x
image
_K_
"ევას სამი ქალიშვილი" - ციტატები
"ევას სამი ქალიშვილი" თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის რომანია. ნაწარმოებში ერთდროულად ორი ისტორია ვითარდება - ერთის მხრივ, საშუალო ასაკის მდიდარი დიასახლისის ცხოვრებისა სტამბულში და მეორეს მხრივ, მისი ოქსფორდში გატარებული ახალგაზრდობისა, სადაც მთავარ გმირს ფილოსოფიის პროფესორი შეუყვარდა.


წიგნის ყდაზე რომანის ასეთ აღწერას შეხვდებით: "პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი – აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ – ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც მათი ასაკის ნებისმიერი ახალგაზრდა. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ... პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს".


უკვე გაგაცანით ამონარიდები ელიფ შაფაქის რომანიდან "სიყვარულის ორმოცი წესი". დღეს კი წარმოგიდგენთ ციტატებს ნაწარმოებიდან "ევას სამი ქალიშვილი". ისიამოვნეთ!

image


☽ "დრომ, ხელმარჯვე თერძივით, უზადოდ მიაკერა ერთმანეთს ორი თარგი, რისგანაც პერის ცხოვრება შედგებოდა - რას ფიქრობდა მასზე ხალხი და რას ფიქრობდა ის საკუთარ თავზე. შთაბეჭდილება, რომელსაც სხვებზე ტოვებდა და ის, თუ თავად როგორ აღიქვამდა თავს, ისე სრულყოფილად შეერწყა ერთმანეთს, რომ ვეღარ არკვევდა, რას ელოდნენ მისგან სხვები და სინამდვილეში, რა სურდა თვითონ. ხშირად უჩნდებოდა სურვილი, საპნიანი წყლით სავსე სათლისთვის დაევლო ხელი და გამოერეცხა ქუჩები, მოედნები, მთავრობა, პარლამენტი, ბიუროკრატია და, რამდენიმე ადამიანისთვის - პირიც. სამყაროში იმდენი ჭუჭყი იყო, იმდენი შესაკეთებელი, იმდენი შეცდომა გამოსასწორებელი"...


☽ "ქალაქის ქუჩებში სიგიჟე იღვრებოდა, ვენაში გაშვებული ნარკოტიკივით. ყოველდღე, მილიონობით სტამბოლელი მორიგ დოზას იღებდა. ვერ აცნობიერებდნენ, დღითი დღე სულ უფრო გაუწონასწორებლები რომ ხდებოდნენ. ხალხი, რომელიც პურის გაყოფაზე უარს აცხადებდა, სანაცვლოდ, სიგიჟეს უზიარებდა ერთმანეთს. იყო რაღაც იდუმალებით მოცული ამ საერთო ისტერიაში: თუ ბევრი თვალი დაინახავდა ერთსა და იმავე ჰალუცინაციას, ილუზია სინამდვილედ გადაიქცეოდა".

image
☽ "მაგრამ სტამბოლი ევროპის მეზობლად მდებარეობდა. ასეთი სიახლოვე ხომ რაღაცას ნიშნავდა. ევროპა ისე სუნთქვის შემკვრელად ახლოს იყო, თურქეთს ცალი ფეხი მის კარიბჭეში ედგა და მთელი ძალით ცდილობდა შიგ შეღწევას. შესასვლელი კი ისეთი ვიწრო გახლდათ, რაც უნდა ეცადა სტამბოლს, ტანი არ შეეტეოდა. თანაც, ევროპა კარს უხურავდა".


☽ "გვერდით მანქანაში ორი კაცი იჯდა. ორივემ გაუღიმა. გაახსენდა, პატრიარქატის სახელმძღვანელოში ეწერა, თუ ქალი უცხო მამაკაცს სახეში შეაბოლებდა, ეს მიპატიჟებად ეთვლებოდა. პერი გაფითრდა. მართალია, ზოგჯერ ამის დავიწყება ადვილი იყო, მაგრამ ეს ქალაქი მასკულინური აისბერგებით სავსე ქარიშხლიან ზღვას ჰგავდა. ჯობდა, იმ აისბერგებისთვის თავი აგერიდებინა, ფრთხილად და ჭკვიანურად, რადგან არავინ იცოდა, ზედაპირის ქვეშ რა საფრთე იმალებოდა".

image

☽ "როცა გოგონამ "რენჯ როვერამდე" მიაღწია, პერიმ და დენიზმა საპირისპირო მიმართულებით გაიხედეს, თავი მოიკატუნეს, თითქოს არ დაუნახავთ. სტამბოლის მათხოვრები უჩინრობას მიჩვეულები იყვნენ და ამისთვის კარგად მომზადებულებიც გახლდნენ. ზუსტად იმ ადგილას, საითაც დედამ და შვილმა თავი მიაბრუნეს, მეორე ბავშვი დახვდათ ხელგამოწვდილი".


