საზოგადოება ახალი სიტყვა: წააგებს ოპოზიციაც და მთავრობაც... 2019, 10 დეკემბერი, 12:23 (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის ნაწილობრივ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 25 )
2008 წელი, 27 იანვარი
უცნაური ხედვა მეხსნება. თითქოს არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეწინასწარმეტყველა, იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში ვთქვი და დღეს ყველაფერი სრულდება. ვზივარ და ვუცდი...
საპატრიარქოს თავზე დიდი, შავი ღრუბელია, ვხედავ. ხალხი არც მათ აპატიებს და შედეგს მალე მოიმკიან...
წინასწარმეტყველება მეტად საფრთხილო და ყურადსაღებია. შეიძლება ბევრი უარყოფითი მოვლენის შეჩერება, მაგრამ მაინც უნდა ასრულდეს ყოველივე.
უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა აცხადდეს წინასწარმეტყველება, როცა მდგომარეობა სულ სხვანაირად იხატება. ზუსტად აქ ცდები, ადამიანო! როგორც იწამებ, ისე მიიღებ.
ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს. მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა...
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ჩნდება საზოგადოებისათვის ბევრი ახალი და უცნობი სახე. ესენი არიან მეცნიერები. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მოდიან პროფესიონალები, მეცნიერები. ვინც საზღვარგარეთაა, ისინიც ჩამოდიან. პოლიტიკაში ნამდვილი პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. დიდი ცვლილებები იწყება საქართველოში. ეს, ვხედავ, დიდი მოულოდნელობაა ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ 1997 წელს ვიწინასწარმეტყველე და დაიბეჭდა კიდეც.
ლელა კაკულია: საქართველო სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც კი დაიბრუნებს!
დღეს განვითარებული პროცესები ხალხს გონებას გაუყინავს. არის ქაოსი, უიმედობა და დიდი სტრესები, მაგრამ მერე უცებ ყველაფერი შეიცვლება და აღსრულდება ყოველი დანახული და წარმოთქმული წინასწარმეტყველება. ამინ!
საპატრიარქოს დიდი სიფრთხილე მართებს. ფრთხილად! მის შიგნით ხელოვნურად შექმნილი განხეთქილება იწყება. მაგრამ ყოველივეს უფალი განაგებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს — დამსახურებისამებრ! ამინ!
...ვხედავ, ამერიკა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ასეც უნდა მოხდეს. ამერიკა პირველობას არავის დაუთმობს. უხილავი ბრძოლები იმართება და ამერიკა გაიმარჯვებს. ის მოულოდნელ, დიდ ნახტომს აკეთება ეკონომიკაში. დიახ, ეს ამერიკაა! ასეთი სერიოზული ცვლილებები დიდ როლს ითამაშებს აღმოსავლეთზეც, მუსლიმებზე, რომელთაც დასუსტებული (თითქოს!) ამერიკა, რა თქმა უნდა, აწყობთ. ეს ყველაფერი ტყულია. ამერიკა კლანჭებს გამოაჩენს.
ირანი ისევ განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას, რუსეთი კი ვითომ ნეიტრალიტეტს იკავებს. ამ დროს რთულ ინფლაციაში მყოფი ამერიკა უდიდეს დარტყმას მიაყენებს მტრებს, ესე იგი, დაარტყამს ირანს — არც დაფიქრდება ამერიკის პრეზიდენტი. მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებს და აღსრულდება წინასწარმეტყველება — მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!
ევროპა თითქოს რუსეთს ეხმარება, მაგრამ მერე ისევ ამერიკის მხარეს გადაიხრება. რუსეთთან დიდი უთანხმოება ექნება ევროპას. ვხედავ, ევროპა სხვა გზას ეძებს გაზისა და ნავთობის მისაღებად. დიახ, არის გაზის დიდი მარაგი იქვე, ევროპასთან, ანუ არსებობს შანსი, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან მიიღონ გაზი. ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ამაზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდება. რუსეთი უკან იხევს. დიდი გადატრიალება მოხდება რუსეთის მთავრობაში. პუტინის დრო წავიდა. იგი პოლიტიკური არენიდან ქრება ასი პროცენტით.
