სამეგრელო და ზემო სვანეთი ზუგდიდში 32 წლის ქალზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს 2019, 29 დეკემბერი, 20:21 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 32 წლის ბაკურ სორდია დააკავეს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ძალადობაშია ბრალდებული. სოფელ შამგონაში 32 წლის ეკა მიქავა მეზობლის, საკრებულოს წევრ ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს.დეპუტატი ხუბუა ოჯახის ახლობელია, რომელიც ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში იყო ჩართული. გარდაცვლილ ეკა მიქავას სამი შვილი დარჩა, იგი შამგონის საბავშვო ბაღში აღმზრდელ-მასწავლებელად მუშაობდა. გარდაცვლილის ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ, ისინი აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, მას ქმართან გამუდმებით კონფლიქტი ჰქონდა, მეზობლების განცხადებით, ბაკურ სორდია ცოლს სისტემატურად სცემდა, თუმცა, არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ""ჩემი შვილი მესამე სახლში არ წავიდოდა და თავს არ ჩამოიხრჩობდა, ვარიანტი არ არის, გამორიცხულია, დაზიანება ზურგის არეში აქვსო. გამოეშვა ჩემი შვილი თავის შვილებიანად, ჩემთან მეყოლებოდა" - აცხადებს დაღუპულის მამა. გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით კი, მის დას სავარაუდოდ, "ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს." ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ ბაკურ სორდიას საყვარელი ჰყავდა და მასთან ბავშვიც ეყოლა, რაც ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 823 2-ს მოსწონს
|