☽ "პერი გარბოდა. გარბოდა თავის იასამნისფერ კაბაში, ლოყებაალებულს თან მიჰქონდა წლების სიმძიმე. გარბოდა ცოლი-დიასახლისი-დედა, ათობით წყვილი თვალის წინ. იცოდა, მკერდი გამომწვევად აუდ-ჩაუდიოდა სირბილისას, მაგრამ რას იზამდა. თავისუფლების უცნაური შეგრძნება დაეუფლა. უსახელო, აკრძალულ ზონაში შეჭრილიყო. გარბოდა, მძღოლები დასცინოდნენ, თოლიები კი თავზევით წრეებს უვლიდნენ. თუ შეყოვნდებოდა, თუ წამით მაინც შეანელებდა ფეხს, თავზარი დაეცემოდა იმის გააზრებისას, თუ რას სჩადიოდა".

image

☽ "წებო - ქუჩის ბავშვებისა და არასრულწლოვანი მეძავების საყვარელი ნუგბარი, ჯადოსნური ხალიჩა, რომელიც სახურავების, ცათამბჯენებისა და გუმბათების თავზე მიაქროლებდა მათ შორეულ სამეფოში, იქ, სადაც არ არსებობდა შიში, ტკივილი, ციხე, სუტენიორები. იმ ედემში იმდენ ხანს რჩებოდნენ, რამდენიც შეეძლოთ. ქარვისფერ ყურძნის მარცვლებს ცუცნიდნენ, წვნიან ატმებს წუწნიდნენ. არ ემუქრებოდათ შიმშილი, სიცივე. დევების გამოდევნებით, გოლიათების გამოჯავრებითა და ბოთლიდან გამოპარული ჯინების უკან ჩამწყვდევით ერთობოდნენ".


☽ "-ნეტა, მე მერქვას როზა.

უმუთს გაეღიმა.

-შენი სახელი უფრო ლამაზია, დამიჯერე, მაგრამ თუ გინდა, როზა-პერის დაგიძახებ. იქნებ, შენც რევოლუციონერი გახდე.

-რევოლუციონერი რა არის?

უმუთი შეყოვნდა, შესაბამის პასუხს ეძებდა.

-ადამიანი, ვისაც სურს, ყველა ბავშვს ჰქონდეს სათამაშო და არც ერთს ჰქონდეს ზედმეტი".

image

☽ "-მსგავს სისულელეებს ყურს ნუ დაუგდებ. მისმინე, არის ერთი წესი, რომელსაც პატივს ვცემ და გირჩევ, შენც ასე მოიქცე. არასოდეს არაფერი დაიჯერო, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, ყურით არ გაიგონებ, ხელით არ შეეხები და გონებით არ შესწვდები. მპირდები?"


☽ "-ერთი პრობლემაა, - თქვა მენსურმა, - კაცებს არ უყვართ ქალები, რომლებიც მეტისმეტად ჭკვიანები ან მეტისმეტად განათლებულები არიან. არ მინდა, შინაბერად მოკვდე.

-არა უშავს, არასოდეს გავთხოვდები. შენთან დავრჩები.

მენსურს სიცილი წასკდა.

-დამიჯერე, ეგ არ გინდა. უბრალოდ, შენი გული არ დაუთმო კაცს, რომელსაც მეცნიერება... განათლება არაფრად მიაჩნია. მაძლევ ამ ყველაზე დიდ პირობას?"image


☽ "-ვიცი, ღმერთზე ბევრი რამ გაინტერესებს, - თქვა ჩაფიქრებით მენსურმა, - ყველა შეკითხვაზე ვერ გიპასუხებ. სიმართლე გითხრა, ეს არავის შეუძლია, დედაშენსაც და იმ გადარეულ ქადაგსაც კი, - დარჩენილი რაკი ერთი მოყუდებით ჩაცალა, - რელიგია და რელიგიური ხალხი არ მომწონს, მაგრამ იცი, ღმერთი რატომ მიყვარს? - პერიმ თავი გააქნია, - რადგან ისიც მარტოსულია, პერიჯიმ, ჩემსავით... შენსავით. სულ მარტოა იქ, მაღლა, არავინ ჰყავს ხმის გამცემი. შეიძლება, ანგელოზები ჰყავს, მაგრამ ქერუბიმთან როგორ უნდა გაერთ? მილიარდობით ადამიანი ლოცულობს, ღმერთს ევედრება, ფული მომეცი, გამარჯვება მომიტანე, "ფერარი" მომეცი, ეს ქენი, ის ქენი... ერთი და იგივე... მაგრამ იშვიათად თუ ცდილობს ვინმე, რომ შეიცნოს".