2008 წელი, 2 თებერვალი
...ვხედავ, ახლოსაა „მეცნიერთა პარტია“ — ხალხი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. წარსულში ვიღაცეებს ჰქონდათ მცდელობა, დაერქვათ „მეცნიერები“, მაგრამ ისინი არ არიან ის ხალხი, რომლებიც ვიწინასწარმეტყველე 1994-1995 წლებში.
„გიორგი ბრწყინვალე“ ჩემი მეგობარია. მან იცის, რა ძალა დევს წინასწარმეტყველებაში, იცის კოსმიური ენერგიის სიმძლავრე და ბევრი სხვა რამაც. ყოველივე ახლოსაა, მაგრამ დღეს არავინაა პოლიტიკაში „გიორგი ბრწყინვალე. იგი მოულოდნელად ჩნდება არენაზე და ხალხი მას გაყვება. აი, ნახავთ!
ლელა კაკულია ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში
2008 წელი, 3 თებერვალი
...საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდება. ქართველი ხალხი საპატრიარქოსა და მთავრობის თანამშრომლობას უარყოფითად აფასებს. ვხედავ, ის, რასაც ხალხი იყვირებს, იქნება საშინელი მოსასმენი, საშინელი! ღმერთო, შენ უშველე ჩემს ერს!
ვხედავ, ხალხი, საქართველო ხელებგაწვდილი ზეცაში იყურება და უფალს თხოვს დახმარებას. მათ მეტი არა დარჩენიათ რა; მიაჩნიათ, რომ ყველამ უღალატა საქართველოს, ხალხს — პრეზიდენტმაც, მთავრობამაც და სამღვდელოებამაც.
წინასწარმეტყველებები სრულდება ასი პროცენტით. მალე ყველაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. ამინ!
2008 წელი, 7 თებერვალი
ვხედავ, რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკურ თამაშს საქართველოსთან. დიახ, ასეა, რუსეთი ბევრ დათმობაზე წავა საქართველოსთან მიმართებაში. სრულდება 1992-1995 წლების წინასწარმეტყველებები. თვითონ რუსეთიც დაიღალა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემის თამაშით. ეს უკვე აღარ შედის მათ ინტერესებში.
რუსეთი აირევა, პუტინს არ უმართლებს. მის პოლიტიკაში, ვხედავ, სერიოზული ჩავარდნებია, რომელთაც ვერ გამოასწორებს და დათვის დარტყმა არ აცდება. საერთოდ, მუდმივი არაფერია დედამიწაზე. მომავალში იგი ქრება პოლიტიკური არენიდან.
საქართველოში ევრო ვერ მოიკიდებს ფეხს. ისევ დოლარი ჩაენაცვლება, ვხედავ. ევროს კურსი საქართველოსთვის მიუღებელია. კი, ევროპელები ვართ, მაგრამ ჯერ საქართველო მზად არ არის საიმისოდ, რომ ყველაფერი ევროზე გადავიდეს. დღეს ამას არ ვხედავ. მომავალში კი ევროც მოიკიდებს ფეხს მყარად. ეს ყველაფერი დროის ამბავია.
მსოფლიოში კი სერიოზული ძვრებია პოლიტიკაში. დიდად დაიძაბება ამერიკა-ირანის ურთიერთობები. ირანი არ ჩერდება, დიდი გული აქვთ. ფრთხილად!
ამერიკა, ვხედავ, იძულებულია, დაარტყას ირანს. ეს მესამე მსოფლიო ომია, იცოდეთ!!!
2008 წელი, 9 თებერვალი
ვხედავ, მომავალში რუსეთის პოლიტიკაში ჩნდება ხალხი არსაიდან. პრეზიდენტ პუტინს აღარ გაუმართლებს, საკმაოდ ძლიერი პერსონები გადაიკიდა, რომლებიც ბოლომდე არ მოთხარა კი არა, ვერ მოთხარა.
ვხედავ, რუსულ ბიზნესში დიდი გადარჩევები წავა... ვიმეორებ: პუტინის მოყვანილი კაცი მის პოლიტიკას ვერ, ანუ არ გაატარებს.
