x
image
ლურჯი თოლია
ჭუჭყიანი საფეხურები
image

ჭუჭყიანი საფეხურები

-ადექი, გათენდა!
ბიჭმა დაძონძილი ზეწრიდან ძლივს დააღწია თავი.
-შენი ძმაც წაიყვანე, თქვენი დანახვა არ მინდა! - უკვე მთვრალი იყო მამა.
ბიჭმა ჩვრებში გახვეული პატარა ძმა გულში ჩაიკრა და ლასლასით წავიდა კარისაკენ.
-იცოდე, ლიტრი არყისა და სიგარეტის ფული მაინც იშოვნე, თორემ ხომ იცი, რაც მოგივა?

...........


-ეჰ, საწყალი ბავშვები, დედამ მიატოვა, მამა კი ლოთია და მათხოვრობას აიძულებს.
-დედა სად წავიდა?
-არავინ იცის. ამბობენ, თურქეთში გათხოვდაო.
-ეჰ...

...........

-ბიძია, დამეხმარე... გვშია!
-გშია კი არა, აცოდებ ხალხს თავს... წადი, მოუსვი აქედან!
ბიჭმა პატარა ძმას, რატომღაც სული შეუბერა და ცრემლი ნერწყვივით გადაყლაპა.

............

-არაფერი მოიტანე?!
-არავინ მომცა ფული...
მამის გაწნული სილის ხმამ შეაკრთო.
პატარა ძმას ტირილის თავიც აღარ ჰქონდა.
-წადით, თქვენი დედაც...
-დედაზე ცუდი არაფერი თქვა!
-გაეთრიეთ ჩემი სახლიდან! - კი არ ღრიალებდა, ცოფიანივით ყეფდა კაცი.

.........

-სად ყოფილან?
-მიტოვებული შენობის კიბეზე უნახავთ.
-სულ გათოშილან. მშობლები არ ჰყავთ?
-არაო, უთქვამთ ბავშვებს სასწრაფოს ექიმისთვის.
-გადასხმას რომ მორჩებით, სოციალურ მუშაკი გამოიძახეთ!
-გასაგებია, ექიმო.

.........

-ბატონო, რატომ არ გინდათ თქვენს კომპანიას ახალი კიბე ჰქონდეს?!
-იყოს ეს ძველი.
-კი მაგრამ, ფული გაქვთ და გამოვცვალოთ... ეს ჭუჭყიანი საფეხურები არ უხდება თქვენს ოფისს.
-ამ ჭუჭყიან საფეხურებზე ჩემი და ჩემი ძმის ბავშვობა ზის.
-?!
-ამ კიბეზე ერთმა პატარა ბიჭმა პირობა მისცა უმცროს ძმას, რომ არასდროს მოენატრებოდათ საჭმელი და სითბო... ეს კიბე ყოველთვის გამახსენებს ამ პირობას. ამიტომ არ ვანგრევ ამ ჭუჭყიან საფეხურებს... შეაკეთეთ, თუ შეიძლება!..

/ ოთო დანელია /
06.11.2018

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0