☽ "ასეთი რამ მუდამ ხდებოდა ამ ქალაქში, რომელიც მოიცავდა შვიდ ბორცვს, ორ კონტინენტს, სამ ზღვასა და თხუთმეტ მილიონ ადამიანს. ასეთი რამ ხდებოდა დახურულ კარს მიღმა და ღია ეზოებში, იაფფასიან მოტელებსა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, უკუნ ღამეებსა და დღის შუქზე. ალაქის ბორდელებს უამრავი ამბავი ჰქონდათ მოსაყოლი, თუ მსმენელს იპოვიდნენ ოდესმე. გოგონები და ბიჭები გამოძახებით, ბებერი მეძავები, რომლებსაც წყობიდან გამოსული კლიენტები სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ და ემუქრებოდნენ, ტრანსსექსუალები, რომლებიც პოლიციას არასოდეს აკითხავდნენ, რადგან იცოდნენ, ისინიც არ დააკლებდნენ ცემას. ბავშვებს ოჯახის ზოგიერთი წევრის ეშინოდათ, პატარძლებს კი მათი მამამთილებისა და მაზლების. ექთანებს, მასწავლებლებსა და მდივნებს კაცები ავიწროებდნენ, რომლებსაც ოდესღაც უარი უთხრეს, დიასახლისები ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ, რადგან ამ კულტურაში სიტყვაც კი არ არსებობდა, რომელიც ცოლ-ქმრულ გაუპატიურებას ასახავდა. ეს მუდამ ხდებოდა. საიდუმლოებისა და დუმილის ფარდა მსხვერპლს სირცხვილს უღვივებდა და თავდამსხმელებს იცავდა. სტამბოლისთვის სექსუალური ძალადობა არ იყო უცხო. ამ ქალაქში, სადაც ყველას მომხდურის ეშინოდა, ყველაზე მეტი ძალადობა ახლობლებისგან მოდიოდა".

image

☽ "ქალის ჩაცმულობა გამოხატავდა იმ ყველაფერს, რაც კაცს შუააზიურ კულტურაში ეზიზღებოდა და რასაც ის ეწინააღმდეგებოდა - რელიგიური ფანატიკოსების სიბნელეს. თავდაჯერებას, რომ მათი გზა იყო ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტრადიციებში დაიბადნენ. ყველა სწავლებას განუხრელად ემორჩილებოდნენ და შეკითხვების დაუსმელად ყლაპავდნენ. როგორ შეეძლოთ, ასეთი დარწმუნებული ყოფილიყვნენ თავიანთ სიმართლეში, როდესაც დანარჩენ კულტურებზე, ფილოსოფიებსა და აზროვნების წესზე ასე ცოტა რამ იცოდნენ?"


☽ "სელმასთვის მენსურის ქცევები განსხეულობა იყო იმ ყველაფრისა, რასაც წყობიდან გამოჰყავდა - ზიზღი თვალებში, ურყეობა ხმაში, სეკულარული მოდერნისტების სიყოყოჩე, მედიდური სილაღე, რითაც თავს საზოგადოებაზე მაღლა და განცალკევებით აყენებდა. მაღლიდან გადმოსცქეროდა საუკუნეების მანძილზე განმტკიცებულ ტრადიციებს. როგორ თვლიდნენ ასეთები თავს განათლებულებად, როდესაც საკუთარ კულტურასა და მრწამსზე ასე ცოტა, ან საერთოდ არაფერი იცოდნენ?"

image

☽ "ღვთისმოსავები მის ეჭვებს თუ შენიშნავდნენ, მოიწადინებდნენ, თავის მხარეზე გადაებირებინათ. ის რამდენიმე ათეისტი, ვისაც იცნობდა, მათზე უკეთესები არ იყვნენ. უფლის სახელით იქნებოდა თუ მეცნიერების, ყველა სიამოვნებით იკმაყოფილებდა ეგოს სხვისთვის საკუთარი აზრის მოხვევით".


☽ "-იცი, რატომ არ ვგიჟდები სამოთხეზე?

-რატომ?