მომავალში საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება. ვხედავ, საჰაერო სივრცეც გაიხსნება და საბაზრო ეკონომიკაც საქართველოსთან მიმართებაში განიხილება დადებითად. ქართული წყლები და ღვინოები ისევ გამოჩნდება მოსკოვში და ბევრი სხვა რამაც. რადიკალურად შეიცვლება რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
რაც შეეხება კოსოვოს, რითაც ყურები გამოგვიჭედეს, ვხედავ, ეს თემა საქართველოს საერთოდ არ ეხება. რუსეთის ამ თამაშს წერტილი დაესმება მალე.
ვხედავ, რუსეთის არასწორი ნაბიჯი გამოიწვევს ომს და საქართველო უკან არ დაიხევს. საქართველო გაიმარჯვებს! საქართველოს ტერიტორია ხელშეუხებელია!
ის კი არა, რაც დაკარგა წარსულში (გაჩუქებულ მიწებს ვგულისხმობ), ისიც დაუბრუნდება საქართველოს.
იწყება დიდი ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში: ახალი მთავრობა, კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი, შეცვლილი კანონები, მეტად საინტერესო პარლამენტი, ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში. ხალხი მშვიდდება. ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში. ამინ!
2008 წელი, 15 თებერვალი
ისევ ვხედავ ცნობილი პიროვნების სიკვდილს! საქართველო, ხალხი ისევ აფორიაქდება... ვხედავ, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ძალიან ცუდადაა; იგი ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ეს რომ არ დავწერო, არ შეიძლება. ღმერთმა უშველოს!
ძალიან რთული გამოცდა ელის ქართველ ხალხს.
ვხედავ ისევ, რომ ოლიგარქი ჩამოდის საქართველოში. ეს ძალიან საინტერესოა. იქნება დიდი ცვლილებები, ძალიან დიდი ცვლილებები და მოულოდნელობები.
...ვხედავ, საქართველოს პრემიერობას მომავალში ყოფილ თავდაცვის მინისტრს შესთავაზებენ. ამერიკაც თანახმაა. საინტერესოა არა? მეც მიკვირს, მაგრამ ასეა, ასე ვხედავ. აქ ანალიზების გაკეთება არ შეიძლება და ვერც გააკეთებთ.
2008 წელი, 17 თებერვალი
...რუსეთი კოსოვოთი ვეღარ ივაჭრებს. ბედისწერა რუსებს ფაქტების წინაშე აყენებს. დიახ, ასეა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რა თამაშებიც უნდა წამოიწყოს რუსეთმა, არაფერი გამოუვა. ეს ვიცი ასი პროცენტით. არის დიდი მცდელობები, მაგრამ ყოველივე ამაოა. საქართველო მომავალში ერთიანია!
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში ავტონომიები არ იარსებებს და არც ფედერალური სახელმწიფო შედგება. სწორედაც, რომ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და ამას ვერავინ გადაკეტავს. ამინ!
2008 წელი, 23 თებერვალი
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, ვხედავ ტერაქტს. ფრთხილად! ძალიან აირევა „გაერთიანებული ოპოზიცია“. ისინი ჩიხში არიან. ხალხი ელოდება ლიდერს, უმართავნი ხდებიან. ეს ძალიან საშიშია მთავრობისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ფრთხილად! ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.
ახალი სახეები კი ჩნდებიან პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ ხალხისთვის ისინი ნაცნობები არიან და არ მიიღებენ, არ ენდობიან. თუმცა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, დროებითია. ხალხი მალე მოეგება გონს და სწრაფად მოძებნის დასაყრდენს. ასეა, ლიდერი და დასაყრდენი ყოველთვის სჭირდება ხალხს.
ვხედავ, „ნაციონალებს“ ძალიან უჭირთ, ხალხიც აღარ ჰყავთ, საპარლამენტო არჩევნებისა ეშინიათ.
...და სიმართლე იგი ასეთია: გაბრწყინდება ჩემი საქართველო! ერთიანი და ძლიერია მომავალში ჩემი ქვეყანა! დიახ, ასეთია ნება უფლისა ჩუენისა. ამინ!
ბევრი სიურპრიზები იქნება საქართველოში.
