x
image
_K_
"ყვავილები ელჯერნონისთვის" - ციტატები
image

"ყვავილები ელჯერნონისთვის" ამერიკელი მწერლის, დენიელ კიზის რომანია, რომელიც 1958 წელს დაიწერა და პირველად 1959 წელს გამოიცა. მას შემდეგ მან არაერთი ჯილდო მიიღო.


ელჯერნონი ლაბორატორიის თაგვია, რომელსაც ინტელექტის გასაზრდელად ოპერაციას უკეთებენ, შემდეგ კი იმავე პროექტს სპეციალური საჭიროებების მქონე ჩარლი გორდონზე გამოცდიან. მკითხველი ამბავს სწორედ მისი ჩანაწერების მეშვეობით ეცნობა.


მართალია, ზოგ ბიბლიოთეკაში წიგნი აკრძალეს, თუმცა, ბევრ სკოლაში მას წარმატებით ასწავლიან. გარდა ამისა, ნოველის მიხედვით იღებენ ფილმებს, აკეთებენ რადიო-ჩანაწერებს და დგამენ სპექტაკლებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკრანიზაციაა 1968 წელს გამოშვებული "ჩარლი". ასევე ცნობილია ამავე სახელწოდების 2000 წელს გამოსული ფილმი.



სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს წიგნიდან "ყვავილები ელჯერნონისთვის".


თუ უკვე ისიამოვნეთ ნოველით, მაშინ თამამად განაგრძეთ სტატიის კითხვა, ხოლო თუ ჯერ არ გქონიათ მისი წაკითხვის ბედნიერება, კარგად დაფიქრდით, გინდათ თუ არა, რომ წინასწარ შეიტყოთ საინტერესო მონაკვეთები წიგნიდან.

image

"-არ მაქვს უფლება, რომ ამ ურთიერთობაში გაგხვიო.
-უკვე გახვეული ვარ და ეგ არის! - ვიყვირე მე და რომ შევამჩნიე ხალხი მიყურებდა, ხმას დავუწიე. ბრაზისგან ვთრთოდი, -პიროვნება ვარ, მამაკაცი და მხოლოდ წიგნებით, ჩანაწერებით და ელექტრონული ლაბირინთებით ვერ ვიცხოვრებ. შენ მეუბნები, სხვა ქალებს შეხვდიო. როგორ, როცა სხვა ქალებს არ ვიცნობ? შიგნით რაღაც მიდუღს და მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს შენზე ფიქრს მაიძულებს. წიგნს რომ ვკითხულობ, გვერდებზე შენს სახეს ვხედავ. არა ისეთ გადღაბნილს, როგორც სხვა სახეებს ვიხსენებ ხოლმე წარსულიდან, არამედ მკაფიოსა და ცოცხალს. მერე ფურცელს ვეხები, შენი სახე ქრება და მინდება, წიგნი დავხიო და გადავაგდო."


"-ბოლო დროს შენთან ვეღარ ვსაუბრობ. მხოლოდ ის შემიძლია, გისმინო, კვერი დაგიკრა და თავი მოვიკატუნო, ვითომ კულტურული ვარიაციების, ნეობულიანური მათემატიკისა და პოსტსიმბოლირი ლოგიკისა რამე გამეგება. თავს სულ უფრო და უფრო სულელად ვგრძნობ. ჩემი ბინიდან როცა მიდიხარ, სარკეს მივაწყდები ხოლმე და ჩემს თავს ვუყვირი: არა, არ ხდები დღითიდღე უფრო უტვინო! ჭკუას არ კარგავ! არა ხარ ბებერი და გამოშტერებული! ეს ჩარლი მიფრინავს წინ ისეთი სისწრაფით, რომ ისეთი განცდა გრჩება, თითქოს შენ მიდიხარ უკან-უკან. - ამას ვეუბნები ჩემს თავს, ჩარლი, მაგრამ როცა ვხვდებით, რაღაცას მეუბნები და მოუთმენელი სახით მიყურებ, ვიცი რომ გულის სიღრმეში დამცინი. როცა რაღაცას მიხსნი, მე კიდევ ვერ ვიგებ და მავიწყდება, შენ გგონია, რომ ეს ჩემი უყურადღებობის ან სიზარმაცის ბრალია. ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯავ თავს, როცა მიდიხარ. ვერ წარმოიდგენ, რა წიგნებს ვეჯახირები, რა ლექციებს ვესწრები ბიკმანის უნივერსიტეტში და შენ კი ამ ყველაფრის შესახებ ისე საუბრობ, თითქოს საბავშვო გასართობი იყოს. მინდოდა ჭკვიანი ყოფილიყავი, მინდოდა დაგხმარებოდი და შენთვის ცოდნა გამეზიარებინა, შენ კი შენი ცხოვრებიდან გამაძევე."image

