როცა "პირველი" ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობს, დასტურად მუდმივად ემიგრანტების დაბრუნება მოჰყავს. შემდეგ მოჰყვება ტრაბახს, აქაო და უფრო ცოტა ქართველი გავიდა საქართველოდან ვიდრე შემოვიდაო, ისეთი პირობები შევქმენი ქვეყანაში ქართველები თავპირისმტვრევით მორბიან უკანო. თავპირისმტვრევის რა მოგახსენოთ, დეპორტით კი ბევრი ჩვენი თანამოქალაქე “გადმოსხეს” საქართველოში.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნიდან წასვლის პოტენციური მსურველები ძირითადად უმუშევრები არიან და მათგან ყოველი მესამე-მეოთხე ნასამართლევია ან პირობითი საჯელი აქვს, ქვეყნიდან გამსვლელთა რიცხვი შეიძლება მართლაც შემცირებულია. ცალკე პრობლემაა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი, რაც საერთო ჯამში ზემოქმედებას ახდენს მიგრაციულ პროცესებზე.
“ქართული სიტყვა” უცხოეთში მცხოვრებ რამდენიმე ქართველს დაუკავშირდა, საინტერესოა როდის აპირებენ საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნებას, როგორია ემიგრანტების თვალით დანახული დღევანდელი ქართული რეალობა და რა პირობებში უწევთ ცხოვრება ჩვენს თანამოქალაქეებს .
Gგიორგი წერეთელი 8 წელია რუსეთში ცხოვრობს, ბაკალავრის ხარისხი რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ((государственный университет - высшая школа экономики) მიიღო, უკვე მაგისტრატურასაც ამთავრებს, სეზონურად სამშობლოს სტუმრობს, სავარაუდოდ სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდება საქართველოში, მანამ კი იმ რთულ პირობებზე საუბრობს რა გარემოშიც უწევთ ქართველებს რუსეთში ცხოვრება:
გიორგი წერეთელი:
სხვათაშორის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქართველები ბრუნდებიან საქართველოში, რელობასთან რაღაც საერთო აქვს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება რომ საქართველოში ყველაფერი იდიალურადაა, არამედ იმიტომ ბრუნდებიან, რომ ქართველისთვის რუსეთში ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება ბინძური პოლიტიკის გამო, ურთიერთობა გაფუჭდა. არის კომპანიები სადაც არავინ აგიყვანს ქართული სახელით და გვარით, აღარაფრად აგდებენ რომ რუსეთის მოქალაქე ხარ. ამიტომ საარსებო წყარო თუ არ გექნება იძულებული იქნები დაბრუნდე სამშობლოში, მეტი რა გზა გრჩება.
– თუმცა არც საქართველოშია იოლი სამუშაოს პოვნა…, მითუმეტეს არანაციონალისათვის...
– ხო მაგრამ შენს მიწაძე მაინც იქნები, ბევრი წამოვიდა იმის გამო რომ აქაც გაუსაძლისი პირობები შეექმნათ.
– სამსახურის საშოვნელად ხდება სახელის და გვარის გადაკეთება? ანუ სრული გარუსება?
– ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად, ნაცნობიც მყავს ვინც გადაიკეთა სახელიც და გვარიც, უნდოდა რუსეთში პოლიციელი გამხდარიყო, მაგრამ რადგან საქართველოში იყო დაბადეული არ მიიღეს მაინც. თუმცა ასეთი “ გარუსება” იშვიათია, ალბათ ერთი-ორი ადამიანი თუ შეიცვლის გვარს. მე მაგალითად ასსეთ რაღაცაზე რომ არ წავალ ნამდვილად ვიცი. თავადი ვარ თავიდან ბოლომდე და პეტროვს ნამდვილად არ დავიწერ.
ერთი ასეთი ისტორიაც ვიცი, რუსის ბიჭი იყო საქართველოში და რომ ჩამოვიდა პრობლემები შეექმნა კომპანიაში, რადგან მის პასპორტში საქართველოს ვიზა დაინახეს.
