლიო კულტურა აინტერესებს, როცა ტყუპებს თავი სამაზობლოს ჭორებით შეიძლება ჰქონდეს თავი გამოვსებული. სტანდარტული სიტუაცია გაინტერესებთ? ტყუპები ტელევიზორს უყურებს, მშვილდოსანი ლექციას კითხულობს და ტყუპების უყურადღებობით შეწუხებული ტელევიზორის წინ დგება. ტყუპების რეაქცია: ცოტა გვერდით დადექი და იქედან მეჩხუბე რა, მეფარები. მშვილდოსანი ბარგის ჩალაგებას იწყებს. ტყუპები ეკითხება: სად მივდივართ? მშვილდოსანს იგი ხელახლა უყვარდება.

ისინი პირდაპირები და გულღიები არიან. პირდაპირ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ (ტყუპი უბრალოდ ცოტა უფრო მოქნილია და იუმორის გრძნობასაც იშველიებს) და სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ მოსწონთ ერთმანეთის, მოსწონთ ერთად ყოფნა და ამ ურთიეთობიდან იღებენ ყველაზე მთავარს – თავისუფლებას და თავგადასავლებს.


image


ტყუპები და თხის რქა


რა უცნაური შეხვედრაა: ბავშვი, რომელიც არასოდეს ბერდება და მოხუცად დაბადებული ბავშვი. თხის რქამ თუ ტყუპებთან ცხოვრება გადაწყვიტა, წინასწარვე უნდა იყოს შეგუებული იმ აზრს, რომ ტყუპები უნდა იშვილოს და რომ ქორწინების მისეული მოდელი, სადაც წყვილებს მოვალეობები და ფუნქციები განაწილებული აქვთ, აქედან არასოდეს გამოვა. ასე თუ ისე, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე თხის რქამ შეიძლება აიღოს კიდეც მშობლის როლი საკუთარ თავზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ თხის რქა საკმაოდ მკაცრი მშობელია, რომლის ხელშიც თავგუნება, ტაშფანდურა და მაწანწალა ტყუპებს სული ხშირად ეხუთება. თხის რქა მუდამ უკმაყოფილოა ტყუპებით, მისი არასერიოზულობით, ტყუპები კი როგორ დააღწიოს ამ შარს თავის გამუდმებით ამაზე ფიქრობს, თუ, რა თქმა უნდა, გამუდმებითის ტყუპებისეული განმარტებით. მოკლედ, ძალიან რთლი კავშირია, ისეთი რთული, რომ საერთოდ ერთმანეთი რომ მოგეწონათ, იმის დამსახურება იქნება, რომ არცერთი არ ხართ ტიპური თხის რქა და ტიპური ტყუპები და სჯობს, რომ სინასტრიაში ეძებოთ პასუხი კითხვაზე “რატომ ხართ ერთად”!


image


ტყუპები და მერწყული


არავის ისე არ შეუძლია ტყუპების გაგება, როგორც მერწყულს და არავინ ისე არ აფასებს მერწყულის ამ შესანიშნავ თვისებას, მიიღოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის (და რამდენიც არის), როგორც ტყუპები. ეს ძალიან კარგი წვილია, აი, ისეთი, რომც დაშორდნენ, მერეც რომ მეგობრებად რჩებიან. ისინი მათთვის ასე სანუკავარ თავისუფლებას ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აძლევენ ერთმანეთს და ერთნაირად აინტერესებთ ყველაფერი რაც კი რამ არსეობობს დედამიწის ზურგზე. მერწყული ტყუპებისთვის მის გვერდით მოსიარულე გუგლია, ტყუპები კი მერწყულს აზროვნებაში ეხმარება, საფიქრალ იდეებს აწვდის. მათ ერთმანეთის ნახვამდე ბევრი ტრავმა შეიძლება ჰქონდეთ და ახლა ერთმანეთთან შეხვედრისას მერწყული იმით ინტრიგდება, რომ მისი უაზრო გამოხტომებით ვიღაცა ვერ შეაშინა, ტყუპები კი იმით რომ მისი სწორედ იმ თვისებით აღტაცდნენ, რომლის გამო მთელი ცხოვრება საყვადურობდნენ – თავქარიანობით. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ პრობლემები, მაგრამ პრობლემებზე ჩაციკვლა არცერთს უყვარს და ასე, გენდერული პრობლემებისა თუ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მართებულობის განხლვაში გადის ცხოვრება.



image



ტყუპები და თევზები


პოეტის და რეპორტიორის შეხვედრა. პოეტის, რომელსაც საშინლად აღიზიანებს, როცა ვინმეს სულში უფათურებს ხელებს, რეპორტიორი კი ტყვიამფრქვევივით ისვრის შეკითხვებს. გარედან ალბათ რესპონდენტი მოეჩვენებათ ჩაგრული მავანთ, მაგრამ არც რეპორტიორს ადგება კარგი დღე. ეს რთული კავშირია. ხომ ორივე ცვალებადი, რომ ორივე მოქნილია, ხომ ორივე ხელიდან სხლტება, იმდენად “რაკ და შუკა” სიტუაციაში ხვდებიან, ხშირად ტყუილი წყლის ნაყვაა ყველაფერი, მაგრამ მათ ხომ წყლის ნაყვა მოსწონთ?


ურთიერთობის საწყის ეტაპზე ეგებ კიდეც გაუგონ ერთმანეთს, ეგებ კიდეც დამეგობრდნენ, მაგრამ თანაცხოვრება ცოტა უჭირთ, რადგან ტყუპებს დაყვინთვა უჭირთ, თევზებს კი ფრენა. ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და სწორედ ამიტომ იშვიათად კვეთს ხოლმე მათი ცხოვრების გზები ერთმანეთს, მაგრამ თუ გადაკვეთა, უჩვეულო მიზიდულობაც შეიძლება წარმოიქმნას და იწყება ჭადრაკის თამაში – ორი ბლეფზე მოთამაშის, ფანტაზიორი და გაქნილი მატყუარას შერკინება, რაც არც ისე ადვილია მაგრამ უდავოდ ძალიან საინტერესო.


დოჩი გოგო



ასევე ნახეთ:


როგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს


რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)


როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ები


ზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ები


როგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები


როგორ ცდილობენ გოგონები მამაკაცის ცდუნებას - გიფები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
0
1095
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0