საზოგადოებრივი რუსეთს პეტრე I ნაცვლად მისი ორეული მართავდა?! 2019, 8 ოქტომბერი, 10:17 1697 წლის მარტში რუსეთიდან დას. ევროპაში, საკმაოდ დიდი (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. სხვადასხვა წყაროებით, 55-დან – 250-მდე ადამიანი) დელეგაცია გაემგზავრა. მათ შორის იყო პეტრე პორველიც, რომელმაც უცხოეთში მოგზაურობა ფარულად გადაწყვიტა და რუსეთი რომანოვის ნაცვლად, მიხაილოვის გვარით დატოვა. რუსების ე. წ. «დიდი ელჩობის» მიზანი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა იყო. თუმცა, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის მიუხედავად, რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან ევროპის რიგი ქვეყნები «ესპანური მემკვიდრეობისთვის» ბეძოლისთვის (1701-1714 წწ.) ემზადებოდნენ. ქვეყნიდან 2 თვით წასული მეფის მივლინება 15 თვემდე გაიწელა და როდესაც ის რუსეთში დაბრუნდა, ძველი შემადგენლობიდან, მხოლოდ გრაფი მენშიკოვი ახლდა – დანარჩენები, მის მრავალრიცხოვან ამალაში, ჰოლანდიელები იყვნენ. რუსეთში დაბრუნებული პეტრე ძალიან იყო შეცვლილი: ის ბევრად უფრო მაღელი იყო, და ასაკითაც უფრო დიდი ჩანდა. 26 წლის ახალგაზრდა კაცის ასეთმა ცვლილებამ ბევრი დააფიქრა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია – უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ამ ასაკში ადამიანი ასე გამაღლებულიყო... როდესაც რუსეთიდან წავიდა, მას მარცხენა ლოყაზე ხალი და მრგვალი სახე ჰქონდა, სიმაღლით კი, – საშუალოზე ცოტა მაღალი იყო. მოგზაურობიდან მეფე უკვე დაკაცებული დაბრუნდა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს საზღვარგარეთ 15 თვე კი არა, 15 წელი ყოფილიყო – გარეგნობით 40 წლის მამაკაცს ჰგავდა, სიმაღლით – 2 მ-ზე მაღალი იყო და აღარც ხალი ჰქონდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მშობლიური ენა თითქმის დავიწყებული ჰქონდა, რაც ასეთ მოკლე ხანში, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო... და კიდევ, წერის დროს, კირილიცას, ლათინურ ალფავიტს ურევდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა, ვინც პეტრე I გამგზავრებამდე იცნობდა და მის სიახლოვეს ტრიალებდა, მისი სამშობლოში დაბრუნებიდან სულ მალე, სხვადასხვა მიზეზით, გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მეფეს ფაქტიურად არაფერი ახსოვდა თავისი წარსულის შესახებ და რუსეთში ჩამოსვლისთანავე, ისე რომ მეუღლე არც უნახავს, მონასტერში გაგზავნა, ხოლო ტახტის მემკვიდრე, მცირეწლოვანი ალექსანდრე, აღსაზრდელად ცოლის დას მიაბარა. ხოლო, როდესაც გაიზარდა, ქვეყნის ღალატის ბრალდებით შეიპყრეს, ციხეში გამოამწყვდიეს, ტახტზე უარი ათქმევინეს და სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მაგრამ, როგორც ამბობენ, განაჩენი არ აღსრულებულა, რადგან ალექსანდრე პეტრეც ძე ციხეში წამებისგან გარდაიცვალა. ჭორები პეტრეს ორეულით ჩანაცვლების შესახებ, მისი რუსეთში დაბრუნების თანავე აგორდა... გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებს, ტახტის მემკვიდრის მკვლელობის ფაქტიც დაემატა და ეჭვი პეტრე პირველის ორეულით ჩანაცვლების შესახებ, კიდევ უფრო განმტკიცდა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, პეტრეს, უცხოეთში გამგზავრებამდე, თავისი შვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ, მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ცნობილია ისიც, რომ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ, ალექსანდრემ მამასთან შეხვედრა ითხოვა. პეტრეს უარი არ უთქვამს და როგორც ამბობენ, ალექსანდრე მას პატიებას და შეწყალებას სთხოვდა... თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ, სულ მალე გარდაიცვალა! ოფიციალური ვერსიით, – ინსულტით. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, გარდაცვალების რეალური მიზეზი წამება იყო. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რა დააშავა მან ისეთი, რომ მამამ სასიკვდილოდ გაიმეტა? ისევ ოფიციალურ ვერსიას თუ დავეყრდნობით, ის შეთქმულების ორგანიზატორი იყო და ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, სამხედრო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. სინამდვილეში კი, როგორც პეტრეს ჩანაცვლების თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, მას რუსეთში საკუთარი მამის, – ნამდვილი პეტრე I დაბრუნება უნდოდა... ან შეიძლება, მართლაც გეგმავდა სამხედრო გადატრიალებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ტახტზე მამამისი კი არა, ცრუ პეტრე იჯდა?! სწორედ იმ დროს, როდესაც პეტრე I ევროპაში გაემგზავრა, საფრანგეთში იდუმალებით მოცული პატიმარი გამოჩნდა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა. მისი გვარი Marchioly იყო. ეს ადამიანი, მოგვიანებით, ალექსანდრე დიუმას რომანის, «ვიკონტი დე ბრაჟელონი ანუ ათი წლის შემდეგ», ერთ-ერთი გმირის პროტოტიპი გახდა. «ადამიანი რკინის ნიღაბში» (სინამდვილეში, ნიღაბი ტყავის იყო) ბასტილიაში 1698 წლის 18 სექტემბერს მიიყვანეს, ანუ პეტრე I ევროპაში გამგზავრებიდან, 5 თვის შემდეგ და მისი რეალური ვინაობა დღემდე უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ აღნაგობით, ძალიან ჰგავდა იმ პეტრე I, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაემგზავრა...
700 4-ს მოსწონს
|