x
image
intermedia.ge
Mediator image
წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება
image


წიგნების კითხვით განცდილ ემოციათა შორის, ყველაზე ძალიან, იქ საკუთარი თავის პოვნა მიყვარს. პერსონაჟებში ჩემი თვისებების აღმოჩენისას, მგონია, რომ ეგაა, ეს პერსონაჟი „ჩემია“, „ჩემნაირი“; მგავს და ვგავარ. ზოგჯერ, ისეც ხდება, მოქმედ გმირებში აღმოაჩენ თვისებას, რომელიც გაქვს, მაგრამ ამაზე თვითონაც არაფერი იცი. ეს განცდა განსაკუთრებულია. თითქოს ამით საკუთარ თავს უახლოვდები და უკეთ იცნობ. ბოლოს ამ შენს ახალაღმოჩენილ თვისებებს შეაგროვებ და საკუთარ პერსონას ახლიდან გამოიგონებ. მერე დაგაქვს შენი გამოგონებული საკუთარი თავი ახალი თვისებებით და სხვებმა არც კი იციან, რომ იმაზე დიდი ხარ, ვიდრე წიგნის წაკითხვამდე.


აქ სწორედ ის უნდა მოგიყვეთ თუ როგორ გამაცნო საკუთარი თავი ვინმე ქრისტოფერ ბენქსმა. მასთან საერთო არაფერი მაქვს, თუმცა ერთადერთი, რაც მას მაშორებდა თვალიდან წიგნის ფურცლებამდე მანძილი იყო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გამახსენდა ჩემი პირველი მეგობარი, რომელიც, თურმე, საერთოდ არ ყოფილა მეგობარი. გამახსენდა, რომ მეც მაჩუქეს გამოუსადეგარი ნივთი, რაღაც ლუპის მსგავსი და საერთოდ არ მიფიქრია, რომ ამ საჩუქარს არასადაბადებისდღეო მისია შეიძლებოდა ჰქონოდა. თურმე ჩემი პროფესია მე კი არა, ცხოვრებას აურჩევია ჩემთვის. მივხდი, რომ ყველა მიზანი დროებითია და მთავარია, ვიყო აქ და ახლა, როცა და როგორც მინდა. მოგვიანებით ქრისტოფერი მეტყვის იმასაც, რომ ნოსტალგიები მნიშვნელოვანია, რაც უნდა ცუდად ვგრძნობდეთ თავს მის გამო. რადგან გვახსოვს „სამყარო უკეთესი იყო მანამ, სანამ გავიზრდებოდით და ახალს აღმოვაჩენდით. გვახსოვს და ვოცნებობთ უკან დავაბრუნოთ ის“. დღეიდან ყოველ წვეულებაზე, როცა თავს მარტოდ ვიგრძნობ და უხერხულობისგან სასმლის წრუპვას შევყვები, გამახსენდება, რომ ამ ამბავში სულაც არ ვარ მარტო და ჩემი ბენქსიც აქვეა. ერთი კია - ოცნებებთან და მათ გამჟაღვნებასთან ფრთხილად რომ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ახალგაზრდა კაცის ამბების წაკითხვისას, მგონია, რომ ეს მხოლოდ ჩემსა და ბენქსს შორის აღმოჩენილი საერთო არაა. თუკი ელიტურ საზოგადოებაში მოხვედრის პარალელურად, თქვენც წარმატებული კარიერისკენ მიიკვლევთ გზას, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ქრისტოფერს და მისი მაგალითით იპოვოთ ოქროს კვეთა ამ ორს შორის.


ქრისტოფერ ბენქსი, წიგნის „როცა ობლები ვიყავით“ პერსონაჟი, იაპონელმა კაძუო იშიგურომ შექმნა. ამ მწერალს ქართველი მკითხველი წიგნით „ნურასოდეს გამიშვებ“ იცნობს. 2017 წელს ის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა და ჩვენდა საამაყოდ, ნობელიანტი წიგნის ქართული თარგმანი, რითაც „პალიტრა L-მა“ დიდი სამსახური გაგვიწია, უკვე გვქონდა. „როცა ობლები ვიყავით“ კი „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის -„ლიტერე ინვენტეს“ ფარგლებში, ახლახან ითარგმნა. წიგნში ავტორი მოგვითხრობს შანხაიში დაბადებული ქრისტოფერ ბენქსის შესახებ, რომელიც უცნაურ გარემოებაში მშობლების დაღუპვის გამო, ინგლისში, დეიდასთან გადააბარგეს. 20 წლის შემდეგ ის სამშობლოში კვლავ დაბრუნდება. დეტექტვივების მოყვარულებს დაბრუნების მიზნის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ, მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა უსახელო, უმშობლო ბიჭი, რათა სახელი დაემკვიდრებინა. ავტორი იმდენად გულწრფელად და უბრალო ენით გვიყვება დაბრკოლებებთან ბრძოლის მისეულ მეთოდებზე, რომ ეს წიგნი კარიერისტის სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოდგეს.



image


„პალიტრა L-ის“ სერია „ლიტერე ინვენტე“ არაერთ ცნობილ თუ ახალ მწერალს აერთიანებს, რაც ქართველი მკითხველისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. ყოველი ახალი ავტორი ხომ სამყაროს ახლებურად დანახვის საშუალებაა და არა მხოლოდ სამყაროსი, როგორც უკვე გითხარით, საკუთარი თავისაც კი.


„ლიტერე ინვენტეს“ სერიის წიგნები ქართულად პირველად ითარგმნა. მათ შორისაა: ჯუმფა ლაჰირის „უცხო მიწა“. აქაა ამბავი იმისა, თუ რამდენად რთულია სიახლეებთან ინტეგრაცია. ავტორი შეუდარებლად გადმოგვცემს ადამიანის შინაგან განცდებსა და ბრძოლებს.


მარიო ბენედეტის „სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრების ამბავს გიამბობთ, რომლის თავსაც თითქმის დაუჯერებელი რამ ხდება - მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს. მაგრამ რა არის ეს - ბედის საჩუქარი თუ ბედნიერების ხანმოკლე მოლანდება, ნამდვილი ცხოვრება თუ დროებითი სულის მოთქმა...


„ოსკარ უაოს ხანმოკლე და საოცარი ცხოვრება“ მოგვითხრობს ჯუნოუ დიაზის მიერ შექმნილ თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე კეთილშობილ გმირზე. წიგნი 2015 წელს კრიტიკოსების მიერ ათასწლეულის საუკეთესო რომანად იქნა აღიარებული.


კოლსონ უაითჰედის „მიწისქვეშ რკინიგზა“ წარსულსა და მისტიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.


„ლიტერე ინვენტეს“ სერიაში გამოცემულ წიგნებს შორის ქართველი მკითხველისვის კარგად ცნობილ ავტორთა წიგნებსაც იხილავთ, თუმცა ეს წიგნები ქართულად პირველად ითარგმნა და ახლა უკვე თქვენ მშობლიურ ენაზე შეგიძლიათ გაამდიდროთ თქვენი ცოდნა მათი შემოქმედების შესახებ და იქნებ, საკუთარი თავიც ახლიდან იპოვოთ.

0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0