კახეთი ავტოავარიას დედოფლისწყაროში 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა 2019, 20 ნოემბერი, 13:15 უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში - სოფელ გამარჯვებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების განმარტებით, შეჯახება ცენტრალურ მაგისტრალზე გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებმა შეჯახების ხმა დაახლოებით 12 საათისთვის გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილია სკუტერის მძღოლი, 16 წლის ზურა მარტყოფლიშვილი. სხეულის დაზიანებები მიიღო სკუტერის კიდევ ერთმა მგზავრმა, რომელიც მისი თანაკლასელია. ორივე მათგანი სოფელ გამარჯვების მკვიდრია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მეორე მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „გზაზე მივდიოდით და თვალებში რაღაცამ მოგვანათა, შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს... გზის მეორე მხარეს მიპოვეს“ - ამბობს დაშავებული მოზარდი. ამ ეტაპზე უცნობია, რას შეეჯახა სკუტერი. თუმცა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სკუტერი ნაწილებად დაიშალა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მას გამვლელი მანქანა დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ვარაუდს ისიც ამძაფრებს, რომ ირგვლივ შეჯახების კვალი არაფერს ეტყობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა გამოძიება ერთერთ ვერსიად სწორედ ავტომობილის შეჯახებას განიხილავს, რომლის მძღოლიც მიიმალა. 810 შეფასება არ არის
|