2008 წელი, 28 თებერვალი
ვხედავ, მომავალში მდგომარეობა უფრო დაიძაბება. „აფსუებსა და ოსებს ტერაქტი აქვთ ჩაფიქრებული“ — აცხადებს საქართველოს მთავრობა. — „ამისთვის კი საჭიროა, გაიწმინდოს საქართველოს ტერიტორია ტერორისტებისგან და მთლიანად ქართულ ტერიტორიაზე გავრცელდეს ქართული კანონმდებლობა“. ამას მიესალმება ევროპაც და ამერიკაც. რუსეთი ხმას არ ამოიღებს. გულში უკვე თვითონაც მიესალმება ამ ღონისძიებებს.
ვხედავ, დაიწყება მასშტაბური გაწმენდა, ანუ პატარა ომები ტერორისტულ დაჯგუფებებთან. დაუძლეველი არაფერია.
ის სირთულეები, რაც რუსებმა მითად აქციეს, სულაც არ არის ქართული ჯარისთვის დიდი წინაღობა. პირიქით, ერთ დღეში დაასუფთავებენ აფხაზეთს.
ლელა კაკულია: ქართველო ჯარისკაცებო, თქვენ ჩემი სიამაყე ხართ!
ის მართლაც ტერორისტების ბუდეა. ამას ადრეც ვწინასწარმეტყველებდი, წლების წინ.
კოსოვოს თემამ ვერ უშველა მოძალადე აფსუებსა და ოსებს, გამოჩნდა რუსეთის ორპირობა და თამაშები. აქ არაფერი გამოსწორდება. როდემდე უნდა მოიტყუონ თავი? ასე რომ, საქართველოს თვითონ უფალი წმენდს, ურჯულონი გარბიან.
ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ძვრები იქნება. ყველა გამოაჩენს საკუთარ სახეს. ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს ოპოზიციაც და მთავრობაც. ხალხი მათ არ ენდობა, ახალ ლიდერს ელოდება და ასეც მოხდება...
2008 წელი, 1 მარტი
ვხედავ, ის, რასაც რუსეთი „ჭიკჭიკებს“ და გეგმებს აწყობს, იმ ძველ სიმღერას ჰგავს, რომელსაც ახალ დროში გადააკეთებენ ხოლმე. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, ჭკვიანი ხალხის ნათქვამია.
ვხედავ, საქართველო ერთიანია, აფხაზეთის საზღვარზე, ფსოუზე, ქართული დროშა ფრილებს, სამაჩაბლოსაც და სხვა ტერიტორიებსაც საქართველო იბრუნებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!
რუსეთმა იყეფოს, საქართველო კი შედის ნატოში, ვიბრუნებთ ტერიტორიებს, მივდივართ წინ და ასჯერ ნათქვამს ვიმეორებ: საქართველო გაბრწყინდება!
რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი. გქონდეს ნავთობი და გაზი, არ ნიშნავს, რომ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები გყავს. პირიქით, მათი უზრდელი, თავხედური, დაბალი დონის მზაკვრული პოლიტიკა მთელი მსოფლიოსთვის ნათელია. ჰოდა, ბოლოს სადამ ჰუსეინივით დაამთავრებენ. თუ გონს არ მოეგებიან, მოუვლენთ მათ უფალი უდიდეს გასაჭირს. რუსეთი დაისჯება! სწორედ საკუთარ ტერიტორიებთან დაკავშირებით ექნება უდიდესი წინაღობები. დიახ, ეს ასეა. თავში აქვთ ავარდნილი, თავი მსოფლიოს მბრძანებლად წარმოუდგენია რუსეთის იმპერიას.
საქართველოს რუსეთი ვერ დააჩოქებს! საქართველო გაიმარჯვებს და მას მთელი ევროპა და ამერიკა დაიცავს!
ვარდები ჭკნება, იები ამოდის. მოდის ჩემი პრეზიდენტი და მოდიან ნამდვილი მეცნიერები, ამინ!
ჩემი წინასწარმეტყველებები მსოფლიოს მოივლის და გააოცებს.
ვხედავ, რუსეთი რთულ მდგომარეობაშია კავკასიასთან მიმართებაში. სხვა თამაში არ არსებობს, ყველა პოლიტიკური რესურსი ამოწურეს. სრულდება წინასწარმეტყველებები, ყველაფერი, რაც ქართულ-რუსულ პოლიტიკას შეეხებოდა. ყველაფერი დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით და იკეტება საქართველოს საზღვრები. ამინ!