– გამოდის სწავლის დამთავრების შემდეგ, დაბრუნება მოგიწევს რადგან მანდ სერიოზული პერსპექტივა არ გაქვს?
– მომიწევს სხვა საქმეა, მე თავად მაქვს სურვილი დავბრუნდე, რადგან ძალიან მიყვარს საქართველო. ეკოლოგია ამათ არ აქვთ და არაფერი, აქ ადამიანი იწამლები, თვითონ რუსებიც ბევრი მიდის უცხოეთში, ვისაც ამის შეძლება აქვს. ისიც ვიცი რომ ადვილი ნამდვილად არ იქნება, არც მიშას სიტყვების გამო გამორბის ვინმე, სისულელეა ეს. უბრალოდ ვისაც შეეხება აქვს და ჩამოდის პერიოდულად საქართველოში სიტუაციას აკვირდება, გათვლის რა პერსპექტივებია და იმის მიხედვით ღებულობს გადაწყვეტილებას დაბრუნდეს თუ არა. მე დაბრუნებას და მანდ ცხოვრებას ვაპირებ, თან ქართველი გოგო მიყვარს. პოლიტიკა არ მიზიდავს, ჩემი სფერო ბიზნესი და ეკონომიკაა. ამიტომ ამ განხრით სევეცდები საქართველოში თავი დავიმკვიდრო. იქნებ მანამ გარემოც შეიცვალოს.
ისე, ბევრმა აქ დაგროვილი კაპიტალი წაიღო საქართველოში, ეგონა ბიზნესისთვის კარგი პირობები იყო შექმნილი, რომ ჩავიდნენ და რაღაც ბიზნესები გააკეთეს, მერე მიხვდნენ რომ არც ისე ყოფილა საქმე როგორც ეგონათ. ამიტომ ცოტა შეშინებულები არიან. Eერთი ქართველი ნახევარი მილიონით წავიდა, ფული საქმეში ჩადო, მთავრობამ კი ციხეში ჩააყუდა.
– გარემოს შეცვლა ახსენე, ალბათ პოლიტიკური ვითარება იგულისხმე, საინტერესოა რას ფიქრობენ ივანიშვილზე რუსეთში მცხოვრები ქართველები?
– რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება ყველა აქ მცხოვრებ ემიგრანტს უნდა, რადგან ყველაზე რთულ სიტუაციაში სწორედ ჩვენ ვართ. ივანიშვილს ალბათ ამის ძალა შესწევს. ვიცი რომ ჭკვიანი განათლებული, მილიარდელი ბიზნესმენია. რთულია წინასწარ საუბარი, მაგრამ ხალხს ცვლილებები სჭირდება, რომ გადავხედოთ რა ხდება ევროპაში, აფრიკაში... რაღაც ახალს ეძებს ყველა, ხალხს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედი აქვთ. ასსეთ იმედად კი ახლა ივანიშვილი მიაჩნიათ საქართველოში.
– “კრემლის კაცად” თვლიან რუსები ივანიშვილს?
– ასეთი რამ არ გამიგია, არავინ საუბრობს აქ ამაზე. ივანიშვილის პრესკონფერენციას ვუყურე და მაშინ თქვა თავად რომ აპირებს რუსეთთან კავშირის დამყარებას.
– კავშირის დამყარება ერთია, აგენტობა კი მეორე, წარმატებული პოლიტიკა ისაა, რომ კავშირები შენს სასარგებლოდ გამოიყენო..
– და საქართველოსაც ეს არ სჭირდება?! რუსეთს იმდენად არ ვჭირდებით . ამიტომ გონიერება მართებს პატარა სახელმწიფოს და მხოლოდ პირადი შეხედულებებით არ უნდა გადაწყვიტოს ვინმემ ერის ბედი.
– ქართველობის გამო თუ შეგქმნია პრობლემა?