"კვლავ კარის ვიწრო ღიობიდან შემოსულ მოციმციმე შუქს ვხედავ. საბანში დამალულ ჩარლის ვუყურებ. მინდა ვანუგეშო, ავუხსნა, რომ არაფერი დაუშავებია, რომ დედის იმ დამოკიდებულების დაბრუნება, დის გაჩენამდე რომ ჰქონდა, მის ძალებს აღემატება. მაშინ, საწოლში რომ იწვა, ჩარლი ვერ ხვდებოდა, რას ამბობდნენ მშობლები, ახლა კი ვხვდები და მტკივა. წარსულში, ჩემს მოგონებებში დაბრუნება რომ შემეძლოს, ხომ დავანახებდი დედაჩემს, როგორ ტკივილს მაყენებდა."


"-არასწორად ნუ გამიგებთ, ინტელექტი ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი სიქველეთაგანია. მაგრამ ცოდნისმაძიებლობა სიყვარულის ძიებას მეტისმეტად ხშირად ავიწროებს ხოლმე. ეს კიდევ ერთი ისეთი რამაა, სულ ახლახან რომ აღმოვაჩინე. ჰიპოთეზის სახით შემოგთავაზებთ: ინტელექტი სიყვარულის გაცემისა და მიღების უნარის გარეშე მენტალურ და ემოციურ აშლილობებს, ნევროზს და სავარაუდოდ, ფსიქოზსაც კი იწვევს. ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა, საკუთარი თავით მოცულ, საკუთარ თავში ჩაძირულ, საკუთარი თავით შეზღუდულ, ადამიანურ ურთიერთობებს მოკლებულ გონებას ძალადობისა და ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს."image

"მისი ხმა გავიგე: -ჩუ, ნეპი... წადი, საძინებელში გადი. - წუთიც და კარის საკეტის ჩხაკუნი გავიგე. კარი გააღო. იდგა და მიყურებდა.

-დე, - დავიჩურჩულე მე, - არაფერს არ გიზამ. მხოლოდ ლაპარაკი მინდა. უნდა გაიგო, რომ ისეთი აღარ ვარ, ადრე რომ ვიყავი. შევიცვალე. ახლა ნორმალური ვარ. არ გესმის? აღარ ვარ გონებაჩამორჩენილი. გონებაჩლუნგი აღარ ვარ. ისეთი ვარ, როგორიც ყველა. ნორმალური ვარ, როგორც შენ, მეთი და ნორმა.

