საზოგადოებრივი კვირბები - კოლხური ტექსტები 2019, 16 აგვისტო, 19:36 კვირბები იყო უძველესი კოლხური ტექსტები, რომელიც შედგენილი იქნა კოლხი ქურუმების - კორიბანტების მიერ. სტრაბონი წერს, რომ ქალღმერთ რეა-კვიბელეს, იგივე ფასიანეს მცველი ღმერთკაცი ქურუმები - კორიბანტები კოლხები არიან მჭიდროდ უკავშირდებიან მეტალურგიისა და მჭედლობის მფარველ ლემნოსელ კაბირებს. (ურუშაძე, 1964, გვ.162). კორიბანტ-კაბირების მჭიდრო კავშირს კოლხურ სამყაროსთან ამტკიცებს აგრეთვე ის, რომ ქართველთა წინაპარ ტომებს ეკუთვნით პრიორიტეტი მეტალურგიაში (ურუშაძე, 1964, გვ.163; ტ.37, გვ.241-249). თეოპომპოს ქიოსელის, თეოფრასტოს ერესოსელის, აპოლოდოროს ათენელის, წმინდა ფოტიოსისა და სვიდას ლექსიკონის ცნობათა მიხედვით (იხ. კვაშილავა, 2014, 17, 29-33) ღვთაება-ქურუმებს, კორიბანტებს მიეწერებათ კვირბების შექმნა. კვირბებზე იწერებოდა ტექსტები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას რელიგიური წეს-ჩვეულებების, რიტუალების შესახებ და არამარტო. ზემოთ წარმოდგენილი წყაროების მიხედვით, უ. ფონ მილანოვიც-მელენდორფმა (Wilamowitz-Moelendorf 1893, I, 45, 7) ფიკმა (Fick 1905. N29, გვ.239; 1905, გვ.33), პ. კრეჩმერმა (1950-1952, N2, გვ.67), ა. ურუშაძემ (1964, გვ.160), რ. ბეეკესმა (2010, გვ.806, 815) და სხვებმა წინარებერძნულ სიტყვას კვირბის/კირბის დამაჯერებლად დაუკავშირეს ასევე წინარებერძნული სიტყვა კვირბას/კირბას/კორიბას -ი. ბერძნულ-რომაული წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ უძველეს ხანაში წერის ხელოვნებას ქურუმები მეთაურობდნენ (ურუშაძე, 1964, გვ.164). ამ წყაროების მიხედვით ა. ურუშაძე (1964, გვ.165, 163) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კოლხური (ქართველური) დამწერლობა კვირბების სახით, ღვთაება-ქურუმთა (კორიბანტ-კაბირების, კობერების, დაქტილების, კობალას/კოპალას) წრეში უნდა შექმნილიყო. იგი ვარაუდობს, რომ ეს დამწერლობა ჩამოყალიბდა მცირე აზიაში და შემდეგ იქნა გადატანილი კუნძულ კრეტაზე. ზემოთ მიმოხილული ბერძნული წყაროების მიხედვით, ა. ურუშაძე (1964, გვ.166) ასევე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კვირბების სახით არსებული კოლხური დამწერლობა, იგივე კორიბანტული დამწელობა, რომელიც დაცულია კუნძულ კრეტის გაუშიფრავ თიხის ფირფიტებზე, არის მინოსური (მინოური) A-კლასის ხაზოვანი დამწერლობა. ბერძნულ ტექსტებში დაცულია მრავალი ცნობა კვირბების შესახებ. ეს მასალა წარმოადგინა გია კვაშილავამ თავის 2014 წელს გამოცემულ ნაშრომში (იხ. კვაშილავა 2014, N16 (გვ.27), N17 (გვ.29-33), N18 (გვ.34-38), და N19 (გვ.39-46)). პლუტარქე (Plutarch, Solon XXV.2; Perrin 1967, I, 472, 473) წერს: "კვირბები ეწოდებოდა იმ ფირფიტებს, რომლებიც ღვთისმსახურებასა და მსხვერპლშეწირვებთან დაკავშირებულ წესებს შეიცავენ." ლისიასი (Lysias XXX. 17, 18, 20; Lamb 1967, 620-623) სწორედ იგივეს წერს და ამბობს, რომ მსხვერპლშეწირვები ღმერთებისადმი სრულდებოდა სწორედ კვირბებზე/კირბებზე, ანუ თიხის ფირფიტებზე დაცული სასულიერი ტექსტების მიხედვით" (ურუშაძე, 1964, გვ. 155). არისტოტელე (Aristotle, The Athenian Constitution, VII.1) წერს, რომ "მათ კანონები ჩამოწერეს კვირბებზე". (ურუშაძე, 