– უნივერსიტეტში ერთადერთი ასეთი სიტუაცია იყო, 2008 წელს როდესც აგვისტოს ომი დაიწყო მივიდნენ და უნივერსიტეტიდან ყველა ქართველის ინფორმაცია ამოიღეს, ეს იყო და ეს. რატომ გააკეთეს არ ვიცი. ესეც ჩუმად გავიგე, დეკანატში კარგი ურთიერთობა მქონდა ჩემი კურსის კურატორთან და მან მითხრა, მოსულები იყვნენ ყველა აღრიცხვაზე აიყვანეს და ფრთხილად იყავიო. სხვა არანაირი პრობლემა არ მქონია, სამეგობროც აქ უფრო კარგი მყავს, ვიდრე საქართველოში. რაღაც პრობლემა რომ მქონია, რუსი უფრო დამდგომია გვერდით ვიდრე ქართველი. თუმცა მე მაინც რუსეთის ელიტასთან მქონდა ურთიერთობა, რადგან პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ხანდახან ქართულად რომ ვსაუბრობ ქუჩაში რამოდენიმეს გავუჩერებივარ და ძველი ამბები გაუხსენებია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდაო... ვიყავი საქართველოში თბილი ხალხი ხართო, ბოლო კაპიკს დახარჯავთ, ოღონდ სტუმარი იყოს კმაყოფილიო, ასსეთ რაღაცეებს ხშირად მელაპარაკებიან.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში კი საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები აღმოჩნდნენ, რადგან ეკონომიკურმა კრიზისმა ქართველების დიდ ნაწილს სამსახური დაკარგვინა.
ლედი სუარიშვილი:
“ძალიან ცუდი მდგომარეობაა საბერძნეთში, მე მეოთხე წელია აქ ვარ და ფაქტიურად თავის გატანზე ვფიქრობ მარტო, ფულის დაგროვებას ვიღა ჩივის. წინა წლებშიც ჭირდა სტაბილური სამუშაოს პოვნა
, ახლა ხომ საერთოდ. ამიტომ ბევრი იძულებულია წამოვიდეს უკან. მანდედან გამოიქცნენ და აქედან სადღა უნდა გაიქცნენ?
მეც თუ სტაბილური სამსახური ვერ ვნახე, მალე მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა, თან იმედი მაქვს იქნებ მოხდეს კარგი ძვრები მანდაც.
ივანიშვილის გამოჩენამ საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებსაც ჩაუსახა იმედი, თუ ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდება, აქ ყოფნა და მოხუცების მოვლა არავის უხარია, მითუმეტეს ვინც სამსახურის დაკარგვას გადაურჩა ბევრს გაუნახევრეს ხელფასები თითქმის.
გაცილებით სტაბილური ვითარებაა საფრანგეთში, ამიტომ პარიზში მცხოვრები
თურმანიძეების ოჯახი სამშობლოს ნოსტალგიის მიუხედავად კიდევ კარგახანს არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.
ნანი თურმანიძე:
“ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა მაგრამ, რომ დავბრუნდე უკვე ასაკოვანი ვარ და მანდ რით ვიარსებო? აქ 750 ევრო მაქვს პენსია, ჩემი შვილებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მუშაობენ და კიდევ არ გვყოფნის ესეც, რომ წარმოვიდგენ საქართველოში რა სიტუაციაა, მიკვირს როგორ არსებობს ხალხი. ჩვენ ჩაბნელებული და ნაომარი თბილისი დავტოვეთ, ახლა ვიცი რომ გალამაზებულია, მაგრამ ჩემს ახლობლებს მატერიალურად კიდევ უფრო მეტად უჭირთ ვიდრე გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში. ამიტომ, რომ დავუჯერო პრეზიდენტს და დავბრუნდეთ, ვიცი რომ ტრაგედიის ტოლფასი იქნება ჩვენი ოჯახისათვის. აქ კი ჩემ შვილიშვილებსაც კი მოწყობილი აქვთ მომავალი, სახელმწიფო ძალიან კარგ პირობებს უქმნის თავის მოქალაქეებს, ძალიან მინდა ასე იყოს საქართველოშიც მაგრამ ეს ალბათ შორეული ოცნებაა.
მაკა დეკანოსიძე