მეტად საინტერესოა პუტინისა და მედვედევის დუეტი. ისინი იწყებენ კარგად, მაგრამ ამთავრებენ ტრაგედიით. პუტინის მოწინააღმდეგეები შედიან პრეზიდენტთან კონტაქტში. მათ ეს გამოუვათ ასი პროცენტით, ამიტომ მთავრობაში დიდი ცვლა იქნება. კრემლი ორად იყოფა. იყოფიან ოლიგარქებიც. ეს იქნება რუსეთისთვის ძალიან ცუდი პერიოდი. „პუტინის ყოფნა მთავრობაში არ შეიძლება!“ — იტყვის ხალხი. ორი მონსტრი ერთმანეთს შეეჯახება.
ვხედავ სამღვდელოების მაღალი პირის სიკვდილს. ვხედავ, კრემლის ერთი კედელი იწვის, ფეთქდება. ასევე ვხედავ სხვა ტერაქტებს მოსკოვში. დიახ, რუსეთს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. ფრთხილად! რუსეთს ისინი უწყობენ ტერორებს, ვისაც ვითომ იცავენ და მხარში უდგანან. იქნება ტერაქტების სერიალები და თანაც იქ, სადაც ხალხმრავლობაა. ეს ყოველივე რუსული პოლიტიკის ნაყოფია. მუსლიმები!
რუსები, ვხედავ, ამერიკელებს დააბრალებენ ყველაფერს ირანთან გატარებული პოლიტიკის გამო. საერთოდ, ამერიკისა და რუსეთის პოლიტიკა მუსლიმებთან მიმართებაში არ ემთხვევა. ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ.
რუსეთს პირველობის მანია იპყრობს, სურს იყოს პირველი მსოფლიოში, მაგრამ ცდება. გაზი და ნავთობი მუსლიმებსაც აქვთ და მათთვის ამას დიდი უბედურება მოაქვს.
დიახ, „შავი ოქრო“ — ეს წყევლაა ქვეყნებისთვის, იმიტომ, რომ ვხედავ, მომავალში ნავთობი და გაზი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს.
დიახ, ასეა. მომავალში მსოფლიო ერთიანდება ამ აზრის ირგვლივ: „თუ რომელიმე ქვეყანაში გაზი და ნავთობია, ის ეკუთვნის მსოფლიო ხალხებს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ამით მანიპულირება მოახდინონ პოლიტიკაზე!“ — ეს დროც დადგება.
მსოფლიო იცვლება. ხდება გადანაწილება.
ვხედავ, მომავალში ევრო არ იქნება ევროპის ქვეყნების ერთიანი ვალუტა. დიდი ბრიტანეთივით ყველა მოინდომებს საკუთარი ფული ჰქონდეს. ეს დროც დადგება და წინასწარმეტყველება ასრულდება.
კოსოვოს საკითხი არასდროს დამთავრდება. მოვა „მეფე“, რომელიც კვლავ გააერთიანებს იუგოსლავიას. მუდმივად იქნება ჩუმი ბრძოლები, ტერაქტები. ისინი არასდროს მორიგდებიან.
მუსლიმები დროებითი მოვლენაა ევროპაში.
გერმანიაში დიდი ცვლილებებია მთავრობის ხაზით. კანცლერად მოდის კაცი — ძალიან ძლიერი პიროვნება. აი აქ რუსეთს ძალიან გაუჭირდება, კანცლერი დიპლომატიურ ომს გამოუცხადებს. ძალიან რთული მდგომარეობა ექმნებათ რუსებს. საინტერესო ის არის, რომ ევროპა გაზისა და ნავთობის სულ სხვა გზებს გამონახავს.
მომავალში მეცნიერება საოცარ მწვერვალებს აღწევს, ნავთობი საჭირო აღარ იქნება. დიახ, ნავთობს ცვლის ენერგია, რომელიც უფრო კარგად ასრულებს ნავთობის როლს. ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა.