-ვუყურებ ხალხს, რომელიც იქ ხვდება. ისინი ლოცულობენ, მარხულობენ და ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც წესია. მათი უმრავლესობა თვალთმაქცია! თავს ვეუბნები: თუ სამოთხეში ასეთი ხალხი მიდის, მინდა კი მათთან ერთად ყოფნა? მირჩევნია, ჯოჯოხეთში მშვიდად დავიწვა. ცხელა, მაგრამ სიყალბე არ არის". image

☽ "პოლიტიკა მეგობრებს მტრებად აქცევდა. თუმცა, საპირისპიროც ხდებოდა: პოლიტიკა აერთიანებდა ხალხს, რომელსაც, სხვა მხრივ, არაფერი ჰქონდა საერთო, მოქიშპეებს აამხანაგებდა".


☽ "ზოგ ადამიანს სამყაროს შეცვლა უნდა, ზოგსაც - შეყვარებულის ან მეგობრის. მხოლოდ ძალიან ცოტას სურს საკუთარი თავის გარდაქმნა. რაც შემეხება მე, უფლის შეცვლა მინდა. ეგ მაგარი იქნებოდა. ყველას წაადგებოდა, არა?"


☽ "მორწმუნეებს პასუხები ურჩევნიათ შეკითხვებს, სიცხადე - გაურკვევლობას. ათეისტებიც, ასე თუ ისე, მსგავსად არიან განწყობილი. სასაცილოა, როცა საქმე ღმერთს შეეხება, ვისზეც თითქმის არაფერი ვიცით, ძალიან ცოტანი თუ ვამბობთ, "არ ვიცი".

image


☽ "-მელანქოლიასთან გამკლავების ორი გზა არსებობს, - თქვა შირინმა, - ან მძღოლის ადგილას მოთავსდები, გაზს დააწვები და ბატონი დეპრესია უკანა სავარძლიდან თავზარდაცემული იყვირებს, ან მას დასვამ საჭესთან და თავად შეგაშინებს".


☽ "შეიძლება გარდაცვლილის და იმ გავლენისა გშურდეს, რაც მას ცოცხალ ადამიანზე აქვს".


☽ "სემინარის დროს ჭამა აკრძალული არ არის. სინამდვილეში, საჭმელი (ზომიერების ფარგლებში) და სასმელი (უალკოჰოლო, რადგან ფხიზელი ტვინები გვჭირდება) წახალისებულიცაა - არა მარტო იმიტომ, რომ გუნებას აკეთებს და გონების მოკრებას ეხმარება, არამედ იმიტომაც, რომ რთულია მტრულად განეწყო ადამიანის მიმართ, ვისთანაც პურს იტეხ".

image


☽ "თუ ემოციურად განეწყობით რაიმე თემის მიმართ, გაიხსენეთ, რა თქვა რასელმა: "ადამიანის ემოციურობის დონე უკუპროპორციულია ფაქტების ცოდნასთან".


☽ "-რა სჯობს შენი აზრით? - ჰკითხა დერენმა, - გახსენება თუ დავიწყება?

-ნამდვილად დავიწყება, - დაუყოვნებლივ მიუგო პერიმ, - წარსული ტვირთია. რა აზრი აქვს გახსენებას, თუ ვერაფერს შევცვლით?"


☽ "პერიმ მუცლის გვრემა და სუნთქვის გახშირება იგრძნო. ერთდროულად, აღტაცებული და დაზაფრული იყო. რაღაც შეუცნობლის ნაპირას აღმოჩნდა. უყურებდა, როგორ შეუხვიეს კუთხეში. ეს მისთვის უბრალო წუთი არ იყო. ადამიანი ყოველთვის ხვდება იმ წუთს, როცა ვიღაც უყვარდება".

image


☽ "სახე, ხელების დაბანისას სარკეში რომ შეეფეთა, ახალგაზრდა ქალისა იყო, კვლავ და კვლავ უშედეგოდ რომ ცდილობდა, თავდაჯერებული და ლაღი ყოფილიყო. მუდამ საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მხიარულება რომ არ შეეძლო. ეტყობა, რაღაც არასწორად გააკეთა, ასე მიდრეკილი თუ იყო უბედურებისკენ. ან იქნებ, ადამიანები, რომლებმაც ბედნიერების ტესტი ვერ ჩააბარეს, სულაც არ იყვნენ დამნაშავენი. სევდა ხომ სიზარმაცის ან საკუთარი თავის სიბრალულის გამოხატულება არ გახლდათ. იქნებ, ამგვარი ადამიანები, უბრალოდ, ასეთები დაიბადნენ".


