პროზა "ყვავილები ელჯერნონისთვის" - ციტატები 2019, 25 ნოემბერი, 11:39 ![]() ელჯერნონი ლაბორატორიის თაგვია, რომელსაც ინტელექტის გასაზრდელად ოპერაციას უკეთებენ, შემდეგ კი იმავე პროექტს სპეციალური საჭიროებების მქონე ჩარლი გორდონზე გამოცდიან. მკითხველი ამბავს სწორედ მისი ჩანაწერების მეშვეობით ეცნობა. მართალია, ზოგ ბიბლიოთეკაში წიგნი აკრძალეს, თუმცა, ბევრ სკოლაში მას წარმატებით ასწავლიან. გარდა ამისა, ნოველის მიხედვით იღებენ ფილმებს, აკეთებენ რადიო-ჩანაწერებს და დგამენ სპექტაკლებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკრანიზაციაა 1968 წელს გამოშვებული "ჩარლი". ასევე ცნობილია ამავე სახელწოდების 2000 წელს გამოსული ფილმი. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს წიგნიდან "ყვავილები ელჯერნონისთვის". თუ უკვე ისიამოვნეთ ნოველით, მაშინ თამამად განაგრძეთ სტატიის კითხვა, ხოლო თუ ჯერ არ გქონიათ მისი წაკითხვის ბედნიერება, კარგად დაფიქრდით, გინდათ თუ არა, რომ წინასწარ შეიტყოთ საინტერესო მონაკვეთები წიგნიდან. ![]() -უკვე გახვეული ვარ და ეგ არის! - ვიყვირე მე და რომ შევამჩნიე ხალხი მიყურებდა, ხმას დავუწიე. ბრაზისგან ვთრთოდი, -პიროვნება ვარ, მამაკაცი და მხოლოდ წიგნებით, ჩანაწერებით და ელექტრონული ლაბირინთებით ვერ ვიცხოვრებ. შენ მეუბნები, სხვა ქალებს შეხვდიო. როგორ, როცა სხვა ქალებს არ ვიცნობ? შიგნით რაღაც მიდუღს და მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს შენზე ფიქრს მაიძულებს. წიგნს რომ ვკითხულობ, გვერდებზე შენს სახეს ვხედავ. არა ისეთ გადღაბნილს, როგორც სხვა სახეებს ვიხსენებ ხოლმე წარსულიდან, არამედ მკაფიოსა და ცოცხალს. მერე ფურცელს ვეხები, შენი სახე ქრება და მინდება, წიგნი დავხიო და გადავაგდო." "-ბოლო დროს შენთან ვეღარ ვსაუბრობ. მხოლოდ ის შემიძლია, გისმინო, კვერი დაგიკრა და თავი მოვიკატუნო, ვითომ კულტურული ვარიაციების, ნეობულიანური მათემატიკისა და პოსტსიმბოლირი ლოგიკისა რამე გამეგება. თავს სულ უფრო და უფრო სულელად ვგრძნობ. ჩემი ბინიდან როცა მიდიხარ, სარკეს მივაწყდები ხოლმე და ჩემს თავს ვუყვირი: არა, არ ხდები დღითიდღე უფრო უტვინო! ჭკუას არ კარგავ! არა ხარ ბებერი და გამოშტერებული! ეს ჩარლი მიფრინავს წინ ისეთი სისწრაფით, რომ ისეთი განცდა გრჩება, თითქოს შენ მიდიხარ უკან-უკან. - ამას ვეუბნები ჩემს თავს, ჩარლი, მაგრამ როცა ვხვდებით, რაღაცას მეუბნები და მოუთმენელი სახით მიყურებ, ვიცი რომ გულის სიღრმეში დამცინი. როცა რაღაცას მიხსნი, მე კიდევ ვერ ვიგებ და მავიწყდება, შენ გგონია, რომ ეს ჩემი უყურადღებობის ან სიზარმაცის ბრალია. ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯავ თავს, როცა მიდიხარ. ვერ წარმოიდგენ, რა წიგნებს ვეჯახირები, რა ლექციებს ვესწრები ბიკმანის უნივერსიტეტში და შენ კი ამ ყველაფრის შესახებ ისე საუბრობ, თითქოს საბავშვო გასართობი იყოს. მინდოდა ჭკვიანი ყოფილიყავი, მინდოდა დაგხმარებოდი და შენთვის ცოდნა გამეზიარებინა, შენ კი შენი ცხოვრებიდან გამაძევე." ![]() "-არასწორად ნუ გამიგებთ, ინტელექტი ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი სიქველეთაგანია. მაგრამ ცოდნისმაძიებლობა სიყვარულის ძიებას მეტისმეტად ხშირად ავიწროებს ხოლმე. ეს კიდევ ერთი ისეთი რამაა, სულ ახლახან რომ აღმოვაჩინე. ჰიპოთეზის სახით შემოგთავაზებთ: ინტელექტი სიყვარულის გაცემისა და მიღების უნარის გარეშე მენტალურ და ემოციურ აშლილობებს, ნევროზს და სავარაუდოდ, ფსიქოზსაც კი იწვევს. ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა, საკუთარი თავით მოცულ, საკუთარ თავში ჩაძირულ, საკუთარი თავით შეზღუდულ, ადამიანურ ურთიერთობებს მოკლებულ გონებას ძალადობისა და ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს." ![]() ![]() "-ვერ გიტანდი, იმიტომ რომ სულ შენ დაგტრიალებდნენ თავს. შენ ხომ საშინაო დავალების შეუსრულებლობის, ან ცუდი ნიშნებისათვის არასოდეს გწკეპლავდნენ ხოლმე. გაკვეთილებს გამუდმებით აცდენდი და სულ თამაშობდი, მე კიდევ ამ დროს იძულებული ვიყავი, სკოლაში მევლო და რთულ გაკვეთილებზე ვმჯდარიყავი. ო, როგორ მძულდი. ბავშვები დაფაზე ცარცით მასხარას, ჩაჩჩამოფხატულ კაცუნას ხატავდნენ და ქვეშ აწერდნენ: "ნორმას ძმა". სკოლის ეზოში ტროტუარზე წერდნენ "იდიოტის და" და "დებილი გორდონები". ერთხელ, ემილი რასკინის დაბადების დღეზე რომ არ დამპატიჟეს, ვიცოდი, რომ ასე შენ გამო მექცეოდნენ. იმ დღეს, სარდაფში რომ ვთამაშობდით და თავზე აბაჟურები რომ გვეხურა, ანგარიში გაგისწორე. - ატირდა. - მოვიტყუე და ვუთხარი, რომ შენ მატკინე. ო, ჩარლი, რა სულელი ვიყავი, როგორი განებივრებული და გაზულუქებული. როგორ მრცხვენია..." ![]() "ფიცხი გავხდი, ყველაფერზე ადვილად ვბრაზდები. მუსიკა გვიანობამდე ხმამაღლა მაქვს ჩართული, რაც ფორტეპიანოზე დაკვრა შევწყვიტე, ასე ხშირად ვიქცევი. ამის გამო მეზობლებთან შეხლა-შემოხლაც მომივიდა. ვიცი, არ შეიძლება გაუთავებლად ჩართული რომ მაქვს, მაგრამ იმიტომ არ ვთიშავ, რომ არ ჩამეძინოს. ვიცი, უნდა დავიძინო, მაგრამ ყოველი წამი მენანება. მარტო კოშმარების გამო არა. აზროვნების უნარის დაკარგვის მეშინია და იმიტომ. ჩემს თავს ვეუბნები, რომ ძილი მერეც მეყოფა, წყვდიადში რომ აღმოვჩნდები." "მეშინია. სიცოცხლის, სიკვდილის, არარაობისა კი არა, ისე წასვლის, თითქოს არც არასოდეს მეარსებოს." ![]() "სიყვარულის