1964, გვ.156). კრატინუსის, ლისიასის, პლატონის, ნონუსის, აგათია სქოლასტიკოსის, არისტოტელეს, ტიმეოსის, აპოლონიოს როდოსელის, არისტოფანესის, ძენობიოსის, კომეტასისა და სხვათა ცნობების მიხედვით: კვირბების/კირბების წარწერები სრულდებოდა მკვრივ მასალაზე - თიხის ან სპილენძის ფირფიტებზე, ხის ან ქვის დაფებზე, სტელებსა და სვეტებზე. აპოლონიოს როდოსელი (Apollonius of Rhodes, IV.277-281) თავის "არგონავტიკა"-ში წერს: "კოლხებმა შემოინახეს თავიანთ მამათა ნაწერები ამოკვეთილი კვირბებზე, რომლებზეც ირგვლივ, ყოველ მხარეს, მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი." (აკ. ურუშაძე, 1970, გვ.265; 1964, გვ.152). აპოლონიოს როდოსელის ამ ცნობის მიხედვით, კარლ რიტერი (Ritter 1861, გვ.60-61) ამბობს, რომ კვირბები/კირბები იყო ფირფიტები და მათ კოლხები იყენებდნენ. კ. რიტერის ამ მოსაზრებას იმოწმებს წმინდა კირიონ II თავის წიგნში ("ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში", რუსულ გამოცემაში 1910 წ., გვ.32-33, ხოლო ქართულ გამოცემაში 2005, გვ.279-280), იგი წერს: "ახალი დროის უდიდესი გეოგრაფი კარლ რიტერი (1779-1859) ახალი განსახლების ადგილზე ქართველთა წინარე-ქრისტიანული კულტურის შესახებ ამგვარად მსჯელობს: "პლუტარქე ნიკეის ყოფა-ცხოვრების აღწერისას საუბრობს ლადკარტებზე (რუკებზე) რომლებიც სიცილიაში ალკიბიადეს ლაშქრობისათვის იყვნენ განმზადებულნი. აპოლონიოს როდოსელის (IV.280) მიერ არგონავტების ლაშქრობის აღწერისას და სქოლიასტთა მიერ ამ ადგილის განმარტებიდან ჩანს, რომ კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივი მცირე აზიის ბერძნებს არ უნდა მიეწეროთ. ეს ხელოვნება გაცილებით ადრე კოლხმა მოგზაურმა ვაჭრებმა გამოიყენეს. ეს გარემოება რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანია კოლხეთის ისტორიისათვის, რომლშიაც აქამდე კიდევ ბევრი რამ გამოუცნობი და ლეგენდის ბურუსით მოცული რჩება. აპოლონიოს როდოსელის აზრითა და მისი სქოლიასტის მიხედვით, კოლხებმა დაფებზე თავიანთი მოგზაურობებისათვის საზღვაო და სახმელეთო გზების გამოსახვის ხელოვნება ჯერ კიდევ უძველეს დროში წინაპრებისაგან შეისწავლეს. ეს დაფები თავიდან ქვებისგან მზადდებოდა, შემდგომში - ხისგან. ეს დაფები უდავოდ გახლდათ ლანდკარტების (გეოგრაფიული რუკის) პიველი ჩანაწერები და სავსებით შესაძლოა, რომ მათგვარი დაფები ჰეროდოტეს თვალწინ ჰქონდა, როცა იგი ჩრდილოეთის ხალხთა სავაჭრო გზებს ჩამოთვლის ბორისთენთან და პონტთან" (კ. რიტერი). კ. რიტერის ზემოხსენებული ციტატა კვირბების/კირბების შესახებ დამოწმებული აქვს მოსე ჯანაშვილსაც (1900, გვ.36-37). ზემოთ წარმოდგენილი წყაროების მიხედვით, კვირბები თავდაპირველად საკრალური, სასულიერი შინაარსის წარწერებს შეიცავდა, უფრო გვინა, კვირბები ეწოდა ყველა საზოგადო საბუთსა და კანონს. შედარებით გვიან კვირბებს კარტოგრაფიული მნიშვნელობაც მიენიჭა (აკ. ურუშაძე, 1964, გვ.159). ძველბერძნული წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ პელასგ-კოლხთა დედაღვთაების - დეა-კვიბელეს (ფასიანეს) ქურუმებს - კორიბანტებს, ძველთაგანვე ჰქონდათ დამწერლობა, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ. ხარაქს პერგამონელი ამ დამწერლობას