ჩრდილოეთში, ვხედავ, აისბერგები აღარ დნება. გლობალური დათბობა შეჩერდება. მეცნიერები, ვხედავ, პასუხს ვერ მოუძებნიან ამ მოვლენას, ვერ იპოვიან მიზეზს. უბრალოდ, დედამიწა სახეს იცვლის პერიოდულად, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ.
მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ამ დროს, ვხედავ, კიბოთი, დიაბეტით და სხვა დიაგნოზებით ხალხი აღარ კვდება. ეს სამი სახის დაავადება კი სისხლში არ ჩანს. მას „უჩინარ სიკვდილს“ შეარქმევენ — „ნევიძიმკა“ — მიდი და ებრძოლე!
მე კი ვხედავ, ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება. ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მაგრამ სანამ მიაგნებენ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვლება. ომი სჯობს ამ „უჩინარ“ დაავადებას.
საერთოდ, ისეთი ბაცილები მოდის ჯუნგლებიდან, მომენტალურად ანგრევს ორგანიზმს, არტყამს პანკრეასს.
ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად! დედამიწა იცვლება...
მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება, დაშრება და ყველაფერში კი ადამიანია დამნაშავე. მიძინებული ვულკანები, რომელთაც ასეული წლებია ძინავთ, ამოიფრქვევა. დიახ, ასეთია ბედისწერა. განსაკუთრებით ცუდ დღეში ამერიკა ჩავარდება, სტიქია ათმაგად დაატყდება თავს. ევროპაში კი არნახული წყალდიდობა იქნება (რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველაფერი ასრულდა და ესეც ასრულდება). ინგლისის ზოლს დატბორილს ვხედავ, ყველგან წყალია. თუმცა, ღმერთის წყალობით, სტიქია სწრაფად ჩადგება.
დროს ვერ ვხედავ, მაგრამ ერთ-ერთ უდაბნოს იისფერი და ვარდისფერი ყვავილებით მოფენილს ვხედავ. ეს იქნება სასწაული, მაგრამ ასეა. არც ისეთი დიდი ტერიტორიაა, მაგრამ ეს ნამდვილი უდაბნოა ყვავილებით.
2008 წელი. 7 მარტი
ვხედავ, სომხეთში გამოსვლები არ შეწყდება. ხალხი არ აპატიებს პრეზიდენტს თანამემამულეების მიმართ ისეთი ძალის გამოყენებას, რასაც ადამიანების სიკვდილი მოყვა. ოპოზიცია ერთიანია, არ ნებდება. იმით, რაშიც გამოსავალი დაინახა სომხეთის პრეზიდენტმა — ყარაბაღის ომის პროვოკაციით — ვხედავ, არაფერი გამოუვა. დაშნაკების მოსვლა მთავრობაში არ შეიძლებოდა. მათ ყოველთვის ომი სწყურიათ. ასე რომ, მთავრობასა და ხალხს შორის ომი გრძელდება, აქ ერევა რუსეთი, ამერიკა... საქმე არც ისე კარგადაა, ხვდებიან, და მთავრობას აიძულებენ, გადადგან ნაბიჯი არჩევნების მეორე ტურისკენ. სომხეთში განვითარებული მოვლენა ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში მოხდა, ზუსტი ასლია.
ოპოზიციის ლიდერს, ტერ-პეტროსიანს, ტერორს მოუწყობენ. გადარჩება. დაშნაკები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოკლან ტერ-პეტროსიანი, მაგრამ ყოველივე კრახით დამთავრდება. ხალხს სძულს მთავრობა. მთელი სომხეთი, ერევანი გამოდის მათ წინააღმდეგ. ხალხი, ვხედავ, რომ არ ნებდება და ვხედავ, იმარჯვებს.
სომხებს რუსეთის იმედი აქვთ, მაგრამ ვხედავ, რუსეთი მათ უღალატებს, სულ სხვაგვარ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. სომხეთი რუსეთს ზურგს შეაქცევს. იგივე პროცესებია, რაც აფხაზეთში, მაგრამ ყარაბაღი სულ სხვა თემაა. მაინც არაფერი გამოუვა რუსეთს. მისი ახალი პრეზიდენტი, სხვათა შორის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ექს−პრეზიდენტი პუტინი მომავალში აღარ ჩანს. ბევრ რამეს აეხდება ფარდა, ანუ ნიღაბი.
