საზოგადოება „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა 2019, 28 ოქტომბერი, 14:04 „ბიბლუსი გალერეაში" „ლურჯი ოკეანის" კვირეულის ფარგლებში რამაზ გიგაურის ლექცია - „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ გაიმართა. ასევე, გაიმართა რამაზ გიგაურის წიგნის „წარმატების 365 გასაღების“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია. ღონისძიების თემები იყო: 1) ცხოვრების ოთხი სეზონი: ზამთარი - დრო, როცა უნდა გავხდეთ ძლიერი; გაზაფხული - შესაძლებლობების გამოყენების დრო; ზაფხული - ზრუნვისა და მოვლის დრო; შემოდგომა - პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების დრო; 2) ოთხი დიდი მოტივატორი: აღიარება, შეგულიანება, ოჯახი, ქველმოქმედება; 3) ოთხი გრძნობა, რომელსაც თქვენი ცხოვრება შეცვლა შეუძლია: ზიზღი, გადაწყვეტილება, სურვილი, გამბედაობა; 4) ოთხი გასაღები „წარმატების 365 გასაღებიდან“ (მეორე ნაწილი): ნუ გეშინიათ, გაბედულად იმოქმედეთ; იფიქრეთ და ისაუბრეთ იმაზე, რაც გინდათ, რომ მოხდეს; როგორ დავიწყოთ ცვლილებები; იყავით ბედნიერი. როგორც ავტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი წიგნის მიმართ ყოველ წელს მეტი დაინტერესებაა მკითხველისგან. „დღეს„წარმატების 365 გასაღების“ მეორე ნაწილის რიგით მეორე პრეზენტაცია ჩატარდა, ბევრი ხალხი მოვიდა და ყველაფერი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ეს წიგნი უკვე მეხუთე წელია გამოდის და ყოველ წელს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. გამომცემლობა „პალიტრა ლ“-მა შემოგვთავაზა, რომ გაგვეკეთებინა ამერიკულ ფორმატში, სამუშაო წიგნის სახით. ვფიქრობ, ამან გაამართლა, რადგან პირველი ნაწილის გამოცემას, რომელიც სექტემბერში იყო, მკითხველებში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მათ ეს ვერსია მოეწონათ. სულ 12 ნაწილი იქნება და წიგნი ყოველთვე, ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. თავად წიგნი არის ადამიანის თვითგანვითარებაზე და მისი სლოგანია „წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“. მე მუდამ ვამბობ, რომ ჩვენ გვცვლიან ადამიანები და წიგნები და უნდა ვეძებოთ ის ადამიანები და წიგნები, რომელიც ჩვენ პიროვნულად უკეთესობისკენ გვცვლიან - როდესაც ჩვენ ვიცვლებით, ჩვენი ცხოვრებაც იცვლება. წიგნის მიმართ დაინტერესება იმიტომაა, რომ ადამიანებს ცვლილება სურთ და ისინი ელოდებიან, რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს, მაგრამ ეს არ ხდება. ამ წიგნის ერთ-ერთ გასაღები ვეუბნება, რომ თუ გსურთ, შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, მაშინ თავად გახდით ეს ცვლილება. თუ გვაქვს იმის დანახვის, აღქმის და განხორციელების უნარი, თუ სად დავუშვით შეცდომები, გამოცდილებაზე დაყრდნობით დასკვნებს გამოვიტანთ და წავალთ წინ. ჩვენ გვეხმარებიან სხვა ადამიანები და მე მათ ცხოვრების მასწავლებლებს ვუწოდებ“, - აღნიშნა გიგაურმა. მანვე ისაუბრა „ბიბლუსი გალერეაში“ ავტორებისა და მკითხველების შეხვედრების ფორმატის შესახებ და აღნიშნა, რომ ფორმატი მკითხველებისთვის განსხვავებულ შესაძლებლობებს იძლევა. „ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია მკითხველისთვის, რადგან ერთია, ჩვენ რას გვიყვება წიგნი და მეორეა, რას გვეუბნება მწერალი, ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაწერა. ცოცხალი საუბარი ადამიანთან უმნიშვნელოვანესია, რადგან ნებისმიერი საგანი შეიძლება, ვისწავლოთ წიგნით, მაგრამ ასევე, შეიძლება გვასწავლოს მასწავლებელმა. და მასწავლებლები რომ საჭირონი არ იყვნენ, მაშინ სკოლაში მხოლოდ წიგნები იქნებოდა. ამიტომ ჩვენ უფრო იოლად მივდივართ წინ, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ ადამიანს იმ თემის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ვიღებთ გარკვეულ პასუხებს, რომელიც ხდება ჩვენი ცხოვრების შეცვლის გასაღები“, - განაცხადა მწერალმა. გამომცემლობა „პალიტრა ლ“-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ანანო თავხელიძემ რამაზ გიგაურის წიგნის შესახებ ისაუბრა. „გრძელდება რამაზ გიგაურის წიგნის „წარმატების 365 გასაღების“ გამოცემა. უკვე გამოვიდა მეორე ტომი და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ის ჟურნალ „გზასთან“ ერთად. მკითხველს უკვე საშუალება აქვს, გაეცნოს იმ დამატებით 30 რჩევას და გასაღებს, რომელიც მას დაეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის სამუშაო წიგნის სახით - ყველა წიგნში შეიძლება, ჩაიწეროს მათი ყოველდღიურობა და იქიდანვე მიიღოს რჩევები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მას უნიკალურს ხდის“, - განაცხადა თავხელიძემ. „ინტერპრესნიუსთან“ კომენტარი რამაზ გიგაურის მკითხველმაც გააკეთა. ლანა გოგიბერიძის თქმით, მწერლის წიგნი ადამიანებს წარმატების მიღწევაში მართლაც ეხმარება. „დღევანდელ შეხვედრაზე მოვედი იმიტომ, რომ რამაზ გიგაურს ვთვლი ძალიან წარმატებულ, მოაზროვნე და გონიერ პიროვნებად. დიდ პატივს ვცემ მის წიგნებს, ვცდილობ, ყოველთვის დავესწრო შეხვედრებსა და წიგნის პრეზენტაციებს, რომელსაც ის ატარებს. მის შესახებ „ფეისბუქით“ გავიგე, რადგან ის ასევე ასტროლოგია და ყოველდღიურად თვალს ვადევნებ მის პოსტებს სოციალურ ქსელში. შემიძლია ვთქვა, რომ რამაზ გიგაური უკეთესობისკენ ცვლის ყველა იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მას მიჰყვება. მისი „წარმატების 365 გასაღები“ ნამდვილად გვეხმარება და ნამდვილად ძალიან დადებითად მუშაობს და ფსიქოლოგიურად ადამიანებს უქმნის ბევრად კარგ საფუძველს იმისთვის, რომ უკეთესობისკენ ცხოვრებაში მართლაც ის, რაც არ მოსწონთ. რაც შეეხება ამ ფორმატში „ბიბლუსში“ შეხვედრებს, ისინი ძალიან მომწონს, რადგან გარემო არის ძალიან სასიამოვნო, კომფორტული და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ღონისძიებისთვის ადგილი იდეალურადაა შერჩეული“, - განაცხადა გოგიბერიძემ. 11 1-ს მოსწონს
|