ვცდილობდი, საუბარი, ლაქლაქი არ შემეწყვიტა, რომ კარი არ დაეხურა. ყველაფრის ერთბაშად თქმა ვცადე: - შემცვალეს, ოპერაცია გამიკეთეს და სხვანაირი გამხადეს, ისეთი, შენ რომ გინდოდა ვყოფილიყავი. გაზეთებში არ წაგიკითხავს? ახალი სამეცნიერო ექსპერიმენტი გონებრივ შესაძლებლობებს ცვლის. პირველი მე ვიყავი, ვისზეც ჩაატარეს. ვერ გაიგე? ასე რატომ მიყურებ? ახლა ჭკვიანი ვარ, ნორმაზე, ძია ჰერმანზე და მეტზე ჭკვიანი. ისეთი რაღაცები ვიცი, უნივერსიტეტის პროფესორებმაც რომ არ იციან. ხმა გამეცი! ახლა შეგიძლია, ჩემით იამაყო და ყველა მეზობელს უთხრა. სტუმრები რომ მოვლენ, ჩემი სარდაფში დამალვა აღარ მოგიწევს. დამელაპარაკე, რა. მომიყევი, როგორი იყო ყველაფერი, პატარა რომ ვიყავი. მხოლოდ ეს მინდა, მეტი არაფერი. არაფერს დაგიშავებ. არაფერს გერჩი. მაგრამ ჩემს თავზე რაღაცები უნდა გავიგო, ჩემი თავი უნდა გავიგო, სანამ გვიანი იქნება. ნუთუ არ გესმის, რომ სანამ ჩემს თავს არ გავიცნობ, სრულფასოვანი ადამიანი ვერასოდეს ვერ გავხდები და ახლა ჩემი დახმარება დედამიწის ზურგზე მხოლოდ შენ შეგიძლია. ნება მომეცი, ცოტა ხნით შემოვიდე და დავჯდე."image

"-ყველას უნდა ვუთხრა, - მითხრა ღიმილით, - სკოლის ყველა მასწავლებელს. ერთი იმათი სახეები მანახა, რომ ვეტყვი. და კიდევ მეზობლების. და ძია ჰერმანის - ძია ჰერმანსაც უნდა ვუთხრა. გაუხარდება. დაიცა, მამაშენი მოვიდეს სახლში. და შენი და? ო, როგორ გაუხარდება შენი ნახვა. ვერ წარმოიდგენ, როგორ.

ჩამეხუტა, აგზნებული ლაპარაკობდა, გეგმავდა, როგორ ვიცხოვრებდით ყველა ერთად ახალი ცხოვრებით. თავი ვერ ვაიძულე, მეთქვა, რომ ჩემი ძველი მასწავლებლების უმეტესობა სკოლაში აღარ ასწავლიდა, რომ მეზობლები დიდი ხანია გადავიდნენ, ძია ჰერმანი რა ხანია გარდაიცვალა, მამაჩემმა კი მიატოვა. მთელი იმ კოშმარული წლების ტკივილიც საკმარისი იყო. მინდოდა, მისი ღიმილი მენახა და მცოდნოდა, რომ მისი ბედნიერების მიზეზი მე ვიყავი. მისი ღიმილი ცხოვრებაში პირველად გამოვიწვიე."


"-ვერ გიტანდი, იმიტომ რომ სულ შენ დაგტრიალებდნენ თავს. შენ ხომ საშინაო დავალების შეუსრულებლობის, ან ცუდი ნიშნებისათვის არასოდეს გწკეპლავდნენ ხოლმე. გაკვეთილებს გამუდმებით აცდენდი და სულ თამაშობდი, მე კიდევ ამ დროს იძულებული ვიყავი, სკოლაში მევლო და რთულ გაკვეთილებზე ვმჯდარიყავი. ო, როგორ მძულდი. ბავშვები დაფაზე ცარცით მასხარას, ჩაჩჩამოფხატულ კაცუნას ხატავდნენ და ქვეშ აწერდნენ: "ნორმას ძმა". სკოლის ეზოში ტროტუარზე წერდნენ "იდიოტის და" და "დებილი გორდონები". ერთხელ, ემილი რასკინის დაბადების დღეზე რომ არ დამპატიჟეს, ვიცოდი, რომ ასე შენ გამო მექცეოდნენ. იმ დღეს, სარდაფში რომ ვთამაშობდით და თავზე აბაჟურები რომ გვეხურა, ანგარიში გაგისწორე. - ატირდა. - მოვიტყუე და ვუთხარი, რომ შენ მატკინე. ო, ჩარლი, რა სულელი ვიყავი, როგორი განებივრებული და გაზულუქებული. როგორ მრცხვენია..."image

"დაღმასვლა დამეწყო. თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, მინდა მანამდე შევწყვიტო ეს ყველაფერი, სანამ თავის კონტროლი ისევ შემიძლია და გარესამყაროს ადეკვატურად აღვიქვამ. მაგრამ მერე ფანჯარასთან მომლოდინე ჩარლი მახსენდება. მისი ცხოვრება ჩემი როდია, რომ ავიღო და გადავაგდო. მხოლოდ ცოტა ხნით ვითხოვე და ახლა დაბრუნებას მთხოვენ".