რუსეთს კავკასია ზურგს შეაქცევს ასი პროცენტით.
2008 წელი, 8 მარტი
ვხედავ, იაპონიაში დიდი მიწისძვრა იქნება. ეს არ არის ის რყევები, რასაც იაპონელები მიჩვეულები არიან. ეს დამანგრეველი მიწისძვრაა. ვერანაირად ვერ გაფრთხილდებიან. ამოხეთქავს მიძინებული ვულკანიც, მაგრამ ყველაფერი გადაივლის, ღმერთის წყალობით, და ისევ იარსებებს იაპონია.
მსოფლიოში დიდი კატაკლიზმებია, ვხედავ. ბუნება მძვინვარებს. ადამიანი უძლურია, ამას ვერაფერი შეაჩერებს.
ვხედავ, იაპონია რუსეთთან ისევ იწყებს დავას კუნძულებთან დაკავშირებით. იაპონია უკან არ დაიხევს და დიდი გარჩევები განახლდება. მომავალში, ვხედავ, რუსეთი დათმობს იმ კუნძულებს, რომლებიც იაპონიას ეკუთვნოდა. ეს იაპონიის მიწებია. დიდი პოლიტიკური ბრძოლები წავა, ამერიკა იაპონიის მხარეს იკავებს, ევროპა კი შუალედს — არცერთს მიემხრობა. ეს ყოველივე ასრულდება.
იაპონიის იმპერატორებს გადაშენება ემუქრებათ, მაგრამ ბიჭის დაბადება გადაარჩენს სამეფო ტახტს. ამას მთელი იაპონია ზარზეიმით აღნიშნავს.
ერთი პერიოდი იქნება კატასტროფები, დიდი შეჯახებები ერთმანეთის მიყოლებით. იაპონიისთვის მეტად საშიშია ატომური სადგური, ანუ ატომური საცავი. ვხედავ, რაღაცას უარყოფენ, მაგრამ ეს ტყუილია — საცავებიდან რადიაცია ჟონავს. ფრთხილად!
იაპონიის კუნძული ორად იხლიჩება. ეს მიწისძვრების შედეგია. ბუნების ასეთი ძლიერი შეტევა ჯერ არ ახსოვს ამ ქვეყანას, მაგრამ მაინც გადარჩებიან და ისევ აშენდება დანგრეული, განადგურებული ქალაქები და კუნძულები. ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ! დრო???
2008 წელი, 9 მარტი
ვხედავ, მომავალში მსოფლიოს მრავალ კუთხეში მოითხოვენ, სახელმწიფოებად ცნონ ქვეყნები, რომელთაც სტატუსი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი არ აქვთ. მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა, მათ არაფერი გამოუვათ და ჩაჩუმდებიან. ან გააჩუმებენ. ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა დედამიწაზე.
ვხედავ, ოკეანეში წყალქვეშა ნავი იძირება. ეს იქნება დიდი სკანდალი მსოფლიოში.
ვხედავ, რომ ევროპაში მუსლიმური სახელმწიფო არ შეიქმნება. ევროპაში განახლდება მცირე მასშტაბიანი ომი და თითქოს მას ბოლო არ ექნება.
ვხედავ, რუსეთის ემბლემას, ორთავიან არწივს, ერთი თავი მოძვრება, ანუ ერთთავიანი არწივის ემბლემას ვხედავ. ესე იგი, რუსეთი დასუსტდება.
რუსეთმა თუ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში საკუთარი საზღვრები არ გააკონტროლა, უდიდესი პრობლემები შეექმნება, განსაკუთრებით, ჩინელებთან. ეს ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.
ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი აღარ ენდობა საკუთარ კანდიდატს. რატომ, ჯერ თვითონაც ვერ გაურკვევია. დიახ, მისი კანდიდატი ძალიან ამბიციური პიროვნებაა და იგი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ვერ გახდება პუტინის პაიკი. ამიტომ ის იწყებს ბრძოლას, მას მხარს უმშვენებს ოლიგარქების მთელი დასი. პუტინს ვინც ემხრობოდა, ისინიც ღალატობენ. ახალი პრეზიდენტი მათთვის, ასე ვთქვათ, კეთილი კაცია. პუტინი კი სასტიკი, დაუნდობელი ადამიანია. მეგობრებს ყოველთვის ძალიან ეშინოდათ მისი და ამიტომ იძულებულები იყვნენ, ეთამაშათ მისი თამაში. ახლა კი ისინი შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. პუტინი ძალიან ცუდად დაამთავრებს. თუმცა ყველაფერი კარგად დაიწყება, მაგრამ დაველოდოთ ბოლოს, რომელიც ძალიან აირევა კრემლში და რასაც ევროპა მიესალმება. არავის სურს პუტინის ხილვა მთავრობაში, არც ევროპას და, რა თქმა უნდა, არც ამერიკას.
გაზისა და ნავთობის საკითხი დარეგულირდება. ამერიკაც ღებულობს ისეთ ზომებს, რომ ამ პრობლემებს დიდი ხნით გადაწყვეტს.
ვენესუელის პრეზიდენტი არენიდან ქრება. ამას ბევრი სახელმწიფო მიესალმება.
ვხედავ დოლარის გამყარებას მსოფლიოში. დოლარი ევროს არ დაუთმობს. ეს დროებითი, ეშმაკური სვლა იყო ამერიკის მთავრობისა. ისინი რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ პოლიტიკაში, როგორც ყოველთვის. არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები დროში გაწელონ. საჭიროა სწრაფი რეაგირება, მოქმედება, ამიტომ მსოფლიო, ვხედავ, დიდ სიურპრიზებს უნდა ელოდოს.
რაც შეეხება ჩემს საქართველოს, აქ ყველაფერი დალაგდება: დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, იქნება მთავრობის ცვლა, მოვა „გიორგი ბრწყინვალე“, ხალხი დამშვიდდება და მთავარი: რუსეთი მწარედ წააგებს საქართველოსთან. საქართველო ნატოს ხაზით ასი პროცენტით გადის. აი ნახავთ!
ისევ ვხედავ მეომრებს. ისინი მთიდან ეშვებიან, მესმის ხმლების ჯახუნი. ასჯერ ნანახსა და ნათქვამს ვიმეორებ:
აფხაზეთში შევალთ ომით და დავარქმევთ მშვიდობას!
გაიგოს ყველამ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო — ეს ძირძველი მიწებია საქართველოსი, რომ უფალი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას და ისეთ ჭირს მოუვლენს იმ ქვეყნებს, ვინც ილაშქრებს ჩვენი სამშობლოს მთლიანობის წინააღმდეგ, რომ ყოველგვარ სურვილს დაკარგავენ ბინძური თამაშებისა. მათ საკუთარ სახლში დაუდგებათ განსაცდელი.
დრო! დრო ყოველთვის უხილავია, მაგრამ ნანახი და თქმული წინასწარმეტყველებანი, იცოდეთ, ასრულდება სიტყვა სიტყვით.
უზარმაზარი ენერგია მოდის კოსმოსიდან, სინათლე, რომელიც შთანთქავს ბნელს!
და დაისჯება ყოველი მოღალატე და ურწმუნო! დიახ, ურწმუნო საკუთარ თავს მოჭამს, მტერი ქვეყნისა სამუდამოდ მოიძირკვება დედამიწიდან.
მსოფლიოს რუკაზე საქართველო პატარა წერტილია, მაგრამ არა შეგეშალოთ რა! ეს ადგილი უფლისაა და ამიტომ ეს პატარა წერტილი დრომ ვერცერთ ეპოქაში ვერ წაშალა. იგი იყო და იქნება ყოველთვის!
ვაი თქვენ, ვისაც ეს არ გესმით! წარიშლებით თქვენ, წარიშლებით და აღიგვებით პირისაგან მიწისა, ბოროტებისა მატარებელნო. ამას მალე იხილავთ. თითქმის ნახევარი დედამიწა წაიშლება უფლის ნებითა და წერტილი, რომელსაც საქართველო ჰქვია, დარჩება!
თუ ვინმეს არ სჯერა, ეს არ გვაწუხებს. ვიმეორებ: ურწმუნოები თვითონ დაიტანჯებიან, მორწმუნეები გადარჩებიან! ასეთია უფლის სიტყვები.
(გაგრძელება იქნება)
723 3-ს მოსწონს
|