ხრისოგრაფიას ანუ "ოქროდამწერლობას" (ოქროთი წერას) უწოდებდა. ხარაქს პერგამონელის ამ ცნობას იმოწმებს წმინდა ევსტათიოს თესალონიკელი დიონისიოს პერიეგეტის თხზულების 689-ე ტაეპის განმარტებისას და წერს: "ხარაქსი ამბობს, რომ "ოქროს საწმისი" იყო ეტრატებზე აღნუსხული ოქროდამწერლობის მეთოდი, რომლის გამოც არგოს ლაშქრობა მოეწყო" (სრულად იხ. ურუშაძე 1964, გვ.150). ზემოთმოყვანილი წყაროების გარდა აგრეთვე დაცულია ერთი ანონიმი ავტორის (Westerman 1843, 321-322; Festa 1902, III, Fasc. II, 89). ფრიად საყურადღებო ცნობა "ტყავებზე ნაწერი წიგნის შესახებ. ეს მასალა დაცულია მითოგრაფიული ტრაქტატის ("დაუჯერებელთათვის") ერთ-ერთ თავში, რომელსაც ეწოდება "ოქროს საწმისისათვის". ანონიმი ავტორი წერს: კოლხეთში დაცული იყო ტყავებზე ნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით." (აკ. ურუშაძე, 1964, გვ.150). ამ მხრივ პავლე ინგოროყვა (1939, 169-170) და შალვა ნუცუბიძე (1983, VIII, 31, 98, 99) გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ძველბერძნულ წყაროებში დადასტურებული "ოქროდამწერლობა" იყო წერის განსაკუთრებული და სპეციფიკური ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მათი აზრით, მისი შესრულების წესები აღწერილი იყო ოქროს საწმისზე, ვერძის ტყავზე და არგონავტებმა სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების შესათვისებლად იმოგზაურეს საბერძნეთიდან "ოქრომრავალ კოლხეთში." ივანე ჯავახიშვილი (1949, 236) ფიქრობდა, რომ ქართული დამწერლობა გაცილებით ძველი და მას დასაწყისი შორეულ წარსულში აქვს. ის შეიქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველთა წინაპარი ტომები გაცილებით ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი. (ურუშაძე, 1964, 148). თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადგილობრივი წარმოების ფრიად საყურადღებო კერამიკული ნაწარმი: ქვევრი, ამფრორა და კრამიტი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV საუკუნიდან ახ.წ. IV საუკუნემდე. ამ კერამიკულ ნაწარმზე ამოკაწრულია უძველესი წერითი ნიშნები (იხ. ლიჩელი 2001, 5, 6), რომლებსაც შემდეგში ჩვენ პირობითად ვუწოდებთ "ქართველურ ხაზოვან ნიშნებს". პროფესორ ვახტანგ ლიჩელის სამეცნიერო შრომის (1989, 2001) მიხედვით, ქართველური ხაზოვანი ნიშნები დასტურდება საქართველოს არქეოლოგიურ ადგილებში. ეს ადგილებია: სოფლები დაბლაგომი და დაფნარი (სამტრედიის რაიონი) სოფლები ნოქალაქევი და ნანეფიშ ჭალე (სენაკის რაიონი) სუფსა-ნატანების აუზი, სოფ. ზემო ფარცხმა (ჩოხატაურის რაიონი) ვანი, მთისძირი (ვანის რაიონი) უფლისციხე (გორის რაიონი) სარკინე, გრძელი მინდორი, ბაგინეთი, სამთავრო, მცხეთის აკლდამა, მოგვთაკარის სამაროვანი, კარსნისხევი, არმაზისხევი, სვეტიცხოველი (მცხეთის რაიონი) და ა.შ. ამ ადგილებში აღმოჩენილ ქართველურ ხაზოვან ნიშნებს იკვლევდნენ ბ. კუფტინი (1950), ა. აფაქიძე, დ. ხახუტაიშვილი, გ. ლორთქიფანიძე (1970), ვ. ლიჩელი (1989), გ. ყიფიანი (1991), ჰ. ფენრიხი (2013, 224-232) და სხვები. (წყარო: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი, მათემატიკოსი გია კვაშილავა) კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე535 1-ს მოსწონს
|