"ფიცხი გავხდი, ყველაფერზე ადვილად ვბრაზდები. მუსიკა გვიანობამდე ხმამაღლა მაქვს ჩართული, რაც ფორტეპიანოზე დაკვრა შევწყვიტე, ასე ხშირად ვიქცევი. ამის გამო მეზობლებთან შეხლა-შემოხლაც მომივიდა. ვიცი, არ შეიძლება გაუთავებლად ჩართული რომ მაქვს, მაგრამ იმიტომ არ ვთიშავ, რომ არ ჩამეძინოს. ვიცი, უნდა დავიძინო, მაგრამ ყოველი წამი მენანება. მარტო კოშმარების გამო არა. აზროვნების უნარის დაკარგვის მეშინია და იმიტომ.

ჩემს თავს ვეუბნები, რომ ძილი მერეც მეყოფა, წყვდიადში რომ აღმოვჩნდები."


"მეშინია. სიცოცხლის, სიკვდილის, არარაობისა კი არა, ისე წასვლის, თითქოს არც არასოდეს მეარსებოს."image

"მაგიდიდან რომ ავწიე თავი, ჩარლის თვალებით თითქოს ჩემი თავი დავინახე, ხელში "დაკარგული სამოთხე" მეჭირა და უცებ გავიაზრე, რომ ყუას ორივე ხელით ისე ვაწვებოდი, თითქოს წიგნის ორად გაგლეჯა მინდოდა. ყდა მოვახიე, ფრცლები ამოვგლიჯე და წიგნიცა და ფურცლებიც კუთხეში მოვისროლე, იქ, სადაც დამტვრეული ფირფიტები ეყარა. ახლა მილტონიც იქვე ეგდო და თეთრი ენებით მეჯღანებოდა, იმიტომ რომ არ მესმოდა რას ამბობდა და დამცინოდა.

უნდა ვცადო, იქნებ ნასწავლის ნაწილი მაინც შევინარჩუნო. ღმერთო, გევედრები, ყველაფერს ნუ წამართმევ."


"სიყვარულის მისტერიის ამოხსნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ამჯერად ეს სექსზე, ქალის სხეულის გამოყენებაზე გაცილებით მეტი იყო. მიწას მოვწყდი, შიშისა და ტანჯვის მიღმა გავაღწიე, სადაც თავს რაღაც უფრო დიდის ნაწილად ვგრძნობდი. საკუთარი გონების ბნელი მღვიმიდან ამოვყვინთე, რათა სხვა არსების ნაწილი გავმხდარიყავი, როგორც იმ დღეს, თერაპიის დროს, ტახტზე. ეს სამყაროს გარეთ, სამყაროს მიღმა გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, რადგან მასში და მისი მეშვეობით ვერწყმოდით ერთმანეთს ადამიანის სულის ხელახლა საშობად და მისთვის მარადიულობის მისანიჭებლად. ვფართოვდებოდით და გარესამყაროში ვიფრქვეოდით, მერე ისევ ვიკუმშებოდით და შიგნით, ცენტრისკენ მივიქცეოდით. ეს ყოფიერების რიტმი იყო - სუნთქვის, გულისცემის, დღისა და ღამის - და ჩვენი სხეულების რიტმს გონება ექოდ იმეორებდა. ყველაფერი ზუსტად ისევე მეორდებოდა, როგორც მაშინ, იმ უცნაური ხილვის დროს. რუხი ბინდი, გარს რომ მერტყა, სინათლემ გაფანტა და გონება მისით ერთიანად განიმსჭვალა (რა უცნაურია, რომ შუქი აბრმავებს!). ჩემი ტანი კვლავ სივრცის ვეებერთელა ოკეანეში შთაინთქა, ისე შთაიფლა, თითქოს რაღაც უცნაურ ნათლობას გავდიოდი. ჩემი სხეული გაცემის სიხარულით თრთოდა, მისი კი - მიღების აღტყინებით."image