მისტერიის ამოხსნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ამჯერად ეს სექსზე, ქალის სხეულის გამოყენებაზე გაცილებით მეტი იყო. მიწას მოვწყდი, შიშისა და ტანჯვის მიღმა გავაღწიე, სადაც თავს რაღაც უფრო დიდის ნაწილად ვგრძნობდი. საკუთარი გონების ბნელი მღვიმიდან ამოვყვინთე, რათა სხვა არსების ნაწილი გავმხდარიყავი, როგორც იმ დღეს, თერაპიის დროს, ტახტზე. ეს სამყაროს გარეთ, სამყაროს მიღმა გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, რადგან მასში და მისი მეშვეობით ვერწყმოდით ერთმანეთს ადამიანის სულის ხელახლა საშობად და მისთვის მარადიულობის მისანიჭებლად. ვფართოვდებოდით და გარესამყაროში ვიფრქვეოდით, მერე ისევ ვიკუმშებოდით და შიგნით, ცენტრისკენ მივიქცეოდით. ეს ყოფიერების რიტმი იყო - სუნთქვის, გულისცემის, დღისა და ღამის - და ჩვენი სხეულების რიტმს გონება ექოდ იმეორებდა. ყველაფერი ზუსტად ისევე მეორდებოდა, როგორც მაშინ, იმ უცნაური ხილვის დროს. რუხი ბინდი, გარს რომ მერტყა, სინათლემ გაფანტა და გონება მისით ერთიანად განიმსჭვალა (რა უცნაურია, რომ შუქი აბრმავებს!). ჩემი ტანი კვლავ სივრცის ვეებერთელა ოკეანეში შთაინთქა, ისე შთაიფლა, თითქოს რაღაც უცნაურ ნათლობას გავდიოდი. ჩემი სხეული გაცემის სიხარულით თრთოდა, მისი კი - მიღების აღტყინებით." ![]() "ყველაფერი ისე ულმობლად ლოგიკურია - გონებრივი პროცესების ხელოვნურად აჩქარების სავალალო შედეგი. მეტისმეტად ბევრი რამ ვისწავლე წარმოუდგენლად მოკლე დროში და ახლა ჩემი გონებაც დაუნდობელი სისწრაფით ჩანაგდება. რა მოხდება, ეს რომ არ დავუშვა? რა მოხდება, რომ შევეწინააღმდეგო?" ![]() "-ექსპერიმენტში მონაწილეობას არ ვნანობ. -არც მე, მაგრამ ისეთი რამ დაკარგე, რაც ადრე გქონდა - ღიმილი... -უშინაარსო, სულელური ღიმილი. -არა. თბილი, გულწრფელი ღიმილი, იმიტომ რომ გინდოდა, ადამიანებს ჰყვარებოდი. -ისინი კიდევ მაპამპულავებდნენ და აბუჩად მიგდებდნენ. -ჰო, მაგრამ მაშინაც კი, როცა არ გესმოდა, რატომ იცინოდნენ, ხვდებოდი, რომ თუ შენზე გაცინება შეეძლებოდათ, შენს შეყვარებასაც შეძლებდნენ." "უცებ იმ აზრმა გამიელვა, რომ თუ ახალი რაღაცების კითხვასა და დასწავლას გავაგრძელებდი, იქნებ ინტელექტის შენარჩუნება მომეხერხებინა მაშინაც კი, როცა ძველი რაღაცები მავიწყდება. ვიფიქრე, რომ ახლა ქვევით მიმავალ ესკალატორზე ვიდექი. თუ გაუნძრევლად ვიდგებოდი, ქვევით მალე აღმოვჩნდებოდი, მაგრამ თუ სირბილს დავიწყებდი, იქნებ ერთ ადგილას მაინც გავჩერებულიყავი. რაც არ უნდა მომხდარიყო, ზევით სვლა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა." ![]() ასევე იხილეთ ამონარიდები შემდეგი წიგნებიდან:![]() 974 5-ს მოსწონს
|