☽ "იცოდა, დილით სულისშემძვრელი განცდები დაეუფლებოდა. სინდისი შეაწუხებდა, რომ ეძინა ბიჭთან, რომლის მიმართ გრძნობები არ გააჩნდა. დანაშაულის გრძნობა ღრღნიდა, რომ მამამისს იმედი გაუცრუა და დედამისის ყველაზე საშინელი კოშმარი აახდინა. მართალია, ამის შესახებ ვერასოდეს გაიგებდნენ, მაგრამ თავად ეცოდინებოდა და დიდი ხნის განმავლობაში მათთან საუბრისას სინდისი დატანჯავდა".


☽ "უცხოებს შორის სოლიდარობის უხილავი ძაფები იბმებოდა, როცა აღმოაჩენდნენ, საზიარო რელიგია ან წარმომავლობა ჰქონდათ და ერთმანეთის მიმართ მყისიერ კეთილგანწყობას ავლენდნენ".

image


☽ "მსოფლიოში ორი სახის ქალაქები არსებობს: ერთი, რომელიც თავის მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ეს დღეც, ხვალინდელიცა და ზეგინდელიც ერთნაირი იქნება. და მეორეც, რომელიც სრულიად საპირისპიროს აკეთებს. ავხორცულად ახსენებს მოქალაქეებს, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. სტამბოლი მეორენაირი ქალაქი იყო".


☽ "პერი ისე ძლიერ ცდილობდა, ნორმალური ყოფილიყო, ენერგია აღარ რჩებოდა, ვინმე გამხდარიყო. თვითონაც ვერ მიხვდა, როდის, მაგრამ მარტოობა უკვე აღარ იყო მისი არჩევანი და ამის ნაცვლად, სამუდამო წყევლა გახდა. ისეთი მწველი და გაუყუჩებელი სიცარიელე ჰქონდა გულში, მხოლოდ ღმერთის არყოფნას თუ შეედრებოდა. ჰო, ალბათ ასეც იყო. გულით დაატარებდა უღმერთობას. რა გასაკვირია, ასე რომ ემძიმებოდა".

image


☽ "ნეტავ, როდის ხდებოდა ადამიანი დანაშაულის თანამზრახველი? როდესაც აქტიურად იღებდა მონაწილეობას თუ როდესაც პასიურად იკატუნებდა თავს, რომ ვერაფერს ამჩნევდა?"


☽ "იმის გაკეთება, რაც მეტისმეტად დიდხანს გადადე, გაყინულ, ცივ ზღვაში გადახტომას ჰგავდა. თუ წამით მაინც იჭოჭმანებდი, გამბედაობა აღარ გეყოფოდა".

image


☽ "პირდაპირ არ ახსენებდა, მაგრამ სარკასტულ აღნიშვნებსა და გადაკრულ სიტყვებში გამოკრთებოდა ხოლმე, რომ ვერანაირი სინანული ვერ გამოასწორებდა უკვე დანგრეულ ურთიერთობას. თითქოს ქალს სიამოვნებდა ქმრის შეცოდება, რადგან ეს მას ქორწინებაში მორალურ უპირატესობას სძენდა, სიმართლის სიტკბოს, რომელიც მწიფე მარწყვზე გემრიელია".


☽ "-მეტისმეტად ვიყავი აღტაცებული. ახლა ამას ცხადად ვხედავ. როდესაც გვიყვარდება, იმ ადამიანს ღმერთად ვაქცევთ. იცი, ეს რა სახიფათოა? და როცა ის ჩვენს სიყვარულს არ პასუხობს, ბრაზით, ზიზღითა და სიძულვილით ვივსებით... - პერიმ განაგრძო, - სიყვარული რაღაცით რწმენას ჰგავს. ესეც ხომ ბრმა ნდობაა, არა? - უტკბესი ეიფორია, საკუთარი შეზღუდული, ნაცნობი პიროვნების მიღმა, სხვა არსებასთან დაკავშირების ჯადოსნობა. მაგრამ თუ მეტისმეტად გაგვიტაცებს სიყვარული, ან რწმენა, ის დოგმად, აკვიატებად იქცევა. სიტკბო მჟავდება. ჩვენ მიერვე შექმნილი ღმერთები გვტანჯავენ".

image






ასევე დაგაინტერესებთ ციტატები შემდეგი წიგნებიდან:


1. "სიყვარულის 40 წესი"

image


2. "სუადი - ცოცხლად დამწვარი"

image


3. "მე ვარ მალალა"

image


4. "ყვავილები ელჯერნონისთვის"

image


5. ბონუსი: როგორები იქნებოდნენ წიგნის პერსონაჟები სინამდვილეში

image

0
300
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0