"ვიწექი ასე მის გვერდით და ვხვდებოდი, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ფიზიკური სიყვარული, როგორ სასიცოცხლოდ გვესაჭიროებოდა ერთმანეთის მკლავებში ყოფნა, მიღება და გაცემა. სამყარო ფეთქდებოდა, ნაწილაკები ერთმანეთს შორდებოდა და ბნელსა და მიუსაფარ კოსმოსში გვტყორცნიდა, ერთმანეთს სამუდამოდ გვაშორებდა - როგორც ბავშვი წყდება დედის წიაღს, როგორც ორი მეგობარი შორდება და უნაპირდება ერთმანეთს და საბოლოო დანიშნულების წერტილის - ეული სიკვდილისაკენ მიმავალ ბილიკს მიუყვება.

ეს სიკვდილის საპირწონე - ურთიერთშეკავშირებისა და შეყოვნების აქტი იყო. არარაობაში დანთქმის შიშით შეპყრობილი ჩვენი სხეულები ისე იყვნენ ერთმანეთთან გადაჯაჭვული, როგორც ზღვაზე ამოვარდნილი გრიგალის დროს სჭიდებენ ხოლმე ერთმანეთს ხელებს გემზე მყოფნი, გემბანიდან გადაცვენისა რომ ეშინიათ."


"ყველაფერი ისე ულმობლად ლოგიკურია - გონებრივი პროცესების ხელოვნურად აჩქარების სავალალო შედეგი. მეტისმეტად ბევრი რამ ვისწავლე წარმოუდგენლად მოკლე დროში და ახლა ჩემი გონებაც დაუნდობელი სისწრაფით ჩანაგდება. რა მოხდება, ეს რომ არ დავუშვა? რა მოხდება, რომ შევეწინააღმდეგო?"image

"ახლახან ნასწავლი რაღაცები მავიწყდება. პროცესი როგორც ჩანს, კლასიკური მოდელის შესაბამისად ვითარდება - პირველად ის გავიწყდება, რაც ბოლოს ისწავლე."


"-ექსპერიმენტში მონაწილეობას არ ვნანობ.

-არც მე, მაგრამ ისეთი რამ დაკარგე, რაც ადრე გქონდა - ღიმილი...

-უშინაარსო, სულელური ღიმილი.

-არა. თბილი, გულწრფელი ღიმილი, იმიტომ რომ გინდოდა, ადამიანებს ჰყვარებოდი.

-ისინი კიდევ მაპამპულავებდნენ და აბუჩად მიგდებდნენ.

-ჰო, მაგრამ მაშინაც კი, როცა არ გესმოდა, რატომ იცინოდნენ, ხვდებოდი, რომ თუ შენზე გაცინება შეეძლებოდათ, შენს შეყვარებასაც შეძლებდნენ."


"უცებ იმ აზრმა გამიელვა, რომ თუ ახალი რაღაცების კითხვასა და დასწავლას გავაგრძელებდი, იქნებ ინტელექტის შენარჩუნება მომეხერხებინა მაშინაც კი, როცა ძველი რაღაცები მავიწყდება. ვიფიქრე, რომ ახლა ქვევით მიმავალ ესკალატორზე ვიდექი. თუ გაუნძრევლად ვიდგებოდი, ქვევით მალე აღმოვჩნდებოდი, მაგრამ თუ სირბილს დავიწყებდი, იქნებ ერთ ადგილას მაინც გავჩერებულიყავი. რაც არ უნდა მომხდარიყო, ზევით სვლა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა."image






ასევე იხილეთ ამონარიდები შემდეგი წიგნებიდან:


1. "სიყვარულის 40 წესი"

image


2. "ბუდენბროკები"

image


3. "სუადი - ცოცხლად დამწვარი"

image


4. "ქარწაღებულნი"

image

5. "ზაჰირი"

image

0
930
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
930
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0